ნიკოლოზ რაჭველს დაუფასებლობასა და კრიტიკაზე გული სწყდება

ნიკოლოზ რაჭველს დაუფასებლობასა და კრიტიკაზე გული სწყდება

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი საკმაოდ ძნელად მოსახელთებელი რესპონდენტია. ახლა ერთდროულად რამდენიმე პროექტშია ჩართული, მათ შორისაა "რუსთავი 2"-ის ახალი გადაცემა "საქართველოს ვარსკვლავი", რომელზეც არხის ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებს. მალე ტელეარხი ამ ახალ პროექტს წარმოგვიდგენს, ჯერ ჟიურის - რომლის წევრებიც არიან ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე და ნინო ხოშტარია - მიერ ბათუმსა და თბილისში მთელი საქართველოდან შერჩეულ კონკურსანტებს გვაჩვენებენ, მოგვიანებით კი ლაივ-კონცერტები დაიწყება. ჟურნალი "რეიტინგი" თბილისურ პირველ ტურს დაესწრო და რამდენიმე საინტერესო კონკურსანტიც მოისმინა ჟიურისთან ერთად. ნიკოლოზ რაჭველი კი შესარჩევი ტურის დასრულების შემდეგ დაგვთანხმდა ინტერვიუზე და ჩვენს შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

-  ნიკა, ამ პროექტში მონაწილეობას განიხილავთ თუ არა, როგორც ერთსა და იმავე მდინარეში მეორედ შესვლას?

-  ყოველი საქმე, რასაც ხელახლა ვაკეთებ, ჩემთვის გამოწვევაა. აქ ხელს ძალიან მიწყობს ჟიურის შემადგენლობა, რადგან ამ ადამიანებთან ერთად აქამდე ამ საქმით არ დავკავებულვარ. ხელს მიწყობს ისიც, რომ პროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატით ჰგავს ძველ საკონკურსო სატელევიზიო ფორმატებს და მათი თავდაპირველი ავტორი მეც გახლავართ, ახალი სახელი აქვს, შესაბამისად, ვაცნობიერებ, რომ ახალი იდეებისთვის აქ ადგილი არის. თავის დროზე, როცა შეიქმნა "პოპ აიდოლზე" დაფუძნებული "ჯეოსტარი", ქართულ სინამდვილეს მე მოვარგე. ეს 2003 წელს იყო. შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! პირველ დღესვე ჩამოვწერე ის ტურები, რომლებიც შემდგომ წლებშიც შენარჩუნდა. როდესაც პროექტი დავტოვე, მარინა ბერიძემ, რომელიც მუსიკალურად ხელმძღვანელობდა პროექტს, მიიჩნია, რომ ეს კონცეფცია სრულყოფილი იყო და არ გადაუკეთებია. ძალიან მეამაყებოდა, რომ ჩემი ხაზი შემდგომ "ჯეოსტარებშიც" ჩანდა. ახლა ვცდილობ, იმ ჩარჩოდან და ფორმატიდან განსხვავებულისკენ გადავინაცვლოთ. ეს ერთგვარი თავსატეხია. ახლის მონახვა საკმაოდ მიძნელდება. მაგრამ გეტყვით, რომ "საქართველოს ვარსკვლავი" იქნება განსხვავებული!.. არც ერთი წამით არ ვფიქრობ, რომ შევეჯიბრო ჩემს უახლოეს მეგობრებს, ღირსეულ ადამიანებს და მიზნად დავისახო, გავაკეთო რაიმე მათზე უკეთესად. უბრალოდ, მინდა იყოს განსხვავება. ალბათ საზოგადოების ნაწილს თუ ვუყვარვარ, იმის გამოა, რომ კრეატიული ვარ. ალბათ ამიტომაც მიწვევენ აქ და იქ (იღიმის). მინდა, გამოვიყენო კრეატიულობის გარკვეული ელემენტები. ბევრი ფაქტორი მიწყობს ხელს - გადაცემის რეჟისორი, პროდიუსერი, მთლიანად ჯგუფი. მათთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობდი წარსულშიც და ახლაც. ალბათ ამიტომაც დავთანხმდი, ისევ იმ საქმეს შევჭიდებოდი, საიდან წამოსვლითაც ამოვისუნთქე (იცინის), ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი. ვიცი, რომ რასაც მოვიფიქრებ მუსიკალურ-კრეატიულ ნაწილში, ეს გუნდი ამას პროფესიონალურად განახორციელებს.

-  იპოვეთ კასტინგებზე თვისობრივად ახალი ხმა?

-  საქმე ისაა, რომ ჩვენ თავიდანვე განვსაზღვრეთ ძიების განსხვავებული სტილი - გამოიკვეთა, რომ ჩვენ ხმას არ ვეძებთ, არამედ გვაინტერესებს თვითმყოფადობა. წინა წლებში, მათ შორის, მაშინაც, როცა "ჯეოსტარის" მუსიკალური ხელმძღვანელი ვიყავი, მომღერლებს ყველა ჟანრში ვცდიდით. ახლა ამოცანა გართულდა, ჩვენ ვპოულობთ ინდივიდს, რომელსაც ყველანაირ ჟანრს ვერ ამღერებ. მახსოვს, ძმებისგან შემდგარმა დუეტმა მოგვხიბლა, მათ ვუთხარი, რომ მზად ვარ, კი არ ვაიძულო სავალდებულო სიმღერების შესრულება, არამედ მოვიფიქრო მათთვის შესაბამისი ტურები. ესეც რადიკალურად ცვლის მიდგომას წლევანდელი პროექტის მიმართ.

-  კასტინგების დროს თუ გაოცდით სასიამოვნოდ ან უარყოფითად?

-  ვფიქრობ, "ნიჭიერის" ჟიურიში ყოფნის შემდეგ არაფერი გამაოცებს, თუმცა "საქართველოს ვარსკვლავის" შესარჩევი ტურის პირველ ეტაპზე მაინც მოახერხა რამდენიმე კონკურსანტმა ჩემი სასიამოვნოდ გაოცება. უარყოფითზე კი ვერაფერს გეტყვით, რადგან აქ ნამდვილად არაფერი მაკვირვებს. უარყოფითი გაოცების კოეფიციენტი "ჯეოსტარის" შემთხვევაში გაცილებით მაღალი იყო. გაგვაოცეს ძალიან მომზადებულმა კონკურსანტებმა, რომლებიც გამოირჩევიან ინდივიდუალიზმით, მუსიკალური აზროვნებით. ნინო ქათამაძემ დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ მთავარ როლში მუსიკა ყოფილიყო. მე, როგორც კომპოზიტორი და ტელეპროექტებში გამოცდილი ადამიანი, უფრო დემოკრატიულ არჩევანს ვაკეთებდი და ყველაფერს ვაკვირდებოდი, ნინო ხოშტარია მუსიკისმცოდნეა და არაჩვეულებრივი მუსიკალური გემოვნება აქვს, მაგრამ თავმდაბლობს და მუსიკალურ შეფასებას ნაკლებად აკეთებს, თუმცა ამისი სრული უფლება აქვს. ის უფრო მეტად აქცენტს სატელევიზიო პროექტისთვის საჭირო კრიტერიუმებზე აკეთებდა. რატომ უნდა გადავდოთ შორს, როდესაც დღესვე შეგვიძლია ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, არ ბრწყინავენ ხმით, მაგრამ სწორი ემოციით შეუძლიათ მუსიკით მაყურებელს ბევრი რამ გადასცენ? ვნახოთ, რა იქნება მეორე ტურში, რომელიც 18-19 სექტემბერს გაიმართება. გამიხარდება, თუ 12-ვე ფინალისტი დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. არ მინდა კომპრომისებზე წასვლა და მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილები დარჩა, უფრო სუსტი კონკურსანტის ჩასმა. არანაირ დათმობაზე არ წავალთ.

-  საინტერესოა, როგორ შეფასდება ეს 12 ფინალისტი? კვლავ მესიჯებით, თუ ჟიურის ექნება გარკვეული ფუნქცია ამ კუთხით?

-  მარინა ბერიძის დროს "ჯეოსტარს" ჰქონდა სირთულე, რომ კონკურსანტები სრულიად განსხვავებულ ჟანრებში მღეროდნენ. ასე რადიკალურად განსხვავებულ სამყაროებში ახალგაზრდა მომღერლის ჩაგდება, ერთი მხრივ, უნივერსალურობას ავლენს და ვიღაცას შესაძლოა, კარგადაც გამოსვლოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთ რამეზე დავფიქრდი - ეს არ არის კარგი მომღერლის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი მომღერლები - ნანი ბრეგვაძე, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ირაკლი ჩარკვიანი, გოგი დოლიძე, სოფო ნიჟარაძე - მათთვის რომ მოგვეთხოვა რადიკალურად სხვა ჟანრში სიმღერა, ისინი უხერხულად იგრძნობდნენ თავს და არცთუ სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა. შემსრულებელს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თავისი ნიშა მოირგოს და ამით შეაყვაროს თავი მსმენელს, ამიტომაც ყველა კონკურსანტს მოვარგებთ სხვადასხვა, მათთვის სასურველ ჟანრს.

რაც შეეხება ჟიურის ფუნქციას, მესიჯებით გადაწყდება ყველაფერი, თუმცა ფორმატის ავტორებთან მოლაპარაკებები გვაქვს - მინდა, ჟიურის მონაწილის გადარჩენის ბერკეტი გვქონდეს. ადრე ასეთი რამ იყო "ჯეოსტარში". საშიშროება ის არის, რომ ჟიურიმ აირჩიოს ერთი ფავორიტი, მხოლოდ ის გადაარჩინოს და მიიყვანოს ფინალამდე. თანახმა ვარ, გვქონდეს ერთი მონაწილის მხოლოდ ერთხელ გადარჩენის უფლება. ამაზე დაფიქრდნენ (იღიმება).

-  ნიკა, საქართველოში მუსიკალური გემოვნების შესახებ რა აზრის ხართ?

-  მსოფლიოში მდარე მუსიკა გაცილებით პოპულარულია. ჩვენთან ამ მხრივ ძალიან სავალალო მდგომარეობა არ არის. უბრალოდ, გულსატკენია, როდესაც ვისმენ საუკუნეების წინ შექმნილ ქართულ ფოკლორს, გული მტკივა, რომ ქართულმა მუსიკამ ასეთი რეგრესი განიცადა. ჩვეულებრივ მოსახლეობაში რა მუსიკაც იბადება, უგემოვნებას რომ ვხედავ, ძალიან მწყდება გული, რადგან "ხასანბეგურაც" ხომ ჩვენს ხალხში დაიბადა?!. თუმცა ამას წინათ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სამეგრელოში ხანგრძლივი ტურნე მქონდა. მახსოვს, როგორ გაუჭირდათ პირველი ნაწარმოების მოსმენა, ჰაიდნის სიმფონიით ვიწყებდი. თუმცა ნელ-ნელა, ახალგაზრდობითა და ნებისმიერი ასაკის ადამიანებით გაჭედილი დარბაზი იწყებდა ამ მუსიკის აღქმას და ბოლოს სცენიდან არ გვიშვებდნენ. მივხვდი, ის, რაც ხდება, ჩემი და ჩემი მსგავსი ადამიანების დანაშაულია. ერთხელ პატრიარქმა მითხრა ბევრ ხალხში, ის, რაც გემოვნების თვალსაზრისით უარყოფითი ხდება, შენი ბრალიაო. თავიდან გამიკვირდა მისი ეს შეფასება, მაგრამ ამიხსნა, შენ გაქვს ყველაზე დიდი უნარი, ამ უგემოვნობას წინ აღუდგეო. ერთგვარი მისია დამაკისრა და ვეცდები, ეს მისია შევასრულო.

-  "ვერის უბნის მელოდიები" თქ­ვ­ენთვის რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა?

-  არა. ეს იყო მორიგი პროექტი. 11 წლის ასაკში 53-ე სკოლაში ჩემი დაწერილი მიუზიკლი მაკა აროშიძემ დადგა. ისეთი წარმატება ჰქონდა, რომ მაშინ დაფუძნდა "ბასტი-ბუბუ". ამ ჟანრს მოგვიანებით დავუბრუნდი, როდესაც მუსიკისა და დრამის თეატრში დაიდგა "მუსიკის ჰანგები". შემდეგ ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენის საშუალება მომცეს სოფო ნიჟარაძემ და სახელმწიფომ. პრეზიდენტის უშუალო ჩართულობითა და ინიციატივით, ყველა რესურსით, ბათუმის ახალი თეატრის გახსნისთვის დამიკვეთეს "ქეთო და კოტეს" მიუზიკლის გაკეთება. მოულოდნელი იყო, რომ ეს ყველაფერი რუსთაველის პრემიით დამთავრდა ჩემთვის. დრო რომ გავა, მგონია, "ქეთო და კოტე" დამკვიდრდება იმ ჟღერადობით, რომელიც მას ჩემმა ნამუშევარმა შესძინა. ეს იყო მორიგი ნაბიჯი.

-  "ვერის უბნის მელოდიები" მუსიკალურად საკმაოდ კარგი ნამუშევარია. მოგისმენიათ კრიტიკა?

-  რაც კი შემეძლო, არ დავიზარე და მთელი ემოციებით, გულითა და სულით გავაკეთე. მახსოვს გია ყანჩელის შეფასება, როდესაც მისი მუსიკა გავაორკესტრე - ნიკამ ჩემს მუსიკას ახალი ტანსაცმელი ჩააცვა, რომელიც გაცილებით მოუხდაო. საქმე ისაა, რომ მუსიკა მე ასე მესმის. ბევრ ადამიანს, ვის ყურსაც ვენდობი, მოსწონს ჩემი ნამუშევრები. თუკი სიახლისთვის გახსნილი ხარ, როგორ შეიძლება არ მოგეწონოს ის ნიუანსები, რომლებიც "ქეთო და კოტეში" ან "ვერის უბნის მელოდიებში" ჩავდე?!. რასაც მე განვიცდი ვიქტორ დოლიძის ან გოგი ცაბაძის, გია ყანჩელის მიმართ, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე თითოეული იმ ადამიანის შეგრძნება, ვინც ამ სპექტაკლებს დასწრებია. რასაკვირველია, გული მწყდება, როცა არ მოსწონთ. ვგრძნობ, რომ არ ესმით... არ მივიჩნევ, რომ ყველაფერი კარგად გამომდის, "ვერის უბნის მელოდიებშიც" ალბათ არის კარგიც და ნაკლებად კარგიც, თუმცა ერთმნიშვნელოვნად რომ ამბობენ, ხელი არ უნდა მოჰკიდონ და არ უნდა გაკეთდეს ახლებურადო, მგონია, სიამოვნების მიღება უნდა ისწავლონ საქართველოში. მინდა ვთხოვო ადამიანებს, ვიდრე რაიმეს გააკრიტიკებენ, გაიაზრონ, ეს ყოველივე რა სიყვარულს, შრომასა და თავდადებას უკავშირდება და ამ ყველაფრის მიღმა, რა არაადეკვატურ ანაზღაურებას ვიღებთ. ასევე არაადეკვატური ცხოვრების წესით გვიწევს ცხოვრება. მე, მაგალითად, "საქართველოს ვარსკვლავისა" და "ვერის უბნის მელოდიების" პარალელურად, სიმფონიურ ორკესტრთან რეპეტიციებს გავდივარ, ორი ნაწარმოების შეკვეთა მაქვს უცხოური ორკესტრებისთვის და ხშირად ხდება, რომ ხელფასიდან ხელფასამდე ან ჰონორარიდან ჰონორარამდე პურის ფული არ მაქვს ხოლმე.

-  რა საინტერესო რამეს ამბობთ?..

-  ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა. მე რომ ლონდონში ერთი მიუზიკლი გავაკეთო, ის შემოსავალი საშვილიშვილოდ მეყოფა. კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ, საქართველოს რეალობიდან გამოვდივარ. ჩემთვის მიუღებელი იქნება, გავაკეთო პროექტი, რომელშიც 50 ათასს გადამიხდიან, რადგან საქართველოს ამის უფლება არ აქვს. გაყიდული ბილეთებითაც ამდენი ვერ შემოვა. ბილეთისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ფასი 20 ლარს ვერ ასცდება. ამ რეალობას რომ ვუყურებ, ამიტომაც მინდა მეტი გამხნევება, განსაკუთრებით პროფესიონალებისგან, თორემ ამას წინათ ოზურგეთში "ვერის უბნის მელოდიები" ჩავიტანეთ და რა დამავიწყებს დარბაზში ხალხის სახეებს. მინდა, ეს თბილისშიც იყოს და ბათუმშიც. მინდა უფრო მეტი დაფასება!..

-  მიუხედავად ამისა, თუ ხართ კმაყოფილი თქვენი ცხოვრებით და რაზე ოცნებობთ?

-  რა თქმა უნდა, მინდა უფრო მეტი. მაქვს სურვილი, საქართველოში სხვა რამ დამიკვეთონ, მაგალითად, ოპერის ან ბალეტის შექმნა. სამწუხაროდ, აქ ჩემთვის არავის შემოუთავაზებია ეს, საზღვარგარეთიდან კი მაქვს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. ახლა ვიწყებ მუშაობას ბალეტზე, რომელსაც ვუძღვნი ქართველ ბალერინა ელენე გლურჯიძეს. თუ ეს წარმატებით გამომივიდა, ლონდონში დაიდგმება. გამიხარდება, ჩვენმა ქვეყანამ უფრო მეტი რამ მოინდომოს ჩემგან კლასიკურ მუსიკაში, როგორც კომპოზიტორისა და დირიჟორისგან. გია ყანჩელი ხშირად მიწევს უცხოეთში რეკომენდაციას, ისრაელში მოღვაწე იოსებ ბარდანაშვილი ხედავს ჩემს მონაცემებს ამ კუთხით, სხვა მუსიკოსებიც დასავლეთში... მსმენია კომპლიმენტები ჩემ შესახებ. ლიანა ისაკაძე ყოველთვის მგულშემატკივრობს და ბრაზობს, რომ კლასიკურ მუსიკას ცოტა დროს ვუთმობ. ალბათ დადგება დრო, როცა მე დავუსვამ რაღაც-რაღაცებს წერტილს და მივყვები იმას, რისთვისაც, მგონია, რომ დავიბადე!..

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება