"რეიტინგის" დამსახურებაა, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ ვარ"

"რეიტინგის" დამსახურებაა, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ ვარ"

რატი წითელაძე აღმოსავლური ორთაბრძოლის თითქმის ყველა სახეობაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ ორი წლის წინ სპორტს თავი დაანება და მსახიობობა გადაწყვიტა. "რეიტინგში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ მას პოპულარობა მოუტანა და ახლა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ანი ჯაჯანიძესთან ერთად ცდილობს დაამტკიცოს, რომ ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან მოინდომებ.

- რატი, რადგან პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობ, გამოდის, ვარსკვლავი ყოფილხარ. რამდენად მიიჩნევ თავს ვარსკვლავად?

- ამ თემაზე საერთოდ არ მიფიქრია და არც მადარდებს. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. ბოდიში, მაგრამ თქვენს შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. მინდა "რეიტინგს" დიდი მადლობა გადავუხადო. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ ვარ, ეს თქვენი ჟურნალის დამსახურებაა. ახლა ვფიქრობ, მაშინ ცუდად მოვიქეცი, გულახდილი ინტერვიუ რომ მივეცი თქვენს ჟურნალს. არ უნდა მეთქვა, რომ სექსში დიდ ფულს მთავაზობდნენ, მაგრამ ამ სკანდალის მერე გავხდი პოპულარული. მაშინ სიმართლე ვთქვი, მაგრამ ახლა ამ სიმართლეს აღარ ვიტყოდი. ამის შემდეგ პირადულზე აღარ ვლაპარაკობ.

- სკანდალი შენ გარშემო გრძელდება. ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვენი ცეკვის შემდეგ დაიჟინა, რომ შენ და ანის ერთმანეთი მოგწონთ...

რატი:

- ვუთხარი, მეუღლე ჰყავს-მეთქი, მაგრამ ტექნიკური ხარვეზი იყო, ვერ გაიგო, რა ვთქვი და კიდევ გაიმეორა, ზუსტად ვიცი, ერთმანეთი მოგწონთო.

ანი:

- მერე ბოდიში მოიხადა. თქვა, აშკარად კარგად იცეკვეთ, რაც ჩანაფიქრი იყო, ჩვენამდე მოიტანეთ, რამაც მაფიქრებინა, რომ ერთმანეთი მოგწონთო.

რატი:

- ჩვენი ცეკვის შემდეგ მალევე სარეკლამო პაუზა იყო. ნანუკა მოვიდა და მითხრა, დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ ანის ქმარი ჰყოლიაო... ბოლო ექვსი თვე ძალიან შევიცვალე. ინტერვიუები არ მიმიცია. საკუთარ თავზე ვმუშაობდი. ერთადერთი, რაზეც დავთანხმდებოდი, ეს იყო სახალხო შოუში მონაწილეობა. სხვა შოუში არ მივიღებდი მონაწილეობას. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ და ძალიან მეწყინა, რომ ჩვენი ცეკვა კი არა, ჩემი და ანის პირადი ურთიერთობა გახდა მნიშვნელოვანი. თუმცა ვიცოდი, რომ პირველად როგორ კარგადაც უნდა მეცეკვა, ხალხი ისე ვერ აღიქვამდა.

- ანი, შენმა მეუღლემ რა თქვა ამ ყველაფერზე?

- (იცინის) ჩემი მეუღლე გიორგი რუხაძე მოცეკვავეა, ამიტომ ასეთ რამეზე რეაქცია არ აქვს. ეჭვიანი არაა. რატის და გიორგის კარგი ურთიერთობა აქვთ. წარმოუდგენელია, ჩემსა და რატის შორის რაიმე ხდებოდეს, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ.

რატი:

- შევეცადეთ, რაც შეიძლება, კარგად შეგვესრულებინა ცეკვა და არ გვეფიქრა იმაზე, მეუღლე ჰყავს თუ არა. ასე ვიქნებით მე და ანი ყველა ცეკვაში.

ანი:

- მოკლედ ვიტყვით, რომ ჩვენ შორის არაფერი ხდება. მყავს მეუღლე და სხვა დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩემი მეუღლე ესწრებოდა "ცეკვავენ ვარსკვლავებს". გადაცემის მერე ვილაპარაკეთ და ყველაფერი გავარკვიეთ. ამ ამბავზე ვიცინოდით და ვმხიარულობდით.

რატი:

- ადვილი არ ვარ საურთიერთოდ. მეუღლე რომც არ ჰყოლოდა ანის, საქმეს და პირად ურთიერთობას ერთმანეთში არ ავურევდი. მე და ანი თითქმის მთელი დღე ერთად ვართ და ცეკვაში ვრეპეტიციობთ. ბევრს ვღადაობთ. მართლა კარგად ვართ ერთმანეთთან. თუ ვინმე იტყვის, კარგი ურთიერთობა გვაქვსო, ის გადაამრავლეთ ორმოცდაათი ათასზე და მიხვდებით, როგორი მეგობრობა გვაქვს მე და ანის. მას ესმის ჩემი და ჩემი ცხოვრებისეული მსოფლმხედველობის. ცეკვაშიც კარგად ვუგებთ. თან ცოტა ეშინია ჩემი. თუ ვერ გამიგებს, შეიძლება ჩავარტყა.

ანი:

- ხუმრობს. რატი, შეიძლება შენი ნათქვამი ვინმემ დაიჯეროს.

რატი:

- მართლა ვხუმრობ. პირიქით ხდება. ანი მაჩმორებს ხოლმე.

- ანი, შენზე რას გვეტყვი?

- 21 წლის ვარ. 5 წლიდან ვცეკვავ. დედიკო იყო ჩემი პირველი მასწავლებელი, შემდეგ სხვადასხვა პედაგოგი მყავდა. ჩემი მეუღლე ჩემი მეწყვილეა.

- ერთმანეთი ამ პროექტში გაიცანთ, როგორც ვიცი...

რატი:

- დიახ, პროექტში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, საქართველოში არ ვიყავი. ტელეფონი არ მაქვს და ყველა ჩემი მეგობრის საშუალებით მიკავშირდება. უკვე ორი წელია, მობილური არ მაქვს. როცა საქმეს ვაკეთებ, არ მინდა, რამემ ხელი შემიშალოს. მხოლოდ "ფეისბუქით" ხერხდება ჩემთან დაკავშირება. მეგობარმა მომწერა, უნდათ, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიიღო მონაწილეობაო. დავრეკე გადაცემაში და ვუთხარი, თანახმა ვარ, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, მეუღლე არ ჰყავდეს ჩემს მეწყვილეს-მეთქი. ოღონდ დათანხმდი და არ ეყოლებაო. ჩამოვედი თბილისში, კონტრაქტზე ხელი მოვაწერე და ხუმრობით ვთქვი, იმედია, მეუღლე არ ჰყავს-მეთქი. კი, ჰყავსო, მითხრეს. თავიდან ვერ ვიჯერებდი, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ჩემს მეწყვილეს ჰყავს მეუღლე. შოკში ჩავვარდი. ვერ მოვითმინე, სანამ ანის პირადად ვნახავდი, ვუთხარი, სურათი მაჩვენეთ, როგორი იქნება ჩემი პარტნიორი-მეთქი, მაგრამ არ მაჩვენეს. ვიფიქრე, მახინჯი ხომ არ არის-მეთქი. ვამბობდი, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ვიცეკვებ, თუ არ მომეწონებოდა, გულით ვერ ვიცეკვებდი. პირველად რომ მოვიდა ანი პროექტში, მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო ჩემი მეწყვილე. ხელზე მაშინვე შევნიშნე საქორწინო ბეჭედი. თანაც, ნახევარი საათით დააგვიანა მოსვლა და ვიფიქრე, ეს ვინ შემხვდა, თან გათხოვილია და თან აგვიანებს-მეთქი.

ანი:

- თქვი, მას მერე როგორ ვიქცევი.

რატი:

- შემდეგ ერთხელაც არ დაუგვიანია.

ანი:

- წინა დღეებში რამდენჯერმე დაგვიბარეს ტელევიზიაში. ყოველთვის ადრე მივდიოდი, სხვები აგვიანებდნენ. მერე ვიფიქრე, ახლაც ასე იქნება-მეთქი და ამჯერად უკვე მე დავიგვიანე და დამხვდა პუნქტუალური ადამიანი, რატი, რომელმაც პირველივე შეხვედრისას მისაყვედურა. ახლა რომ იგვიანებ, მერე რაღა იქნებაო.

- რატი, რატომ არ გინდოდა, შენს მეწყვილეს ქმარი ჰყოლოდა?

- როცა ქმარი და შვილები ჰყავს, რთულია, ცეკვა პირველ ადგილას დააყენოს. სამწუხაროდ, საქართველოში პროფესიონალიზმი და ოჯახი ხშირად ერთმანეთში ერევათ. ამიტომაც მინდოდა, ჩემი მეწყვილე თავისუფალი ყოფილიყო. თან მინდოდა, მთელი დღის განმავლობაში დიდხანს გვევარჯიშა. თუმცა გამონაკლისებიც არის. ანი ამ შემთხვევაში გამონაკლისია და ჩემი ეს მოსაზრება მასზე არ გავრცელდა. სულ ერთად ვართ და სულ ვვარჯიშობთ.

- ანი, სანამ პირადად შეხვდებოდი რატის, თუ იცოდი, ვინ იყო. რა აზრი გქონდა მასზე?

- "იმედში" პირველად რომ მივედი, ჩვენი მეწყვილეების ფოტოები გვაჩვენეს. ჩემი ფოტო შავ-თეთრი იყო, პასპორტიდან ამობეჭდილი.

რატი:

- (იცინის) როგორც ჩანს, ამიტომაც არ მაჩვენეს შენი ფოტო.

ანი:

- (იცინის) ალბათ. ჩემს ფოტოზე სტეპლერით რატის სურათი იყო დაკრული. რომ დავხედე, როგორი ტანი ჰქონდა, ვაიმე-მეთქი, ვთქვი. ასეთი რეაქცია რატომ გაქვსო, მკითხეს. იმიტომ შევიცხადე, რომ დაკუნთული ბიჭები სამეჯლისო ცეკვებს, როგორც წესი, ვერ ცეკვავენ. დამაწყნარეს, ეს ბიჭი შპაგატშიც ჯდება და რასაც მიზნად დაისახავს, აუცილებლად მიაღწევსო. სიმართლე თუ გინდათ, რატი წითელაძის გვარი და სახელი გაგონილი არ მქონდა. სახლში რომ მივედი, ვთქვი, წითელაშვილთან ერთად ვიცეკვებ-მეთქი. საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო რატი. მერე ინტერნეტში "პროფილი" და "ასი გრადუსი ცელსიუსი" ვნახე, სადაც ის მონაწილეობდა და მეორე დღეს რატიზე ინფორმაციით აღჭურვილი გამოვცხადდი.

რატი:

- ვიცოდი, ვინც უნდა ყოფილიყო ჩემი მეწყვილე, ჩვენზე ჭორაობას მაინც დაიწყებდნენ, ერთმანეთი მოსწონთო. არ ვამბობ, რომ ძალიან მაგარი "როჟა" ვარ. უბრალოდ, სულ ასე ხდება და ახლაც ასე მოხდა. ზუსტად ვიცოდი, თუ ჩემს მეწყვილესთან კარგად ვიცეკვებდი, ჩვენზე ჭორები აგორდებოდა და მართლაც ასე მოხდა.

- რატი, ცეკვა ყოველთვის გეხერხებოდა?

- არა, ქორწილებში, კლუბებში და ქეიფებზე საერთოდ არ დავდივარ. ია ფარულავა მეუბნება, გამოქვაბულში ცხოვრობო. ზოგს შეიძლება გარეწარი ვეგონო, მაგრამ ასე ნამდვილად არაა.

- ვინც კლუბებში ერთობა, ან ქეიფი უყვარს, გარეწარი რატომ უნდა ეგონოთ?

- ჰგონიათ, კლუბებში დავდივარ და სექსში ფულს მთავაზობენ. ფულის გამო ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია. რაიმე პროექტებში რომ ვიღებ მონაწილეობას, ფულს მაშინაც არ ვიღებ. არ მიყვარს ფულთან შეხება. პირადად მე არანაირი ხელფასი არ მაქვს და არც ფული მაქვს.

- როგორ ცხოვრობ?

- მეგობრებთან ერთად ვარ. ბინა არ მაქვს თბილისში. არავინ მყავს არც ტელევიზიებში, არც ჟურნალებში და არც მთავრობაში. დავიბადე თურქეთის საზღვარზე. ჩემი მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. ჩემზე ბევრი ცუდად იმიტომ ფიქრობს, რომ კარგად არ მიცნობენ. "ცეკავენ ვარსკვლავებში" ყველა კარგადაა ჩემთან, ისეთი გამიცნეს, როგორიც რეალურად ვარ.

- როგორც ია ფარულავა ამბობს, გამოქვაბულში ცხოვრება რატომ გადაწყვიტე?

- ასე დიდი ხანია ვცხოვრობ. მანამდე კლუბებში დავდიოდი. დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს მიღებული. ბევრი შეცდომა დავუშვი ცხოვრებაში. თუმცაღა ამ შეცდომებმა და არასწორმა ნაბიჯებმა მომიყვანა დღემდე. შეცდომას ყველა უშვებს და ყველა ეცემა, მთავარია, დაცემული როგორ ადგები. ჩემს შეცდომებს ყოველთვის ვაღიარებ. პირადულზეც არ უნდა მელაპარაკა. მაგრამ ასე მოხდა და კარგი იყო თუ ცუდი, ახლა უფრო მაღალ დონეზე ვდგავარ და უფრო მნიშვნელოვანი რაღაცების გაკეთება შემიძლია. ყველაფერი გადავლახე. დღეში რამდენიმე საათი ვვარჯიშობ. სახლში რომ მივდივარ ცეკვის რეპეტიციიდან, კიდევ ვვარჯიშობ, კუნთები ფორმაში რომ მქონდეს. ამის შემდეგ კიდევ სადმე რომ წავიდე, რობოტი უნდა ვიყო. გარდა ამისა, ფილმს ვიღებთ მეგობრები და გართობისთვის საერთოდ ვერ ვიცლი. ამ ყველაფერს ფულის გამო არ ვაკეთებ. მიყვარს ცეკვა და ვცეკვავ. ორი წელია, სპორტსმენი აღარ ვარ. მივხვდი, რომ საკუთარ თავს უნდა აჯობო, არ უნდა გამოხვიდე და რინგზე ვიღაცები არ უნდა სცემო. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, უბრალოდ, ეს ჩემს ბუნებაში არ ჯდებოდა. ახლა მსახიობი ვარ, ერთ-ერთი ქართული სტუდიის სახე. ფილმზე და კლიპზე ვმუშაობ. გარდა ამისა, სულ ვამბობ, რომ ჰოლივუდში მინდა წავიდე. უბრალოდ, დროის ფაქტორია ჩემი სურვილის ასრულება. 16 წელი დამჭირდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი. ვიცი, რომ ჰოლივუდი და მსახიობობა ბევრად მაღლა დგას და რამდენი წელიც უნდა დამჭირდეს, ამ მიზნისკენ სვლისას არ გავჩერდები. გამომივა თუ არ გამომივა, ეს უკვე სხვა საქმეა. ვიცი, რომ თავს არ დავზოგავ. ახლაც, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" თავს არ დავზოგავ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად ვიცეკვო.

- ია ფარულავამ ერთხელ "დღის შოუში" მკლავის გარშემოწერილობა გაგიზომა. შენ რატომღაც ამ დროს მორიდებული იყავი და თავი უხერხულად იგრძენი. როგორც ჩანს, არ გიყვარს, როცა შენს დაკუნთულ სხეულზე ამახვილებენ ყურადღებას...

- გული მწყდება, რომ რაც უნდა გავაკეთო, მაინც ჩემს გარეგნობასა და სექსუალურობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

- საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი ხარ? იამ თქვა, 50 სანტიმეტრი აქვს მკლავის გარშემოწერილობაო.

- ცოტა შეეშალა, 50 არაა (იცინის). თუმცა არც იმას ვიტყვი, რამდენია.

ანი:

- ნახეთ, ჩემი ორივე ხელის მტევანი ვერ სწვდება (იცინიან).

რატი:

- თუ მომინდება სხვანაირი ტანი, სხვა ვარჯიშებს გავაკეთებ. ახლა ვაკეთებ ისეთ ვარჯიშებს, რომ ასეთი ტანი მქონდეს.

- როგორ ფიქრობთ, რომელ ტურამდე მიხვალთ?

- გულახდილად გეტყვით, ამაზე არ მიფიქრია. არც ვიცი, რომელ ნომერზე უნდა დამიმესიჯონ. ჩემთვის მთავარია, ჩვენ ვისიამოვნოთ ცეკვით.

ანი:

- ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხს მოეწონოს ჩვენი ცეკვა და დაგვიმესიჯონ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება