ხატია ბრაჭული - ”ლოგინის სცენის შემდეგ ჭორი გავრცელდა. თქვეს, რომ გიორგის საყვარელი ვარ”

ხატია ბრაჭული - ”ლოგინის სცენის შემდეგ ჭორი გავრცელდა. თქვეს, რომ გიორგის საყვარელი ვარ”

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედმა" "ღამის შოუს" სტუდიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა, სერიალის - "გოგონა გარეუბნიდან" მსახიობებმა: გიორგი გაგლოევმა და ხატია ბრაჭულმა (რომლებიც სერიალში ზურიკოსა და მარიკას როლს ასრულებდნენ) ახალი სამსახურის ძებნა დაიწყეს. ხატიას ბერა ივანიშვილის სტუდიაში მუშაობა სურს, გიორგიმ კი აღნიშნა, რომ ნებისმიერ ტელევიზიასთან ითანამშრომლებს, თუ რა თქმა უნდა, კარგ შემოთავაზებას მიიღებს.

ხატია:

- სტაბილური სამსახური გვქონდა, ჩვენი პროფესიით ვმუშაობდით, მაგრამ ერთ დღეს ჩემი კარიერა თითქმის დაინგრა. თავად მაყურებლებსაც არ ესიამოვნებათ, როცა შეიტყობენ, რომ სერიალი ეთერში აღარ გავა. ამ ფაქტს ძალიან განვიცდით.

გიორგი:

- ეს ახალი ამბავი ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო! მთელი დღე გადაღება მქონდა, საღამოს კი დამირეკეს და მითხრეს, - ტელეკომპანია "იმედმა" განაცხადა, რომ გასართობი გადაცემები ეთერში აღარ გავა და შესაბამისად, ჩვენს პროექტს ვწყვეტთო. გული ძალიან დამწყდა. "ღამის შოუს" სტუდიის ყველა პროექტის ბედი ახალ შემოთავაზებებზეა დამოკიდებული.

ხატია:

- ცხოვრებაში "ჩავარდნის" პერიოდიც დგება ხოლმე - ალბათ, ეს საჭიროა იმისთვის, რომ უკეთესი რაღაც მოხდეს. მზად ვარ, ახალი სამსახური მოვძებნო... გუშინ "ღამის შოუდან" რომ დამირეკეს, მეგონა, - მეღადავებოდნენ. რას ვიზამთ, ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ.

გიორგი:

- ხატიას ვეთანხმები: ცხოვრებაში რაღაცას დასაწყისიც აქვს და დასასრულიც. არასოდეს არ უნდა დანებდე.

- მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო "იმედში" ცვლილებები რომ მოხდებოდა, ამაზე ინფორმაცია აქამდე არ გქონდათ?

ხატია:

- ტელევიზიის "შიდა სამზარეულოში" არეულობა იყო. ძალიან მინდა, მშვიდ ქვეყანაში ვიცხოვრო. არ მსურს, საქართველოში ძალადობა ხდებოდეს. ფულის ცუდი გზით შოვნას მირჩევნია, სამსახური საერთოდ არ მქონდეს.

- პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად იყავით ჩართულები?

გიორგი:

- რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები მქონდა, მაგრამ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ხმამაღლა არ ვგულშემატკივრობდი. შესაბამისად, ვერ წარმოვიდგენდი, სერიალი თუ დაიხურებოდა. როგორც ცნობილია, ტელეკომპანიას ფინანსური კრიზისი აქვს და ალბათ, გადაცემები ამიტომაც დაიხურა. მიმაჩნია, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია. მისასალმებელია, რომ დღეს ქუჩაში მიტინგები აღარ არის.

- "იმედის" და "ღამის შოუს" თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა თუ არა, სოციალური ქსელის მეშვეობით, სამსახურის ძებნა დაიწყეთ. უკვე შემოთავაზებაც ხომ არ გაქვთ?

- ჯერჯერობით - არა. გამოხმაურებებს ველით (იცინის). მსურს, ჩემი პროფესიით ვიმუშაო; არ მინდა, "გავჩერდე".

ხატია:

- ალბათ, ჩვენი სერიალი ბევრმა ნახა. იმედია, ტელევიზიები მსახიობებით დაინტერესდებიან.

გიორგი:

- უკვე ტკბილად მახსენდება ის პერიოდი, როცა სერიალი დაიწყო: ჩემი გმირი მორიდებული იყო, ხატიასი - ამბიციური, ზედმეტად თავდაჯერებული; ზურიკოს არაადამიანურად ექცეოდა, სულ აქილიკებდა. დრო გავიდა და ჩვენი პერსონაჟები დამეგობრდნენ, მეორე სეზონის მიწურულს კი დათვრნენ და ლოგინში ერთადაც აღმოჩნდნენ... სერიალი რომ გაგრძელებულიყო, ალბათ, "სხვანაირადაც" დამეგობრდებოდნენ.

ხატია:

- ლოგინის სცენის შემდეგ ჭორი გავრცელდა. თქვეს, რომ გიორგის საყვარელი ვარ... არადა, უმნიშვნელო სცენა იყო.

- ანუ რეალურად ერთმანეთთან რომანტიკული ურთიერთობა არ გაქვთ?

გიორგი:

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ (იცინის).

- მაშინ ხატიას ვკითხავ...

ხატია:

- არა. მე და გიორგი ძალიან ახლო მეგობრები ვართ.

- როგორი მეგობრები ხართ? გიორგის რეალურ ცხოვრებაშიც ხომ არ აქილიკებ?

გიორგი:

- რეალურ ცხოვრებაში პირიქით ხდება - ხატიას თავად დავცინი, ვეღადავები...

ხატია:

- იტყუება! უფრო ზუსტად, თითქმის სიმართლეს ამბობს: როგორც მეგობრებს შორის ხდება ხოლმე, საკუთარ ამბებს განვიხილავთ და ზოგჯერ ერთმანეთზე ვიცინით კიდეც.

გიორგი:

- რაზეც "დავიჭერ", ყველაფერზე მეგობრულად "ვექილიკები".

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? სერიალში თქვენი გმირები ხშირად თვრებოდნენ.

ხატია:

- ალკოჰოლის მოყვარული არ ვარ. ისედაც ყოველთვის კარგ ხასიათზე გახლავართ, გართობას არ ვიკლებ. უბრალოდ, ერთ ჭიქა ალკოჰოლურ სასმელზე უარს არასოდეს ვამბობ.

გიორგი:

- ხატიაზე ერთ ამბავს გავიხსენებ: კოქტეილი დალია, უფრო სწორად, ზუსტად ერთი ყლუპი მოსვა და ისე გაითიშა, მანქანამდე "მიიტანეს". თან, ისეთი სიცილი აუტყდა, რომ სერიალში მისი გმირის კისკისი მონაგონია!

- უცნაურ ანეკდოტებსაც ჰყვები ხოლმე?

ხატია:

- ზოგადად, ანეკდოტებზე არ მეცინება ან შეიძლება, გვიან გამეცინოს. ის 2 ანეკდოტი, რომელიც სერიალშიც გამოიყენეს, მეგობარმა მიამბო. ვინაიდან ამ ანეკდოტებზე მაშინვე გამეცინა, სტუდიაშიც მოვყევი. ყველა ცუდად გახდა - ეს რა არის, რა მოგვიყევიო?! ეს ამბავი სცენარისტებმა სერიალშიც გამოიყენეს.

- გიორგი, სასმელთან ისევ "მეგობრული" დამოკიდებულება გაქვს?

- მიყვარს და რა ვქნა? ჩემს დათრობას ისეთი ამბები მოჰყოლია, რომ გამხელის მრცხვენია...

ხატია:

- ამ ზაფხულს მეგობრები ერთად ვისვენებდით. ჰოდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ გიორგი ბევრად საყვარელი და მხიარულია. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გოგონებს ძალიან მოსწონთ...

გიორგი:

- სიმთვრალისას ყველა ღამის კლუბს მოვივლი ხოლმე, რათა ენერგია დავხარჯო.

- ხატია, სიცილის გარდა, შენს პერსონაჟს კიდევ რით ჰგავხარ?

- ჩემი გმირის მსგავსად, კარიერისტი ვარ და რეალურ ცხოვრებაშიც სპორტსმენი ბიჭები მომწონს.

- მახსოვს, შეყვარებული იყავი...

- უკვე 4 თვეა, რაც შეყვარებული აღარ მყავს. ჩემს პირად ცხოვრებაში გარკვეული სიახლეებია: საინტერესო კანდიდატები არსებობენ. ვნახოთ, ჩემ გვერდით ყოფნას ვინ დაიმსახურებს.

გიორგი:

- ჩემს გმირთან ის საერთო მაქვს, რომ ორივე მხიარულები ვართ, ოღონდ - მე დეგენერატი მხიარული არ ვარ. ახალ სეზონზე ზურიკო ახალი იმიჯით გამოჩნდა: უფრო თავდაჯერებული გახდა და მგონი, ნელ-ნელა "ზურაბი" ხდებოდა. სამწუხაროდ, სერიალი "ზურაზე" გადასვლის პერიოდში "გაჩერდა"... რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, შეყვარებული ვარ.

- ერთგული ხარ?

- "განახლებული" ზურიკოსავით მექალთანე არ ვარ; არ შემიძლია, სიყვარულის ობიექტი ყოველდღე ვცვალო. იშვიათად მიყვარდება. შეყვარებულისგანაც ერთგულებას მოვითხოვ.

- ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ! დასასრულ, რამის თქმა ხომ არ გინდათ?

ხატია:

- იმედია, ტელევიზიები ჩვენით დაინტერესდებიან და მომავალში ბევრ საინტერესო როლს ვითამაშებთ. სერიალის დახურვით არაფერი მთავრდება.

გიორგი:

- სერიალის შემოქმედებით ჯგუფს, ყველა მეგობარს და მთელ საქართველოს მშვიდობას, წინსვლას, ახალი იმედის გამართლებას...

ხატია:

- (აწყვეტინებს) და ოცნებების ახდენას ვუსურვებთ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება