მიშას "თამაში" სტადიონზე და ქართველების გამოღვიძება

მიშას "თამაში" სტადიონზე და ქართველების გამოღვიძება

ბავშვობაში უნდოდა, მსოფლიო ველოსიპედით შემოევლო, მერე მხატვრობამ გაიტაცა, შემდეგ ექიმის პროფესიის დაუფლება მოუნდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ სამსახიობოზე უნდა ჩაებარებინა - ეს იყო შანსი იმისა, რომ ყველა სურვილი დაეკმაყოფილებინა, რომ ექიმიც გამხდარიყო, მხატვარიც და ველომრბოლელიც. ჩემი რესპონდენტი ლაშა ჯუხარაშვილი გახლავთ. რა ვერ ისწავლა დღემდე, რისთვის საყვედურობენ და რატომ არ დაავიწყდება ეგვიპტეში გატარებული დღეები? - ამას ჩვენი დიალოგიდან შეიტყობთ.

- სახელი და გვარი...

- ლაშა ჯუხარაშვილი.

- დაბადების თარიღი...

- 1991 წლის 11 აპრილი.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...იმ გარემომ, რომელშიც გავიზარდე. მადლობა უფალს, რომ ასეთი კარგი დედა და მამა მყავს.

- მშობლები მიკრძალავდნენ...

- ...არაფერს მიკრძალავდნენ, რადგან კარგი ბავშვი ვიყავი. ახლა კი უფროსებს აზრს ხშირად აღარც ვეკითხები. უნდა ვაღიარო, ამის გამო ცხვირი არაერთხელ წამიმტვრევია.

- პოლიტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ...

- ...ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაქვს. შემძრა იმ ვიდეოკადრებმა, რომელიც ეთერში უჩვენეს. აპოლიტიკური ადამიანი ვარ. არც "პოზიცია" მაინტერესებს და არც - ოპოზიცია, მაგრამ მიმაჩნია, რომ სისტემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ხალხი დაიღალა. ტანსაცმელი რომ გიძველდება, მიდიხარ და ახალს ყიდულობ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. შეიძლება ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ სირცხვილია XXI საუკუნეში ადამიანებს ელექტროენერგიის მიწოდება დაამადლო. ძალიან კარგად ვიცოდით ყველამ ის, რაც ციხეებში ხდებოდა. ბევრი ჩემი ნაცნობი ჯერ კიდევ იქაა, ბევრი გამოვიდა და მათთანაც მილაპარაკია ამ თემაზე. ალბათ, თვალების ასახელად ამ კადრების ნახვა იყო საჭირო... ჯერ კიდევ როდის თქვა ილია ჭავჭავაძემ: "...სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!"

- შენი აზრით, დღესაც "გვძინავს"?

- გამოფხიზლების პერიოდია, ბოლომდე არ გაგვიღვიძია. დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 28 სექტემბერს) ეროვნულ სტადიონზე ისეთი ამბავი იყო, ფეხბურთის მატჩი მეგონა და დავიბენი. უცნობ ბაბუს ვკითხე: რა ხდება, თამაშია-მეთქი? - ჰო, დღეს დიდი თამაშია, მიშა თამაშობსო. ნანკა კალატოზიშვილმა თქვა და მეც ვეთანხმები: საერთოდ არ უნდა მაინტერესებდეს, ვინ არის პრეზიდენტი, მაგრამ საქართველოში ის იმაზე მეტად ცნობილია, ვიდრე ჰოლივუდში რომელიმე მსახიობიო. "ფეისბუკზე" კომენტარების დადებას აჯობებს, ავდგეთ და გარეთ გამოვიდეთ, მაგრამ ძილთან ერთად მეორე "უბედურებაც" გვჭირს და ამ უბედურებას შიში ჰქვია.

- ნატვრისთვალი და ერთი ნატვრის უფლება რომ მქონდეს...

- ...ვინატრებდი ბედნიერი ვიყო ჩემს ქვეყანაში. თუ ნატვრისთვალი ნამდვილია, თავადვე მიხვდება, რა მჭირდება ბედნიერებისთვის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ძალიან კარგი ოჯახი, მეგობრები, შეყვარებული, ძმა, რომელიც ნებისმიერ დროს ჩემ გვერდითაა.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ, მანამდე რა გავაკეთე, ვიდრე მარტო დავრჩებოდი.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ვეწევი სიგარეტს.

- ვიბნევი, როცა...

- ...უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდები, როცა კომპლიმენტებს მეუბნებიან. მიმაჩნია, რომ ბევრ ქებას არ ვიმსახურებ.

- ლამაზი გოგოს დანახვისას...

- ...სიხარულით ვივსები. ამ დროს არ ვიბნევი (იცინის).

- წონასწორობას მაკარგვინებენ...

- ...ის ადამიანები, რომლებსაც ჩემი არ ესმით. ლამაზ ქალსაც გამოვუყვანივარ წონასწორობიდან თავისი უაზრო საქციელით. ხშირად სილამაზე ფასადურია.

- როცა ძალიან ვბრაზდები...

- ...ხმას ვუწევ, უხეში ვხდები. სამარცხვინოა, მაგრამ უწმაწურ სიტყვებსაც ვამბობ. მაიძულებენ, ასე მოვიქცე.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მხატვარი, რომელსაც საღებავის სუნი ენატრება; მე ვარ შეუმდგარი ველომრბოლელი. ბავშვობაში მინდოდა მსოფლიო ველოსიპედით შემომევლო; მერე ქირურგობაზე ვოცნებობდი, ბოლოს კი გადავწყვიტე, ამდენი "შეუმდგარი" რომ არ მერქვას, აჯობებს, სამსახიობოზე ჩავაბარო და მხატვრის, ექიმის, ველომრბოლელის როლი ვითამაშო-მეთქი.

- მეზარება...

- ...ძალიან ბევრი რამ ცხოვრებაში. იმაზე მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე დღეს ვაკეთებ, მაგრამ ზარმაცი ვარ.

- მაღიზიანებს...

- ...გაუნათლებლობა. ადამიანები, რომლებიც კამათობენ საკითხზე, რომლის აზრზეც არ არიან. აქციაზეც ბევრი ისეთი ადამიანი შემხვდა, რომლებმაც ბოლომდე არც იცოდნენ, რას აპროტესტებდნენ; ზოგს სახლში რომ მაცივარი არ აქვს, ამასაც მთავრობას აბრალებს. არაფრით აღიარებს, რომ ზარმაცია.

- არ მიყვარს...

- ...დილით ადრე ადგომა, ფხიანი თევზი და უგემოვნობა.

- არასდროს დამავიწყდება...

- ...ის დღეები, რომელიც ეგვიპტეში გავატარე. ტუტანხამონს ვენაცვალე (იცინის). იქ გავიცანი გოგონა, რომელიც ახლა ძალიან მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. ოღონდ, ამასთან დაკავშირებით სხვას ნურაფერს მკითხავ. სიყვარულმა შემცვალა თუ არა? - შემცვალა! ახლა მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თავდაჯერებულობაც მომემატა.

- დათმობა შემიძლია თუ...

-...დამთმობი ნაკლებად ვარ, სამართლიანი ჯიუტი გახლავართ.

- ვერ წარმომიდგენია...

- ...დავთმო ჩემი პროფესია. ეს საქმე პედაგოგმა გოგი მარგველაშვილმა იმდენად შემაყვარა, რომ ამის გარეშე ვეღარ ვიცხოვრებ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ყოვლისშემძლე.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...ნერვების მოთოკვა და მანქანის ტარება.

- დაშვებული შეცდომების...

- ...გამოსწორებას ვცდილობ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ. დღეს რომ ვსწავლობ, სტუდენტი მქვია და ისიც, ახლა ჩემთან ინტერვიუს რომ წერ, ამის შედეგია. მერწმუნე, ბოლო დროს რადიკალურად შევიცვალე, ადრე სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი. მშობლებმა ბევრ რამეში შემიწყვეს ხელი.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...პროფესიული ცრურწმენები მაინც მაქვს.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...ხელზე საქორწინო რგოლი მეკეთა. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ძმაკაცთან ერთად შევედი და ოჯახისთვის ბევრი რამ ვიყიდე.

- საქორწინო რგოლის გაკეთებას...

- ...ჯერ არ ვაპირებ. მინდა, იმ ადამიანის მყარი საყრდენი ვიყო, ვინც მიყვარს. საამისოდ კი ჯერ მზად არა ვარ.

- ხანდახან ვფიქრობ...

- ...ამ ქვეყნიდან წასვლაზე. აქ საკუთარი თავის რეალიზება ძალიან ძნელია.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...მომავალ გეგმებზე, საკუთარ თავზე და არასდროს ვახდენ იმის აფიშირებას, რაც გავაკეთე.

- სიყვარული ეს...

- ...ის ძალაა, რამაც ძალიან ბევრ რამეს მიმახვედრა. სიყვარულს ფერება უნდა. უკეთესობისკენ შევიცვალე და ეს პირველ რიგში, საყვარელი ადამიანის დამსახურებაა. ის ძალიან სერიოზული და განათლებული გოგოა. ხელოვნებასთან პროფესიული შეხება არ აქვს. სამაგიეროდ, ძალიან უყვარს თეატრი, კინო...

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ეგოიზმია. ხანდახან მარტო საკუთარ თავზე ვფიქრობ, საშინელი მესაკუთრე ვარ. თუ ჩემია, ბოლომდე ჩემი უნდა იყოს - ნივთიდან დაწყებული, ადამიანით დამთავრებული. ჩემი სისუსტეა ალკოჰოლი, რომლის მიღების შემდეგაც აზრის გამოთქმაში ზედმეტად თამამი ვხდები და ადვილად ვფეთქდები.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ეს ჩემს სამეგობრო წრეს შეუძლია.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...არაერთხელ წავსულვარ.

- მეშინია...

- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

- ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...ჩემი ქვეყანაა. მინდა, სიტუაცია მალე დაწყნარდეს, დამშვიდდეს. ასეთ პატარა ქვეყანაში ახალგაზრდობა დიქტატორებს არ უნდა ეწირებოდეს. იმედი მაქვს, გაქცევას მალე გადავიფიქრებ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უყურადღებობის გამო, მაგრამ თავად ვფიქრობ, რომ უყურადღებო არ ვარ. ხშირად ერთი ადამიანი მეორეს არ იღებს ისეთს, როგორიცაა; მას თავის ფანტაზიაში ძერწავს ისეთად, როგორიც უნდა, რომ იყოს და მერე მის მიმართ უჩნდება პრეტენზიები. ჰოდა, სწორედ ასეთ დროს იწყება კონფლიქტი. შეიძლება პიროვნებას ის თვისება შესძინო, რაც არ აქვს, მაგრამ რაც აქვს, იმის შეცვლას არ უნდა შეეცადო.

- არ მჩვევია...

- ...დათმობა.

- ვუფრთხილდები...

- ...მეგობრებს და ოჯახის წევრებს; ვუფრთხილდები იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც ცხოვრების დარჩენილი წლების გატარებას ვაპირებ.

- არ მრცხვენია...

- ...საკუთარი ცხოვრების. სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია.

- და ბოლოს, გეტყვით, რომ...

- ძალიან მიყვარხართ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პატრიარქი გვყავს. მინდა ყველამ ერთად, გაერთიანებულ საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვროთ და ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება