რამ ჩააგდო საგონებელში ვერიკო ტურაშვილი

რამ ჩააგდო საგონებელში ვერიკო ტურაშვილი

22 სექტემბერს მომღერალ ვერიკო ტურაშვილს დაბადების დღე აქვს. მას ოცდაათი წელი უსრულდება და გადაწყვეტილი აქვს, ეს დღე მეგობრების წრეში, ქალაქგარეთ აღნიშნოს...

- სიმართლე გითხრათ, ბოლო წლებში დაბადების დღის აღსანიშნავად დიდად არ ვემზადებოდი, წელს კი საგონებელში ჩავვარდი, რადგან მსურს, არაჩვეულებრივი დღეობა მქონდეს. ბოლო ერთი თვეა, საკუთარ თავსაც და მეგობრებსაც ვეკითხები: - როგორი იქნება, დაბადების დღე ქალაქგარეთ, ერთ ლამაზ და აუზიან სახლში რომ გავმართო-მეთქი? მინდა, 22 სექტემბერს ყველა მეგობარი ჩემ გვერდით იყოს... ბოლო სამი წელია, ამ დღეს დაუგეგმავად აღვნიშნავ ან კლუბში, ან სახლში, ან რომელიმე მეგობრის ოჯახში. ამ ყველაფრის მიზეზი კი ჩემი შვილი - ლიზა გახლავთ, რომელიც 15 სექტემბერს არის დაბადებული. ის ცხრა წლის გახდა და ფაქტობრივად, მთელი ცხრა წელია, მის დაბადების დღეზე უფრო მეტად ვზრუნავ, ვიდრე - საკუთარზე.

- ლიზას დაბადების დღეს სად და როგორ აღნიშნავთ ხოლმე?

- ჩემთვის თითქოს, უფრო მოსახერხებელია დაბადების დღის საბავშვო ცენტრში გადახდა, სადაც ვეპატიჟებით მის მეგობრებს, ჩემი მეგობრის შვილებს და მერე ყველანი - დედები და შვილები ერთად ვერთობით ხოლმე.

- შენს დაბადების დღეზე ლიზა თუ ცდილობს, დედიკო რაიმეთი გაახაროს?

- ვინაიდან ლიზას შემოსავალი არა აქვს, ცდილობს, საკუთარი ხელით დამზადებული მოსალოცი ბარათი მომიძღვნას. ამას იმ დროიდან აკეთებს, როცა გამართულად წერა ჯერ კიდევ არ იცოდა და შიგ ათასნაირ სასაცილო რაღაცას მიწერდა. ლექსიც დაუწერია ჩემთვის (იღიმის).

- ოდესმე განსაკუთრებული, ორიგინალური საჩუქარი თუ მიგიღია?

- ჩემთვის ბევრჯერ უჩუქებიათ ჩემი საყვარელი სუნამო ან მობილური ტელეფონი. მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ, ერთმანეთს ის ვაჩუქოთ, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ან გვინდა.

- ფანები არაფერს გჩუქნიან?

- ადრე ხშირად მჩუქნიდნენ ყვავილებს, სათამაშოებს, ახლა - ნაკლებად. სიხარულით ვიღებდი საჩუქრებს. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ ამას ჩემს გასახარებლად აკეთებდნენ.

- გაიხსენე დაუვიწყარი დაბადების დღე.

- შარშან ქართველი მომღერლები ერევანში ვიყავით. მოგეხსენებათ, პროექტში - "10+10" ვმონაწილეობდით. ჰოდა, 22 სექტემბერსაც იქ მოგვიხდა ყოფნა. ამ პროექტის მენეჯერს, ჩემს მეგობარ ნათია უზნაძესაც 22 რიცხვში აქვს დაბადების დღე. ჰოდა, ცხადია, ყველა გვილოცავდა; მოჰქონდათ ყვავილები, საჩუქრები, ტორტი. ის დღე ნამდვილად, დაუვიწყარი იყო. თუმცა, ყველაზე კარგად მაინც, ბავშვობაში გადახდილი დაბადების დღეები მახსენდება.

- სამზარეულოში ტრიალი და სუფრის გაწყობა არ გიყვარს?

- როგორ არა! სხვათა შორის, გემრიელ კერძებს, სალათებს ვამზადებ. სამაგიეროდ, არ მიზიდავს ნამცხვრისა და ტორტის ცხობა. საერთოდ, ტკბილეული არ მიყვარს და ნუგბარს ვერიდები კიდეც.

- ყველაზე მეტად, ახლობელი ადამიანისგან რა საჩუქარი გაგახარებდა?

- ავტომობილი! ჰოდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით, ყველას მივმართავ: თუ მანქანას მაჩუქებთ, გამაბედნიერებთ (იცინის)... სახლის რემონტს, მის მოწყობას გადავყევი და ამიტომაცაა, რომ მანქანის შეძენას საშველი ვერ დავაყენე.

- რომელიმე თაყვანისმცემელმა 22 სექტემბერს, სახლთან ავტომობილი რომ მოგიყვანოს, მიიღებ?

- თაყვანისმცემლისგან ასეთ საჩუქარს ნამდვილად ვერ მივიღებ, ასეთი ადამიანი არ ვარ. ეს ყველაფერი ხუმრობით ვთქვი, თორემ არასდროს არავისთვის არაფერი დამივალდებულებია... ისე, რომ მივიღო და მერე მითხრას, - ჩემი ნაყიდი მანქანით გამასეირნეო, რა უნდა ვქნა (იცინის)?

- ცოტა რამ შენი დღის რეჟიმზეც გვიამბე...

- თუ სასწავლო წელია, დილით მუშაობაზე უარს ვამბობ, რადგან ლიზა სკოლაში უნდა წავიყვანო, გაკვეთილების შემდეგ კი ინგლისურის, მერე - მუსიკის პედაგოგთან მიმყავს. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა უკვე ცხრა წლის ხდება, დამოუკიდებლად სიარულის უფლებას ვერ ვაძლევ. ერთი წელია, რაც ეზოში მარტო ჩავუშვი, მაგრამ როცა ის გარეთაა, ფანჯარას არ ვშორდები; ყოველ წუთს ვეძახი და ვეკითხები, - რას აკეთებ-მეთქი?.. საღამოს საათებში კლუბში ვმუშაობ. როცა ჩაწერა მაქვს, ვცდილობ, ესეც საღამოს მოვახერხო.

- დაბოლოს, შენს შემოქმედებაში რა სიახლეა?

- მე და ჩემი მეგობარი - ანრი ჯოხაძე ისრაელში ვიმყოფებოდით და ებრაულ სიმღერაზე კლიპი გადავიღეთ, რომელიც აქ მონტაჟდება. ვიდეორგოლის პრემიერა ჩემი დაბადების დღის მერე - ანუ სექტემბრის ბოლოს, გადაცემა "პროფილში" შედგება... სულ მალე ჩემს სოლო სიმღერაზე დავიწყებ მუშაობას და სავარაუდოდ, ვიდეორგოლსაც გადავიღებ, რომლის სიუჟეტიც უკვე მოფიქრებულია - ამაზეც ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ანრი იმუშავებს.

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება