უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთში შესაძლებელია მორიგი ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება დაიწყოს. 3 ოქტომბრის საღამოს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ერთი დღით ადრე თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი ინციდენტი მსხვერპლით დასრულდა. სირიის ტერიტორიიდან ნასროლმა სამმა საარტილერიო ჭურვმა თურქეთის 5 მოქალაქე იმსხვერპლა. მათგან სამი ბავშვია. კიდევ ათი ადამიანი დაიჭრა.
საარტილერიო დარტყმის შემდეგ, ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ ამას უპასუხოდ არ დატოვებდა. როგორც ჩანს, საპასუხო ქმედებამ არ დააყოვნა. თურქეთმა საპასუხო დარტყმა საზღვრის მახლობლად მდებარე სირიულ საარტილერიო პოზიციებზე მიიტანა. 3 ოქტომბრის ღამეს ბრიუსელში NATO-ს საგანგებო თათბირი გაიმართა. ალიანსმა დამასკოს ქმედებები მკაცრად დაგმო და საჭიროების შემთხვევაში, თურქეთის დაცვის პირობა დადო. ჯერჯერობით უცნობია, თურქული მხარის შედეგად განხორციელებული საპასუხო დარტყმით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სირიიდან ნასროლ საარტილერიო ჭურვებს თურქეთის მოქალაქეები ეწირებიან. ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა თბილ და მეგობრულ ხასიათს არასდროს ატარებდა. თუმცა დაძაბულობამ პიკს 22 ივნისს, სირიის მიერ თურქული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მიაღწია. ოფიციალური დამასკოს ცნობით, სამხედრო თვითმფრინავმა სირიის საჰაერო სივრცე დაარღვია. ანკარას მტკიცებით კი ის ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს.
ამ ინციდენტის მერე თურქეთმა საზღვართან სამხედრო ტექნიკის მობილიზაცია დაიწყო. აგვისტოს დასაწყისში მომხდარი მორიგი ინციდენტის შემდეგ, თურქეთმა ღიად განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე არსებული ქურთული დაჯგუფებების მათ ტერიტორიაზე შემოჭრის მცდელობის შემთხვევაში, ის სირიის საზღვრისპირა რაიონებზე საარტილერიო დარტყმებს განახორციელებდა.
4 ოქტომბერს თურქეთის მთავრობამ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვა მიიღო. მისი წყალობით თურქულ ჯარს სირიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარების უფლება ეძლევა.
ამავე დროს მომხდარისა და თურქეთის ხუთი მოქალაქის გარდაცვალების გამო დამასკომ ბოდიში უკვე მოიხადა. ამ ორ ქვეყანას შორის არსებული სიტუაცია ძალიან ბუნდოვანია. უკვე რამდენიმე თვეა სირიის საზღვრისპირა ქალაქებში პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ თურქეთის ტერიტორიაზე საარტილერიო ჭურვები შემთხვევით დაეცა.
მეორე მხრივ, სირიელების მიერ განხორციელებული საარტილერიო დარტყმა თურქეთს შეტევის განხორციელების საშუალებას აძლევს. ანკარა დამასკოს წინააღმდეგ კბილებს უკვე დიდი ხანია ილესავს. ევროპა და ვაშინგტონიც ასადის რეჟიმის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი. ასე რომ, არ არის გამორიცხული რომ უახლოეს მომავალში თურქეთის სირიაში შეჭრას ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვეს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თურქეთი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრია. უსაფრთხოების კონვენციის თანახმად კი NATO-ს რომელიმე წევრზე თავდასხმა მთლიანად ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია.
მსგავსი სიტუაცია ლიბიასთან მიმართებაში მოხდა. მაშინ მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალა პირველებმა ფრანგებმა გამოიყენეს. მართალია საფრანგეთი NATO-ს წევრი აღარაა, თუმცა მთელი ევროპა საბრძოლო მოქმედებებში რამდენიმე დღეში ჩაერთო.
ნუკრი მგელაძე