ამერიკაში მოღვაწე თეონა კოროშინაძემ "ახალ ხმასა" და "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობაზე უარი თქვა

ამერიკაში მოღვაწე თეონა კოროშინაძემ "ახალ ხმასა" და "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობაზე უარი თქვა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი - თეონა კოროშინაძე საქართველოს ხშირად სტუმრობს. მეგონა, ზაფხულში მისი ვიზიტი მუსიკალური პროექტების კასტინგებს უკავშირდებოდა, მაგრამ თეონას სულ სხვა მიზეზი ჰქონია... ახალგაზრდა მომღერლის კარიერაში სიახლეა: თეონას მუსიკალური ბენდი ჰყავს და თურმე, მის ყველა წევრს ეპრანჭება. გვითხრა, - ფოტოზე კარგად არ ჩანს, თორემ ძალზე სიმპათიური ბიჭები არიან. თუმცა, მე მაინც ქართველი ქმარი მინდაო...

- თეონა, როგორ ხარ?

- ცუდად ვარ, რადგან დღეს საქართველოდან მივემგზავრები...

- აქ მონატრების გამო ჩამოხვედი თუ საქმეც გქონდა?

- საქართველოს გარეშე 3 თვეზე მეტხანს ვერ ვძლებ. თან, ამ ბოლო დროს ბევრი ჩემი მეგობარი გათხოვდა, დაქორწინდა და ამიტომაც ჩამოვედი.

- დაოჯახებას თავადაც ხომ არ აპირებ?

- ვაპირებ, მაგრამ სად არის? ჩემს პირად ცხოვრებაში სერიოზული არაფერი ხდება. არის ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ჩვენ ჯერ ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს, რომ დაოჯახებაზე ვიფიქროთ. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

- შეყვარებულები ხართ?

- არ ვიცი... ჩვენს ურთიერთობას "შეყვარებულობანას" არ ვუწოდებ. ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობთ. მასთან ყოფნა მეც მსიამოვნებს და ალბათ - მასაც. ჩვენი ურთიერთობა სოციალური ქსელის მეშვეობით გაღრმავდა.

- ტუჩები გაგიდიდებია...

- მინდოდა, ცხვირის ძგიდე გამესწორებინა, რადგან სუნთქვაში მიშლის ხელს, მაგრამ ვერ მოვასწრებდი - რეაბილიტაციას ბევრი დრო სჭირდებოდა, მე კი ამერიკაში უნდა გავემგზავრო. ჰოდა, მერე ტუჩების გადიდება გადავწყვიტე.

- ძგიდე ამერიკაში რატომ არ "გაიკეთე"?

- იქ ძალიან ძვირი ღირს.

- გარეგნობაში კიდევ რაიმეს შეცვლა ხომ არ გინდა?

- წონაში 10 კილოგრამის დაკლება მინდა!

- წონაში საგრძნობლად ხარ დაკლებული. ეს დიეტის დამსახურებაა?

- კი, დიეტას ვიცავდი: ხორცს ვჭამდი, ცომეულს - არა. მართალია, დიეტა საქართველოში ყოფნისას დავარღვიე, მაგრამ 6 საათის შემდეგ ვახშმობას მაინც ვერიდები. ძირითადად, საკვებს მცირე ულუფებად მივირთმევ.

- გასული 3 თვის განმავლობაში ამერიკაში რას საქმიანობდი?

- ამერიკაში დაბრუნებულს ძველმა მეგობარმა მომწერა: მე და ჩემს ძმებს მუსიკალური ბენდი გვაქვს და ვოკალისტი გოგო გვჭირდებაო. კასტინგზე მივედი. ბენდის წევრებს ძალიან მოვეწონე. ახლა მათთან ერთად ვმუშაობ და კმაყოფილი ვარ. 5 იტალიელი ბიჭია. ძალიან მაგრები არიან!

- როგორი ტემპით მუშაობ?

- ბენდი ახალი შექმნილია, მაგრამ უკვე სხვადასხვა ფესტივალზე ოთხჯერ გავედით. მარტამდე ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. საერთოდ, ამერიკაში ასე ხდება: საქმეებს 4-5 თვით ადრე გეგმავენ. ჯერჯერობით, ჩვენი საქმეები კარგად მიდის. ამ ბიჭებთან მუშაობა მომწონს.

- განებივრებენ?

- ჰო. იცი, რა საყვარლები არიან? თბილები, მზრუნველები... არ არსებობს, რეპეტიციის მერე მანქანამდე რომ არ მიმაცილონ.

- თაყვანისმცემლები უკვე გყავთ?

- კი და ისინი უკვე აქტიურად გვგულშემატკივრობენ. მსმენელებმა პირველსავე გამოსვლაზე, კარგად მიგვიღეს, სოციალურ ქსელში დადებითი კომენტარები დაგვიწერეს... ამერიკელები ისეთი კრიტიკულები არ არიან, როგორიც - ქართველები.

- ბენდთან კონტრაქტით მუშაობ?

- არა. კონტრაქტი ოფიციალურად არ გაგვიფორმებია. უბრალოდ, ბიჭებს ჩემი გეგმების შესახებ წინასწარ უნდა ვაცნობო. დღეს ფესტივალზე უნდა გასულიყვნენ. მთხოვეს, - თვითმფრინავის ბილეთის ფულს ჩვენ გადავიხდით და დაგეგმილზე ადრე ჩამოდიო, მაგრამ ვერ მოვახერხე.

თეონა კოროშინაძე- საკონცერტო გამოსვლას უშენოდ თავს გაართმევენ? ბენდის სხვა რომელიმე წევრიც მღერის?

- ის ბიჭი მღერის, რომელმაც კასტინგზე მიმიწვია.

- როგორც ვიცი, ქართველი ბიჭები მოგწონს, მაგრამ ხომ ამბობენ, იტალიელები და ქართველები ერთმანეთს ჰგვანანო...

- (მაწყვეტინებს) ბენდის წევრებიდან ყველა ბიჭი მომწონს! ძალზე სიმპათიურები არიან. ქართველ მამაკაცებს მართლა ჰგვანან - ჯენტლმენები გახლავან, არაფერი ეშლებათ. მოკლედ, თითოეულს ვეპრანჭები (იცინის).

- და მაინც, მათ შორის რომელიმე განსაკუთრებულად ხომ არ მოგწონს?

- დავასახელებ ჩემს ძველ მეგობარს, რომელიც შეყვარებულს ახლახან დაშორდა და ახალი ურთიერთობისთვის მზად არ არის.

- წინათ მასთან რომანტიკული ურთიერთობა ხომ არ გქონდა?

- მაშინ ერთმანეთი ბავშვურად მოგვწონდა... ის მორიდებული ადამიანია, მე კი ზოგადად, ასეთი ბიჭები არ მომწონს. ჩვენ დუეტებს ვასრულებთ - ანუ ძალაუნებურად, ერთმანეთს ვუმღერით. ერთხელ ვთქვი, მომღერალი ბიჭები არასოდეს მომეწონება-მეთქი, მაგრამ ბიჭი რომ გიმღერის, მაგარია!

- საქართველოში შენი ვიზიტი ორი მუსიკალური პროექტის კასტინგს დაემთხვა...

- "ახალი ხმის" მუსიკალურმა პროდიუსერმა - რუსა მორჩილაძემ მომწერა: მინდა, ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობაო. მაგრამ არ მინდა, კონკურსის გამო უნივერსიტეტი კიდევ გავაცდინო.

- თუ არ ვცდები, პროექტში მონაწილეობა "საქართველოს ვარსკვლავის" პროდიუსერმაც შემოგთავაზა.

- კი, გიორგი ხაბურზანიამაც მითხრა, - ჩამოდიო, რადგან პროექტმა დამაინტერესა. "საქართველოს ვარსკვლავს" მაგარი ჟიური ჰყავს: ნიკოლოზ რაჭველი უნიჭიერესია, ნინო ქათამაძეზე ვგიჟდები, მაგრამ ამ პროექტში მონაწილეობაზეც უარი ვთქვი. რა ვქნა, სწავლა უნდა დავასრულო. ბებიას, რომელზეც ჭკუა მეკეტება, სიმღერაზე მეტად, ჩემი სწავლის საკითხი აინტერესებს.

- პირად საუბარში მითხარი, - სამედიცინოზე სწავლას თავი დავანებეო.

- ერთი პერიოდი სამედიცინოზე სწავლა აღარ მინდოდა, რადგანაც ნეონატოლოგიას ვსწავლობდი; მერე კარგად დავფიქრდი და მივხვდი: ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ კარგი იქნება, თუ სპორტული მედიცინის სფეროში გადავალ-მეთქი. სპორტი ძალიან მიყვარს, თან - სპორტსმენები მომწონს.

- აგიწყვია ცხოვრება და ეგ არის. ქართველ სპორტსმენებს თუ დაუმეგობრდი?

- კი, ბევრი სპორტსმენი მეგობარი მყავს. გუშინ კალათბურთის გუნდის - "სოხუმის" ერთ-ერთი წევრის ქორწილში ვიყავი. მორაგბეებსაც ვიცნობ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება