აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 21 წლის ბანგლადეშელი ექსტრემისტი დააკავა, რომელიც ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის აფეთქებას გეგმავდა. ეჭვმიტანილის დაკავება ოპერატიული ექსპერიმენტის მეშვეობით მოხერხდა. ბიუროს ნდობით აღჭურვილმა პირმა ყაზი მუჰამად ნაფისს წყობიდან გამოსული დეტონატორები და ქიმიკატები მიჰყიდა, რომელთაგანაც ამ უკანასკნელმა "მასიური ბომბი დაამზადა", რომლითაც სარეზერვო ბანკის შენობის აფეთქებას აპირებდა. საგამომძიებლო ბიუროს განცხადებით, საზოგადოებასა და ბანკის შენობას საფრთხე ოპერაციის არც ერთ ეტაპზე არ ემუქრებოდა, რადგან "ბომბი" არ აფეთქდებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო "რომ მასში აღარაფერი იყო დარჩენილი, რასაც შეიძლებოდა რაიმე აფეთქება გამოეწვია".
მიუხედავად ჩაშლილი განზრახვისა, ნაფისს ბრალი მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის მცდელობასა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ედება. ბიუროს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ნაფისი ბანკის გარდა კიდევ რამდენიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტზე თავდასხმასაც გეგმავდა, მათ შორის პრეზიდენტ ობამაზეც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სარეზერვო ბანკზე შეაჩერა, რომელიც უდიდესია აშშ-ს 12 სარეზერვო ბანკს შორის. დღეს დილით ნაფისი ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგა ბრუკლინში. ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.