ნინი შერმადინი: "არც მიშას ვეკუთვნი და არც ბიძინას..."

ნინი შერმადინი: "არც მიშას ვეკუთვნი და არც ბიძინას..."

მომღერალი ნინი შერმადინი 8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. 18 ნოემბერს ბროდვეიზე გაიმართება კასტინგი მიუზიკლისთვის "კაბარე", რომელშიც ქართველი მომღერალიც მიიღებს მონაწილეობას. ბუნებრივია, ამ ამბით პირველი თქვენი ერთგული ბუკლიკო დაინტერესდა, თუმცა მასთან ინტერვიუ ძველი ამბების გახსენებით დავიწყე.

- ნინი, შენ იმ მომღერლების რიცხვში შედიხარ, რომლებიც ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო კონცერტებზე მღეროდნენ. რამდენიმე მათგანმა ციხის კადრების შემდეგ მათ კონცერტებში მონაწილეობაზე უარი საჯაროდ განაცხადა. შენ რატომ არ იყავი მათ რიცხვში?

- ძალიან მარტივი მიზეზი მაქვს. კადრების ეთერში გასვლის დღიდან საარჩევნო კონცერტები გაუქმდა. მაშინ არავის გვემღერებოდა. ნაციონალურმა მოძრაობამ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ არ მესმის იმ კოლეგების, ვინც უარს საჯაროდ ამბობდა ამაზე. კონცერტები აღარ იყო და რაზე უნდა მეთქვა უარი. დღეს ბევრი მაკრიტიკებს ამ კონცერტებში მონაწილეობისთვის. არ ტარდებოდა სხვა კონცერტი, სადაც მომღერალს თავისი თავის რეალიზება შეეძლო. თან ამ კონცერტებზე მხოლოდ პოლიტიკოსების ლოზუნგების თუ წინასაარჩევნო დაპირებების მოსასმენად არ მოდიოდა ხალხი. ისინი ჩვენ მოსასმენად მოდიოდნენ. მე ხალხისთვის ვმღეროდი და არა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციისთვის. სულ ვამბობ, რომ მომღერალი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. თუმცა, იყო რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატი, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან, ძალიან კარგი ადამიანები და მათ მხარდასაჭერ კონცერტებს ყოველთვის უსასყიდლოდ ვთანხმდებოდი.

- გაიმარჯვეს?

- ერთმა - კი და ორმა - ვერა.

- მაგრამ შენ გეცვა მაისური ხუთიანით.

- როგორ გეკადრებათ!

- ფოტო მაქვს ნანახი, კოლაჟია?

- არც ერთ კონცერტზე არ მცმია მაისური, იმიტომ, რომ არ ვარ პოლიტიკოსი. არ ვეკუთვნი არც მიშას და არც ბიძინას. არასდროს პოლიტიზებული არ ვყოფილვარ, არავის მხარდამჭერი. ვუსმენდი ყოველთვის მას, ვინც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, ეს არის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე... იმ ღამეს, როცა ციხის კადრები ვნახე, ფეისბუქზე დავწერე ასეთი სტატუსი - "ჩემს კოლეგებს ვეკითხები, ვინმეს თუ ემღერება დღეს". ბევრი გამომეხმაურა, რომ - არავის. ყველასთვის შემზარავი იყო ეს ყველაფერი. იმ წუთას ქართველობაც კი შემზიზღდა. პირველად გამიჩნდა კაცის მოკვლის სურვილი, როცა იმ ჯალათის ხმას ვუსმენდი.

- მალე ამერიკაში მიემგზავრები...

- არსებობს ერთი კარგი ადამიანი, სოსო თოლორაია. ჯერ კიდევ "ჯეოსტარიდან" ვარ მისი აღმოჩენა და სიმპათია. ამას წინათ მითხრა, შენი ლინკები გამომიგზავნე სასწრაფოდო, გავუგზავნე და მომდის წერილი: შენ გელოდებიან ბროდვეიზე, სადაც უნდა დაიდგას მიუზიკლი "კაბარე". ვუთხარი, მასე ნუ მეხუმრები-მეთქი. ბოლოს დამარწმუნა, რომ სახუმარო არაფერი იყო და დავიწყე მზადება. უამრავჯერ ვნახე ფილმი "კაბარე". სიმღერები დავიზეპირე. შევავსე აპლიკაცია ამერიკის საელჩოში, შევედი და ათწლიანი მულტივიზა ჩამირტყა ამერიკის საელჩომ. 18 ნოემბერს არის კასტინგი. ოფიციალური წერილი მოვიდა იქიდან, მიმართეს კულტურის სამინისტროს, რომ დამიფინანსონ გზა. მაგრამ მე ხომ ბედი არაფერში არ მაქვს (იცინის), ეს იყო არჩევნებამდე. შესაბამისად, ვერავინ ვერაფერი დამიფინანსა. საკუთარი სახსრებით მოვახერხე და მივდივარ.

თუ კარგად წარმოვაჩენ თავს, ყველაფერი კარგად იქნება. თავის წარმოჩენა და საკუთარი ძალების დემონსტრირება კი არასდროს მეშლებოდა. ეს გინდა ამბიციაში ჩამითვალეთ და გინდა თავში ავარდნაში. იმის პრეტენზია ყოველთვის მქონდა, რომ კარგად ვმღერი. დიდი სურვილი მაქვს, იქაურ "ხმაშიც" გამოვიდე.

- არ წყდება შენი პირადი ცხოვრების განხილვა პრესის ფურცლებზე... ახლახან გავიგეთ, რომ შენს სტილისტს შეჰყვარებიხარ და შენს ცოლად მოყვანას გეგმავს.

- აი, ხომ ხედავთ, ჯერ ისევ საქორწინო ბეჭდის გარეშე მივფრინავ ამერიკაში. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში.

- სტილისტი არ მიგყავს თან?

- თუ კარგად მოიქცევა, წავიყვან.

- ცოტათი მაინც არ გწყდება გული, რომ ტოვებ შენს ქვეყანას?

- ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველოში რომ დავბრუნდები, ყველაფერი დალაგებული და დაწყნარებული იქნება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ნინი შერმადინმა ნიუ-იორკის მოდის კვირეული გახსნა

- ქართულ-სომხური ”ახ, ტურფავ, ტურფავ” - ნინი შერმადინი და ანდრე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება