"SIR TV" და "დაბოლება" - მხატვრის თვალით დანახული "ნაციონალური მოძრაობის" სახე

"SIR TV" და "დაბოლება" - მხატვრის თვალით დანახული "ნაციონალური მოძრაობის" სახე

"SIR TV", ვირთხა ხელში ღირსების ორდენით და წარწერით "პოლიცია", მეძავი ქალი, ზეწრად საქართველოს დროშა, გაჭრილი წითელი ლენტი - "პირველად საქართველოში", ყავარჯენი, როგორც არაჯანსაღი დამოკიდებულების სიმბოლო, პიარზე დაკმაყოფილებული ბუნებრივი მოთხოვნილება და "დაბოლება" სიგარეტით "ახალი საქართველო" - ეს ყველაფერი "მეხუთე პალატაში" ხდება და მხატვრის თქმით, მისი თვალით დანახული საქართველოს რეალური სახეა. "მეხუთე პალატა" ხელოვანის პროტესტია, რომლის შესახებ უფრო მეტს მისი ავტორი - თეიმურაზ გაგნიძე მოგვითხრობს:

- იდეა დაახლოებით 1 წლის წინ დაიბადა, სათაურით, შინაარსით... ბუნებრივია, მაშინდელ მონახაზს ასეთი ფორმა არ ჰქონდა. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, ჩვენს სამშობლოში ბევრი ცუდი ამბავი მოხდა და სიმბოლოებიც დაემატა. მთავრობის სახლის წინ გამოფენაზე ცოცხიც მივუმატე. ხელისუფლება მოქალაქის მსახური უნდა იყოს, მაგრამ საქართველოში პირიქით ხდება. აქ მეტი სარგებელი მთავრობას აქვს და არა ხალხს. ცუდ საქმეებსაც ისე აჩვენებენ, თითქოს კარგია. ივანიშვილს რუსეთის აგენტობას აბრალებენ და თავად არიან ხსენებული ქვეყნის აგენტები. არაერთი სტრატეგიული ობიექტი მათ მიჰყიდეს. ნახატს "მეხუთე პალატა" ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი, ავადმყოფური მდგომარეობის გამო დავარქვი. მეძავი ქალის სქესიც გაურკვეველია, უხეში ხელები აქვს. ბევრი მეკითხება, - ნახატის მთავარი გმირი მიშას რატომ არ ჰგავსო? ჩემი აზრით, მსგავსება არ უნდა ყოფილიყო.

- "რუსთავი 2"-ის მიკროფონზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" და "იმედის" ლოგოებია გამოსახული, აბრევიატურით - "SIR TV", რომელსაც თქვენებურად შიფრავთ...

- ს(აზოგადოებრივი მაუწყებელი), ი(მედი) და რ(უსთავი 2). ეს ჩემი იდეაა.

- ვირთხას ლენტი აქვს შემოხვეული წარწერით "პოლიცია"...

- და ხელში ღირსების ორდენი უჭირავს. ამ ქვეყანაში პოლიციელებს ღირსების ორდენებს ადამიანების წამებისა და შეურაცხყოფის გამოც ურიგებენ. ნახატზე კვერცხები და "შლოპანცები" - ბათუმის სიმბოლოა. ავადმყოფს ყურებში ყურსასმენი აქვს გაკეთებული და მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს, სხვას - არავის.

- აქვეა 2003 წლიდან დაწყებული საქართველოს ისტორიის წიგნიც.

- კითხვის ნიშნებით - როგორც უვადოდ მოსვლის სიმბოლო. არც ვარდები დამვიწყებია. ყავარჯნები არის სიმბოლო არაჯანსაღი მდგომარეობისა. "SIR TV-ის" არაობიექტური ტელევიზიის ოპერატორი იღებს პალატას და ავადმყოფის უკან ნიღბიანი ადამიანები არიან, რომლებსაც "ბრაზიკა" აწერიათ. სიტყვა "ლაზიკის" გაგონებაზე ხომ ყველა ბრაზდება. მეძავ ქალს წინდის თავზე აწერია: "მე მიყვარს მოპარვა". ეს გულიანი წარწერებიც მოპარულია; "ნაციონალების" იდეით არ არის გაკეთებული. ავადმყოფი ბალიშში დოლარებს ინახავს. აქვეა გაჭრილი ლენტი წარწერით - "პირველად საქართველოში".

- მაკრატელს რა დატვირთვა აქვს?

- ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, - ერთ ნაწილს მოვიჭრი და პუტინს გავუგზავნი, თუ დაკარგულ ტერიტორიებს ჩაგვაბარებსო. არც ერთმა ხელისუფალმა საკუთარ პიარსა და კეთილდღეობას ქვეყნის ინტერესები არ უნდა შესწიროს. ამ ნახატზე, სასქესო ორგანოსთან ახლოს, ხელში უჭირავს წარწერა P.R. და (საკუთარ პიარზე) ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს. სიგარეტს, რომელიც მეძავს ხელში უჭირავს, "ახალი საქართველო" აწერია, ვითომ ახალ ქვეყანას აშენებენ; ესეც "დაბოლების" ერთ-ერთი ფორმაა. "პლანის" ფოთოლი, ქვეყნის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის სიმბოლოა; აქვეა ჰიბრიდული სიმინდი, რომლის მოშენებითაც ასე ტრაბახობდნენ. არის 1-ლარიანიც ანუ - ლარად გაყიდული სამშობლო. ნახატზეა სალარო აპარატის ჩეკი, რომელსაც აწერია - "ნაღდი"; მე მივუმატე "ჩეკისტი", ცოტა "ვიმაიმუნე". დააკვირდით - აგურები ჩამოშლილია, იატაკი დამპალია და საწოლი ვარდება. ზეწარი საქართველოს დროშაა, ავადმყოფს ნახევრად შეჭმული წითელი ჰალსტუხი უკეთია და გულთან ჭრილობა ატყვია, რადგან ეს ორგანო ამოღებული აქვს. ნახატზეა სექსუალური უმცირესობების დროშაც, ხოლო კვერცხის ნაჭუჭს აწერია "ბატუმი"; ოყნა წარწერით - "მადე ინ სინგაპორე". მთლიანობაში "მეხუთე პალატა" არის პოლიტიკური სურათი, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" სახეა აღბეჭდილი.

- ნახატი მთლიან ჩარჩოში რატომ არ არის?

- ამასაც თავისებური დატვირთვა აქვს: ყველაფერს თავისებურად "ჭრიან", წყვეტენ...

- თქვენი ნამუშევარი საზოგადოებას აქამდე რატომ ვერ წარუდგინეთ?

- არაერთ გალერეაში ვცადე მისი გამოფენა, მაგრამ ყველამ უარი მითხრა. გალერეების მესვეურებს არაფერს ვაბრალებ, ეს ამ ტერორისტული ხელისუფლების ბრალია, ყველა დაშინებული ჰყავს. მინდოდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა. ამიტომ ვარჩიე - "მეხუთე პალატა" 29 სექტემბერს გამართული აქციის დღეს, მთავრობის სახლის წინ გამომეფინა. ეს სიმბოლურიც იყო, როგორც ხელისუფლებას აქვს ფუნქცია დაკარგული, ისე უკარგავენ ფუნქციას ისტორიულ შენობას. რა სისულელე იყო ქუთაისში "გაქცევა"?! იმ თანხით ერთი სოციალური პროექტი განეხორციელებინათ, არ სჯობდა?! ხელოვანებმა პროტესტი თავიანთი საქმით უნდა გამოხატონ. ვიღაც იმღერებს, ვიღაც დახატავს, ვიღაც დაწერს...

- სიმართლის თქმა გმირობის ტოლფასი გახდა.

- ისევ დაშინების პოლიტიკის გამო. მობილურით საუბრის დროს ახლობელს რომ ეტყვი, აქციაზე მივდივარო, გეჩხუბება, - ამას ტელეფონში რატომ მეუბნებიო?! ამას ჰქვია დემოკრატია?! თავად (და ალბათ თქვენს მკითხველსაც) მსგავსი შემთხვევა არაერთხელ ჰქონია. შეიძლება, არც არავინ მისმენს, მაგრამ სისტემამ ხალხის დათრგუნვა მოახერხა. მე ყოველთვის ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებ.

- "მეხუთე პალატა" აქციაზე მისულმა ათიათასობით ადამიანმა ნახა, როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

- სხვადასხვა თაობის ადამიანები მოდიოდნენ და მადლობას მიხდიდნენ.

- მათ შორის პოლიტიკოსებიც ხომ არ იყვნენ?

- არა.

- პროფესიით მხატვარი ხართ?

- დიახ, სამხატვრო აკადემია დავამთავრე, 2008-2009 წლებში ამავე აკადემიაში ფერწერას ვასწავლიდი. ყველანაირ ჟანრში ვმუშაობ, ერთი პერიოდი ნატიურმორტებით ვიყავი გატაცებული. პერიოდულად კომპიუტერული გრაფიკის დიზაინზეც ვმუშაობ.

- მსურველი რომ გამოჩნდეს, ამ ნახატს გაყიდით?

- არ ვიცი, არ მინდა უბრალოდ გავყიდო, სადღაც დაიდოს და არავინ ნახოს.

- დაბოლოს, რას ურჩევთ მომავალ ხელისუფალს?

- ის, რაც დავხატე, აღარასოდეს გაიმეორონ. პოლიტიკაში კარგი ხელფასების გავლენის და ძალაუფლების მოპოვებისთვის კი არ უნდა მოხვიდე, ქვეყანას უნდა ემსახურო. არაჯანსაღი მდგომარეობა უნდა დამთავრდეს. ყველამ ერთად ავაშენოთ მომავალი. ნეტავ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა ყოფილიყო, რომ "მეხუთე პალატა" სულ არ დამეხატა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება