ნიღბები, რომელსაც აჩი სოლოღაშვილი ცხოვრებაში ირგებდა

ნიღბები, რომელსაც აჩი სოლოღაშვილი ცხოვრებაში ირგებდა

"ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო, უსუსურობის განცდაც არაერთხელ ჰქონია. მას შეუძლია იყოს ულმობელი და სასტიკიც. საკუთარ ემოციებს იმდენად აკონტროლებს, რომ სახეზე ვერაფერს შეატყობთ. მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ არჩილ სოლოღაშვილის ზოდიაქოს ნიშანია. როგორია ის სინამდვილეში? - ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ასტროლოგიის მჯერა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღიურ ჰოროსკოპს ვეცნობი; არც პირადი ჰოროსკოპი შემიდგენია.

- დაქორწინებამდე თუ დაინტერესდი, შენი და ნუცას ჰოროსკოპი ერთმანეთს რამდენად ეთავსებოდა?

- კი. ნუცა კირჩხიბია. ასტროლოგები მორიელსა და კირჩხიბს ჰარმონიულ ურთიერთობას უწინასწარმეტყველებენ და პრინციპში, ასეც არის. დედაც კირჩხიბი მყავს და მასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მორიელები განსაკუთრებით მიყვარს. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს რომ გავიცნობ, უკვე ვიცი, საქმე ვისთან მაქვს.

- "მას ჰიპნოზირების უნარი აქვს; მორიელის მზერას ხალხი თვალს არიდებს..."

- არ ვიცი, ეს რამდენად მართალია, მაგრამ შემიძლია გითხრა, რომ თვალები პროფესიაში ძალიან მეხმარება. მსახიობის გამომეტყველებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

- "მას შეუძლია იყოს ულმობელი და სასტიკი, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".

- წონასწორობიდან იშვიათად გამოვდივარ. როცა ვბრაზდები, მაშინაც შეიძლება არ ვიყვირო, არ ვიჩხუბო, მაგრამ არაერთხელ უთქვამთ: ისეთი სახე გქონდა, ყველაფერი ზედ "გეწერაო". ეს ხან კარგია, ხან - ცუდი.

- არადა, ასტროლოგები ამბობენ: მორიელი საკუთარ ემოციებს იმდენად აკონტროლებს, სახეზე ვერაფერს შეატყობთო.

- ტყუილია! ადამიანებთან ურთიერთობაში თამაში არ შემიძლია. ჩემი პროფესიით არასდროს მისპეკულანტია.

- "თუ ნამდვილად გაინტერესებთ, რას წარმოადგენთ, ჰკითხეთ მორიელს და ის გულწრფელად გეტყვით, რას ფიქრობს თქვენზე".

- ასეთ დროს ჩემი გულწრფელობის ხარისხი სამწუხაროდ, ძალიან მაღალია.

- სამწუხაროდ - რატომ?

- ზოგიერთ ადამიანს სიმართლის გაგონებას ლამაზი ტყუილი ურჩევნია... ყოველთვის ვცდილობ, სათქმელი ისე ვთქვა, რომ კონკრეტულ პიროვნებას გული არ დავწყვიტო, მაგრამ მივანიშნო, რა უნდა გამოასწოროს. ადამიანის გაცნობისას მიღებული პირველი შთაბეჭდილება უტყუარია. შეიძლება მოგვიანებით საკუთარი თავი დავტუქსო, - მაშინ ეს როგორ გაიფიქრე-მეთქი?! მაგრამ საბოლოოდ, მაინც პირველი შთაბეჭდილება მართლდება.

- შენი გულწრფელობით მეგობარი გაგინაწყენებია?

- მეგობრები კარგად მიცნობენ. რომელიმე მათგანს შეიძლება, რაღაც ეწყინა კიდეც, მაგრამ ეს ის წყენა არ ყოფილა, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრება გაჰყვება. საკუთარი ინიციატივით ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ თუ კითხვას დამისვამენ, აუცილებლად, გულწრფელ პასუხს მიიღებენ.

- "ვერ იტანს ტყუილს და მლიქვნელობას".

- კამათის დროს თავშეკავებული ვარ, მაგრამ როცა მატყუებენ, წონასწორობიდან გამოვდივარ. როცა ცდილობენ, ტყუილის სიმართლეში დამაჯერონ, საკუთარი თავის კონტროლს ვკარგავ. ასეთი შემთხვევა სულ ორჯერ მქონდა და ვერ დავივიწყე.

- ის ადამიანები, რომლებმაც ასე გაგაბრაზეს, დაკარგე?

- არა, პატიება შემიძლია, მით უმეტეს, თუ მას სინანულის განცდა ექნება. ვპატიობ, მაგრამ არ მავიწყდება.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც პატივისცემით ეპყრობა".

- ალბათ, ასეა. ვიღაცებისგან ჩემზე ბევრი ცუდი რამ გამიგონია, მაგრამ მათ მტრებსაც ვერ ვუწოდებ; ისინი უბრალოდ, უსაქმური ადამიანები არიან, რომლებსაც საკუთარი არაფერი გააჩნიათ და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, ერთი ჭუჭრუტანიდან იყურებიან და როგორც მათ წარმოუდგენიათ, ისე ხედავენ და თან ცდილობენ, ამაში სხვებიც დააჯერონ. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ ადამიანების პატივისცემა დავიმსახურო.

- "მორიელი არათუ სხვისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც საშიშია. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია თავი დაიგესლოს".

- გესლიანი რომ ვარ, ამას სხვები მეუბნებიან: ისეთი თქმა იცი, რომ ადამიანს მოწამლავო. ამაში მხოლოდ მორიელის ნიშანი კი არა, ისიც მეხმარება, რომ ქართლელი ვარ და შემიძლია, ადამიანს სათქმელი პირდაპირ "ვაჯახო". რაც შეეხება საკუთარი თავის დაგესვლას: ადრე, ცუდ ხასიათზე ყოფნისას, მარტოობა მერჩივნა. მახსოვს დღეები, როცა საკუთარ თავს ბოლოს ვუღებდი - ვუსმენდი მძიმე მუსიკას, ვუყურებდი "მძიმე" ფილმს და ა.შ. ახლა პირიქით ვიქცევი.

- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე. ის ვერც შეურაცხყოფას და წყენას ივიწყებს".

- ასეა. ძალიან ცოტა რამ არის საკმარისი იმისთვის, რომ მასიამოვნონ. როცა ვხედავ, ადამიანი ცდილობს, სიკეთე გამიკეთოს, მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. მერე რამეც რომ მაწყენინოს, პირველ რიგში, იმ გაკეთებულ სიკეთეს ვიხსენებ და არა - წყენას.

- "მორიელი გულმოდგინედ გეგმავს, მტერზე ჯავრი როგორ იყაროს. მოწინააღმდეგეს ისეთ დარტყმას აყენებს, რომ მასთან ქიშპობის სურვილს საბოლოოდ უკარგავს".

- კონფლიქტს პირველი არასდროს ვიწყებ, მაგრამ თუ ვინმე შეტევაზე გადმოვა და შეურაცხყოფას მომაყენებს, ვიდრე დაცემულს არ ვნახავ, მანამდე არ მოვეშვები. ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგი თვისებაა, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ.

- ახლა გთხოვ, საკუთარი თავი ერთი სიტყვით დაახასიათო და მერე მე გეტყვი, ასტროლოგები ამ დროს რომელ სიტყვას იყენებენ.

- (ფიქრობს) "საიმედო".

- "უძლეველი".

- შეიძლება ასეც არის... ისე, ცოტა ამბიციურად ხომ არ გამომდის?!

- "მისი დათრგუნვა შეუძლებელია. ის ნებისმიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის".

- დაძაბული გარემო მთრგუნავს. ასეთ დროს ან თავად მივდივარ, ან სიტუაციის განმუხტვას ვცდილობ. არ მიყვარს უცხო წრე, ქორწილები, ხალხმრავლობა და ისეთი დღეობები, სადაც ბევრი უცხო ადამიანია. ყველგან, სადაც მეპატიჟებიან, ვცდილობ, მივიდე, მაგრამ ყველამ იცის, რომ აჩიკო ქორწილში არ უნდა დაპატიჟოს. მე ვიწრო მეგობრულ წრეში გართობა მიყვარს.

- საკუთარ ქორწილში თავს როგორ გრძნობდი?

- ჩვენ ჯვრისწერა გვქონდა. ისე მოვახერხე, რომ ადამიანები უბრალოდ მოვიდნენ, ჩემი და ნუცას ბედნიერება გაიზიარეს - ანუ არ ყოფილა ღრეობა. გითხარი, - დაძაბული გარემო მთრგუნავს-მეთქი. ციხის ცნობილი კადრების გავრცელების დროს ბრიტანეთში, გასტროლზე ვიყავი. იქ სასტუმროში ტელევიზორი ქართულ არხებს არ უჩვენებდა. "ფეისბუკში" შევედი და თვალებში დამიბნელდა... გავიფიქრე, - ნეტავ, ამ ქვეყნის შვილი არ ვიყო-მეთქი. ეს ცხოვრებაში პირველად დამემართა. მსოფლიო შემოვლილი მაქვს და ერთ კვირაზე მეტხანს ვერსად ვჩერდები, მონატრების საშინელი გრძნობა მტანჯავს და ერთი სული მაქვს, ქართულ მიწაზე ფეხს როდის დავადგამ...

- "უყვარს ყველაფერი გადაჭარბებული".

- ზედმეტად ემოციური და ეგოისტი ვარ, თანაც - საშინელი ეგოისტი. მგონია, ჩემზე მეტი სიყვარული არავინ იცის და მოვითხოვ, გარშემო მყოფებს ჯერ მე ვუყვარდე, მერე - სხვები.

- "ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".

- 14 წლიდან ასე ვარ. რამდენჯერმე იყო ჩემზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და სიმართლე გითხრა, როცა სხვის რჩევას "ავყევი", ყოველთვის ვინანე. ჰოდა, მირჩევნია, გადაწყვეტილება თავად მივიღო და თუ რაღაც ისე არ გამოვა, ამაში საკუთარი თავი დავადანაშაულო და არა სხვა ვინმე.

- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას აქცევს. გარშემო ისეთ ადამიანს არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს".

- ასეა! როცა ვხედავ, ადამიანს იმაზე მეტი ამბიცია უჩნდება, ვიდრე შეიძლება ჰქონდეს, მასთან ურთიერთობას ხიბლი ეკარგება. ასეთი ადამიანი ჩემთვის უინტერესო ხდება.

- და შორდები?

- ვშორდები, მაგრამ მენატრება ხოლმე ის ურთიერთობა, რომელიც მანამდე გვქონდა - ძალიან სუფთა და გამჭვირვალე.

- "მას თავისი გრძნობების დემონსტრირება არ სჩვევია..."

- საკუთარ თავზე ლაპარაკი ნაკლებად მიყვარს, მაგრამ გრძნობების დამალვა არ შემიძლია. არ მიყვარს, როცა ყურადღების ცენტრში ვარ - ეს სცენაზეც საკმარისია. პოპულარობა არ მომწონს და ამის გამო, ხშირად მეკამათებიან. უკვირთ, - როგორ არ მოგწონსო? პოპულარობა კარგია ერთი კვირის მანძილზე, მერე საშინელებაა. გინდა თუ არ გინდა, ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიო. მიმაჩნია, რომ ბევრი რამ აღარ მეპატიება. პოპულარობა ცოტა კომპლექსებსაც აჩენს და ცდილობ, საკუთარ თავს, საქციელს კონტროლი გაუწიო.

- "უყვარს სხვისი და საკუთარი საიდუმლოებების შენახვა. მას სულში ისეთი კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ყველა მოკვდავისთვის აკრძალულია".

- მართალია. სულ 2 ადამიანია, რომელმაც ჩემ შესახებ ყველაფერი იცის და ერთ-ერთი ჩემი მეუღლეა. საიდუმლოს ცოცხალი თავით არ გავცემ.

- შორსმჭვრეტელი ხარ?

- ძალიან მინდა, ვიყო, მაგრამ ვერ ვარ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ჩემი ყოველი დღე აქტიური და იმდენად დატვირთულია, რომ მომავალზე ფიქრისთვის დრო აღარ მრჩება.

- "ის ადამიანს გამჭოლად ხედავს. ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშროება ელის".

- ხშირად არა, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ქუჩაში ჩემთვის უცხო ადამიანი მოდის და მიჩნდება შეგრძნება, რომ ვიცნობ. ასეთ დროს შემიძლია გითხრა, ის პიროვნება კეთილია თუ ბოროტი - ანუ დადებით და უარყოფით ენერგიებს ვგრძნობ... ამავე დროს, საოცარი ინტუიცია მაქვს.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- საოცრად მფლანგველი ვარ.

- "ის ხან ხელმომჭირნეა, ხან - უაზროდ ფლანგავს".

- 14 წლიდან ვმუშაობ და ფული არასდროს შემინახავს.

- "ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო უსუსურობის განცდა არაერთხელ ჰქონია".

- ერთი შეხედვით ძალიან თამამი და მხიარული ვჩანვარ. გაცნობის შემდეგ ბევრს უთქვამს, - ამბიციური ადამიანი მეგონეო. ეს ყველაფერი ჩემ მიერ ცხოვრების მანძილზე დაგროვილი ნიღბებია.

- ეს ნიღბები რისთვის გჭირდებოდა?

- არ ვიცი... ალბათ, თავდაცვის მექანიზმი იყო.

- რომ არა სიმორცხვე და მორიდებულობა, ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწევდი?

- დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ბედს ვუჩივი. ღმერთის წყალობით მაქვს ყველაფერი, რაც ჩემი ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ "ჟილკიანი" რომ ვიყო, უფრო მეტად წარმატებული ვიქნებოდი. ფარ-ხმალს ადვილად ვყრი. ვიცი, ეს ცუდია. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სტიმული ჰაერივით სჭირდება.

- შენი დაყოლიება რთულია?

- მძიმე ხასიათი მაქვს, საკმაოდ მძიმე, მაგრამ თუ სწორ გზას მონახავ, ჩემს დაყოლიებას იოლად შეძლებ. ყველაფერს ვაკეთებ მანამ, ვიდრე შენი გამოყოლა თავადაც მსიამოვნებს, მაგრამ როცა ეს მბეზრდება, მერე ვჯიუტდები.

- შენი ხასიათის სიმძიმე რაში გამოიხატება?

- ზოგჯერ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, განწყობილებას სხვასაც ვუფუჭებ, მაგრამ ამას გამიზნულად არასდროს ვაკეთებ.

- პესიმიზმისკენ მიდრეკილი ხარ?

- უიმედობის განცდა ადრე ნაკლებად მქონდა, ბოლო დროს კი რატომღაც, მომეძალა. ძალიან განვიცდი იმ მდგომარეობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. მინდა, ხალხი დაწყნარდეს. ოღონდ მშვიდობა იყოს და იმ ყველაფერს დავთმობ, რაც დღემდე მიკეთებია.

- "საქართველოს ვარსკვლავი" იწყება. ასეთი მასშტაბური პროექტის წამყვანი არასდროს ყოფილხარ.

- მე და გვანცა დარასელია "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანები ვართ. საკმაოდ რთული მისია გვაკისრია - ყველა იმ ადამიანის გულშემატკივრები უნდა ვიყოთ, ვინც საკუთარი შესაძლებლობები მთელ საქართველოს უნდა დაანახვოს. ჩვენ უნდა შევუქმნათ მათ ის განწყობა, რომ თავი რაც შეიძლება კარგად წარმოაჩინონ. მსახიობი ვარ და გამხნევების ფასი ვიცი.

- გვანცა როგორი მეწყვილეა?

- გვანცასთან და მთელ შემოქმედებით გუნდთან ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თეატრის მსახიობმა პარტნიორის ფასი იცის. გვანცას შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა. ჩვენ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება