ელისო ბოლქვაძე თავისზე ძლიერ მამაკაცს ორჯერ შეხვდა

ელისო ბოლქვაძე თავისზე ძლიერ მამაკაცს ორჯერ შეხვდა

ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე დიდი ხანია, საერთაშორისო საქველმოქმედო პროექტშია ჩართული, რომლის საშუალებითაც ბევრ ნიჭიერ მუსიკოსს დახმარებია, თუმცა მომავალი წლის მარტიდან ოფიციალურად დაიწყებს ფუნქციონირებას თავად პიანისტი ქალბატონის ფონდი "ლირა", რომელიც მხოლოდ საქართველოში აღმოაჩენს ნიჭიერ მუსიკოსებს და მათ ყოველმხრივ განვითარებას, განათლებას შეუწყობს ხელს.

ქალბატონ ელისოს ამ თემაზე ინტერვიუსთვის შევხვდით და მის ცხოვრებასაც გადავავლეთ თვალი. დავინტერესდით, ვინმე თუ დახმარებია თავის კარიერაში ისე, როგორც ახლა თავად ეხმარება უამრავ მუსიკოსს გზის გაკვალვაში...

- უამრავი ადამიანი შემხვედრია, რომელსაც დახმარების ხელი გამოუწვდია ჩემთვის. შეუძლებელია იცხოვრო ისე, რომ არავის დაეხმარო. მქონია შემთხვევა, გამიკეთებია სიკეთე, თუმცა ცუდად დამბრუნებია. ასეც ხდება, თუმცა ერთმა მამაომ მითხრა ჭკვიანური რამ - ამას იმისთვის არ აკეთებ, რომ უკან დაგიბრუნდეს, უბრალოდ, აკეთებ იმიტომ, რომ თავად გინდა. ეს ქრისტიანული მორალია. რაღაცებს თუ არ გადააბიჯე და ზემოთ არ დადექი, დიდი საქმეების კეთება შეუძლებელია. მე არანორმალური ცხოვრების რეჟიმი მაქვს და ეს მსიამოვნებს. პიანისტი ქალი ძალიან რთული სოციალური ფენომენია. მამაკაცი რომ სწირავს თავს ქალისთვის, ეს იშვიათი შემთხვევაა... ყველაფერი, ურთიერთობები, ოჯახის აწყობა ძალიან ძნელია. როიალი არის ისეთი ინსტრუმენტი, რომელსაც დიდი ყურადღება სჭირდება, დომინანტია და მის ირგვლივ ტრიალებს ბევრი რამ. ამას არავინ გაძალებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოწოდებაა. სხვანაირად არ არსებობს. არ ვნანობ არც ერთ წუთს და ასეთივე ცხოვრებას გავივლიდი, თავიდან რომ დამეწყო. მიუხედავად თავგანწირვისა, ემოციური ფონებისა, რაც ცხოვრებაში გამომივლია, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პროფესიული არჩევანით.

- და ეძებთ პატარებს, რომლებსაც დიდი ნიჭი აქვთ.

- 5-დან 16 წლამდე გოგონებსა და ბიჭებს. ახლა იქმნება ჩემი ფონდის სტრუქტურა. საერთაშორისო ფონდი 12 წელია არსებობს და ამ იდეის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი ვარ, როდესაც ნიჭიერი ადამიანების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობენ და არა მხოლოდ აფინანსებენ. წლების წინ იდეალურ სამყაროში მოვხვდი. 1998 წელს საქართველოში ჩამოვიდა მიშელ სონი, არაორდინარული პიროვნება, მუსიკოსი, პიანისტი და პედაგოგი და მოუსმინა ბავშვებს, მაშინ არ იყო არც შუქი, არც წყალი. პირველი, ვინც საქართველოდან წავიყვანეთ, იყო ხატია ბუნიათიშვილი და მისი და. ხატია 12 წლის გახლდათ. ისეთ გარემოში იზრდებოდა და თვეობით ისეთი პედაგოგები ამეცადინებდნენ, როგორებზეც ბევრს უოცნებია. თამარ ბერაია, ანა ყიფიანი, თედო დიაკონიძე, ილია ლომთათიძე და ბარბარე თათარაძე, ეს ახალგაზრდები წარმატებულ გარემოში არიან. ისინი ძალიან ბევრს მეცადინეობენ, პოტენციალის გამოვლენისთვის დიდი ასპარეზი გაუჩნდათ.

- ვიცი, რომ რეგიონებში დადიხართ. როგორ ხვდებით, ნამდვილ ნიჭთან გაქვთ თუ არა საქმე?

- მაინტერესებს, როგორი პოტენციალი აქვთ. ვგრძნობ მათ მუსიკალურობას. არ მაინტერესებს, იმწუთას როგორ უკრავენ და როგორი მომზადებულები არიან მოსმენისთვის. შემიძლია, დავიჭირო მათი წარმოსახვის უნარი, თუმცა რა არის იმწუთას, ერთია და როგორ განვითარდება, მეორეა. დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახს, გარემოს, რა ღირებულებებით იზრდებიან და მე ვმონაწილეობ მათი აღზრდის პროცესში. "ს.ო.ს ტალანტების" ფონდი სხვადასხვა ეროვნების ბავშვებზე არის ორიენტირებული, "ლირა" კი ქართველ ბავშვებზე იქნება ორიენტირებული. აქ გაერთიანდება მხოლოდ 3-4 ახალგაზრდა, რომლებზეც ჩემს ენერგიას ბოლომდე დავხარჯავ. მინდა, ისინი საზღვრებს გარეთ სასწავლებლად გავგზავნო. ალბათ, შემეკითხებით სპონსორებზე, შემიძლია თავად დავუკრა კონცერტები და ფონდში ფული შემოვიტანო, ვფიქრობ, ხალხი თანდათან დაინტერესდება. მანჰეტენის სკოლას უკვე დაველაპარაკე და მითხრეს, თუკი ძლიერი ბავშვები გეყოლებათ, ჩვენ თვითონ მივხედავთო. აქ დიდ თანხებზე არ არის ლაპარაკი. როდესაც ძალიან გამორჩეული ხარ და პოტენციალს ხედავენ, ამერიკაში, ბელგიასა თუ სხვა ქვეყნებში თავად გეხმარებიან. უბრალოდ, ამას უნდა ორგანიზება. არა მგონია, ამ მხრივ საქართველოში ბევრი კონკურენტი მყავდეს. თუკი იქნება სხვა ამგვარი ფონდი, ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან რაც მეტი ბავშვი წავა უცხოეთში თავისი ნიჭის გასავითარებლად, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ფონდი გააქტიურდება მარტიდან, მას შემდეგ უკვე ყველას ეცოდინება, რა ფონდია ეს. საქართველოში მუდმივად მთხოვენ, მოვისმინო ბავშვები. ამიტომაც გამიჩნდა ამ ფონდის ჩამოყალიბების იდეა. მათი მოსმენა ძალიან საინტერესოა.

- რადგან გინდათ, რომ ნიჭიერ ადამიანებს ხელი შეუწყოთ, ე.ი. მიუხედავად ბევრი სირთულისა, თქვენი პროფესია მაინც სასურველად მიგაჩნიათ.

- ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრების ნაწილია. ამით ვიკვებები. სულ მეკითხებიან, რატომ ვხარჯავ ამდენ ენერგიას ქველმოქმედებაში. საზღვარგარეთ ტალანტების ფონდი ვითარდება, უდიდეს ტელეარხებს აინტერესებთ ეს ფენომენი. ამას წინათ ფრანგულმა არხმა მთხოვა, ქართველი ბავშვი გამეგზავნა მათთვის, რომელიც ფრანგულად ილაპარაკებდა, ბარბარე და ილია ენის ბარიერის გამო ვერ გავგზავნე. ამ ტელეარხს აქვს გადაცემა, რომელიც ნიჭიერ ადამიანებს აშუქებს, სოციალური ფენომენის დონეზე. ჩვენთან ცხოვრების დონე არ არის იმდენად მაღალი, რომ ამგვარ რამეებს ექცეოდეს ყურადღება, მაგრამ შემდეგში აუცილებლად გაჩნდება ეს ინტერესი.

- საქართველოში კლასიკური მუსიკის წინ წამოსაწევად რაიმე გეგმა ხომ არ გაქვთ, გარდა თქვენი ფონდის მუშაობისა?

- როდესაც დავიჯერე, რომ მომავალი საქართველო არსებობდა, უშუქობა და უგაზობა წარსულს ჩაჰბარდა, ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, დანარჩენ მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა ბევრი რამით, მათ შორის კულტურითაც გაეცნო. წლებია, საზღვარგარეთ ვცხოვრობ და იქიდან ასე ვუყურებ ამ საკითხს. მგონია, რომ აქ ადამიანებს ესმით ამის მნიშვნელობა. უცხოელებთან ერთად ბევრი პროექტის გაკეთება მინდა. ევროპაში ინტეგრაცია არ არის მომხდარი. ევროპისთვის საქართველო საინტერესოა. ამაზე ყველამ უნდა იფიქროს და თავისი წვლილი შეიტანოს. აუცილებელია, უცხოელების მოზიდვაზე ვიფიქროთ.

- კლასიკური მუსიკის აღქმას გარკვეული ინტელექტი სჭირდება. ეს არ არის პოპკულტურა, რომელიც ადვილად მკვიდრდება ცნობიერებაში.

- რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ამიტომაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შესწევთ უნარი, იბრძოლონ, რათა კლასიკური მუსიკის ნიშა და ელიტური მუსიკალური აზროვნება არ დაიკარგოს. კლასიკურ მუსიკას, მაღალ ჯაზს ყოველთვის სჭირდება დაცვა. დღეს სახელმწიფოსგან ძალიან დიდი ხელშეწყობა მაქვს. ყველა პროექტზე, რაც წარვადგინე, მწვანე შუქი მაქვს ანთებული. ამას წინათ "მეცო" ჩამოვიყვანე, ახლახან ფესტივალის იდეაც გაგვიჩნდა, რომელიც ბათუმში ჩატარდა. მინდა, ამან სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლოს. საქართველო ახალი ქვეყანაა, უცხოელებისთვის საინტერესო უნდა გახდეს აქ ჩამოსვლა, ფესტივალზე დასწრება, რაღაც ახლის მოსმენა. აქ ისეთი პროექტებია საჭირო, რომლებსაც საზღვარგარეთ ვერავინ მოისმენს. ამ ხალხს ვიწვევ ქართული მუსიკის მოსასმენადაც. ჩვენ რომ გენიალური ფოლკლორი გვაქვს, ეს ასე თუ ისე იციან უცხოელებმა, მაგრამ არ იციან, როგორი შეიძლება გამოვიდეს ქართული ფოლკლორი, ცეკვა ახალ დადგმაში, სოლისტებთან ერთად.

- ძალიან ბევრ ხელოვანს შევხვედრივარ, მაგრამ თქვენ, მათ მსგავსად, არ "დაფრინავთ" და ძალიან პრაქტიკულად აზროვნებთ.

- მე რეალური ადამიანი ვარ. არ არის ის საუკუნე, როცა მხოლოდ უნდა "იფრინო" და 8 საათი იმეცადინო. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვარ ჩაბმული, რაც ცხოვრებამ მოიტანა და მე არ მომითხოვია. როიალის გარდა სხვა რაღაცებიც მაინტერესებს. ვხედავ იქაურ პიანისტებსა და მუსიკოსებს, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან. დღეს ამ სფეროში ძალიან დიდი კონკურენციაა. ყველამ ყველაფერი 200-ჯერ ნახა. საჭიროა, განსხვავებული იმიჯი შეიქმნა. თავადაც უნდა გქონდეს კრეატიულობა, უნდა გქონდეს უნარი, საზოგადოებას საკუთარი თავი წარუდგინო, როგორც არა მხოლოდ პიანისტმა.

- კონკურენცია ახსენეთ, არის თქვენს სფეროში ინტრიგები?

- რასაკვირველია. არის უდიდესი კონკურენცია და ინტრიგებიც, მაგრამ ძლიერი უნდა იყო. საერთოდ, ამ ქვეყანაზე სუსტი ადამიანების ადგილი არც არის (იღიმის). ყველას უნდა ჰქონდეს თავისი გზა და ნიშა. დღევანდელ დროში ძველი პიანისტები ალბათ ვერ იარსებებდნენ. დღეს სხვა სამყაროა.

- გარდა მუსიკისა, სხვა გატაცება თუ გაქვთ?

- მუდმივად მივისწრაფვი მრავალფეროვნებისკენ, რომ ცხოვრება საინტერესო გახდეს. მიყვარს ფილმების ყურება, ვიზუალზე მაქვს გადატანილი ყურადღება. ამ ბოლო დროს ვფიქრობ კლიპებზე, ვიდეოებზე ჩემს შემოქმედებით ცხოვრებასთან კავშირში. ვუყურებ ბევრ რამეს. ვადარებ ძველ და ახალ ფილმებს და ვგიჟდები, ხუთ წელიწადში რამხელა რევოლუცია მოხდა. დავინტერესდი ფოტოშოპით, გრაფიკით, რისკენაც დიდი მიდრეკილება მაქვს. პიანისტი რომ არ ვიყო, ამ პროფესიას ავირჩევდი, სამი დე მაინტერესებს. ვგიჟდები, ისე მომწონს ეს ყველაფერი.

- საფრანგეთში ცხოვრობთ. რამდენია თქვენში პარიზული და რამდენი თბილისური?

- სიღრმეში ქართველი ვარ. რამდენიმე ენაზე ვლაპარაკობ და ცნობილია, რომ ასეთ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანი ხარ. მხოლოდ ქართველი არ ვარ, რასაკვირველია, არც ფრანგი. ფრანგებს, საერთოდ, ბევრი მინუსი აქვთ და სულ არ მინდა, ფრანგი ვიყო. მაქვს შეთვისებული ბევრი კულტურა, რუსულიც, ავსტრიულიც, ავსტრიაში ვცხოვრობდი გარკვეული პერიოდი. საფრანგეთისთვის იმდენი პროექტის გაკეთება არ მინდება, რამდენიც საქართველოსთვის. თავს თავისუფალ მოქალაქედ მივიჩნევ, მაგრამ ჩემში ბევრია ქართული, თუმცა ევროპული თვისებებიც მაქვს - მაგალითად, მაღიზიანებს, თუკი არ დამირეკავენ და პირდაპირ მოვლენ სტუმრად, მაღიზიანებს, როცა წინასწარ არ ვიცი, რას ვაკეთებ და ყველაფერი 5-6 თვით ადრე არ არის ორგანიზებული, მაღიზიანებს ქართული არაპროფესიონალიზმი. ვგიჟდები, თუკი რაღაცას ბოლო მომენტში მეუბნებიან. საშინლად ფეთქებადი ვარ, თუ მე მაქსიმუმს ვდებ და მეორე მხრიდან უპასუხისმგებლობას ვხედავ, გონება მეკეტება. ვცდილობ, არ ვიყო ძალიან მომთხოვნი, მაგრამ მაინც ასეთი ვარ. ზოგი მეუბნება, ძალიან მენტორული ხარო. თუკი ტოლერანტული ვარ, ზოგჯერ ვერ ვაგებინებ ადამიანს, რა მინდა. საქართველოში ასე ვარ, საფრანგეთში კი ტოლერანტობის გარეშე ადამიანებთან ვერ იურთიერთებ. ქართველთან თუ დიქტატორული ტონი არ შეაპარე ლაპარაკში, ვერაფერს გახდები. ვცდილობ, ისეთ ადამიანებთან მქონდეს ურთიერთობა, რომ ასეთი ლაპარაკი არ დამჭირდეს. დიდ საქმეებს მხოლოდ ასეთ ადამიანებთან ერთად ვაკეთებ. ჩემი ფონდის დირექტორს, ავთო ტუღუშს, ნახევარი სიტყვით ესმის ჩემი.

- პირად ცხოვრებაზეც გკითხავთ. ალბათ თქვენი სიძლიერე არ მოსწონებია ბევრ მამაკაცს.

- რა თქმა უნდა. მამაკაცს რომ ეს მოეწონოს, ჩემზე ძლიერი უნდა იყოს, მე კი ასეთი იშვიათად შემხვედრია. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი თვისება შევიძინე, სუსტი და ადვილი გასაძლები ქალი არ ვარ, მომთხოვნი ვარ, საკუთარ თავზე ვარ გადართული, კაცები ძირითადად მეუბნებიან, ეგოისტი ხარო (იცინის). არ მაქვს დრო, მეგობრებთან ყავის სმაში რომ დავხარჯო. არც მივიჩნევ, რომ ეს აუცილებელია. 30 წლის წინ რომ ჩემი მეგობარი იყო, იმას შესაძლოა, ჩემი მსგავსი ინტერესები არ ჰქონდეს ცხოვრებაში. მამაკაცებთან მიმართებითაც იგივეა. კაცს სჭირდება, რომ ქალი გვერდით იგრძნოს. თუკი თანმხვედრი ინტერესები არ არსებობს, ურთიერთობა ძნელდება.

- არ შეგხვედრიათ თქვენზე ძლიერი მამაკაცი?

- ორჯერ შემხვედრია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ერთად უნდა გვეცხოვრა. აქ კიდევ ბევრი სირთულეა, როცა ერთად ცხოვრება არ გამოდის. ორჯერ რომ შევხვდი ძლიერ კაცს, ეს ბევრია (იღიმის). მერე კი უკვე გიჭირს არჩევანი, მერე სუსტ კაცს აღარ სცემ პატივს და არც შეგიძლია გიყვარდეს.

- ამ ორმა ადამიანმა არჩევანის წინაშე დაგაყენათ?

- მამაკაცი მაინც ცდილობს ქალის დამონებას. არ გავაკეთე ის, რაც იდეალი იქნებოდა ამ ორი ადამიანისთვის.

- პირადულში არაფერს ნანობთ?

- საერთოდ, არაფერი უნდა ინანო. თუკი გინდა, წინ წახვიდე... სინანული დროის კარგვაა. იმ სიტუაციაში გჭირდებოდა და გააკეთე, შეიძლება, ტკივილი მოგაყენა, მაგრამ ხომ გაგზარდა. ვერ ვიტყვი, რომ არაფერი მინანია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ავიცილო და წინ წავიდე. თუკი დარდს გადაჰყვები, სხვა რამეში ვეღარ გაიზრდები. ცხოვრებას აზრი თუ გინდა მიანიჭო, ყოველ წუთს უნდა გაიზარდო. ახლაც ბევრისგან ვსწავლობ რაღაცებს. როცა სულიერ მამასთან მიხვალ, სინანულზე იქ შეგიძლია საუბარი. პირადულზე თუ ვიტყვით, სანანებელი არ დამრჩენია.

- ეძებთ ვინმეს?

- სულ ვეძებ!.. არის ქალი, ვინც არ ეძებს მამაკაცს? ის ქალი ალბათ არ არის ნორმალური, არც მამაკაცი. ეს ადამიანის ბუნებაა. ეძებს ბედნიერებასა და თავის თავს. ამდენ რაღაცას რომ ვაკეთებ, ისევ იმისთვის ვაკეთებ, რომ ვიყო ბედნიერი და ეს სხვასაც გადავცე. ეს პროცესია, სანამ ადამიანი ცოცხალია, მანამდე გრძელდება...

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება