როდის ხდება უმართავი ბაჩო ქაჯაია

როდის ხდება უმართავი ბაჩო ქაჯაია

მისი შვებულების დღეები დასრულდა. ამბობს, რომ კარგად დაისვენა და საყვარელი საქმის კეთებას ენერგიულად შეუდგა. საქმე კი მართლაც, ბევრი აქვს - "შუა ქალაქის" გადაღებები, რეპეტიციები თეატრში... მოკლედ, შეხვედრისთვის დრო მაინც გამონახა. "დაუსრულებელ წინადადებებს" ამჯერად მსახიობი ბაჩო ქაჯაია დაასრულებს. რას განიცდის ყველაზე მეტად, რაზე საყვედურობენ მეგობრები, რა ვერ ისწავლა დღემდე და როდის დგება კარგ ხასიათზე? - ამას ჩვენი დიალოგიდან შეიტყობთ.

- სახელი და გვარი...

- ამირან ქაჯაია. გაგიკვირდა? ამ სახელს არავინ მეძახის. მხოლოდ პირადობის მოწმობაში მიწერია. ბევრმა არ იცის, რომ ამირანი მქვია.

- დაბადების თარიღი...

- 1986 წლის 3 თებერვალი.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...იმ გარემომ, რომელშიც გავიზარდე. ბავშვობაში "ბერიკებში" დავდიოდი. არც ერთ ასაკში არავის გავლენას არ განვიცდიდი. მშობლებმა თავისუფლებას მიმაჩვიეს. ჩემს არჩევანში არასდროს ჩარეულან. ვინმეს რომ ეთქვა, - სამსახიობოზე არ ჩააბაროო, მაინც ვერ გადამაფიქრებინებდნენ... სტუდიაში არაჩვეულებრივი პედაგოგი - ციცინო კობიაშვილი მყავდა, რომელიც მერე "შუა ქალაქში" ჩემი "დედა" გახდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს 2 გოგონა, მეუღლე და თბილი ოჯახი მაქვს.

- როცა მარტო ვარ...

- ...მარტო არასოდეს ვარ. განმარტოება არც მაშინ მიყვარს, როცა ვიღლები. ასეთ დროს მირჩევნია, უბრალოდ, დავიძინო.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...მომავალ დღეს ვგეგმავ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ვიტყუები. კარგი მატყუარა ვერ ვარ. ამიტომ ვცდილობ, ტყუილი საერთოდ არ ვთქვა. ჩემი მოტყუება იოლი თუა? - გააჩნია, მატყუარა რამდენად პროფესიონალია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ადამიანს, რომელიც საჭის მართვის დროს უკან მომყვება და მისიგნალებს. ვიღაცამ გუშინაც გამაბრაზა. ამ დროს უმართავი ვხდები. ისიც უნდა ვაღიარო, რომ ასეთი ადამიანის მისამართით უწმაწურ სიტყვებსაც არ ვიშურებ. ამის გამო კონფლიქტიც მქონია.

- მე ვარ შეუმდგარი....

- ...სპორტსმენი. ძალიან არასპორტული ადამიანი ვარ. ვვარჯიშობ მაშინ, როცა წონის დაკლება მინდა. თეატრალურში რომ ვაბარებდი, ერთ თვეში 11 კილო დავიკელი; მერე როლისთვის დამჭირდა და ამავე დროში 16 კილო დავიკელი.

- მეზარება...

- ...დღეს დილით ძალიან დამეზარა მწყრის გაპუტვა. თავად არ მინადირია, სხვამ მომცა. არადა, ნადირობა ძალიან მიყვარს. წელს ზაფხულს რაჭაში ვიყავი, მაგრამ შაორზე ბევრი ვერაფერი დავიჭირე. მერე რამდენიმე დღე ხაშურში, ბებიასთან და ბაბუასთან დავრჩი. ბაბუა ძველი მოთევზავე და მონადირეა. მასთან ერთად თევზაობა მიყვარს.

- მაღიზიანებს...

- ...სნობიზმით შეპყრობილი ადამიანები. ვცდილობ, მათთან ნაკლებად ვიურთიერთო. მგონია, რომ შინაგანად სულაც არ არიან ასეთები. უბრალოდ, თამაშობენ და ეს თამაში ძალიან მაღიზიანებს.

- ძალიან მინდა...

- ...ბორბლებიანი სახლი მქონდეს. მანქანას ჩავუბამდი და ბევრს ვიმოგზაურებდი. თან, სულ სახლში ვიქნებოდი (იცინის).

ბაჩო ქაჯაია- არასდროს დამავიწყდება...

- ...დღეები, როდესაც ჩემი შვილები გაჩნდნენ. მშობიარობას ვესწრებოდი. ეს მეუღლეს არ უთხოვია, სამშობიარო ბლოკში საკუთარი სურვილით შევედი. აბა, რა მექნა, როცა გარეთ ყოფნა უფრო მიჭირდა?! ერთი უცნაური თვისება მაქვს: როცა ვერ ვხედავ, კონკრეტულ სიტუაციაში რა ხდება, ყოველთვის ცუდს ვფიქრობ და ათას სისულელეს წარმოვიდგენ.

- დათმობა შემიძლია...

- ...თუ დასათმობია, დავთმობ. უაზრო სიჯიუტე არ მახასიათებს, მაგრამ დათმობაზე წასვლით არ უნდა დავზარალდე.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...არც ვიცი, სად მინდა ვიყო. რომელიმე ფეშენებელური კურორტი ვთქვა? არა! დასვენებით საკმაოდ კარგად დავისვენე, ახლა მუშაობა მირჩევნია.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...მათემატიკა. ამიტომ ამ საგანში შესაბამისი ნიშანი მეწერა. "შესაბამისი" რამდენია, იცი? - ბევრი თხოვნითა და ხათრით დაწერილი სამიანი.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...განვიცდი, ვაღიარებ და ვცდილობ, აღარ გავიმეორო.

- ცრუმორწმუნე...

- ...არ ვარ. არც იატაკზე დაგდებულ "როლს" ვაჯდები, როგორც ამას ჩემი კოლეგების უმრავლესობა აკეთებს.

- ჩემი მომავალი...

- ...ნათელ ფერებში წარმომიდგენია.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...ვერ ვიხსენებ.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...პირად ცხოვრებაზე. ოჯახური ამბების საჯაროდ განხილვა რა საჭიროა?

- სიყვარული ეს...

- ...იმდენად ყოვლისმომცველი რამ არის, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია.

- ვოცნებობ...

- ...მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ზესიფრთხილეა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...სამუშაო პროცესმა. ყველაზე კარგ ხასიათზე მაშინ ვარ, როცა რეპეტიციაზე, გადაღებაზე ვარ ან სპექტაკლს ვთამაშობ. ამ დროს თითქმის ყველა პრობლემა მავიწყდება და თავიდან ბოლომდე საქმეში ვეფლობი.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...იშვიათად მივდივარ. ყოველთვის ვაანალიზებ, კონკრეტულ რისკიან ნაბიჯს რა შეიძლება მოჰყვეს და თავს ვიკავებ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მინდა, ეს საქებარი სიტყვები მალე დაამთავრონ. მაგრამ გულის სიღრმეში მიხარია თუ არა? - ალბათ, მიხარია. ბოლოს და ბოლოს, მაქებენ, ხომ არ მაგინებენ?!

- მეშინია...

- ...ვირთხის. გაგიკვირდა? წრუწუნა ხომ არ მითქვამს?

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მეგობრები. ხშირად მიმეორებენ: გელაპარაკებით და არ გვისმენო. არადა, თითოეულს ვუსმენ, მაგრამ პარალელურად სხვა თუ ლაპარაკობს, იმასაც ვუსმენ.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...იმის გაკეთებას, რისი სურვილიც თავად არ მაქვს.

- არ მრცხვენია...

- ...დაშვებული შეცდომის აღიარების.

- ყოველთვის ძალიან განვიცდი...

- ...უპასუხისმგებლობას.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ძალიან მიყვარხართ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება