ავთანდილის მუზა და "ფეშენ დივა"

ავთანდილის მუზა და "ფეშენ დივა"

ბავშვობა გურიაში გაატარა. ცხოვრებისგან ბევრად მეტი უნდოდა მიეღო, ვიდრე იქაური ყოფა სთავაზობდა... იმ დროს საოცნებო, თუმცა შემდგომში რეალურად წარმატებულ ცხოვრებას ასე გაითამაშებდა ხოლმე: ბავშვობაში მეგობრები მაგნიტოფონს რთავდნენ და ავთოსგან "ინტერვიუს იღებდნენ". "ჟურნალისტებისთვის" დიდი გამართლება იყო, თუ "ძალიან დაკავებული" ავთო მათთვის მოიცლიდა... როცა "ჟურნალისტები" არ აწუხებდნენ, იჯდა და ხატავდა. ხატავდა და თან, სულ იმას ამბობდა: მე აუცილებლად, ცნობილი ადამიანი გავხდებიო!

ფერწერიდან მოდის სამყარომდე

- წარმატების მისაღწევად ადამიანს ცხოვრებაში ძალიან ბევრი შანსი ეძლევა, უბრალოდ, მისი გამოყენება და გარისკვაა საჭირო. გურიაში ცხოვრებისას ვხვდებოდი, რომ მხატვრობა ფულის შოვნის წყარო ვერ იქნებოდა, რადგანაც იმ დროისთვის ეს აბსოლუტურად დაუფასებელი პროფესია იყო. და მაინც, ჩემი ძირითადი საქმიანობა სწორედ ფერწერაა. ვიცოდი, ბიზნესის კუთხით გამიმართლებდა. ამიტომაც, თითქმის იძულებით, მოსკოვში მოდელირებას მოვკიდე ხელი. როცა მოსკოვიდან თბილისში დავბრუნდი, აქ განსაკუთრებულად ცუდი სიტუაცია იყო - ომი, უშუქობა და ა.შ. მოდა ვის სჭირდებოდა, როცა ხალხი გაუთავებელ პურის რიგებში იდგა?!.

პირველი წარმატება

- თბილისში ჩემი გამოჩენა "ამა"-ს ავანგარდული მოდის ფესტივალს მოჰყვა, როცა მე 19 წლის ვიყავი. ეს მაშინ ნამდვილი მოვლენა იყო. სწორედ ამ ფესტივალზე გავაკეთე ფერწერა მოდაში: ტილოებით, რაც უკვე დახატული მქონდა, ტანსაცმელი შევკერე. ამის შემდეგ დაიწყო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მიწვევდნენ კლუბებში. ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ ამ სფეროში რაღაც სერიოზულის შექმნა შეიძლებოდა. მამუკა კიკალიშვილმა მსუბუქი მრეწველობის აღორძინების პროექტი გააკეთა, რომლის ფარგლებშიც დიზაინერები სხვადასხვა ფაბრიკაში გადაანაწილეს. მე ქუთაისის ფაბრიკაში - "იმერეთი" მოვხვდი. თავიდან გამიჭირდა დიდ კოლექტივში ყოფნა, თუმცა, მალე ურთიერთობებს ალღო ავუღე, რაშიც ჩემი "გურული დიპლომატია" დამეხმარა (იცინის). ზოგადად, გურულებისთვის დამახასიათებელი იუმორი, ემოცია, რისკიანობა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ბევრჯერ დამხმარებია. ფაბრიკას თანდათან მოვერგე, მასიური წარმოება და ნაწარმის სხვადასხვა მაღაზიაში ჩაბარება დავიწყე. ამან სოლიდური თანხის დაგროვების საშუალება მომცა და მაშინდელ პლეხანოვის ქუჩაზე მაღაზია გავხსენი. ქალაქში არაფერი იყიდებოდა, იქ კი შეგეძლო ერთი გიჟი-გადარეული დიზაინერის ნაწარმი გეყიდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ახლა ვაკეთებ - მაშინ ავანგარდულ სამოსს ვკერავდი. იმ პერიოდში მოდის სფეროში მე და მაკა ასათიანი ვიყავით და სხვათა შორის, საინტერესო კონკურენცია გვქონდა... გულწრფელად გეტყვით, დღევანდელ პირობებში "ავთანდილობის" მოპოვება გამიჭირდებოდა.

რომ არა კონკურენცია, ვიქნებოდი მოდუნებული და უბრალოდ მეყოლებოდა რამდენიმე მუდმივი კლიენტი. საქართველოში ბოლო პერიოდში ბევრი კარგი დიზაინერი აღმოვაჩინე, - ანუ კონკურენცია არსებობს და ეს დასაფასებელია. დღეს, როცა ინტერნეტსივრცე ყველასთვის ხელმისაწვდომია, კლიენტიც უკვე მომზადებული მოდის - იცის მოდის ტენდენციები და ისიც, თუ რა უნდა. მოკლედ, ინფორმაცია ბევრია და ამ სივრცეში შენი სილუეტის, შენი ხაზის შენარჩუნება, დაცვა და განვითარება ძალიან რთული გახდა.

ყველაზე დიდი წარმატება...

- ეს 2000 წლის ესპანეთის, 10 წლის შემდეგ კი მეტეხის ხიდზე გაკეთებული ჩვენება იყო. georgian fashion Week-მა მასშტაბური გახსნით გრანდიოზული იუბილე მომიწყო, რაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმეც გახლდათ.

ავთანდილი და სკანდალები

- სკანდალებით ცნობილი არ ვარ. ავთანდილის ხსენებისას, ვფიქრობ, ყველას შრომისმოყვარე, დინჯი, მოწესრიგებული ადამიანი წარმოუდგება თვალწინ.

- მაგრამ ხომ შეიძლება "დინჯმა" ავთანდილმა სკანდალური სამოსი შექმნას?!

- მსგავსი რამ არ გამიკეთებია... რაც შეეხება ვიღაცებისგან წამოწყებულ "ბრძოლებს" - არავის ვყვები. მე ჩემი ცხოვრებით, ჩემი ოჯახით, კარიერით ვცხოვრობ და მერწმუნეთ, წარმატების ერთ-ერთი სერიოზული ფორმულაა: "მიხედე შენს საქმეს! სხვის თვალთვალში დრო გეკარგება!" ჩემს ახალ მაღაზიაში სპეციალური VIP ოთახი გავაკეთეთ ინდივიდუალური შეკვეთებისთვის, სადაც კლიენტთან მშვიდად საუბრის პირობებია. ეს ჩემთვისაც საჭიროა და იმ ქალბატონებისთვისაც, ვისაც ვემსახურები.

პრეტენზიული კლიენტები

- ბევრ კლიენტს აქვს პრეტენზია, ოღონდ - არა ავთანდილთან, არამედ საკუთარ თავთან, გარეგნობასთან. როცა ატყობ, რომ პიროვნება ფსიქოლოგიურად გაორებულია და ადვილად ვერ წყვეტს, რა უნდა, დიზაინერმა უნდა მოუსმინო და შემდეგ საკუთარი აზრი გაუზიარო... მე ვიცი, რა მინდა ცხოვრებაში - ეს არის შოუს მოწყობა პარიზში, რომლის გაკეთების უფლებაც ძალიან ცოტა ხანში მომეცემა; უკვე ფეშენბლოგერებისა და ფეშენსტილისტებისთვის კარგადაა ცნობილი, ვინ არის ავთანდილი...

- სახლის დიზაინი თქვენი ახალი გატაცებაა?

- პირველი სერიოზული შეხება სახლის დიზაინთან საკუთარ ოჯახში მქონდა... მე ვიყავი ერთადერთი ქართველი, ვისი სახლის დიზაინიც იტალიურ ჟურნალ BRAVACASA -ში გამოქვეყნდა.

ოჯახი და კარიერა

- ოჯახმა სულ სხვა მუხტი შესძინა ჩემს ცხოვრებას. როცა დროს სწორად ანაწილებ, ის ყველაფრისთვის გეყოფა: ოჯახისთვის, მეგობრისთვის, საქმისთვის, სპორტისთვის... ხშირად ვარ სტრესულ სიტუაციაში, რადგანაც მუდმივად რისკის, სიახლის, ნაბიჯის გადადგმის ზღვარზე ვარ. სამი დღეც თუ მაქვს თავისუფალი, ვცდილობ, ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ ან ქალაქგარეთ წავიდე. მეუღლე მხარში მიდგას და მეც ვცდილობ, ოჯახს ყურადღება არ მოვაკლო. ჩვენ ერთობლივად ვწყვეტთ პრობლემებს, ვიბრძვით ჩვენი წარმატებისა და ბედნიერებისთვის.

ხათუნა დიპლომატია. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კი მივდივართ, ყურადღების ცენტრში ექცევა; ვინაიდან ის ავთანდილის სახე და მუზაა, მის მიმართ ყველას განსაკუთრებული ინტერესი აქვს... რაც შეეხება 7 წლის ანასტასიას, ის ჩემი "ფეშენ დივაა". სხვათა შორის, მხატვრობა ან დიზაინერობა უნდა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება