რის გამო გაკიცხეს ნანუკა გოგიჩაიშვილი

რის გამო გაკიცხეს ნანუკა გოგიჩაიშვილი

ნანუკა გოგიჩაიშვილი რედაქციაში ესპანეთის ნაკრებთან გადაღებულ ფოტოებზე სასაუბროდ დავპატიჟეთ. ეზოში შემოვიდა თუ არა, იქვე მდგომი რამდენიმე მამაკაცის ყურადღება მიიპყრო. ფოტოების გადაღებისას ისინი შორიახლოს ტრიალებდნენ და ნანუკას გარეგნობით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ნანუკასთან მარტო დარჩენა მოვახერხეთ და ინტერვიუც შედგა.

- ყველაზე მაგარი ის არის, რომ ვერც ერთ სპორტში ვერ ვერკვევი (იცინის). უბრალოდ, ესპანეთს ისეთი ნაკრები ჰყავს, რომ ყველამ იცის. არ არსებობს ადამიანი, "ბარსა"ან ესპანეთის ნაკრები რომ არ იცოდეს. ნაკრებიდან მხოლოდ რამოსი მომწონდა და სახეზეც მხოლოდ მას ვცნობდი, მესმოდა, რომ ინიესტა და დანარჩენებიც მაგრები იყვნენ, თუმცა თავად არ მინახავს მათი თამაში. რამოსიც კონკრეტული მიზეზის გამო მომწონდა. სპორტსმენების შესახებ ინტერნეტიდან ვიგებ ხოლმე, თუკი მათ შესახებ ვიდეო გავრცელდება. რამოსმა თერთმეტმეტრიანი დაარტყა არასწორად, ათასი ხუმრობა შეიქმნა მის შესახებ, რომ მთვარეზე გადავარდა ის ბურთი. სწორედ აქედან გავიგე რამოსის არსებობა. არ გახლავართ ესპანეთის გულშემატკივარი, უბრალოდ, მათ პრესკონფერენციაზე მოვხვდი.

- როგორ მოხვდი?

- ჩემი სურვილით. ჩემი მეგობრები მონაწილეობდნენ ნაკრების დახვედრის პროცესში. მათ გამიკეთეს აკრედიტაცია, რომ მოვხვედრილიყავი მათ პრესკონფერენციაზე. ფედერაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ცნობილი ესპანური გაზეთის ჟურნალისტს უნდოდა ჩემთან გასაუბრება. სამწუხაროდ, იმ საღამოს ჩვენი საუბარი ვერ შედგა, რადგან ცეკვაზე მაგვიანდებოდა და პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ რეპეტიციაზე გავიქეცი. სახლში რომ დავბრუნდი და მოვყევი, ჩემებმა მითხრეს, რატომ არ მიეცი კომენტარიო. ესპანურ გაზეთს უნდოდა ჩემი ჩაწერა იმ ფოტოების შესახებ, რომელიც იმ დღეს გადაიღეს. პრესკონფერენციის ამ ფოტოებმა შემდეგ ჩვენი გაზეთები და ინტერნეტსივრცეც მოიარა. მეორე დღეს ესპანურ გამოცემაში დაიბეჭდა ჩემი ფოტო ერთ-ერთ ესპანელ ფეხბურთელთან ერთად, შემხვდა მისი ჟურნალისტი და მითხრა, რომ ინტერვიუს მიცემის შემთხვევაში ეს შესაძლოა, ჩემი წარმატების საწინდარიც გამხდარიყო. მომიყვანეს მაგალითი, როგორ შეამჩნიეს პამელა ანდერსონი პირველად სწორედ საფეხბურთო მოედანზე, უბრალო გულშემატკივრებს შორის, და იქიდან დაიწყო მისი კარიერა. ესპანელმა ჟურნალისტმა მეილი გამომართვა და შემდეგ ფოტო და ასევე გაზეთის ყდაც გამომიგზავნა, მე და ჩემი მეგობარი ხავისა და კასილასთან ერთად რომ მოვდივართ, ამაზე ესპანელებმა ვიდეორგოლიც გადაიღეს.

- ფოტოებს დავუბრუნდები. მათი გადაღების ამბავი გვითხარი.

- ფორუმებზე და ზოგადად, ინტერნეტსივრცეში მოგვიანებით გაგვაკრიტიკეს, ვინც იქ ვიყავით, თუმცა მგონი, აერიათ ის, რომ ჩვენ იქ ფანების სტატუსით არ ვიყავით მოხვედრილები, არამედ როგორც ჟურნალისტები. ისე მოხდა, რომ კადრში მე მოვხვდი ან იმ ფოტოგრაფმა არჩია, რომ ჩემთვის გადაეღო. პრესკონფერენცია რომ დასრულდა, ყველა ჩვენს გზაზე მოვდიოდით, ზოგი ფეხბურთელებს აცილებდა ავტობუსამდე, სხვა სახლში მიდიოდა, მაგალითად, მე, და ასე აღმოვჩნდი კადრში. ამაზე ატყდა ერთი ამბავი...

- გაცნობის საშუალება მოგეცათ?

- სანამ პრესკონფერენცია დაიწყებოდა, მანამდე ერთ-ერთ ფეხბურთელთან გასაუბრების საშუალება მომეცა. კასილასმა მკითხა, ქართველებს შორის ბევრი გულშემატკივარი გვყოლია და როგორ ფიქრობთ, ჩვენი მაისურებით თუ მოვლენ მოედანზეო. მე ღიმილით ვუპასუხე, მართალია, ჩემს ბიჭ მეგობრებს შორის ძალიან ბევრი ქომაგი გყავთ, მაგრამ მოედანზე თქვენი მხარდასაჭერი მაისურებით არავინ მოვა-მეთქი. ამაზე ხუმრობით დავნაძლევდით. სულ ეს იყო.

- ისე ქართველების დახვედრა ცოტა არაადეკვატური კი იყო...

- მსოფლიო გუნდია და ყველგან ასე ხვდებიან. მგონი, არ არის გასაკვირი.

- პრესკონფერენციაზე კითხვა არ დაგისვამს?

- არა, სპორტში ვერ ვერკვევი და შესაბამისად, სპორტის ამ სახეობის შესახებ ვერანაირ შეკითხვას ვერ დავსვამ. ვერც ერთი ჩემი მეგობარი ბიჭი ვეღარ მიტანს. ინიესტას შესახებ ვიცოდი, მაგრამ სახეზე ვერ ვცნობდი (იცინის). რომ ჩამოვიდა და დავინახე, დიდად არ მიმიზიდა და გადავწყვიტე, რამოსს დავლოდებოდი. ინიესტასთან ფოტოს გადაღების საშუალება მქონდა, მაგრამ არ მოვინდომე. სწორედ ამის გამო ვერ მიტანენ ჩემი მეგობრები (იცინის).

- ქართველ გოგონებს ესპანელი ფეხბ­ურთელები გარეგნობის გამო მოსწონთ?

- ვინ თქვა, რომ ვიზუალურად კარგები არიან?!. რამოსი კი მომწონს, მაგრამ სულ ვამბობ, რომ ცხენს ჰგავს. მაინც მიზიდავს. როცა ადამიანი პროფესიონალია, გოგოსთვისაც და ბიჭისთვისაც, ზედმეტი პლუსი ეწერება. მისი თამაშის ნახვის შემდეგ მოვიხიბლე და არა გარეგნობით.

- ნანუკა, არ ფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, ქართველ თაყვანისმცემლებს ამ შემთხვევაში ასეთი გრანდიოზული დახვედრისგან თავი შეეკავებინათ? ესპანელები ხომ ქართველ ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ...

- მე მათი არ მესმის, ვისაც სალაპარაკო მიეცა, როგორ შეიძლებოდა ასე დახვედრაო. სადაც ეს ნაკრები ჩადის, ყველგან ასე ხვდებიან, თუმცა ქართველი ფანები გამოილანძღნენ ამ საქციელის გამო. სტადიონზეც ვესწრებოდი თამაშს. ყველა კარგად ქომაგობდა. ესპანელების მაისურით არც ერთი ქართველი არ მინახავს. მათ ნაკრებს თან ჩამოჰყვა გულშემატკივარი და რასაკვირველია, ისინი თავიანთ ნაკრებს ქომაგობდნენ. პირადად მე პირველი ტაიმის შემდეგ ხმაც აღარ მქონდა. იმხელა მხარდაჭერა იყო, რომ მაყურებელი მართლაც მეთორმეტე მოთამაშე იყო და ეს ყველამ თქვა.

- ქართველ ფეხბურთელებს სახეზე ცნობ?

- ჩემი მეგობარი თამაშობს საქართველოს ნაკრებში და მის მხარდასაჭერადაც ვიყავი მისული, ასე რომ, სახეზე ვცნობ.

- ვიცი, რომ კალათბურთს კიდევ უფრო აქტიურად გულშემატკივრობ.

- ჩემი ბევრი მეგობარი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მუშაობს. ზოგადად, მიყვარს სპორტის ის სახეობა, რომელიც ერს აერთიანებს. როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს, არ არსებობს, რომ მხარდაჭერა არ გამოვხატო. ადრე "ოლიმპს" ვგულშემატკივრობდი.

- ერთ ჭორზეც გკითხავ... ვიკა სანიკიძესთან მეგობრულზე მეტი ურთიერთობა გაქვს?

- არაფერი არ ხდება. რა უნდა გიპასუხო? ვიცნობ. ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს. მასთან მხოლოდ ამიტომ დაამხანაგდები. ყველასთან იპოვის საერთოს. ძალიან საყვარელი ბიჭია. მამაჩემთან ასოცირდება ჩემთვის, იუმორის გრძნობითა და ქართული ვაჟკაცური სულისკვეთებით.

- კარგი, ვიცი, რომ ოლიმპიადასაც უყურებდი.

- ლაშა შავდათუაშვილმა ოქრო რომ მოიგო, ღამის ორ საათზე ძიუდოს ფორმა ვიპოვე. მეორე დილას ჩართვისთვის მჭირდებოდა. მომიტანეს ლურჯი და თეთრი ფორმა. როცა მოვირგე, მივხვდი, რომ ნაჭერი კი არა, რკინაა და ამას რომ მოირგებ, მიხვდები, როგორი რთულია სპორტსმენისთვის ამ სამოსით მოძრაობა. ზოგადად, სპორტში რაიმე თუ ხდება, აუცილებლად ყურადღებას ვაქცევ. მიყვარს აქტიური ცხოვრება.

- ნანუკა, რამდენჯერაც დაგირეკე, სულ ცეკვაზე ხარ და "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ხომ არ ხარ ჩართული?

- არა. იუსტიციის სახლის გახსნის გრანდიოზული ცერემონიისთვის სამი თვე ვივარჯიშეთ პანტომიმიდან დაწყებული ქართული ცეკვით დამთავრებული. თბილისიდან საერთოდ არ გავსულვარ. რაც შეეხება "ცეკვავენ ვარსკვლავებს", პირველი სეზონისთვის დამირეკეს და ძალიან მინდოდა მონაწილეობა, სახლში მეკითხებოდნენ, დარწმუნებული ხარ, რომ გინდაო?.. მერე გავარკვიე, რომ ძალიან ბევრი საათი უნდა დამეთმო ცეკვებისთვის და მივხვდი, რომ ამას ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი. იმას თუ არ გავითვალისწინებდით, რომ სხვა არხზე იყო ეს გადაცემა, დროც არ მექნებოდა. მეორეზე უკვე აღარ მიფიქრია.

ზოგადად, ცეკვასთან მქონია შეხება. ბავშვობაში ტანგო, ვალსი მისწავლია. პიაცა რომ გაიხსნა ბათუმში, სულ ვამბობდი, ძალიან ლამაზი იქნებოდა, იქ სამეჯლისო ცეკვების საღამო რომ გამართულიყო. აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას.

- ალბათ ისეთ ბიჭს ისურვებდი, რომელიც ტანგოს გეცეკვება. ყველას აინტერესებს, გყავს თუ არა შეყვარებული.

- რაც კასილასთან გადაღებული ფოტო დავაყენე "ფეისბუქზე", მუდმივად მწერდნენ, ჟურნალებში რატომ არ იბეჭდება ინფორმაცია, ვისთან ერთად დადიხარო. ახლა ახალი ხუმრობა წამოიჭრა, საქართველოში ესპანელები რომ ჩამოვიდნენ, ერთი ლორიას წაყვანა უნდათ და მეორე შენიო (იცინის). ამ ფოტოს რატომღაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ზოგმა ძალიან გამკიცხა, ზოგს პირიქით, მოეწონა.

- გაკიცხვა რატომ დაიმსახურე?

- ძალიან ბევრისგან გავიგე, რომ თურმე მოწინააღმდეგე გუნდის წევრთან არ უნდა გადამეღო ფოტო. რაღაც სისულელეა...

- შენი მეორე ნახევრის ამბავს დავუბრუნდეთ. არავინ არის შენ გვერდით?

- არის ის, ვინც სიმპათიას იმსახურებს, მაგრამ ახლა ვერ გაგიმხელ და საერთოდაც, რად უნდა გამომჟღავნება. დროთა განმავლობაში თავისით გამომჟღავნდება. საერთოდ, პირადი ცხოვრების თემა ჩაკეტილი მაქვს, რადგან როცა ასე ხდება, უფრო გემრიელად და კარგად ხარ. მეგობრები მეხუმრებიან ხოლმე, ალბათ ერთ დღეს დაგვირეკავ და გვეტყვი, ნახევარ საათში ქორწილი მაქვს და მოდითო (იცინის).

- სერიოზული გადაწყვეტილებაც ხომ არ მიგიღია?

- 22 წლის ვარ. ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას. რა დროს ჩემი გათხოვებაა. სულ მეუბნებიან ხოლმე, ნათიას შენს ასაკში ამხელა ბავშვი ჰყავდიო. ნათია 18 წლის გათხოვდა. ამ კრიტერიუმით უკვე დავბერდი, მაგრამ 21-ე საუკუნისთვის ჯერ არ დავბერებულვარ (იცინის).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება