ვინ არიან კანისა და ვენეციის კინოფესტივალების ქართველი გამარჯვებულები და ნომინანტები?

ვინ არიან კანისა და ვენეციის კინოფესტივალების ქართველი გამარჯვებულები და ნომინანტები?

ჩვენი გაზეთის 39-ე ნომერში დაიბეჭდა სტატია - "უტიფრობისა და თავხედობის დემონსტრაცია" თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში", სადაც ამ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, სრულმა პროფესორმა რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა, საბჭოს დანარჩენ წევრებთან ერთად, 2012 წლის 23 აგვისტოს ჩატარებული რექტორის არჩევნებში ბატონი ნოშრევან ჩხაიძის გამარჯვება გააპროტესტა და დოკუმენტურად დაასაბუთა, რომ ეს არჩევნები უკანონოდ შემუშავებული წესდების საფუძველზე ჩატარდა. სამწუხაროდ, ჩვენს კითხვაზე, ვინ შეიმუშავა აღნიშნული წესდება, საკმაოდ ბუნდოვანი პასუხი მივიღეთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან.

გაზეთის გამოსვლის შემდეგ დაგვიკავშირდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი ბატონი გოგი დოლიძე და აღშფოთებულმა გვითხრა, ამდენი წელიწადია, კინოს ისტორიას ვემსახურები, ამ უნივერსიტეტში ვასწავლი და კანისა და ვენეციის კინოფესტივალების გამარჯვებული ან ნომინანტი არავინ მეგულება ჩვენს უნივერსიტეტში, ასეთი რამ როგორ დაბეჭდეთო? თუმცა იქვე დაურთო, ეს თქვენი დანაშაული არ არის, რესპონდენტმა, - გულისხმობდა ბატონ გიორგი შალუტაშვილს, - შეგიყვანათ შეცდომაში, მაგრამ შეცდომა აუცილებლად უნდა გაასწოროთ მომდევნო ნომერშიო. აქვე მოგვყავს ამონარიდი ბატონი გიორგი შალუტაშვილის ინტერვიუდან: "...ჰკითხეთ თუნდაც ნოშრევან ჩხაიძეს, რომელმაც დოკუმენტური კინოს სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა, რამდენი ფილმი გადაიღო? როდესაც უნივერსიტეტში ასწავლიან კანის "ოქროს პალმის რტოს" მფლობელები, ვენეციის კინოფესტივალის ნომინანტები..." სიმართლე გითხრათ, ბატონი გოგი დოლიძისგან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მომხდარ კანონდარღვევაზე უფრო ველოდით აღშფოთებას, თორემ წლების წინ კანის კინოფესტივალზე ქართული მულტიპლიკაციური ფილმის გამარჯვება ისედაც საკმაოდ გახმაურებული ამბავია... ბატონ გოგის დავპირდით, რომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მომუშავე მსოფლიოს კინოფესტივალების გამარჯვებულებისა და ნომინანტების ამბავს შევამოწმებდით. ინტერნეტის ქართული საინფორმაციო წყარო გვატყობინებს, რომ "დიდი საერთაშორისო გამარჯვება - "გრან-პრი" - "პალმის რტო" კანის 37-ე საერთაშორისო ფესტივალზე "მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში" მოიპოვა ნახატმა ფილმმა სახელწოდებით "ჭირი", რომლის დამდგმელი მხატვარი და სცენარის ავტორი დავით სიხარულიძეა, რეჟისორი კი დავით თაყაიშვილი". სამწუხაროდ, რეჟისორი დავით თაყაიშვილი გარდაცვლილია, ამიტომ დავუკავშირდით ფილმის სცენარისტსა და მხატვარს, რეჟისორ დავით სიხარულიძეს:

- 1984 წელს დაგვირეკეს მოსკოვიდან, "გოსკინოდან" - "საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტიდან" და გვითხრეს, რომ კანის კინოფესტივალზე, "მოკლემეტრაჟია­ნი ფილმების" კატეგორიაში ერთ-ერთ გამარჯვებულად ჩვენი მულტიპლიკაციური ფილმი - "ჭირი" დაასახელეს. დასარწმუნებლად შეგიძლიათ კანის კინოფესტივალის ვებგვერდზე ნახოთ და მის არქივში, 1984 წლის გამარჯვებულებში აუცილებლად აღმოაჩენთ "ჭირს" და ინფორმაციას მის შემოქმედებით ჯგუფზე - დამდგმელი რეჟისორი დავით თაყაიშვილი, სცენარის ავტორი და დამდგმელი მხატვარი - მე, დავით სიხარულიძე, კომპოზიტორი თამაზ ბაკურაძე და ოპერატორი ვიოლეტა კაროსანიძე. "პალმის რტო" - სიმბოლო რატომღაც რუსეთში დარჩა, ჩვენ კი მხოლოდ დიპლომი გამოგვიგზავნეს, რომელიც დათო თაყაიშვილის, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაცვლილია, ოჯახში ინახება.

- ბატონო დავით, თქვენ სად მუშაობთ­ დღეს?

- ასოცირებული პროფესორი გახლავართ და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ანიმაციის რეჟისურას ვკითხულობ. დიპლომანტებიც მყავს და ამ სასწავლო წელს ახალი ჯგუფიც ავიყვანე.

რაც შეეხება ვენეციის კინოფესტივალის ნომინანტებს, ბატონმა გიორგი შალუტაშვილმა გვითხრა, რომ 2005 წელს, ვენეციის 62-ე კინოფესტივალზე ნომინირებული იყო ორი ქართული დოკუმენტური ფილმი - "თუშური ხალხური დღესასწაულები" და ფილმი ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე "და მაინც მარტოა", რომელთა რეჟისორი თვითონ არის, სცენარის ავტორი კი - ასევე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი, ქალბატონი თამარ ბართაია. - ფესტივალზე, მხატვრული ფილმების პარალელურად, ყოველწლიურად უჩვენებენ ვიდეო, დოკუმენტურ, ანიმაციურ და ახალგაზრდულ ფილმებს. ჩვენებამდე ფილმები გადიან უმკაცრეს კონკურსს, ნომინანტები კი ასობით ფილმიდან ერთეულები ხდებიან. ვენეციის 62-ე კინოფესტივალის ნომინანტი ზემოთ დასახელებული ორივე ქართული ფილმი გახდა. ერთსა და იმავე დღეს ერთსა და იმავე დარბაზში ერთი საათის ინტერვალით უჩვენეს დოკუმენტური ფილმები თუშურ რიტუალებსა და გენიალურ სერჯიო ლეონეზე (რეჟისორი ჟულიო რეალი). ჩვენი ფილმების თემებით დაინტერესდა ისეთი ცნობილი კინოკომპანია, როგორიც არის "უორნერ ბრაზერსი". ფილმები აჩვენეს ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად იწვევდნენ საქართველოს წარმომადგენელს ვენეციაში, ფესტივალის საზეიმო გახსნისა და დახურვის ცერემონიაში მონაწილეობისთვის, თუმცა უსახსრობის გამო გამგზავრება ერთხელაც ვერ მოვახერხეთო, - ამბობს ბატონი გიორგი შალუტაშვილი.

ვფიქრობთ, ასეთი წარმატების ამბები აუცილებლად უნდა გაახმაუროს მასმედიის ყველა საშუალებამ, რადგან თითოეული წარმატება, უპირველესად, გასახარი და საამაყოა ყველასთვის და მეორეც - აღარავის დააეჭვებს­.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება