სიგურნი უივერი: "სპირიტულ სეანსებს ვატარებდი"

სიგურნი უივერი: "სპირიტულ სეანსებს ვატარებდი"

მძაფრსიუჟეტიანი ფილმი "წითელი შუქი" ზაფხულში გამოვიდა ეკრანებზე. მასში მთავარ როლებს რობერტ დე ნირო, კილიან მერფი და "უცხოსა" და "ავატარის" ლეგენდარული ვარსკვლავი სიგურნი უივერი ასრულებენ.

"მარგარეტი ყველაზე ერუდირებული გმირია ჩემს ფილმოგრაფიაში"

- სიგურნი, რამ გიბიძგათ ამ ფილმში მონაწილეობისკენ, უჩვეულო სცენარმა?

- რეჟისორმა როდრიგო კორტესმა თავად დაწერა სცენარი. საოცრად დამაინტრიგებელი გამოვიდა, გამომწვევიც კი. როდრიგომ მთელი მისტიკური სამყარო შექმნა და მაყურებელს დიდი ჯაფა მოუწევს, რომ მიხვდეს, რა არის სურათში მართალი და რა - მონაგონი. ფილმი ცდილობს პასუხი გასცეს შეკითხვას: მართლა არსებობს თუ არა ჩვენს ცხოვრებაში რაღაც, რაც რეალურის მიღმა იმალება.

- თქვენ დოქტორ მარგარეტ მეტისონს განასახიერებთ. ვინ არის ეს ადამიანი? გგავთ თქვენ?

- ჩემი გმირი პარაფსიქოლოგიის ინსტიტუტში ასწავლის, სხვადასხვა პარანორმალურ მოვლენას იძიებს, პოლტერგეისტიდან სპირიტულ სეანსებამდე. შესაძლოა, მარგარეტი ყველაზე ერუდირებული გმირია ჩემს ფილმოგრაფიაში. მიზიდავს მისი სიტყვაძუნწობა, ის, რომ ცოტას ლაპარაკობს თავის ცხოვრებაზე, შვილზე, რომელიც კომაშია. მინდა მჯეროდეს, რომ მარგარეტი მაყურებლის პატივისცემასა და ინტერესს გამოიწვევს, ყოველ შემთხვევაში, ჩემში სწორედ ეს გრძნობები გამოიწვია.

"ბუნება ყოველდღე სასწაულებს ახდენს"

- პარანორმალური მოვლენები გამუდმებული დისკუსიების თემაა. გჯერათ ზებუნებრივის?

- მე სკეპტიკოსების ბანაკს მივეკუთვნები. უფრო მეტიც, ვიზიარებ ჩემი გმირის თვალსაზრისს: მას მიაჩნია, რომ სტრესულ თუ სხვა რთულ პირობებში ადამიანის ტვინს პრაქტიკულად შეუძლია სასწაულების ჩადენა, ის, რის გამეორებაც შემდეგ შეუძლებელია. მე პირადად მგონია, რომ თვით ბუნება ახდენს ყოველდღე სასწაულებს. რად ღირს მხოლოდ ისეთი მოვლენები, როგორიცაა ცისარტყელა ან მეხი. ან ოკეანეში რამდენი ამოუხსნელი საიდუმლოა! მინდა მჯეროდეს, რომ სიკვდილის შემდეგ ნეტარი სიმშვიდე დგება, სადაც ადამიანები ცხოვრების პერიპეტიებისგან ისვენებენ.

- გადაღებები ესპანეთში მიმდინარეობდა, მოგეწონათ?

- ასეთი სითბოთი არსად შემხვედრიან. ბარსელონა შესანიშნავი ქალაქია დიდებული არქიტექტურითა და სამზარეულოთი. იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ იქ ჩემი შვებულების გატარებას.

დოსიე

სიგურნი უივერი 1949 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკში. მამამისი სილვესტერ უივერი ტელე-რადიოკომპანია "ენბისის" პრეზიდენტი იყო, დედა კი ყოფილი მსახიობი ელიზაბეტ ინგლისი. ბავშვობაში მრავალრიცხოვანი ძიძებითა და მსახურებით იყო გარემოცული, ხოლო სწავლის დრო რომ მოვიდა, დედამ კერძო ნიუიორკულ სკოლაში გაგზავნა.

უივერი ბავშვობიდან თანატოლებზე ბევრად მაღალი იყო, რის გამოც დასცინოდნენ ხოლმე. ამის თავიდან ასაცილებლად და თანატოლთა პატივისცემის მოსაპოვებლად ერთგვარ სკოლის მასხარად გადაიქცა, მსახიობურ ნიჭს იყენებდა, ვიღაცებს ჰბაძავდა, ოხუნჯობდა.

სკოლის სპექტაკლებში მონაწილეობდა.

აშშ-ში სტენფორდის და იელის უნივერსიტეტები დაამთავრა, ინგლისური ლიტერატურისა და დრამატული ხელოვნების სპეციალობებით.

დებიუტი შთამბეჭდავი ჰქონდა - ვუდი ალენის ფილმში "ენი ჰოლი" (1977).

მის ცნობილ როლებს შორის ყველაზე ხშირად რიდლი სკოტის ფანტასტიკურ ფილმ "უცხოს" იხსენებენ. სწორედ ამ ფილმმა გაუთქვა სახელი და მსოფლიო ვარსკვლავად აქცია. მის მეორე სერიაში შესრულებული როლისთვის "ოსკარზეც" იყო წარდგენილი. უივერმა "უცხოს" ოთხივე ნაწილში მიიღო მონაწილეობა.

ბოლო წლებში ასევე პოპულარულია ფილმი მისი მონაწილეობით "ავატარი". როგორც ცნობილია, სიგურნი "ავატარი-2"-შიც მონაწილეობს.

ოსკაროსანი მსახიობი 1984 წელს გაჰყვა ცოლად ჯიმ სიმპსონს. მასთან ერთი ქალიშვილი ჰყავს - შარლოტა სიმპსონი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება