მოსკოვში რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ფილმის - "სიყვარული აქცენტით" პრემიერა გაიმართა. ფილმი რუსი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის შესახებ გვიამბობს და შვიდი ნოველის კრებულია.
ფილმში მთავარ როლებს რუსი და ქართველი მსახიობები ასრულებენ: სვეტლანა ბონდარჩუკი, ნადეჟდა მიხალკოვა, ანა მიხალკოვა, ნიკიტა ეფრემოვი, დუტა სხირტლაძე, გიორგი ყიფშიძე, სოფო ნიჟარაძე, გია გოგიშვილი, გია ჯაფარიძე, თამარ სხირტლაძე, მერაბ ნინიძე, ონისე ონიანი, ვახტანგ კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე და სხვები.
ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს რეჟისორის მეუღლე ნადეჟდა მიხალკოვა ასრულებს. რუსული გაზეთი "Моско́вский комсомо́лец"-ი მსახიობს საქართველოსა და სამუშაოს შესახებ გაესაუბრა.
- ნადია, საქართველო ახლა თქვენთვის მეორე სახლი გახდა?
- სწორედ ასეა. ახლა რეზოსთან ერთად საქართველოში ხშირად ვარ, იქ ჩვენთან სტუმრად მშობლები მოდიან. უკვე სამასი ქართული სიტყვა ვიცი. ასე რომ, თუ შემთხვევით მთებში დავიკარგე, როგორც ჩვენს ფილმში - ფილიპ იანკოვსკის გმირი, შემიძლია სხვებს რამე გავაგებინო. ხოლო თბილისი, სადაც ჩემი ნოველა გადავიღეთ, ძალიან მიყვარს. ეს მშვენიერი ქალაქია, შესანიშნავი ადამიანებით, ატმოსფეროთი და ისტორიით გაჟღენთილი დიდი არქიტექტურით. კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ ეს ჩემი მეუღლის ქალაქი და ჩემი ქალიშვილის მეორე,- ან პირველი, როგორც გინდათ, სამშობლოა.
- ამ ქალაქის აღმოჩენაში რეზო დაგეხმარათ?
- დიახ, მე მანამდე იქ არასდროს ვყოფილვარ. მაგრამ რეზოს საქართველოში მოგზაურობისას, როდესაც სამშობლოს მათვალიერებინებდა, თავადაც რამდენჯერმე უთქვამს, რომ იგი მან თავადაც ხელახლა აღმოაჩინა.
- გამოდის, რომ თქვენ ახლა მხოლოდ ოჯახურ ფილმებში თამაშობთ?
- თავად განსაჯეთ. პირველი ოთხი წელი მხოლოდ მამის ფილმებში ვიღებდი მონაწილეობას და ინსტიტუტში ვსწავლობდი. მე მასთან შეთანხმების გარეშე რეზოს ფილმში - "მამაკაცების გარეშე" მონაწილეობის მიღებაც კი არ შემეძლო. ჩვენ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ საერთოდ არსად აღარ მეთამაშა. მამა ჩემს მუშაობას ასე უყურებდა: ჩვენ ვიღებდით ფილმს და პარალელურად იგი მსახიობის ოსტატობას მასწავლიდა. მაგრამ "მამაკაცების გარეშეს" სცენარი ძალიან მომეწონა - მასში ის გულუბრყვილობა იყო, რომელიც ცხოვრებაში არსებობს და რომლის თამაში ძალიან მაინტერესებდა. ამ სცენარზე უბრალოდ ჩავიციკლე.
- საბოლოოდ ამ ფილმმა "მზით გათანგულნი 2"-ს ხელი შეუშალა.
-საბოლოოდ კი. შემდეგ მე ორსულად ვიყავი, მერე კი უკვე "სიყვარული აქცენტით" გადავიღეთ. დამნაშავე ხომ არ ვარ, რომ ისინი ფილმებს ასე სწრაფად იღებენ. მაგრამ ისე არ გაიგოთ, რომ მე სცენარისტებს თავზე ცულით ხელში ვადგავარ - პირობას არ ვაყენებ, რომ რეზოს ფილმებში როლი აუცილებლად მქონდეს. ეს სცენარი კი ნაწილ-ნაწილ, ნოველებად იწერებოდა და მასში თავიდან ჩემთვის როლი არც ყოფილა. მაგრამ ერთ-ერთი პირველი ნოველა ჰელგაზე დაწერეს (რუსი ტურისტი, რომელიც თბილისში საქმროსთან ჩავიდა. მისი როლი ნადიას უფროსმა დამ ანა მიხალკოვამ შეასრულა).
- თქვენ თქვით , რომ "მზით გათანგულნი 2"-ზე მუშაობისას მამა სამსახიობო ოსტატობას გასწავლიდათ...
- დიახ, ოთხი წლის განმავლობაში.
- ამჟამად, მან საკუთარი კონოსკოლა გახსნა.
- დიახ, თავიდან კი საკუთარი ძალები ჩემზე მოსინჯა.
- რთული იყო?
- რა თქმა უნდა. მესმის, რომ რაღაცები უბრალოდ მაკლდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი გრძნობების მართვა მესწავლა. ხოლო მან ყველაფერი მოქმედების დროს ამიხსნა. იგი ყველაზე უკეთ მიცნობს და მომიყვა და მაჩვენა ისე, როგორც ამას ვერავინ გააკეთებდა. მაგრამ არის პროფესიის მეორე მხარეც - ბანალური ტექნიკა, რომელის მიღწევაც მხოლოდ ვარჯიშითაა შესაძლებელი. იგი ამის გამო დავტანჯე. გადაღებების შორის შესვენებების დროსაც ვვარჯიშობდი. ახლა კი, სრულიად სხვა ტემპებია. გადასაღებ მოედანზე ყველაფერი ელვისებური სისწრაფით უნდა გააკეთო - განსაკუთრებით მაშინ თუ ეს სრულმეტრაჟიანი ფილმია. ყოველთვის მზად და მობილიზებული უნდა იყო. და არა ისე, მიხვიდე, დეკორაციას მოერგო, ერთი დღე რეპეტიცია გაიარო და შემდეგ გადაიღო.
- ერთი პერიოდი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მსახიობობის მიტოვებას აპირებდით.
- არასდროს მიცდია - ეს ჟურნალისტების მოგონილი მითია. არასამსახიობო განათლება მამასთან შეთანხმების გამო მივიღე: მან მითხრა, რომ რაღაც სხვა მესწავლა და იგი სამსახიობო ოსტატობის ყველა ხრიკს მასწავლიდა.
- როდესაც გადასაღებ მოედანზე ხარ, ქალიშვილი ვისთან რჩება?
- იგი ყოველთვის ჩემთან ან რეზოსთანაა. იმის მიხედვით, ჩვენ ორიდან ვინ მუშაობს.
ასევე იხილეთ: "სიყვარული აქცენტით" - ქართველი და რუსი მსახიობები რეზო გიგინეიშვილის ფილმში
მომზადებულია Моско́вский комсомо́лец-ის მიხედვით.