ნინო ლეჟავა: "თურმე რისი გაკეთება შეგვძლებია ჩვენი ხალხისთვის!"

ნინო ლეჟავა: "თურმე რისი გაკეთება შეგვძლებია ჩვენი ხალხისთვის!"

რუბრიკა "ფსიქოს" შეკითხვებს პასუხობს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნინო ლეჟავა, რომელიც ბოლოდროინდელი მოვ­ლე­ნებით შეძრწუ­ნებულია და ინტერვიუც სწორედ ამ თემაზე ლაპარაკით დაიწყო:

- წარმოუდგენელი რამ ვიხილე, შოკში ვარ! თუ ასეთი ამბები დიდხანს ხდებოდა ციხეებში, როგორ იყვნენ მშვიდად?! ან როგორ აწამებდნენ ასე პატიმრებს, ისინი ხომ ისედაც იხდიდნენ სასჯელს?! ალბათ, რამდენი ინანიებდა კიდეც ჩადენილ დანაშაულს... კი ბატონო, ციხეებში ოდითგანვე არსებობდა რაღაც ხერხები პატიმრის გამოსატეხად, მაგრამ ასეთი დამცირება, ასეთი სადიზმი?!... ყველაზე მეტად იმან შემაძრწუნა, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ საშინელებას იკადრებენ. ქართველობა ყოველთვის ზნეობრივ, გამტან, სტუმართმოყვარე ერად მიმაჩნდა და ამით ვტრაბახობდი. თურმე რის გაკეთება შეგვძლებია ჩვენი ხალხისთვის... საშინელებაა!

- მოზარდ მაყურებელთა თეატრში ახალი სეზონი გაიხსნა...

- ძველი სპექტაკლები რეპერტუარიდან მოხსნეს. სეზონი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ჩემი მეუღლის, რეჟისორ გოგა ქაჩიბაიას სპექტაკლით - "სტუმარი". პიესის ავტორი ნიკუშა ანთაძეა. იმან, რაც ქვეყანაში ხდება, ყველა მსახიობს შოკი მოგვგვარა, მაგრამ რა გაეწყობა, ჩვენი პროფესია ეს არის და თავს იქით ძალა არ გვაქვს.

- რამდენიმე თვის წინ მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან ორმოცამდე თანამშრომელი დაითხოვეს...

- მათ მიმართ დამოკიდებულება არ შემიცვლია, ყველა ძველებურად მიყვარს. მიმაჩნია, რომ ყველას აქვს თვალსაზრისის გამოხატვის უფლება. ოჯახის წევრთა შორისაც კი არის აზრთა სხვადასხვაობა. ხომ არ შეიძლება, ამის გამო ოჯახებში განხეთქილება მოხდეს? მსახიობისთვის თეატრი მეორე ოჯახია, ამიტომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, აზრთა სხვადასხვაობა პირად შეურაცხყოფასა და დაპირისპირებაში არ უნდა გადავიდეს. ძალიან მტკივა გული, რომ ეს ხალხი ჩვენთან აღარ არის. ბოლოს და ბოლოს, საერთო სარკე გვქონდა, ერთმანეთის როლებს ვთამაშობდით და ერთმანეთის კოსტიუმებს ვიცვამდით.

- მაშასადამე, პოლიტიკური თვალსაზრისის გამო დაითხოვა თეატრის მმართველმა ამდენი თანამშრომელი?

- თეატრში ისედაც შეამცირეს შტატები, მათ კი კონტრაქტი დაუმთავრდათ და მმართველმა ხელშეკრულების ხელახლა გაფორმება საჭიროდ აღარ მიიჩნია. მერე ხელფასს მიეწერა ეს ამბავი, მაგრამ, როგორც ვიცი, მხოლოდ ეს არ ყოფილა მათი თეატრიდან დათხოვნის მიზეზი

- უმეტესობა პოლიტიკური თვალსაზრისის გამო გაუშვეს.

- ნინო, შენ რომ ჩაგაბარონ პენიტენციური სისტემა, რას გააკეთებდი?

- ქართველები მუდამ ევროპელებს ბაძავენ. რატომ ადამიანის უფლებათა დაცვაში არ მიბაძეს?! პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელი რომ ვიყო, არ დავუშვებდი, კომფორტულ გარემოში ეცხოვრათ მოძალადეებს, საშიშ დამნაშავეებს, დედებს, რომლებიც ჩვილ ბავშვებს ნაგავსაყრელზე ყრიან, თუმცა არც მათ წამებას დავუშვებდი.

- მსახიობობა რომ არა, ვინ იქნებოდა პროფესიით ნინო ლეჟავა?

- ალბათ, საბავშვო ბაღის გამგე. შინ საბავშვო ბაღის აღმზრდელი ისედაც ვარ - ოთხი ვაჟი მყავს (იცინის). ვგიჟდები ბავშვებზე. მიხარია, რომ თეატრშიც მათთან მიწევს ურთიერთობა.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- უიი... რომელი ერთი ჩამოგითვალო. გულივერიდან დაწყებული, ზღაპრის გმირებით დამთავრებული, ყველასთან. სხვათა შორის, ხასიათით საკუთარ თავს ჟანა დ,არკს ვამსგავსებ.

- სერენადა თუ უმღერიათ შენთვის?

- გიტარით ხელში ჩემს ფანჯრებს არავინ მოსდგომია, თუმცა მოწაფეობისას თანაკლასელს ვუყვარდი, რომელიც ჩემ უკან იჯდა და გაკვეთილზე რაღაც საშინელ სიმღერებს მიმღეროდა ხოლმე (იცინის).

- წარმოიდგინე, რომ პოლიტიკოსმა ნუგზარ წიკლაურმა სასიყვარულო ბარათი და დიდი თაიგული გამოგიგზავნა. როგორი რეაქცია გექნება?

- ყვავილებს გამოვართმევ და მადლობას გადავუხდი, თუმცა ვკითხავ: რა დამსახურებისთვის და საიდან მიცნობ-მეთქი (იცინის). არც ჩემი მეუღლე იეჭვიანებდა, რადგან ერთმანეთს საოცრად ვენდობით. ალბათ, ძალიან იცინებდა ამ ყველაფერზე.

- წარმოიდგინე, რომ დილით ყიდულობ პრესას და ხედავ, რომ ერთ-ერთ ჟურნალში შენი შიშველი ფოტოებია დაბეჭდილი...

- გავარკვევ, ვინ დაამონტაჟა და ვისი იდეა იყო ეს ყველაფერი. ყველამ კარგად იცის, რომ მე ამის გამკეთებელი არ ვარ. ვინაიდან სახალხოდ არასდროს გავშიშვლდები, უამრავ კინოროლზე ვთქვი უარი.

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- სააკაშვილს უკან დავუბრუნებდი საჩუქარს - ვარდს, რომლითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - ემოციურია, თუმცა თავის გაკონტროლება შეუძლია. იცის, სად და როდის რა თქვას. არის ერთგული მეუღლე და მომთხოვნი დედა.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება