სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული კონცერტი ჩაიშალა. კონცერტს "ნაციონალთა" მხარდასაჭერად ლელა წურწუმია გეგმავდა, თუმცა მის კონცერტზე მხოლოდ 20 კაცი მივიდა. მომღერალი იძულებული გახდა, კონცერტი აღარ გაემართა.
ამის შესახებ სააგენტო "ივერონს" სარწმუნო წყარომ სამტრედიიდან აცნობა. წყაროს თქმით, წურწუმიას კონცერტზე მსმენელი იმიტომ არ მივიდა, რომ ბერას კონცერტზე წასვლა ამჯობინა. დაუზუსტებელი ინფორმაციით კი, ბერა ივანიშვილის კონცერტს 34-დან 36 ათასი ადამიანი დაესწრო.
შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილი საქართველოს მასშტაბით საკონცერტო ტურნეს, სახელწოდებით "გპირდები", განაგრძობს. 16 სექტემბერს სამტრედიაში მისი მორიგი კონცერტი გაიმართა. ამ კონცერტზე პირველად შესრულდა ახალი სიმღერა "ავტოგოლი", რომელიც ბერამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიუძღვნა.
"ალია" კომენტარისთვის ლელა წურწუმიას დაუკავშირდა. მაგრამ ლელამ, როგორც კი ჩვენი გაზეთის სახელი გაიგო, საჭესთან ვარ და ვერ გპასუხობთო, ისე გამითიშა ყურმილი, ვეღარ მოვასწარი, მეკითხა, რამდენ ხანში განთავისუფლდებოდა (საჭესთან მჯდარი მაშინ საერთოდ რაღას პასუხობს ზარებს? - თ.ო). ამის შემდეგ წურწუმიას პროდიუსერს, მამულიჩას, დავუკავშირდით. ღმერთს მადლობა, ის საჭესთან არ იჯდა.
- ეს არის დეზინფორმაცია, რაც პირველად მესმის თქვენგან. საიდანო? სამტრედიაში? არა, ვა... ცრუ ინფორმაციაა ნამდვილად. რამე კონცერტი რომ ყოფილიყო მართლა, გეტყოდით, მაგრამ სამტრედია პირველად მესმის. არა, არა. ვინ ავრცელებს?
- სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო "ივერონი". გვერდით ბერას კონცერტი იყო და ლელა უმაყურებლოდ და უმსმენელოდ დარჩაო.
- (იცინის) სასაცილოა. არა, რა სარწმუნო წყაროა ერთი, მართლა მაინტერესებს. ვინ თქვა, მაინტერესებს, ვინ დაუკავშირდა? აი, მაგ სააგენტო "ივერონმა" დამირეკოს და მითხრას, ვის დაუკავშირდა ეს ინფორმატორი? ეს იუმორია? ხუმრობთ?
- არავითარი იუმორი, რაც გავრცელდა, იმას ვამოწმებ თქვენთან.
- ჩემო კარგო, ლელა წურწუმია სადაც ატარებს კონცერტს, ყველგან არის ძალიან ბევრი ხალხი. ეს ინფორმაციისთვის. მეორე, ჯერჯერობით მარტო კონცერტს არსად ატარებს, არც ერთ რეგიონში.
- "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად არ მართავს ლელა კონცერტს?
- ნაციონალურ კონცერტში მონაწილეობს ლელა, მაგრამ იქ ძალიან ბევრი მომღერალი გამოდის, მაგრამ არა, არა, სამტრედიაში რომ ყოფილიყო კონცერტი, მე საქმის კურსში ვიქნებოდი. რომელ დღეს იყო?
- ბერას კონცერტი იყო...
- (არ მამთავრებინებს, სიცილით) აბა, მე რა ვიცი, ბერას კონცერტი როდის იყო.
- 16 სექტემბერს.
- არა, ნამდვილად არა.
თამარ ოქრუაშვილი