"ყველაფერი გავაკეთე, რომ კარიერა არ მქონოდა"

"ყველაფერი გავაკეთე, რომ კარიერა არ მქონოდა"

ქალბატონებში ბავშვობიდან პოპულარული გახლდათ. მათი გულის მოსაგებად მუსიკოს დათო ევგენიძეს დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა. უძღვნიდნენ საჩუქრებს, სახლში მიაცილებდნენ, მაგრამ ამხელა ყურადღებას არასოდეს გაუთამამებია. მიაჩნია, რომ ყველაზე არაკარიერისტია, ბევრ კონტრაქტზე თქვა უარი, რომ დედა მარტო არ დაეტოვებინა. დეპრესია 23 წლის ასაკში დაემართა, ის შეგრძნება, რომელიც, გგონია, სიკვდილამდე მიგიყვანს, მაგრამ დეპრესია დაძლია და ცხოვრება გააგრძელა...

- ცელქი ბავშვი ვიყავი, მაგრამ უზრდელი არასოდეს ვყოფილვარ. ვაპროტესტებდი იმას, რასაც მიშლიდნენ, მაგრამ ჩემი ავანტიურული ცხოვრების მიუხედავად, სახლიდან არასოდეს წავსულვარ. ძალიან ვუფრთხილდებოდი დედას, არ მინდოდა, გული სტკენოდა. ადრეულ ასაკში დავიწყე მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში არ გვიჭირდა. საკმაოდ კარგად მიხდიდნენ.

- ეს ალბათ თანატოლებში უპირატესობის გრძნობას გიჩენდათ, თამამად შეგეძლოთ მათი დაპატიჟება საკუთარი ფულით.

- სხვათა შორის, ვისაც ეკონომიკური უპირატესობა აქვს, სურვილი არ უჩნდება, რომ ვინმე სადმე დაპატიჟოს. ფულს ძირითადად უფრთხილდებიან, მაგრამ მე სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა, მიმაჩნდა, რომ ფული კალათბურთის ბურთია, კალათში უნდა ჩააგდო ან პასი უნდა მისცე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებენ.

- სკოლაში მასწავლებლების საყვარელ მოსწავლედ ითვლებოდით?

- ვერ მაჩე­რ­ებდნენ, მაგრამ მა­სწავლებლებს ძალიან ვუყვარდი. ერთ დღეს მასწავლებელმა დედა სკოლაში დაიბარა და კლასში შემოახედა, აი, თქვენი შვილი რო­გორ იქცევაო. დედაჩემი კინაღამ გაგიჟდა.

- კლასელ გოგონებში პოპულარობით სარგებლობდით?

- დიახ, ბავშვობიდან პოპულარული ვიყავი, ამის თქმის არ მრცხვენია. ყოფილა შემთხვევები, სახლში მივდიოდი და გოგონები მაცილებდნენ (იცინის). არ გატყუებთ. წერილებს მწერდნენ და საჩუქრებს მიგზავნიდნენ. ტელეფონზე დარეკავდნენ, მეტყოდნენ, კარი გააღეო და საჩუქრები მხვდებოდა. მაშინ სად იყო უცხოური სიგარეტები და კართან "მალბორო" იდო (იღიმება).

- პირველად სერიოზულად რა ასაკში შეგიყვარდათ?

- საბავშვო ბაღში, ის გოგონა მას შემდეგ აღარ მინახავს. ჩემთვის დედოფალი იყო, მაგრამ მისი გულის მოსაგებად სახლიდან ნივთები არასოდეს მომიპარავს. ხომ არიან შვილები, დედის ჩანთაში თავისუფლად რომ ყოფენ ხელს, ცხოვრებაში ასეთი რამ არ გამიკეთებია. ერთხელ დედასთან ერთად მოვდიოდი და დავინახე, სადარბაზოში ვიღაცას საფულე დავარდნოდა. დედამ აიღო და ნახა, შიგნით ბევრი ფული იდო. ვუთხარი, დედა, დატოვე ადგილზე-მეთქი. რა თქმა უნდა, მის წამოღებას არც აპირებდა, მაგრამ ხომ ხვდებით, ასეთი რამე არასოდეს გამიკეთებია.

ერთხელ კანარის კუნძულებზე ვიყავი და სავალუტო ჯიხურში ფულის დასახურდავებლად შევედი. იმ დღეს ჩამოდიოდა ჩემი ცოლ-შვილი და საკმაოდ სოლიდური თანხა მქონდა შეგროვებული. ფული გადავახურდავე, შემდეგ, მაღაზიაში რაღაცის საყიდლად შესულმა თანხა რომ ამოვიღე, შევატყვე, რომ ზედმეტი მქონდა, გადავთვალე, მერე ჩეკს შევხედე, მივხვდი, რომ გადახურდავებისას შეეშალათ და დოლარის მაგივრად ფუნტ-სტერლინგის კურსით გადამიხურდავეს. მაშინვე უკან დავბრუნდი და ზედმეტი ფული დავაბრუნე.

- გოგონების მოსახიბლად განსაკუთრებული ხერხი თუ გქონდათ?

- რა თქმა უნდა, ვმღეროდი, ლე­ქსებს ვუკითხავდი, ძალიან მიყვარდა სიურპრიზების მოწყობა. ალბათ გა­ხსოვთ, საბჭოთა კავშირის დროს რუსეთის მიმართულებით ყოველ ნახევარ საათში იყო რეისები. ერთხელ მეუღლე აეროპორტში გავაცილე, დავემშვიდობე და დაახლოებით ერთ საათში მეც უკან გავყევი. კარის მეზობელი ჩემი ახლობელი იყო, მასთან მივედი, ვთხოვე, მეუღლე ყავაზე დაეპატიჟა და მოულოდნელად იქ დავხვდი (იღიმება).

- როგორ იცვლებოდით, როდესაც ძალიან გიყვარდათ?

- არ ვიცი, გიჟივით სიყვარული ვიცოდი. მაქსიმალისტი ვარ და ყველაფერს ვაკეთებდი ამ გრძნობისთვის.

- პირველი სერიოზული გადაწყვეტილება როდის მიიღეთ პირად ცხოვრებაში ან კარიერაში?

- რაც შეეხება კარიერას, ჩემზე არაკარიერისტს არავის ვიცნობ, ყველაფერი გავაკეთე, რომ კარიერა არ მქონოდა. რამდენიმე ქვეყნიდან მქონდა შეთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. პირველი მიზეზი ის იყო, რომ დედას მარტო ვერ დავტოვებდი, რადგან მას ჩემ მეტი შვილი არ ჰყავს და მეორე კი - თბილისი და ჩემი ქვეყანა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემეძლო. სერიოზული გადაწყვეტილება? არ ვიცი, რამდენად სერიოზული შეიძლება დაერქვას, მაგრამ პირველი და მეორე ცოლი ისე მოვიყვანე, არც ერთმა არ იცოდა, რომ ცოლად მომყავდა.

- რომ გაიგეს, როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- წამომყვნენ (იღიმება). ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოულოდნელად ვიღებ. ახლა ძნელია ვთქვა, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებიც კი ფიქრის გარეშე მაქვს მიღებული. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე იმპროვიზატორი ვარ და ლექსებსაც ასე ვწერ, თითქოს ვიღაც მკარნახობს და მე ვიწერ. შეცდომებიც არ მაქვს ხოლმე.

- ცხოვრებაში ხშირად დაგიშვიათ შეცდომა?

- ცხოვრება, სამწუხაროდ, ლექსი არ არის. მუსიკასა და ლექსივით შეუცდომელი რომ ვყოფილიყავი, მაშინ ასეთ ლექსებს ვერ დავწერდი და სწორად მექნებოდა ნაცხოვრები. ყველანაირ უფსკრულში ჩამიდგამს ფეხი. ცხოვრებაში ხომ ყველაზე მდაბიო გრძნობა შიშია.

- თქვენ არასოდეს შეგშინებიათ?

- როგორ არა, მაგრამ ეს სხვა შიშია. ერთხელ მთაში ყოფნისას ხარი გამომეკიდა (იღიმება). ერთხელ - იხვი თუ ბატი, თან ამ დროს არ იცი, როგორ უნდა მოიქცე. შეიძლება, ჩიტის უფრო შეგეშინდეს ადამიანს...

- ამ ასაკში რამდენად ხშირად ფიქრობთ შეცდომებზე და თუ გაქვთ სინანულის განცდა?

- სინანულის გრძნობა მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ მაქვს, ვისთვისაც მიწყენინებია, მაგრამ თუ რამე ცუდი გამიკეთებია საკუთარი თავისთვის, ამას ისე არ ვნანობ.

- დეპრესიაში ხშირად ყოფილხართ?

- 23 წლის ვიყავი, დეპრესია რომ დამემართა. ოღონდ რასაც დეპრესია ჰქვია, თორემ ზოგიერთები დღეს ნერვიულობასაც დეპრესიას ეძახიან. ამისათვის რამდენიმე მიზეზი მქონდა. საშინელი გრძნობა იყო, წამით რომ გაიელვებს, უნდა მოკვდე, ეს ალბათ ყველა ადამიანს ჰქონია და აი, ის წამი დადგა. მეგონა, ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ცხოვრებაში ხომ შეუძლებელი არაფერია.

- საკუთარ ცხოვრებაზე წიგნის დაწერა არასოდეს გიფიქრიათ?

- დიახ, რეალურად ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ, ბევრი დრამატურგიული მომენტები მაქვს. წიგნს ასე დავიწყებდი, "მე დავიბადე, გარეთ თოვდა". შევეცდებოდი, ლიტერატურული გზით ისე მომეხერხებინა, რომ მკითხველს პერსონაჟები ვერ ამოეცნო. თბილისი პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს. უხერხული იქნება მათთვის წარსულის გახსენება, ქმრები ჰყავთ, შვილები. საერთოდ, რომანის წერისას ფრთხილი უნდა იყო, ამიტომ შეიძლება, ჩემი წიგნისთვის სხვა ქვეყანა ავირჩიო და იქ განვითარდეს მოვლენები.

- ინტერვიუს ბოლოს თქვენს საკონცერტო ტურნეზე გვიამბეთ, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებთ.

- შარშან ფილარმონიაში ჩატარებულ ჩემს კონცერტს ერქვა "გალობანი სინანულისანი", ძველ "ბათინკებზე" ნოტები ეხატა. მაშინ გამოვაცხადე, რომ შემოდგომაზე მთელი საქართველოს მასშტაბით ტურნეს გავმართავდი. კონცერტების სერია ათ ქალაქს მოიცავს. ჩემი მუსიკოსები, რომლებთან ერთადაც ოცდაათი წელია ვმუშაობ, ახლა თამრიკო გვერდწითელთან მუშაობენ, ხშირად ტურნეში არიან და კონცერტები საქართველოში მათ ჩამოსვლას დავამთხვიე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ კონცერტის გასამართად რაღაც სათქმელი უნდა დაგიგროვდეს, რათა მსმენელს შესთავაზო. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ხუთი ფილმისთვის დავწერე მუსიკა. მალე ჩემი ლექსების ახალი კრებული გამოვა - "ქართული ფოსტა, უპასუხო წერილები".

- თქვენი ლექსით დავასრულოთ ინტერვიუ...

- ეს ბოლო ლექსია, რაც დავწერე:

"მე გავიზარდე სახარებაზე,

ვარ შენი სულის თანაზიარი.

ვეღარ მოვედი აღსარებაზე,

ვერც ვეზიარე.

ლექსი დავწერე უმისამართო,

აღმართ-დაღმართი გაგიზიარე,

მხრებზე დავიდგი დედამიწა და

ცაზე ვიარე.

და ბოლოს ცამაც მითხრა უარი.

ვეღარ მოვედი აღსარებაზე,

ვერც ვეზიარე".

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება