ვის დასჯას ითხოვენ "გაცეცხლებული" ცნობილები და რა თანამდებობა უბოძა შაშკინმა ვანო ჯავახიშვილს

ვის დასჯას ითხოვენ "გაცეცხლებული" ცნობილები და რა თანამდებობა უბოძა შაშკინმა ვანო ჯავახიშვილს

პენიტენციარულ სისტემაში არსებულმა მდგომარეობამ და იმ კადრებმა, რომელიც მოსახლეობამ იხილა, ბევრ ადამიანს მოსვენება დაუკარგა. თითქოს სამოქალაქო საზოგადოებაში გარდატეხა მოხდა და სტუდენტების პროტესტს ყოველდღე არაერთი ცნობილი ადამიანი უერთდება. ბევრი ფიქრობს, რომ დუმილის დრო დამთავრდა, რომ ახლა გაჩუმება დანაშაულის ჩადენის ტოლფასია. ჩემი რესპონდენტები ხელოვნების წარმომადგენლები არიან. მათი ინტერვიუებიდან შეიტყობთ, ვინ რას ფიქრობს მომხდართან დაკავშირებით, ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას და რაში ხედავენ გამოსავალს.

თიკო სადუნიშვილი, ტელეწამყვანი:

- მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ და არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- აქ პოლიტიკა რა შუაშია? საქმე ადამიანების ღირსების შელახვას ეხება, თან - ამაზრზენი ფორმით და შენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, პროტესტი არ გაგიჩნდა?

- ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა...

ბესო ზანგური, მსახიობი:

- იმ ამაზრზენი კადრების ნახვის შემდეგ საზოგადოების მიმართ პრეტენზია გამიჩნდა. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ თავის დროზე გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის მკვლელობები ისე არ მივიღეთ, როგორც პირადი ტრაგედია. ახლაც თუ გავჩუმდებით, მერე უარესს გაგვიკეთებენ. ეს ბოროტება არასდროს დამთავრდება.

- პასუხისმგებლობას ვის აკისრებ?

- პრეზიდენტს! რას ჰქვია, ამ ფაქტების შესახებ არ იცოდა? აბა, რა იცის? ის მდგომარეობას სრულად უნდა აკონტროლებდეს. გლდანის ციხეში ყოველთვის მკაცრი პირობები იყო. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს 1937 წელში დავბრუნდით, უბრალოდ, იმ პერიოდთან შედარებით, ახლა ქვეყანა უფრო მეტადაა განათებული. მე ვერ ვიძინებ მშვიდად, როცა ვიცი, სადღაც ადამიანებს ჩაგრავენ და აუპატიურებენ. ბოროტება ყველას უკან დაუბრუნდება. მხოლოდ ბაჩო ახალაიას გადადგომა პენიტენციარულ სისტემაში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ჩემი აზრით, პრეზიდენტიც უნდა გადადგეს და ყველა დამნაშავე გასამართლდეს. არასრულწლოვნების გაუბედურება, კაცების გაუპატიურება ვინმეს უნდა შერჩეს? საბერძნეთში ერთი ბიჭი მოკლეს და მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა. ჩვენ რა დაგვემართა, კიდევ რაღა უნდა გაგვიკეთონ ისეთი, რომ გამოვფხიზლდეთ? ახლა პროცესი ისეთ ეტაპზეა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა როგორი "ფილმებიც" უნდა გადაიღონ, სიცრუის როგორი მანქანაც უნდა აამუშაონ, ტალღას, რომელსაც ახალგაზრდობა ჰქვია, ვეღარ შეაჩერებენ.

- ძალადობა ხელოვნების სფეროშიც ხდება?

- ჩემი კოლეგების ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ როგორც მოქალაქემ, შემიძლია გითხრა: საკუთარ თავზე არანაირ ძალადობას არ დავუშვებ, ეს თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მე არაფრის მეშინია! მე ვარ ადამიანი, ვინც იცის, რას ნიშნავს რუსთაველის თეატრი და ისიც ვიცი, ვინ არის რობერტ სტურუა.

- ბატონ რობერტთან ბოლო დღეებში თუ გქონდათ კონტაქტი?

- 29 სექტემბერს რობერტ სტურუა თბილისში იქნება და დაგეგმილ მიტინგზე ქართველი ხალხის გვერდით დადგება.

ვანო ჯავახიშვილი, შოუმენი:

- არსებული მდგომარეობის გამო "კომედი გრუპის" წევრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გადაცემები გაგვეჩერებინა. ახლა საქართველოში "იუმორისტული ამინდი" ნამდვილად არ არის. მგონი, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

- ვანო, შენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრი ხარ, არა?

- გადაცემაში შაშკინი რომ მყავდა სტუმრად, ვეხუმრე: რაიმე თანამდებობაზე დამნიშნე-მეთქი. მერე, ცნობილი ადამიანებისგან დააკომპლექტეს მრჩეველთა საბჭო, სადაც გავწევრდი, მაგრამ სიმართლე გითხრა, იქ არც დავდიოდი.

- რა გევალებოდა?

- მას უდოს კომისიის ერთი წევრი უნდა დაესახელებინა, მაგრამ ვინ დაასახელეს, არც ვიცი.

- როგორც ვიცი, უფლებამოსილება შაშკინის კალმახელიძით ჩანაცვლების შემდეგაც გაგიგრძელდა...

- მართალია, მრჩეველთა საბჭოში ჩემი სახელიც ეწერა. მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ: რაღაც საკითხს განვიხილავთ და ხომ არ მოხვალო?

- რა საკითხი უნდა გადაგეწყვიტა?

- უკვე გითხარი: უდოს კომისიის ერთი წევრის არჩევაზე იყო ლაპარაკი.

- პენიტენციარულ სისტემასთან შეხება გქონია?

- ქალთა კოლონიის გახსნაზე მიმიპატიჟეს და მივედი. გარდა ამისა, რუსთავის კოლონიაში ჩემი ბავშვობის მეგობრები სხედან და მათ მოსანახულებლადაც ვიყავი შესული. ეს ჩვეულებრივი პაემანი იყო. ბუნებრივია, მათ ისიც ვკითხე, - ხომ არაფერი გიჭირთ-მეთქი? ჩემთან არანაირ ძალადობაზე არ ულაპარაკიათ.

- ვანო, შენი აზრით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?

- გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველა დამნაშავე დასახელდეს. ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პირი უკვე დააკავეს. მიმაჩნია, რომ დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს.

გიორგი ვარდოსანიძე, მსახიობი:

- იმ ფირების ნახვის შემდეგ სიტყვები - "ვგმობ ძალადობას" რბილად ნათქვამია. მეზიზღება ყველა, ვინც ეს გააკეთა. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ უფლება რომ მქონდეს, ამ სისაძაგლეში გარეულ ყველა ადამიანს უმკაცრესად დავსჯიდი. დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული მათგანი წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. პატიმარი, რომელიც ციხეშია, უკვე ისედაც დასჯილად მიიჩნევა და მას იქ, როგორც ადამიანს, ისე უნდა მოექცნენ.

- შენ მონაწილეობ მიუზიკლში - "ვერის უბნის მელოდიები", რომელიც რამდენიმე დღის წინ, ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების ძალისხმევით ჩაიშალა. შეგიძლია მითხრა, რა მოხდა დარბაზში?

- ტყუილია, სპექტაკლი არ ჩაშლილა. ვიდრე წარმოდგენა დაიწყებოდა, ფილარმონიის კიბეზე თანატოლების გვერდით ვიდექი, მერე შენობაში შევედი. ხელოვანი ვარ და ყოველგვარ პროტესტს ჩემი საქმით გამოვხატავ; ჩემი ტრიბუნა სცენაა. დარბაზში 500 ადამიანამდე იყო, მსახიობი კი ვალდებულია, წარმოდგენას 2 კაციც რომ ესწრებოდეს, მაინც ითამაშოს. იმ დღეს, სპექტაკლის შემდეგ, მომიტინგეების გვერდით დავდექი.

მაკა ზამბახიძე, მომღერალი:

- როგორც ყველა ქართველი, ამ კადრებმა მეც შემძრა. პოლიტიკაში ჩახედული არ ვარ. არ ვიცი, ეს ვისი ბრალია, მაგრამ დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს. ამასთან ერთად, მთავარია, პრობლემა აღმოიფხვრას და მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

- საახლობლოში პატიმარი თუ გყავს?

- დიახ.

- მისგან მსგავსი ფაქტების შესახებ თუ გსმენია?

- არა... ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. დღემდე შოკში ვარ. დარწმუნებული გახლავართ, ნანახმა ბევრის ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზეც კი იმოქმედა.

ჯაბა კილაძე, მსახიობი:

- შეუძლებელია იმ განცდის სიტყვებით გადმოცემა შევძლო, რომელიც ამაზრზენი ვიდეოების ნახვის შემდეგ დამეუფლა. მგონია, რომ შედარებით მსუბუქი (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) კადრები გვიჩვენეს, უფრო "მძიმე" მასალები კი შენახული ექნებათ; იმ არაკაცებს უფრო მეტიც ექნებათ გაკეთებული - შერცხვებოდათ თუ რა?! პრეზიდენტმა იმის თქმას, - არ ვიცოდი, ასეთი რამ თუ ხდებოდაო, - ჯობია აღიაროს, რომ "ჩაისვარა". მისთვის არცოდნა კიდევ ერთი დანაშაულია! ამ ბინძური რგოლის მონაწილე ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს. ახალაიას და კალმახელიძის გადადგომით ქვეყანაში დემოკრატია არ დამყარდება. ჩვენ ევროპელები - არა, პაპუასები ვყოფილვართ. ნატოში შესვლა კი არა, სადაც ვართ, ყველა იმ ორგანიზაციიდან უნდა გაგვრიცხონ. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი პრობაციონერია, ნახევარი სიღატაკეში ცხოვრობს და ამ პატივაყრილ საზოგადოებაში რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობენ? პოლიტიკური განცხადება არასდროს გამიკეთებია; ამ სფეროსთან რაიმე შეხება არც მომავალში მექნება, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან ბინძური საქმეა, პოლიტიკა ბინძური თამაშია... მე მყავს შვილი და მისი მრცხვენია. ის რომ გაიზრდება და მკითხავს, - ასეთი უზნეობის შემხედვარე ხმას რატომ არ იღებდიო, რა ვუპასუხო? ვინც მომხდარზე იტყვის, ეს ჩვეულებრივი მოვლენააო, იმას იმსახურებს, რასაც ციხის ჯალათები პატიმრებს უკეთებდნენ. საქართველოში კაცის გამწარება ბევრნაირი ფორმით შეიძლება, ასეთი დიდი შეურაცხყოფა კი არავის არ უნდა მიაყენო.

- ხელოვანების 2 ბანაკად დაყოფაზე რა აზრის ხარ?

- ადამიანს, რომელიც ფიქრობს, "ვაიმე, სამსახურიდან არ გამაგდონ" ან "ახლა ამ კონცერტზე რომ არ გამოვიდე, მერე აღარ მამღერებენ", რაზე უნდა ელაპარაკო? შემირცხვენია ყველა, ვისაც ამის შეეშინდება. მეც არაერთი სამსახური მაქვს, ტელევიზიის რამდენიმე პროექტში ვარ ჩართული, ძალიან დაკავებული გახლავართ, მაგრამ ყველა სამსახურიდან ერთ დღეს რომ გამათავისუფლონ, მაინც არ გავჩუმდები. ახლა რომ დავდუმდე, გამოდის, რომ მეც იმ საზიზღრობის თანამონაწილე ვარ, რომელიც ვიხილე. დამიჯერე, ეს ლამაზად ნათქვამი სიტყვები არ არის, გულით ვლაპარაკობ. გამომიშვებენ და გამომიშვან! არ არსებობს სამსახური, რომელსაც ჩემს ღირსებაზე მაღლა დავაყენებ... ასეთ რაღაცებს რატომ ბედავენ, იცი? 7 ნოემბრისთვის, 26 მაისისთვის, ჩვენი დახოცილი ბიჭებისთვის, პოლიციის შენობაში კიბეზე "დაგორებით" გარდაცვლილი პატიმრისთვის რომ არ მოვთხოვეთ პასუხი. არ მესმის, როგორ უნდა გეზიზღებოდეს ადამიანი, რომ ის გაუკეთო, რაც იმ კადრებში იყო ნაჩვენები; როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის მიმართ საღად მოაზროვნე ადამიანს პროტესტი არ ჰქონდეს?! პატრული მომწონს და ვაქებ ამ რეფორმას, მაგრამ ბედნიერებისთვის ის არ არის საკმარისი, ქუჩაში მობილურს რომ არ წაგართმევენ და მანქანას არ მოგპარავენ. სამაგიეროდ, აბა, გაბედე და რამე "გადაბრუნებული" თქვი, მტრად გამოგაცხადებენ, ჯიბეში 2 კილო ჰეროინს "გიპოვიან", მამას დაგიჭერენ... ჰოდა, მითხარით, ეს არის დემოკრატია? დემოკრატია კი არა, ეს სირცხვილია!..

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება