"დაიბლოკება" თუ არა ”ახალი ხმა”

"დაიბლოკება" თუ არა ”ახალი ხმა”

"ყველაზე ამბიციური შოუ!", "ჯერ არნახული ემოცია!", "ეს ნამდვილი სიგიჟეა!", "ეს ყველაზე მაგარი შოუა!", "მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს აქვთ ჩვენთან მოხვედრის შანსი", "ახალი ხმის გამარჯვებული შტურმით აიღებს ქვეყნის მუსიკალურ ინდუსტრიას!" - ამ უჩვეულოდ ამბიციური ფრაზებით ლაპარაკობენ იმ პროექტზე, რომელსაც საზოგადოება პირველად 4 ოქტომბერს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერით იხილავს. შოუს შემქმნელების მტკიცებით, "ახალი ხმა" უნიკალურია და "მას ექნება ყველაზე მაღალი რეიტინგი, რაც კი ოდესმე, რომელიმე შოუს ჰქონია". პროექტის დეტალებზე გადაცემის პროდიუსერს, დათო იმედაშვილს ვესაუბრეთ.

- "ახალი ხმა" ნაყიდი ფორმატია. ეს პროექტი თავის დროზე ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ჰოლანდიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა. მისი უნიკალურობა და პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: პროექტში არ არის ჟიური. უბრალოდ, არიან მუსიკოსი-მწვრთნელები, რომლებიც თავ-თავიანთ გუნდებთან იმუშავებენ.

- მიმდინარე მოვლენების გამო, ეს პროექტი დროებით ხომ არ "დაიბლოკება"?

- ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მე პროდიუსერი ვარ - ანუ ის ადამიანი, ვინც პროდუქტს აწარმოებს და მას მაუწყებელ კომპანიას აძლევს. მაუწყებელი კომპანიის გადასაწყვეტია, პროექტი ეთერში გავა თუ არა. თუმცა, მისი დროებითი "დაბლოკვის" შესახებ არაფერი მსმენია.

- "ჩვენ ვეძებთ ხმას და არა - გარეგნობას", "აქ არ არსებობს დაცინვა და ირონია"... - გამოდის, რომ ეს შოუ სხვა შოუების ნაკლოვანებებს ითვალისწინებს...

- (მაწყვეტინებს) სხვა შოუს ნაკლოვანებებს ხაზს არ ვუსვამთ. უბრალოდ, ვამბობთ იმას, რომ მსგავსი რამ ჩვენთან არ ხდება.

- პროექტში სხვა მუსიკალურ შოუებში გამოცდილი და უკვე ცნობილი მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას, არა?

- შოუში ნახავთ რამდენიმე ცნობილ ადამიანს. პროექტის ფორმატი ამას ითვალისწინებს, სხვა ქვეყნებშიც ასე მოხდა.

- ეს კონკურენტების გაღიზიანებას არ იწვევს?

- ვფიქრობ, ამ ფაქტმა არავინ არ უნდა გააღიზიანოს. აქ მხოლოდ და მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ და არა - უბრალოდ ცნობილი ადამიანები. არა მგონია, ვინმემ მხოლოდ იმის გამო გაიმარჯვოს, რომ ადრე რომელიმე შოუში მონაწილეობდა.

- კონკურსი რამდენი ეტაპისგან შედგება?

- მონაწილეების შესარჩევად ჩატარებული კასტინგი საეთეროდ არ გადაგვიღია. უკვე შერჩეულია 100 მონაწილე, რომლებიც პროდიუსერებისგან შემდგარი ჯგუფის წევრებმა შეარჩიეს. სხვათა შორის, შოუში მონაწილეობას თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელი მიიღებს... სავარძლები, რომლებშიც მწვრთნელი-მუსიკოსები სხედან, სცენისკენ ზურგით დგას და ტარდება "ბრმა კასტინგი" - ანუ მონაწილეებს აფასებენ მხოლოდ მათი ხმის ხარისხისა და მღერის ტექნიკის გათვალისწინებით. როდესაც მწვრთნელს კონკურსანტის ნამღერი მოეწონება, ხელს აჭერს "მე შენ გირჩევ" ღილაკს და სახით სცენისკენ შემობრუნდება. სწორედ ამ დროს დაინახავს მწვრთნელი პირველად თავის რჩეულს.

თუ მოხდა ისე, რომ ერთზე მეტი მწვრთნელი მობრუნდა, მაშინ უკვე თავად მონაწილემ უნდა აირჩიოს, ვის გუნდში სურს მოხვედრა. "ბრმა კასტინგის" შემდეგ რინგი იწყება, სადაც უკვე გუნდის წევრები ეჯიბრებიან ერთმანეთს და შესაბამისად, მათი რაოდენობა ნახევრდება. განსაზღვრული გვქონდა, რომ თითოეულ მწვრთნელს თავისი გუნდი 12 მონაწილისგან დაეკომპლექტებინა. თუმცა, კონკურსანტები იმდენად ძლიერები აღმოჩნდნენ, რომ მათ ორ-ორი მონაწილე კიდევ დავუმატეთ, ანუ თითოეული მწვრთნელის გუნდში თოთხმეტი კონკურსანტია. მწვრთნელები თავიანთი გუნდის წევრებს დააწყვილებენ და მათ ერთსა და იმავე სიმღერას ამღერებენ; ისინი ერთმანეთს რინგზე "დაეჯახებიან" და პროექტს 7 კონკურსანტი გამოეთიშება, დარჩენილი შვიდი მონაწილისგან კი კიდევ ოთხი შეხვდება ერთმანეთს ანუ პროექტს კიდევ ორი კონკურსანტი დატოვებს. საბოლოოდ, "ლაივ"-შოუში თითო გუნდიდან ხუთ-ხუთი მონაწილე მიიღებს მონაწილეობას. "ლაივ"-შოუს დაწყების შემდეგ კი კონკურსანტების შეფასებაში მაყურებელიც ჩაერთვება.

- პროექტი მწვრთნელი-მუსიკოსების კონკურენციასაც მოიცავს?

- დიახ. მწვრთნელები არა მხოლოდ ასწავლიან, არამედ "ლაივ"-შოუების დროს მონაწილეებთან ერთად იმღერებენ.

- რამდენ ხანს გაგრძელდება პროექტი?

- ექვსი კვირა "ბრმა კასტინგები" იქნება, შემდეგი ორი კვირა - რინგის ეტაპი, მერე კი "ლაივ"-შოუ დაიწყება.

- საინტერესოა, ამ შოუს წამყვანი ვინ იქნება?

- დუტა სხირტლაძე და ანა იმედაშვილი. ანა ჩემი მეუღლეა. ჯერ ცნობილი ადამიანი არ გახლავთ, მაგრამ მერწმუნეთ, კარგი დებიუტი ექნება.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება