ლაიამ ჰემსვორტი: "მაილი ჩემი ოცნების ქალია!"

ლაიამ ჰემსვორტი: "მაილი ჩემი ოცნების ქალია!"

ოქროსთმიანი ავსტრალიელი ლაიამ ჰემსვორტი, კრის ჰემსვორტის უმცროსი ძმა, უკვე სამი წელია ჰოლივუდში მოღვაწეობს. მისი დებიუტი შედგა მუსიკალურ მელოდრამაში "უკანასკნელი სიმღერა".

ფილმი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მრავალი გაგებით: გადასაღებ მოედანზე შეხვდა მსახიობ მაილი საირუსს, რომელსაც მას მერე ხვდება და უკვე დაინიშნენ კიდეც.

მას მერე ასევე დიდი წარმატება მოუტანა თრილერმა "მშიერი თამაშები", მერე კი სტალონესთან ერთად ითამაშა ბოევიკში "მოუხელთებელნი-2". ლირიკულ ამპლუაზეც არ უთქვამს უარი და პარალელურად ითამაშა რომანტიკულ კომედიაში "ახალგაზრდა გულები".

"მაილიმ ბევრი რამ მასწავლა"

- ლოს-ანჯელესში სამი წლის წინ გადმოხვედით. ყველაზე მეტად რა მოგწონთ ამერიკაში?

- სამხრეთ შტატების მცხოვრებთა აქცენტი. საკმარისია, ნეშვილში გავემგზავრო ან ჩემი მეგობარი გოგონას ოჯახს ვეწვიო, მეც მათნაირად ვიწყებ ლაპარაკს. მომწონს ამერიკული სამხრეთი. იქ შემწვარ კერძებს ამზადებენ, ხალხი თავისუფალი და გახსნილია, ავსტრალიელებს მაგონებენ.

- დაკუნთულ ბიჭს, რომელიც ბოევიკებში თამაშობს, შემწვარი კერძები უყვარს? კიდევ რას მიირთმევთ?

- როლის მიხედვით ან ვიმატებ წონაში, ან ვიკლებ და თან მუდმივად ვცდილობ სპეციალურ დიეტას მივდიო: ხორცი, ბოსტნეული, ხილი, თან ყველაფერი უმი. თუ გახდომა მინდა, ულუფებს ვამცირებ. თუმცა ნიუ-იორკში რომ ჩავდივარ, ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, იქაური პიცა პეპერონის გარდა, ვგიჟდები მის ხრაშუნა ცომზე. ახლა იშვიათად ვამზადებ, მაგრამ ძალიან მომწონს რაიმეს შეწვა ან სოუსის გაკეთება. კრევეტების შეწვა მიყვარს ქოქოსის ზეთში.

- კულინარიც ყოფილხართ, ნამდვილად საოცნებო მამაკაცი. თქვენი ოცნების ქალი როგორია?

- ეს ჩემი საცოლეა. ის ხალისიანია, იუმორის გრძნობა აქვს. მან მასწავლა, რომ არ ღირს ყველაფრის მეტისმეტად სერიოზულად აღქმა და უკან დახევა.

- თქვენს ჩაცმის სტილზე თუ ახდენს გავლენას?

- არა, ეს არ აღელვებს. მე ძალიან არათანმიმდევრული ვარ. დღეს შეიძლება ძალიან მაგარი აღკაზმულობა მოვიფიქრო, ხვალ კი მაწანწალასავით ვიარო. უფრო ხშირად მაისურებსა და ჯინსს ვამჯობინებ.

- "აიფონი" გიჭირავთ, როგორი მუსიკა გაქვთ ჩაწერილი?

- 1960-70-80-იანი წლების როკი მიყვარს. კიდევ, მიყვარს როდ სტიუარტი, ზაკ ბრაუნი და მატისიახუ - გსმენიათ მის შესახებ? მას აქვს მაგარი სიმღერა One Day. "ნირვანაც" მიყვარს. რომ ვუსმენ, თან ვღიღინებ ხოლმე.

"თავს გამუდმებით სუსტ რგოლად ვგრძნობდი"

- "მოუხელთებელნი-2"-ში სილვესტერ სტალონესთან ერთად ითამაშეთ. ფილმ "როკის" მუსიკალურ თემასაც ხომ არ ღიღინებთ ხოლმე?

- მუდმივად (იცინის). მაგ ფილმის სიმღერა ერთადერთია, რასაც ვუსმენ, როცა კრივში ვვარჯიშობ.

- ამ ფილმის გუნდმა იოლად მიიღო ახალბედა?

- ცოტა მეშინოდა გადაღებების დაწყების, მაგრამ მერე ძალიან მომეწონა ამ ბიჭებთან ერთად ყოფნა. მათ უამრავ ფილმში უთამაშიათ და ყველანი მეგობრობენ. გარდა ამისა, შესანიშნავ ფორმაში არიან. რენდი კუტიური აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მონაწილეა, ჯეისონ სტეტჰემი - ეს... უბრალოდ ჯეისონ სტეტჰემია. რაკი ჩემი გმირი დანარჩენებზე ახალგაზრდაა, ივარაუდება, რომ ის მათზე მაგარიც უნდა იყოს, მაგრამ თავს გამუდმებით სუსტ რგოლად ვგრძნობდი.

- სამაგიეროდ, თქვენი გმირი გუნდში საუკეთესო მსროლელია. მიზანში როგორ ისვრით?

- ნორმალურად. მწვრთნელთან ვმეცადინეობ. თუმცა სნაიპერის იარაღი საშინლად მძიმეა, ოც კილომდე იწონის.

- თქვენმა ძმამ კრისმა თორი განასახიერა. ვინ გაიმარჯვებდა, თორსა და თქვენს გმირ ბილს რომ ებრძოლათ?

- თორი ღმერთია, ღმერთს კი ვერ დაამარცხებ. და მნიშვნელობა არა აქვს, როგორი იარაღი გექნება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება