ჯანეტ ქერდიყოშვილმა ”მის უნივერსში” მონაწილეობას ცეკვა ამჯობინა

ჯანეტ ქერდიყოშვილმა ”მის უნივერსში” მონაწილეობას ცეკვა ამჯობინა

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი მონაწილე - "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ პროექტში დაკისრებული მოვალეობა კარგად შეასრულოს და წარმატებას მიაღწიოს. სამეჯლისო ცეკვები ყოველთვის მოსწონდა, მაგრამ აქამდე არასდროს უცეკვია. ახლა ცეკვასაც სწავლობს და წონაში დაკლებასაც ცდილობს. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ სიგამხდრე არ უხდება. თმის ფერიც ოდნავ შეიცვალა...

მაკიაჟი

- ვერ ვიტყვი, რომ გაღვიძებისთანავე თავის მოვლაზე ვფიქრობ. ვიდრე ახალგაზრდა ვარ, ზედმეტი კრემებითა და ნიღბებით სახის კანის დატვირთვა საჭიროდ არ მიმაჩნია. ჩვეულებრივ მკვებავ კრემს ვიყენებ... მაკიაჟის გაკეთება დამოუკიდებლად ვისწავლე. სკოლა რომ დავამთავრე, საბანკეტო მაკიაჟზე თავად ვიზრუნე. "მის საქართველოს" და "მის მსოფლიოს" კონკურსზეც მაკიაჟს დამოუკიდებლად ვიკეთებდი. არაჩვეულებრივი ვიზაჟისტები, სტილისტები გვყავდა და ცხადია, მათ ვენდობოდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მე უკეთ ვიცი, რა მიხდება. მაკიაჟის კეთებისას თვალების გამოკვეთა მიყვარს. პომადები, "ბლესკი" და კონტური არ მომწონს: უხერხულია, როცა ვინმეს გადაკოცნი და ლოყაზე პომადა დაეტყობა. ტონალურ კრემსაც იშვიათად ვიყენებ. ყოველდღიურად პუდრს, თვალის ფანქარსა და ტუშს ვხმარობ...

ზოგი ამბობს, - 22 წლიდან ქალმა უკვე ბოტოქსის გამოყენება უნდა დაიწყოსო. ეს იდეა მე კი მომწონს, მაგრამ დედაჩემს და ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს - არა. ალბათ, ბოტოქსი 35 წლის მერე არის საჭირო. საშუალება თუ მექნება, გამოვიყენებ. ქალი მოვლილი უნდა იყოს.

ვარცხნილობა და თმის ფერი

- ბავშვობიდან გრძელი თმა მაქვს. მუქი ფერის თმითა და ლურჯი თვალებით დავიბადე. თურმე, დედაჩემი ამბობდა, - ვის ჰგავს? ეს ჩემი შვილი არ იქნებაო (იღიმის). თავად ქერაა და ძალიან მუქი თმა არც მამას აქვს. 2-3 თვეში მუქი თმა გამცვივდა და თეთრი კულულები ამომივიდა.

პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" თმა ცოტათი გამიღიავეს, თორემ აქამდე მის შეღებვაზე არც მიფიქრია. თუმცა, ყოველთვის ვამბობდი: - როგორც კი გავთხოვდები, თმას ან შევიჭრი, ან - შევიღებავ-მეთქი (იცინის).

თმას განსაკუთრებულად არ ვუვლი. ვარცხნილობას დამოუკიდებლად, საბჭოთა კავშირის დროინდელი რკინის "ბიგუდებით" ვიკეთებ. დაბანისას შამპუნის მერე, ბალზამს ვიყენებ. თმის დასარბილებლად ნიღაბიც საჭიროა. ადრე მაიონეზისა და ლიმონის გამოყენება მირჩიეს, მაგრამ პირველსავე ცდაზე მივხვდი - მე ამას ვერ ავიტან!..

ვარჯიში და დიეტა

- პროექტისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ვარჯიში დავიწყე: დილით ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ მივდიოდი, მერე ცეკვაზე, მასაჟზე, აკვააერობიკაზე "ვიწურებოდი". გზაში მუსიკას რომ ვუსმენ, სულ ვითვლი: 1, 2, 3... წლების წინ დიეტოლოგთან ვიყავი და მან ამიხსნა, რომ შიმშილით წონაში ვერ დავიკლებ. უბრალოდ, სწორად უნდა ვიკვებო. გემრიელად ჭამა მიყვარს. მთელი ცხოვრება სწორად რომ იკვებო, კარგია, მაგრამ, როდესაც სადღესასწაულო სუფრას მიუჯდები, სწორად კვება არ გამოვა. ახლა 58 კილოგრამს ვიწონი. 55-მდე უნდა "ჩავიდე", მაგრამ ისიც ვიცი, რომ სიგამხდრე არ მიხდება. კარგად ცეკვისთვის სულაც არ არის აუცილებელი, ძალიან გამხდარი იყო. ქალური ფორმები უფრო მომხიბვლელია! მთავარია, კუნთი განვითარებული გქონდეს, რათა ცეკვისას მკვეთრი და სწორი ნაბიჯები გადადგა, კუნთის განვითარებას კი თვეებიც არ ეყოფა...

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრები ძალიან მკაცრები იყვნენ: თავდაპირველად უფრო ლმობიერები რომ ყოფილიყვნენ, უკეთესი იქნებოდა. თუმცა, ნაწყენი არ ვარ... ამას წინათ ქუჩაში უცხო ბიჭმა ჩემთან მოირბინა და პატარა ყუთი მომცა. მითხრა: ეს - შენ, ლამაზად რომ იცეკვე, იმიტომო. იმ ბიჭის სახელიც კი არ ვიცი. თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მადლობას ვუხდი.

სამოსი

- ჯინსსა და კედს ვერ ვიტან. ერთი პერიოდი, როცა კედის "ბუმი" იყო, 2-3 წყვილი მეც ვიყიდე, მაგრამ ქუჩაში არც ჩამიცვამს. მათში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. თუ ძალიან გამხდარი არ ხარ, ოდნავ მაღალყელიანი (კოჭამდე) კედი ფეხს ვიზუალურად ძალიან ამოკლებს. მოდურად ჩაცმა იმას არ ნიშნავს, რომ ზუსტად ისე შეიმოსო, როგორც "ფეშენ ტივიზე" უჩვენებენ. მთავარია, ტანსაცმელი გიხდებოდეს. ზოგი ამბობს, - მაღალი რომ ვიყო, სულ დაბალძირიანი ფეხსაცმლით ვივლიდიო. არადა, "ქუსლებზე" დადგომა ყველა ქალს უნდა...

ჩემს გარდერობში ძვირად ღირებული სამოსიც არის და შედარებით იაფფასიანიც. შოპინგი ძალიან მიყვარს. ჯიბეში მხოლოდ 50 ლარი რომ მედოს, საყიდლებზე მაინც წავალ, რადგან პატარა საყურის ან მაისურის ყიდვაც კი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ბევრი მოდელი მეგობარი მყავს. როცა მათ ვეუბნები, - ახალი მაღაზია გაიხსნა და წავიდეთ-მეთქი, მპასუხობენ: აუ, მეზარება, დედა მიყიდის და იმას ჩავიცვამო. ისე, ზოგს ისეთი ტანი აქვს, მართლა ყველაფერი უხდება.

სამკაულები და აქსესუარები

- მგონია, რომ ოქროსა და ბრილიანტის სამკაულების გამოყენების უფლება მაშინ გაქვს, როცა "ასაკში შედიხარ". ახალგაზრდებისთვის თეთრი ოქრო და ვერცხლი უკეთესია. საათები ძალიან მომწონს - ბევრი მაქვს. სათვალე ძალიან მიყვარს, მაგრამ იშვიათად ვიკეთებ. ჩემი სამკაულებიდან განსაკუთრებულად გიშრისთვლინი ოქროს ყელსაბამი მიყვარს!

საქმე

- ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მეუბნებოდნენ, - რომ მოინდომო, სამოდელო სფეროში შორს წახვალო... ჩინეთიდან, საფრანგეთიდან ბევრი მიწვევა მქონდა, მაგრამ საკუთარ თავს სამოდელო სფეროში ვერ ვხედავ. მოდელობა იმ პროფესიად არ მიმაჩნია, რომელსაც უნდა "გავყვე". თან - მოკლევადიანია: 24 წლამდე თუ ვერაფერს მიაღწიე, მერე არავის სჭირდები. ეს საქმე მამასაც არ მოსწონს. გამიმართლა, რომ პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" - დამაკავეს. უპირველეს ყოვლისა, ამისთვის უფალს ვუხდი დიდ მადლობას, შემდეგ კი - ტელეკომპანია "იმედს", რადგან გავახსენდი... ვიდექი არჩევანის წინაშე - "მის უნივერსის" კონკურსზე გავმგზავრებულიყავი თუ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიმეღო მონაწილეობა? ია კიწმარიშვილი ყველანაირად გვერდში დამიდგა. ბოლოს გადავწყვიტე, წარმატებისთვის ჩემს ქვეყანაში მიმეღწია. ბავშვობაში მოქნილი ვიყავი. დედას ვთხოვდი ხოლმე, რომ სამეჯლისო ცეკვების წრეზე შევეყვანე, მაგრამ თხოვნა არ გაითვალისწინა. პროექტში გამარჯვება ძალიან მინდა. ვნახოთ, რა გამომივა.

დასვენება და გართობა

- იყო პერიოდი, როცა ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. ღამის ცხოვრება, "ტუსოვკები", კლუბებში სიარული არ მიყვარს. ბავშვობაში, როცა ჩემთვის კლუბში შესვლა არ შეიძლებოდა, ერთი სული მქონდა, როდის შევიდოდი; წლების შემდეგ კი კლუბს ყოველთვის ძმასთან ან ნათესავებთან ერთად ვსტუმრობდი. ერთხელ მეგობარ გოგონებთან ერთადაც წავედი და მივხვდი: ეს ის არ იყო, რაც მე მეგონა. შეიძლება, უახლოესი მეგობრის "ივენთზე" წავიდე, ისიც - იშვიათად...

ბუნებაში ყოფნა ძალიან მიყვარს - "ტყის გოგო" ვარ (იცინის). ზაფხულში ზღვაზე მივდივარ ხოლმე: ბათუმი გასართობად კარგია, დასასვენებლად - არა. იქიდან ძალიან დაღლილი ვბრუნდები.

ოჯახი

- დედიკო, მამიკო და ძმა მყავს. კონკურსზე ძმაც წავიყვანე და ყველას შეყვარებული ეგონა. როცა ვთქვი, - ეს ჩემი ძმა არის-მეთქი, ძალიან გაუხარდათ (იცინის). ჩვენ განსაკუთრებული დაძმობა გვაქვს. ჯეკო პირველი კურსის სტუდენტია - დიპლომატიის ფაკულტეტზე სწავლობს. მისთვის "ძმაკაცი" უფრო ვარ, ვიდრე - უფროსი და... მამასთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ის ყველა სურვილს მისრულებს. მასთან გულწრფელი ვარ - არასოდეს ვატყუებ. პრინციპული კაცია. ძალიან მენდობა, არ მამოწმებს, მაგრამ პატარა ტყუილში რომ გამომიჭიროს, შეიძლება მითხრას, - ჩემი შვილი არ ხარო. მამასთან არასოდეს მიჩხუბია. ოდნავ ტონს თუ აუწევს, მაშინვე ვტირი... დედა მომთმენიცაა და მკაცრიც. ძალიან მიყვარს! მის მიმართ ჯეკო უფრო მეტ სითბოს იჩენს - ხშირ-ხშირად ეხუტება, მე კი უფრო "დასტოინი" ვარ.

ამ ეტაპზე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცეკვაა. ცეკვაზე შეყვარებული ვარ და მგონი, "მასაც" ვუყვარვარ. ერთად თავს ისე კარგად ვგრძნობთ, რომ ჯერჯერობით, სხვა არავინ გვჭირდება. თუმცა, როგორც ყველა გოგონას, მეც მინდა გამოვცადო, სიყვარული როგორი გრძნობაა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება