ედვარდ ნორტონი - "ახალბედა არ ვარ"

ედვარდ ნორტონი - "ახალბედა არ ვარ"

მას მაინცდამაინც არ უყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. მიაჩნია, რომ მსახიობის შესახებ მხოლოდ მისი თამაშით უნდა იმსჯელონ. "რაც ნაკლები იცი მასზე, მით უფრო მეტად ტკბე­ბი თამაშით".

ვარსკვლავური სტატუსი ერთბაშად არ მოუპოვებია. ალბათ იმიტომ, რომ შთამბეჭდავი გარეგნობით არ გამოირჩევა. სამაგიეროდ, იოლად ახერხებს კარდინალურ გარდასახვას. მისი გმირი ხან ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, ხან ჩვეულებრივი კლერკი პიროვნების გაორებით, ხან მოკრძალებული შეყვარებული მღვდელი. რეალურ ცხოვრებაზე ლაპარაკი არ უყვარს. იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იაპონიაში მამის კომპანიაში მუშაობდა და ერთ მშვენიერ დღეს გააცნობიერა, რომ მსახიობობა უნდოდა. "ამერიკული ისტორია იქსი", "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ", "მეომართა კლუბი", "ფრიდა" - მისი ფილმების მცირე ჩამონათვალია. დღეს მას ერთ-ერთ უნიჭიერეს მსახიობად მიიჩნევენ, ორჯერ იყო ნომინირებული "ოსკარზე".

მის პირად ცხოვრებაზეც ბევრი არაფერია ცნობილი. ხან სელმა ჰაიეკს ხვდებოდა, ხანაც კურტ კობეინის ქვრივ კორტნი ლავს, მაგრამ ცოლი ჯერ არ მოუყვანია.

მის ბოლო ფილმებს შორის არის "ბორნის ევოლუცია". ამ სურათში ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა. მისი გმირი ამერიკული ხელისუფლების არალეგალურ ოპერაციებს ხელმძღვანელობს, საიდუმლო პროგრამებს მეურვეობს და ბორნს უპირისპირდება.

"სულ არ არის სახალისო ტრიუკების კეთება"

- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როცა სცენარი წაიკითხეთ?

- მაშინვე საინტერესო და ჭკვიანური მომეჩვენა. ჩემი აზრით, მასში შენარჩუნებულია ყველაფერი საუკეთესო, რაც წინამორბედ სამ ფილმში იყო. ამ ნაწილში ყველამ შესანიშნავად იცის, ვინ არის და რას აკეთებს. ყველანი ნებაყოფლობით ჩაერთვნენ საქმეში და ამბის სრულიად სხვა მორალური ასპექტია. წინა სამ ფილმში ბორნი, ასე ვთქვათ, გარემოებათა მსხვერპლი იყო. ახლა ასე არ არის და ამგვარი გადაწყვეტა მომწონს.

- ხომ არ დაგწყდათ გული, რომ ფი­ლმში ბევრი ექშენ-სცენა არ გაქვთ? კოლე­გების ხომ არ შეგშურდათ, რომელთაც უფ­რო ხშირად უწევდათ შენობიდან შე­ნობაზე ხტომა და მანქანების რბოლაში მონაწილეობა?

- მე მგონი, ვისაც არც ერთხელ არ უთამაშია ექშენ-ფილმებში, მარტო იმას დასწყდება გული მსგავს რამეზე. მე ასეთი გამოცდილება უკვე მაქვს, ახალბედა არ ვარ და დამიჯერეთ, ეს სულ არ არის ისეთი სახალისო, როგორიც გვერდიდან ჩანს.

- თქვენ თავადაც წერთ სცენარებს. ხომ არ შეგიტანიათ რაიმე თქვენეული ცვლილება?

- არა, რეჟისორი ტონი გილროი მშვენიერი სცენარისტიც არის. კარგად იყო მომზადებული გადაღებებისთვის. მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. უბრალოდ, მაქსიმალურად უნდა გააკეთო ის, რასაც შენგან ელოდება და ყველაფერი რიგზეა. ამიტომ ყველა იოლად და თავგანწირვით მუშაობდა.

"ახლა დავასრულე სცენარის წერა, რომელსაც უახლოეს მომავალში გადავიღებ"

- ამ ზაფხულს ორი საინტერესო ფი­ლმი გამოვიდა თქვენი მონაწილეობით - "ბორნის ევოლუცია" და "სავსე მთვარის სამეფო", რომლებიც სრულიად განსხვავებული ჟანრისაა, სხვადასხვა ბიუჯე­ტიც აქვთ...

- კი, "ბორნის ევოლუციას" ათჯერ მეტი ბიუჯეტი ჰქონდა... მაგრამ უეს ანდერსი, "სავსე მთვარის" რეჟისორი ნამდვილი ესთეტია და მას დიდ პატივს ვცემ. უესი ყველა ფილმში ატარებს ოჯახის თემას, თანაც ისე სათუთად და ამაღელვებლად, არ შეიძლება არ აღფრთოვანდე. ორივე რეჟისორთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო.

- თავად როდის აპირებთ რეჟისო­რისა და პროდიუსერის საქმიანობას დაუბ­რუნდეთ?

- ბოლო დროს უფრო მეტად პროდიუსერობით ვიყავი დაკავებული. ეს-ესაა დავასრულეთ სტიუარტ ბლუმბერგის ფილმის წარმოება, რომელიც შარშან "ოსკარზე" იყო ნომინირებული ფილმის "ბავშვები კარგად არიან" სცენარისთვის. ამჯერად სცენარი დაწერა ახალი პროექტისთვის - "მადლობა გაცვლისთვის". ეს მისი რეჟისორული დებიუტია. ეს ფილმი ტორონტოს ფესტივალის პროგრამაში მოხვდა.

- თქვენ თამაშობთ ამ სურათში?

- არა, როგორც მსახიობი, არ ვარ დაკავებული, პროდიუსერი ვიყავი. მანამდე სტიუარტმა დაწერა სცენარი ფილმისთვის "რწმენის შენარჩუნება", რომელიც მე გადავიღე და ჩვენ ერთობლივი საწარმო კომპანია დავაარსეთ.

- რეჟისორობას როდის უბრუნდებით?

- ახლა დავასრულე სცენარის წერა, რომელსაც უახლოეს მომავალში გადავიღებ. ფილმი დაეყრდნობა ჯონათან ლეთემის ნოველას "ობლების ბრუკლინი".

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება