ომის ვეტერანების მეუღლეები გაშიშვლდნენ

ომის ვეტერანების მეუღლეები გაშიშვლდნენ

ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებმა გადაწყვიტეს, მეორე ნახევრებს დეპრესიასთან ბრძოლაში არასტანდარტული მეთოდით დაეხმარონ. მათ ზურგზე მეუღლის მისამართით ფიცი დაიწერეს და ნახევრად შიშველი ფოტოები "ფეისბუქში" გამოაქვეყნეს.

ჯარისკაცებისა და ოფიცრების უმრავლესობას, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში სამხედრო მოქმედებებში მონაწილობდნენ, პოსტტრავმატული აშლილობა აწუხებთ, რომელიც სამუშაოს სიმძიმითაა გამოწვეული. როგორც აღმოჩნდა, სამხედრო სარდლობა საკუთარი ვეტერანების რეაბილიტაციის პროცესს საკმარის ყურადღებას არ უთმობს. ამიტომ სამხედროების მეორე ნახევრებმა საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად უჩვეულო საშუალება გამონახეს.

29 წლის ომის ვეტერანის მეუღლემ ეშლი ვაისმა Facebook-ზე გვერდი "Battling Bare"-ი შექმნა, რომელზეც საკუთარი ნახევრადშიშველი ფოტოები განათავსა და სხვა სამხედროების ცოლებს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა.

"მე და სხვა სამხედრო მოსამსახურეების ცოლებმა საყვარელი ადამიანების დასახმარებლად უკვე ყველაფერი ვცადეთ",-დაწერა ქალმა.

მოძრაობა "Battling Bare"-ის შექმნის იდეა ეშლი ვაისს სპონტანურად ეწვია. მის მეუღლე რობერტ ვაისს, რომელიც ერაყში იბრძოდა, დიდი ხნის განმავლობაში დეპრესია აწუხებდა. მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა და ერთხელაც სახლიდან წავიდა, სასტუმროში ოთახი იქირავა და ლუდის ბოთლებთან ერთად ჩაიკეტა. მან თან იარაღის მთელი არსენალიც გაიყოლა, რომელიც სახლში ინახებოდა.

ეშლი ვაისმა მეუღლის მოძებნა რომ მოახერხა, ქმარმა საკუთარი საქციელი ასე ახსნა: "უბრალოდ ცხოვრება აუტანელი გახდა".

მაშინ ქალმა დასახმარებლად შეიარაღებულ ძალებს მიმართა, მაგრამ რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა: რეაბილიტაციის სირთულეების მოყოლის შემდეგ, ფსიქოლოგიური დახმარების მაგივრად ყოფილი სამხედრო ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ეშლი ვაისი ირწმუნება, რომ არაფერ მსგავსზე არ უჩივლია.

დახმარება არსაიდან ჩანდა, ამიტომ მან გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ემოქმედა. ნახევრადშიშველმა ქალმა საკუთარ თავს, იარაღით ხელში, ფოტო ზურგიდან გადაუღო. მანამდე კი, რობერტ ვაისის მისამართით ზურგზე ფიცი დაიწერა: "ბრძოლაში გატეხილო...ომში დაჭრილო... ყოველთვის მეყვარები - გეფიცები! ყველაფერზე წავალ, რომ შენი სული განვკურნო".

როგორც აღმოჩნდა, ეშლი ვასის პრობლემა ძალიან ბევრი ქალისთვის ნაცნობია. თანამეგობრობას უფრო და უფრო მეტი ამერიკელი უერთდება და  ზურგზე დაწერილი ფიცის ფოტოებს აქვეყნებს.ზოგიერთი ქალი საკუთარ ფიცს კანზე სვირინგის სახითაც კი იტოვებს. კამპანიაში მონაწილეობა სამხედროების შვილებსაც შეუძლიათ. მაგრამ არასრულწლოვნებისთვის შეზღუდვა არსებობს - მათ  ფოტოებზე მხოლოდ ფეხების და ხელების მოშიშვლება შეუძლიათ.

"Battling Bare"-ის ინიციატორის თქმით, იგი ასეთ რეზონანსს არ ელოდა. ადამიანების მხარდაჭერამ ეშლი "Battling Bare"-ის სრულფასოვან საზოგადოებრივ მოძრაობად გარდაქმნისკენ უბიძგა. მომავალში მოძრაობა ვეტერანებისთვის ფსიქოლოგიური და ფინანსური დახმარებისთვის სახსრებს მოაგროვებს.

მომზადებულია The New York Daily News-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე