შეყვარებული დათო კენჭიაშვილი ტკბილ სიმღერებს წერს

შეყვარებული დათო კენჭიაშვილი ტკბილ სიმღერებს წერს

"რამდენი მალოდინე", ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, პოპულარული მუსიკალური რადიოარხების ჰიტათეულებში ლიდერობს. მას დათო კენჭიაშვილი ასრულებს. შეგახსენებთ, რომ დათო ფოლკლორის ჟანრში მუშაობს. მას პოპულარობა მოუტანა თეონა ქუმსიაშვილთან ჩაწერილმა დუეტმა - "დილაო ავდრიანაო". მომღერალი თავის ჯგუფთან ერთად გვერდით დაუდგა "ნიჭიერის" გამარჯვებულს, ვანო ფიფიას და ამ კონკურსის შემდეგ ტურებში ცოცხლად უკრავდნენ. დღეს ვანო დათოს ფოლკლორულ სტუდია "ლილეოში" სწავლობს.

მომღერალმა 2 დუეტი ჩაწერა დიანა ღურწკაიასთან ერთად. მოკლედ, სიახლეები ფოლკლორისტთან დაკავშირებით დაგროვდა და ჩვენ მას ინტერვიუ ვთხოვეთ.

- დათო, ძალიან ლამაზი სიმღერა ჩაწერე ახლახან - "რამდენი მალოდინე". რადიოჩარტებში პირველ პოზიციებს იკავებს. მოგვიყევი, როგორ შეიქმნა ეს სიმღერა?

- ცხონებული თეონა ქუმსიაშვილია ამ სიმღერის ავტორი. ტექსტიც მას ეკუთვნის და მუსიკაც. ჯერ კიდევ მაშინ დაწერა, როცა ის და გელა დაიაური შეყვარებულები იყვნენ. თავის მომავალ ქმარს უმღერა "რამდენი მალოდინე". მაგრამ ამის სტუდიური ჩანაწერი არ არსებობს. მოგეხსენებათ, თეონას მის გარდაცვალებამდე ფართო აუდიტორია არ იცნობდა, ჩრდილში ყოფნა უყვარდა ყოველთვის. მას მერე, რაც ის აღარ არის ჩვენთან, არაერთ მის ნამოღვაწარს ვეცნობი და მინდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ. ეს სიმღერა განსაკუთრებით მომეწონა. ნებართვა თეონას მეუღლისგან, გელასგან ავიღე და ჩავწერე. მე და გელა ვმეგობრობთ. სხვათა შორის, თეონას ბევრი სიმღერაა ჯერ კიდევ გაუხმაურებელი და ვაპირებ მოვიძიო, მოვისმინო და დღის სინათლეზე გამოვიტანო. ჩემი და თეონას დუეტის, "დილაო ავდრიანაო" შემდეგ გელამ ასეთი რამ მითხრა: - რომელ სიმღერასაც ხელს დაადებ, იმის შესრულების უფლება გექნებაო. ძალიან დიდი ემოცია ჩავდე ამ სიმღერაში. მიუხედავად იმისა, რომ მონახაზი ერთ დღეში გავაკეთე, სტუდიაში სამი კვირა ვმუშაობდი.

- არ გიფიქრია, რომ ამ სიმღერას ქალის ხმა დაამშვენებდა? დუეტი რომ გაგეკეთებინა...

- ეს სიმღერა სამხმიანია, სამ ხმაში იმღერება, მაგრამ სოლოც არ გამოვიდა მგონი ურიგო. ყველას თავისი ხელწერა აქვს. იდეაში კი მქონდა, გოგოსთან ერთად ჩამეწერა, მაგრამ როცა პარალელებს ვავლებ თეონას ხმასა და ნებისმიერი სხვა გოგონას ხმას შორის, ძალიან საფრთხილოა. ჯერჯერობით ღირსეული მეწყვილე ვერ ვიპოვე, თეონა შეუცვლელია.

- დათო, უკვე მეორე დუეტი ჩაწერე დიანა ღურწკაიასთან. მოგვიყევი, როგორ მოახერხე ამ მომღერლის მოხიბვლა ისე, რომ თავად შემოგთავაზა თანამშრომლობა.

- კურიოზული დასაწყისი ჰქონდა ამ ამბავს. დამიკავშირდა ვიღაც ბიჭი, რომელმაც მითხრა, რომ არის დიანას მეგობარი და დიანას ჩემთან დუეტის ჩაწერა უნდა. ვერაფერს მივხვდი, გვარი არ უხსენებია. სხვაგან მოხვდით-მეთქი, ვუთხარი და გავთიშე ტელეფონი. ცოტა ხანში ისევ გადმომირეკა და განმიმარტა, ღურწკაიას მეგობარი ვარო. რა თქმა უნდა, გამიხარდა. შემდეგ მისმა ძმამაც დამირეკა, რომელიც ამავდროულად, დიანას პროდიუსერიც არის. აღმოჩნდა, რომ დიდხანს მეძებდნენ. დიანას მოსმენილი ჰქონია ჩემი სიმღერები და ამიტომაც განუზრახავს დუეტის ჩაწერა ჩემთან. განსაკუთრებით მოსწონებია "დარიალს მთაში", რომელსაც ჩემს დასთან ერთად ვასრულებ. დიანა ახალი წლის წინა დღეებში ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენ სტუდიაში შევხვდით ერთმანეთს. ძალიან უშუალო და თბილია ურთიერთობაში. სიმღერა გამზადებული დავახვედრე. მელოდია რომ მოისმინა, დიანას ძმამ, რობერტმა, იტირა. ემოციები ვერც დიანამ შეიკავა. იმ დღესვე ჩავწერეთ სიმღერა, "დღე დამიღამე"". მუსიკა მე მეკუთვნის, ტექსტი - მე და ჩემს მეგობარს ერთად. ასე შედგა ჩვენი პირველი ურთიერთობა. შემდეგ მეორე დუეტიც ჩავწერეთ, "რას შეგადარო ქალაუ". ამ სიმღერის მუსიკაც მე მეკუთვნის, ტექსტი - ჩემს მეგობარს. სხვათა შორის, დიანას სურვილი აქვს, კიდევ ერთი დუეტი ჩავწეროთ. ჩვენ უკვე ვმეგობრობთ, ყოველდღე მოვიკითხავთ ერთმანეთს და ჩვენი საუბრები მხოლოდ საქმეს არ უკავშირდება.

- თავისთან თუ მიგიპატიჟა, მოსკოვში?

- კი, მალე კონცერტი აქვს და უნდა, რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულოს, მათ შორის ეს დუეტები ჩემთან ერთად, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მოვახერხებ. დიდი გეგმები და ძალიან ბევრი საქმე მაქვს.

- რას უკავშირდება შენი გეგმები?

- ჩემი ოცნება ავიხდინე და ხმის ჩამწერ სტუდიას ვაკეთებ. არსებობს ადამიანი, გიორგი მესხია, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი კარიერის წინ წაწევაში და დღესაც აქტიურად მიდგას გვერდში. მისი დახმარებით შეიქმნა სწორედ ეს სტუდიაც. ერთ კვირაში სტუდია მზად იქნება და აქტიურ მუშაობას დავიწყებ. მოგეხსენებათ, თითო სიმღერის ჩაწერა დაახლოებით 1.000 დოლარი ჯდება. ამიტომ შეზღუდული ვიყავი. ახლა უფრო გავაქტიურდები.

- შენ გაქვს სტუდია "ლილეო". ბევრი მოსწავლე გყავს?

- სამოცდაათამდე. 4 წლიდან 23 წლამდე ასაკის მოსწავლეები მყავს. თუმცა, სტუდიაში სამოყვარულო კურსებიც არის.

- შენ ჯგუფ "მეგობრებთან" ერთადაც მუშაობ. რა სიახლეებია ჯგუფში?

- ისინი მართლაც ჩემი განუყრელი მეგობრები არიან. მათ გარეშე არაფერს წარმოვადგენ. კონცერტია, რაიმე პროექტი თუ ჩაწერა, - ყველა მათი დახმარებით ხორციელდება. ჩემს რეპერტუარში არ მოიძებნება სიმღერა, რომელიც მათ გარეშე შეიქმნა. გვაქვს კონცერტებიც.

- დათო, პოლიტიკურად აქტიური პერიოდი გვიდგას. შენი კოლეგები ამა თუ პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ კონცერტებზე გამოდიან. შენთვის თუ შემოუთავაზებია ვინმეს მსგავს კონცერტზე გამოსვლა, გარკვეული ჰონორარის სანაცვლოდ?

- შემოუთავაზებიათ, მაგრამ ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მხოლოდ ჩემი საქმე მაინტერესებს და შესაბამისად, არც ერთ ასეთ შემოთავაზებას არ დავთანხმებულვარ.

- თუ საიდუმლო არ არის, რომელი პოლიტიკური გაერთიანებიდან გქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- ნაციონალურმა მოძრაობამაც შემომთავაზა და სხვა პარტიებმაც, მაგრამ თავს ვიკავებ ამგვარი ნაბიჯებისგან. მე პროდუქციას ვქმნი ხალხისთვის. ჩემი სიმღერა თითქმის ყველას უყვარს. მე რომ "ნაციონალების" კონცერტზე გამოვიდე, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება აღარ მომისმენს. ოპოზიციის მხარდამჭერ კონცერტზე თუ გამოვალ, "ნაციონალების" მხარდამჭერებს შევძულდები. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი სცენიდან მივაწვდი ხალხს ჩემს სიმღერას.

- მაგრამ საქართველოში კონცერტები იშვიათად ტარდება. მომღერლებს შემოსავლის წყაროდ წინასაარჩევნოდ გამართული კონცერტებიღა რჩებათ...

- არავის განვსჯი იმის გამო, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის კონცერტზე გამოდის, მაგრამ ჩემი სახელი მატერიალურ მხარეზე ბევრად მაღლა დგას. მირჩევნია, ფული არ მქონდეს და ხალხს ვუყვარდე. არ მინდა, ვიღაცამ წამომაძახოს, შენ ამა და ამ პარტიის მხარდასაჭერ კონცერტზე მღეროდიო. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება ეს.

- სამომავლო გეგმებზე რას მეტყვი?

- ახლა გელა დაიაურთან დუეტს ვწერ. სიმღერა გელას ეკუთვნის. როგორც წარმომიდგენია, ლამაზი უნდა გამოვიდეს. გელა ხომ მომღერალი არ არის, მაგრამ სპეციფიკური ხმა აქვს. სიმღერაში იქნება გელას ღიღინი და ჩემი ხმა. ვფიქრობ, ეს დუეტი ახალი სიტყვა იქნება, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ ფოლკს.

- სულ მინდა გკითხო, რატომ აირჩიე ფოლკი? სხვა ჟანრში არასდროს გამოგიცდია თავი?

- ფოლკი ჩემია, აქ ისეთი მელოდიებია, ისეთი მიმდინარეობები, არ არსებობს ქართველი, შიგნიდან არ შეძრას. ყველა ქართველში დევს ის ძაფი, რომელსაც ფოლკი ანთებს. ეს ჟანრი გრძნობებს აღვიძებს, სისხლს ადუღებს. შეიძლება არ აღიარებენ, არ იმჩნევენ, ამბობენ, რომ ჯაზსა და როკს უსმენენ, მაგრამ მარტოდ დარჩენილნი, ამ ჟანრის მოსმენისას აუცილებლად დუღდებიან, სიამოვნებას იღებენ. რაც შეეხება სხვა ჟანრს, ბევრს უთქვამს, ესტრადაშიც ნიჭიერი ხარო, მაგრამ მე მაინც ვცდილობ, არ ვუღალატო ჩემს საყვარელ ფოლკს. მე ჩემი სტილი მაქვს და მინდა ბოლომდე შევინარჩუნო. სხვათა შორის, მეგრული სიმღერაც ჩავწერე. ვფიქრობ, კარგი გამოვიდა. მალე გავაჟღერებ რადიოებში.

- ასეთი თბილი, სევდიანი და სასიყვარულო სიმღერების ავტორი შეყვარებული თუა?

- ძალიან მიყვარს, მაგრამ რამდენად შევასხამთ ამ სიყვარულს ფრთებს, სხვა საკითხია. ალბათ ამიტომაც გამოვიდა ეს ბოლო სიმღერა ასეთი ტკბილი, რომ მართლაც ბევრი მალოდინა (იცინის).

- ჩვენ როდის გაგვაცნობ შენს რჩეულს?

- ვფიქრობ, არ მოინდომებს. წარმატებული ფოლკლორისტია, ოღონდ არა - სიმღერაში. მთასთან ძალიან ახლოსაა, ჩემსავით.

- ლექსებს წერს?

- ზოგჯერ, მესიჯებში (იცინის).

- სახელი მაინც გვითხარი, რამდენს ერქმევა ეგ სახელი...

- ის მხოლოდ ერთია, ძალიან სუფთაა და ძალიან მიყვარს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება