რამდენს უხდიან "ნაციონალები" მომღერლებს კონცერტებში და ვინ თქვა უარი ანაზღაურებაზე

რამდენს უხდიან "ნაციონალები" მომღერლებს კონცერტებში და ვინ თქვა უარი ანაზღაურებაზე

პოლიტიკა შოუბიზნესს პირდაპირ თუ ირიბად ეხება. თუკი მომღერლებს შეეკითხებით, რას ფიქრობენ პოლიტიკაზე და იციან თუ არა მაღალჩინოსნების სახელ-გვარები, მათი უმრავლესობა გეტყვით, რომ აპოლიტიკური ადამიანია, თუმცა ვინაიდან საქართველოში ყველა და ყველაფერი პოლიტიზებულია, ეს ამ სფეროსაც შეეტყო და შესაბამისად, ძნელია ისეთი ცნობილი სახის მოძებნა, რომელიც აქტიურად არ არის ჩართული ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის რეკლამირებაში საკუთარი სიმღერით. საქმე ისაა, რომ ზოგი გულწრფელად პასუხობს შეკითხვას ამის შესახებ და ზოგს არ უნდა ვრცლად საუბარი, თუმცა, რასაკვირველია, ესეც მათი უფლებაა. თუმცა აშკარაა, რომ შოუბიზნესი გაყოფილია და დიდი ნაწილი მმართველი პარტიის მხარდასაჭერ კონცერტებზე გამოდის. "ქართული ოცნების" დამრტყმელი ძალა ბერა ივანიშვილია. სხვათა შორის, ბევრი ხუმრობს, თუკი ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს, მერე ალბათ სულ ბერას კონცერტები იქნება საქართველოში და სულ მის კლიპებს გვაყურებინებენო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თანაც, არჩევნების მხარდასაჭერად ჯგუფი "შინიც" მართავს კონცერტებს რეგიონებში, მათ, როგორც ზურა მანჯავიძემ გვითხრა, თავადაც შეუერთდება მალე. ისინი ათ კონცერტს გამართავენ. "ქრისტიან-დემოკრატების" გვერდით დგანან "ქუჩის ბიჭები", ნინი ქარსელაძე და "ნიკოლშოუ". ჩამონათვალის მიხედვით, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ზურა ხაჩიძეს მხარი ნინიმ და საკუთარმა ჯგუფმა დაუჭიროს. არის თუ არა ანაზღაურება მნიშვნელოვანი მომღერლებისთვის, როცა ის რომელიმე პარტიას უჭერს მხარს, ამაზე საინტერესო გამოკითხვას გთავაზობთ.

მარკუს მეტრეველი:

- მარკუს, პოლიტიკას თვალს ადევნებ?

- რა თქმა უნდა. თვალს ვადევნებ იმას, რაც ჩემი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას შეეხება. მინდა, ჩვენი ქვეყანა ნორმალურ სახელმწიფოს დაემსგავსოს და მგონია, რომ ემსგავსება კიდეც. აპოლიტიკური ვარ, მაგრამ მაინც ვინტერესდები პოლიტიკური ამბებით.

- ვიცი, რომ "ნაციონალების" მხარდასაჭერ კონცერტებში მონაწილეობ.

- დიახ.

- ანაზღაურებით კმაყოფილი ხარ?

- ძალიან სოლიდურად უხდიან ყველა მომღერალს. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ამგვარ კონცერტებში უნდა იყოს ასეთი ანაზღაურება. მომღერალი ყველგან უნდა იღებდეს კარგ ჰონორარს.

- შეგიძლია გვითხრა, დაახლოებით რა თანხაზეა საუბარი?

- კონკრეტულად თქმის უფლება არ მაქვს, თუმცა იმდენია, რომ მომღერალმა კარგ სტუდიაში სიმღერა ჩაწეროს და ეს არცთუ ცოტაა, დამეთანხმებით, კარგ სტუდიაში სიმღერის ჩაწერა იაფი არ ღირს. ძალიან მისაღები ჰონორარია, რაც გამოგვიყვეს. როცა ახალი წლის კონცერტები კეთდება, იქაც კარგი ჰონორარებია.

- ეს შენთვის ჩვეულებრივი შეკვეთაა თუ იზიარებ იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართულებას, რომლის კონცერტებზეც გამოდიხარ?

- რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი შეკვეთაა, მაგრამ მიხარია, იმ პარტიის კონცერტებზე გამოვდივარ, რომელმაც ქვეყანა წინ წასწია. თანხაზე რომ არ ყოფილა საუბარი, ისეთ კონცერტებშიც მიმიღია მონაწილეობა. ხალხის წინაშე გამოსვლა ჩემთვის შემოქმედებით პროცესს უკავშირდება.

ნინა:

- დავიწყოთ იქიდან, რომ მომწონს იმ გუნდის მიმართულება და იდეები, რომელსაც მხარს ვუჭერ. იმიტომაც ვარ სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ რომც არ ვიყო, მაინც "ნაციონალებს" დავუჭერდი მხარს. ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, რა გაკეთდა და კეთდება. ქვეყანა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში და ზოგი სახლის აშენებას ვერ ამთავრებს ამ დროში. როგორც მოქალაქე, მომღერალი და ამომრჩეველი ღიად გამოვხატავ ჩემს სიმპათიას. თუკი ეს ძალა არ გაიმარჯვებს, ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა. არც ის მინდა, რომ აქ ჩემმა შვილმა იცხოვროს. არ მინდა, სიბნელეში ვიყო, თუმცა აქ უშუქობას არ ვგულისხმობ. ამას ვერ გადავიტან და თავს მოვიკლავ!..

- ვიცი, რომ კონცერტებში, რომლებზეც გამოდიხარ, ანაზღაურებას იღებთ მომღერლები.

- არ ვიცი, ეს ვინ გითხრა, მაგრამ როცა გავიგე, რომ მხარდასაჭერი კონცერტები უნდა გამართულიყო, დავრეკე და ვთქვი, რომ მონაწილეობას ყველანაირი ანაზღაურების გარეშე მივიღებდი. თუ ფული აიღე და კონცერტებით გამდიდრდი, ეს რა მხარდაჭერაა?!.. მე თეთრსაც არ ვიღებ. სამსახურში რაც მაქვს ხელფასი, ეს სხვაა, სეტყვა იქნება, ქარი თუ წვიმა, წავალ და აუცილებლად ვიმღერებ.

სალომე ბაკურაძე:

- სალომე, პოლიტიკა გაინტერესებს?

- არა, პოლიტიკაში ვერ ვერკვევი.

- ვიცი, რომ "ნაციონალების" კონცერტებში მონაწილეობ.

- ვმონაწილეობ, მაგრამ არ გავაკეთებ ამაზე კომენტარს (იღიმის).

თამთა ჭელიძე:

- როგორ გითხრა, დაინტერესებული ვარ იმით, რაც ჩემს ქვეყანას ეხება. ნეიტრალურობა ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ არ გაღელვებს ქვეყნის ბედი, ამიტომ ზოგადად მაინტერესებს პოლიტიკა. ვერ გეტყვი, რომ მინისტრებისა და მათი მოადგილეების სახელები და გვარები ვიცი, ვერ ვიმახსოვრებ.

- ვინმეს მხარდასაჭერ კონცერტებში მონაწილე­ობ?

- მმართველი პარტიის.

- ამ შემთხვევაში რა მიზანი გაქვს, ანაზღაურებაა მნიშვნელოვანი, მეგობრებთან ერთად ყოფნა თუ პარტიის კონცეფცია არის ახლოს შენთან?

- ეს მართლა ჩემი პირადული საქმეა, რატომ ვიღებ მონაწილეობას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა დავადასტურებ, რომ ვმონაწილეობ, ამაში დასამალი არაფერია (იღიმის).

ნინო ჩხეიძე:

- პოლიტიკა ზოგადად არ მაინტერესებს. ჩემს საქმეებში იმდენად ვარ ჩართული, რომ ამ სფეროს აქტიურად ვერ ვადევნებ თვალს. თანაც, საქართველოში ყველას ჰგონია, რომ ეს მისი საქმეა და ყველა პოლიტიკაზე ლაპარაკობს. მე კი არაკომპეტენტური ვარ და შესაბამისად, არ ვარ ამ სფეროში ჩახედული. ვერ გეტყვი, რომ ვიცი თითოეული მინისტრის გვარი.

- "ნაციონალების" მხარდამჭერ კონცერტებში რატომ მონაწილეობ?

- ამ შემთხვევაში ვიზიარებ ამ პარტიის მიმართულებას და ამიტომ გამოვდივარ მისი სახელით, მომწონს ბევრი რამ, რაც გაკეთდა. ადრე თბილისში ნორმალურად ვერ გაივლიდი, ახლა კი არა მხოლოდ თბილისმა, არამედ ბევრმა სხვა ქალაქმაც ევროპული იერი შეიძინა. მიხარია ყველგან ჩასვლა. უშუქოდ და უგაზოდ რომ აღარ ვსხედვართ, ამაზე აღარ ვლაპარაკობ. ადამიანებს დაავიწყდათ როგორი პირობები იყო.

- ანაზღაურება მნიშვნელოვანია?

- არა. ანაზღაურებას არ აქვს მნიშვნელობა. მე ჩემს შეხედულებას ვიცავ. თანაც, არ გვაქვს ანაზღაურება. თუკი პარტიის კონცეფციას არ ვიზიარებ, არანაირი ანაზღაურების ფასად არ დავთანხმდებოდი, ფულიც რომ გადაეხადათ.

ნინი შერმადინი:

- პოლიტიკა არ მაინტერესებს. "გარტყმაში" არ ვარ (იცინის). არ ვიცი ეს თემა. კი არ მეშინია რაიმეს თქმა, უბრალოდ, ძალიან აპოლიტიკური ვარ.

- მმართველი პარტიის კონცერტებში ხომ მონაწილეობ?

- დიახ. იცი, რა არის? მე ვმეგობრობ მათთან და საქმიანი ურთიერთობა მაქვს, სულ გამოვდივარ კონცერტებზე. გარდა ამისა, მე ვმღერი ხალხისთვის, სადაც კონცერტია და სადაც ჩემი მსმენელია, იქ გამოვდივარ. მიხარია საკუთარი თავის რეალიზება.

- თანხას ხომ გიხდიან?

- ძალიან ბევრჯერ უფასოდაც გამოვსულვარ ამა თუ იმ კონცერტზე. ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, როცა ბევრი მსმენელის წინაშე გამოვდივარ. ანაზღაურებას არ აქვს მნიშვნელობა.

გია სურამელაშვილი:

- ვერ გეტყვით, რომ პოლიტიკიდან ძალიან შორს ვარ. რომ გითხრა, რომელიმე პარტიაში გავწევრდები-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ სექტემბრიდან "ნაციონალების" კონცერტებში მივიღებ მონაწილეობას. ოქტომბერში ისრაელში მივდივარ.

- ანაზღაურებაზე რა გითხრეს?

- ანაზღაურების გარეშე გია სურამელაშვილი არსად არ გამოდის.

ზურა მანჯავიძე:

- "შინმა" რომ გამოთქვა ინიციატივა არჩევნებთან დაკავშირებით, კონცერტებს ატარებენ და ხალხს მოუწოდებენ არჩევნებში მისვლისკენ, ამ ინიციატივას ვუერთდებით ჩვენც.

- კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებთ?

- ამ კონცერტების ფარგლებში არა. თუმცა ამას წინათ ზვიად ძიძიგურთან ერთად გახლდით რუსთავში. "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ.

- იცით, ალბათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი კონცერტებიც იმართება და ანაზღაურებას იღებენ მომღერლები. თქვენ თუ იღებთ?

- ვიცი და უმეტესობა თუ ანაზღაურებას იღებს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ არ ვიღებთ. ათი კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. რამდენადაც ვიცი, ჩვენთან ერთად აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი "თბილისიც" გამოვა, ასევე შესაძლოა იყოს ეკა კვალიაშვილიც.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება