რამ დააბნია ეთერ კაკულია ნაცმოძრაობის კონცერტზე

რამ დააბნია ეთერ კაკულია ნაცმოძრაობის კონცერტზე

ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც ნაცმოძრაობის ერთ-ერთ წინასაარჩევნო კონცერტზეა გადაღებული. კონცერტზე ჰიმნი გაჟღერდა და მალევე ფონოგრამა გაწყდა. სცენაზე მდგარმა ეთერ კაკულიამ გადაწყვიტა, რომ სიტუაცია უნდა გამოესწორებინა, ჩართო მიკროფონი და დაიწყო... საქართველოს ჰიმნის ტექსტის არცოდნაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მომღერალი სხვადასხვა ტონალობაში "დახტოდა" და მთლიანობაში ეს მელოდია, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა.

ეთერ კაკულია ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერთვება, აპოლიტიკური ადამიანია და მიუხედავად ამისა, აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების წინასაარჩევნო კონცერტებში.

ქალბატონ ეთერს იმ ავადსახსენებელი კადრების გავრცელებიდან მეორე დღესვე შევხვდი. დათრგუნული მეჩვენა, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია.

- ვგიჟდები მოგზაურობაზე. ახლახან ირანში ვიყავი. ჩემმა მეგობარმა ნაზი ალასანიამ წამიყვანა. თეირანმა გამაგიჟა. 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ერთი შუქნიშანი არ დგას ქალაქში. იცით, როგორ მორიდებით დადიან მანქანები?! გავგიჟდი! წარმოვიდგინე, თბილისში რომ შუქნიშანი არ იდგეს, რა მოხდებოდა.

- არ უმღერეთ ირანელებს?

- ირანში ქალს უფლება არ აქვს იმღეროს. არადა, ისე მინდოდა... ქორწილში დაგვპატიჟეს. იცით, როგორი ქორწილი იყო? ჩვენთან ფილარმონიაში რომ გადაიხადო ქორწილი, სცენაზე გამოდიან მომღერლები, მღერიან და ეს არის ქორწილი. ისე მომინდა სიმღერა. სულ კაცები მღეროდნენ. ვიხვეწებოდი, მე ხომ ირანელი არ ვარ, მამღერეთ-მეთქი, მაგრამ... ეგ კი არა, თავშებურული დავდიოდი, პირი და თვალები მიჩანდა მარტო.

- სამაგიეროდ ნაცმოძრაობის კონცერტზე გამღერეს საქართველოს ჰიმნი...

- (იცინის) გაწყდა ფონოგრამა. ყველამ დაიწყო სიმღერა, ხალხიც კი მღეროდა დაბლიდან, მაგრამ ჩემი ხმა ისმოდა მარტო, იმიტომ, რომ მიკროფონი მე მეჭირა. ბოლოში მაინც კარგად დავაგუგუნე!

- თავიდან რა მოხდა?

- ფონოგრამა რომ გაჩერდა, გადავწყვიტე, რომ მე უნდა გამომესწორებინა სიტუაცია, მე ხომ მაინც ყველაზე ძლიერი ხმა მაქვს. ტონალობას კი ავცდი, მაგრამ ძნელია, გენაცვალე, მუსიკის გარეშე, ვერავინ ვერ იმღერებს შეუცდომლად.

- ტექსტს რაც შეეხება?

- ტექსტს მკარნახობდნენ ცალკე დუტა და ცალკე თემო საჯაია (იცინის).

- საქართველოს ჰიმნის ტექსტი რომ არ იცით და ნაცმოძრაობის კონცერტზე მღერით, არა უშავს?

- ნაციონალების კონცერტზე რომ ვიმღერე, კმაყოფილი ვარ, რატომაც არა! სამეგრელოში ვიყავით, დასკვნითი კონცერტი იყო. დაბნეული ვიყავი, რომ გაწყდა ჰიმნი. გამოვასწორე ვითომ ჩემი ჭკუით. რა უნდა ვქნა ახლა? უნდა გამოვასწორო ეს შეცდომა და ხელმეორედ ვიმღერო კარგად ტელევიზიით. ტექსტს ვისწავლი თან, წინ მაინც დავიდებ.

- ქალბატონო ეთერ, თქვენი კიდევ ერთი გატაცების შესახებ შევიტყვეთ, ჩემპიონი გამხდარხართ ნარდში ქალთა შორის...

- იცით, რამდენი გატაცება მაქვს კიდევ? ნარდი მართლაც მიყვარს. ჩემი მშობლები თამაშობდნენ და ეტყობა გენში მაქვს. მეც და ჩემი ძმაც კარგად ვთამაშობთ. ქალებში ჩემპიონი გავხდი წელს. თასიც მაქვს! აბა, როგორ! ჰიმნიც კი შევქმენი ნარდზე. სხვათა შორის, 29 ნოემბერს ჩემი დაბადების დღეა. ჯერ არ ვამბობ, რამდენი წლის ვხდები, იმიტომ, რომ მეც დამავიწყდა. მე ხომ ვიტყუები... მინდა კონცერტიც დავამთხვიო და საერთოდაც, მინდა ვარსკვლავიც გამიხსნან.

- დაგპირდნენ? თუ არჩევნებს ელოდებით?

- არჩევნები წელიწადში ერთხელ არის და მე 50 წელია სცენაზე ვდგავარ. ყველა ქალაქზე და რეგიონზე მაქვს სიმღერა, ასე რომ, ერთი კი არა, ორი ვარსკვლავი უნდა გამიხსნან!

- ამბობენ, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" აპირებდით მონაწილეობის მიღებას...

- არა, რეკლამაში გადამიღეს, რომ ხალხი მიეზიდათ. ჩემი მეგობარი გივი სიხარულიძე ცეკვავს მაგ პროექტში. ის ქორეოგრაფია. მე სასაცილო ვიქნებოდი. რა სისულელეა, არც მიფიქრია... იცით რა მინდა? ასეთი სათაური მინდა "რეიტინგში": "ისე როგორც არასოდეს (ღიღინებს), ახლა უფრო მწადია, ქართველებმა ერთმანეთი შევიყვაროთ ძალიან, ერთიანი საქართველო ჩვენი სალოცავია".

- ქართველებმა ერთმანეთის შეყვარება რომ ვერ ვისწავლეთ, წუხელ გავრცელებულ კადრებშიც ჩანდა...

- ეს მძიმე თემაა, არ მინდა ხასიათი გამიფუჭდეს. მე ხომ კარგი ხასიათის გოგონა ვარ. ოპტიმისტი ვარ. ცუდი უნდა დავივიწყოთ. კარგზე ვიფიქროთ. ყველაზე ცუდი იცით რა არის, სხვა სამყაროში რომ მოხვდები სამუდამოდ. ვგიჟდები, ისე მიყვარს სიცოცხლე.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება