ვინ არის მომღერალ დათო არჩვაძის რჩეული

ვინ არის მომღერალ დათო არჩვაძის რჩეული

"ეს ქალაქია"- ასე ჰქვია ალბომს, რომელიც დათო არჩვაძემ ახლახან გამოუშვა. ეს არის ალბომში შესული ერთ-ერთი სიმღერის სახელწოდება, რომელსაც ნანი ბრეგვაძე "ქართულ ხმებთან" ერთად ასრულებს. "ალბომში არის დუეტები, ძველი სიმღერების ახლებური ინტერპრეტაცია, სოლოსიმღერები. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს რეალობაში ასეთი ტიპის ალბომი აქამდე არ არსებობდა",- გვითხრა ინტერვიუს დასაწყისში მომღერალმა, რომელსაც ამჯერად ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ულამაზეს ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც დიდი სიყვარულით ერთად ცხოვრობს მშობელი, შვილი, ბებია და ბაბუა. ორი სოფელი მქონდა და ზაფხულობით ორივეს ვსტუმრობდი. დედის მხრიდან ხაშურის რაიონი, სოფელი ცხრამუხა და მამის მხრიდან- რაჭა, კვაშხიეთი. წელი არ გამიცდენია, რომელიმე სოფელში რომ არ ჩავსულიყავი. ბაბუამ შემაყვარა მიწათმოქმედება- მითოხნია, მიბარია, კარგად მესმის ღვინის ტექნოლოგიაც. 3 წლის ვიყავი, მაშინ სანზონაში ვცხოვრობდით, სამი დიდი ჭური გვქონდა მარანში, იმხელა ჭურები იყო, ბაბუა რომ ჩადიოდა მის გასარეცხად, კისერზე ვყავდი შემოსმული და ორივე კარგად ვთავსდებოდით. დღემდე მახსოვს მარნის სუნი, ჭურები ყარაჩოხელებით იყო მოხატული, მხატვარს დაახატვინა ბაბუამ. ჩვენი მარანი მართლაც ხელოვნების ნიმუში იყო. მერე მამამ გააგრძელა ეს ტრადიცია. სახლში დღესაც გვაქვს დიდი სტენდი სამზარეულოს კედელზე, სადაც თავმოყრილია უძველესი თუნგები, ყანწები, განსხვავებული სასმისები. დღეს მე ვაგრძელებ ბაბუის დაწყებულ ტრადიციას.

- მშობლებზე გვიამბეთ...

- მამა, გოჩა არჩვაძე, პროფესიით ეკონომისტია, წლების განმავლობაში "ცეკავშირში" მუშაობდა. მღეროდა "ცეკავშირის" ანსამბლში. მისი მეგობარი და მაესტრო იყო კოტე მშვიდობაძე. კოტე იმ პერიოდში თემურ ქევხიშვილთან მუშაობდა და მამამ გააგრძელა ტრადიცია, 6 წლის ასაკში თემურ ქევხიშვილის ანსამბლ "დარიალში" მიმიყვანა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ორმა ადამიანმა გამზარდა მუსიკალურად. დედა, თამარ გრიგალაშვილი-არჩვაძისა, პროფესიით მეთოდისტია. რამდენიმე წელი მუშაობდა, მაგრამ უფრო დიასახლისობს. მყავს უფროსი და, გვანცა არჩვაძე, რომელიც სტომატოლოგია. ყველა და-ძმა კამათობს ბავშვობაში. გვანცაც მაწვალებდა ხოლმე ხუმრობით. მე უფრო მომთმენი ვიყავი. საოცარი ურთიერთობა გვაქვს დღემდე.

- ხასიათით ვის ჰგავხართ?

- დედას და ბებიას დედის მხრიდან. წყენის გულში ჩადება არ ვიცით. ძალიან არაკონფლიქტური ვარ. ვეუბნები კიდეც დედას, რაღა მაგაში დაგემსგავსე-მეთქი. კაცის ცხოვრებაში ხდება ისეთი რაღაცები, როცა უნდა შეერკინო, შეეჭიდო, პასუხი მოსთხოვო. საერთოდ, უთქმელი ვარ. რაც კი ცუდი გაუკეთებიათ ჩემთვის, სამაგიეროს სიჩუმით ვუხდი. სულ რომ წიხლებით გადამიარონ თავზე, ხმას არ ვიღებ, ღმერთს მივანდობ ხოლმე მათ განსჯას. მერე ისეთი რამ მოსდით, ცოტა შემშინებია კიდეც. მინდა, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, ისიც კი, ვისაც ჩემთვის ცუდი უნდოდა.

- კაცის ცხოვრება ახსენეთ, ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ქუჩასთან აქვს შეხება... რა მოგცათ იმ პერიოდმა?

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ბავშვი ვიყავი, ნაძალადევში ვცხოვრობ და ქუჩა არ იყო ჩემთვის უცხო. როცა ქუჩასთან ურთიერთობა მიწევდა, ყველას ვუყვარდი, მაფასებდნენ, მეც ვაფასებდი ყველას, მიუხედავად მათი ცხოვრების სტილისა. მთავარია, შენ იყო მართალი, არ შეცდე, თორემ ცდუნების მომენტი ყოველთვის არის. შემოუთავაზებიათ მოსაწევიც, წამალიც, მაგრამ სხვა კატეგორიის ადამიანი ვიყავი მაშინაც და დღემდე ასე ვარ... 9 წლის ვიყავი, პირველად გერმანიაში რომ გამიშვეს მშობლებმა გასტროლზე. დამოუკიდებლობას მალევე შევეჩვიე. 12 წლის ასაკში მოვლილი მქონდა გერმანია, საფრანგეთი, ამერიკა, თურქეთი. ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. იქ მარტო სიმღერას არ ვსწავლობდი. ბავშვი დატვირთული უნდა იყოს, თავისუფალი დრო არ უნდა ჰქონდეს. ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატვირთო ბავშვი იმ სპორტით თუ კულტურის სფეროთი, რისკენაც მიდრეკილება არ აქვს. ძალდატანებითი არაფერი ვარგა.

- პირველი სამსახური, პირველი ხელფასი.

- თუ გახსოვთ ნანა ჯორჯაძის ფილმი "სიყვარულის ათას ერთი რეცეპტი", სადაც პიერ რიშარი და ხათუნა იოსელიანი თამაშობენ. ამ ფილმში მქონდა ეპიზოდური როლი, რაშიც გარკვეული ჰონორარი ავიღე. თუმცა გერმანიაში გასტროლზე, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, 800 მარკა გადამიხადეს. იყო ასეთი დრო, როცა ბავშვებს ფულს გვიხდიდნენ გასტროლებზე. დღეს, სამწუხაროდ, მშობელს უწევს ამაში ფულის გადახდა. ორი გუნდის ხელმძღვანელი ვარ და ძალიან მწყდება გული ამაზე. პირველი ჰონორარი იქვე, გერმანიაში დავხარჯე. მთელ სანათესავოს საჩუქრები ჩამოვუტანე. დეიდებს, მამიდებს ფეხსაცმელები ჩამოვუტანე, ზომები მქონდა წაღებული (იცინის), წუნიც არ შეუტანია არავის. 9 წლის ვიყავი, არ დაგავიწყდეთ და ისეთი გემოვნებით მქონდა ყველაფერი შერჩეული, ყველა ყუთის გახსნას ოვაციებით ხვდებოდნენ ჩემები. მას მერე ყოველთვის წარმატებით ვარჩევ საჩუქრებს.

- სასიყვარულო გამოცდილებაზეც ვისაუბროთ.

- ბაღიდან მოყოლებული, სულ შეყვარებული ვიყავი. თეა ჩადუნელი მიყვარდა საბავშვო ბაღში, ულამაზესი გოგონა იყო. მას მერე აღარც მინახავს. ხუთი შვილი ჰყოლია, გავიგე. მორიდებული ვიყავი და იერიშზე არასდროს გადავდიოდი, ძირითადად ცალმხრივად ვიყავი შეყვარებული.

- ის ერთი და მთავარი როდის მოვიდა?

- მოვიდა? როგორც მოვა ისე წავაო, ნათქვამია. უკვე აღარც მჯერა, ეს პერიოდი იყო თუ არა ჩემს ცხოვრებაში. არც მინდა მისი გახსენება. იმ პერიოდმა ძალიან ლამაზი არსება, თამარ არჩვაძე მაჩუქა, ახლა 4-წლინახევრის არის... გავლილია ის პერიოდი ჩემთვის. დიდი წერტილი აქვს დასმული იმ სიყვარულს. სოფოს ახლა მეუღლე ჰყავს, მგონი, ბავშვსაც ელოდება. ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს, უფრო ბედნიერი, ვიდრე იყო.

- გულწრფელად მითხარი, რა შეგრძნება დაგეუფლა, შენი ყოფილი მეუღლის, სოფო კუჭავას გათხოვების ამბავი რომ გაიგე?

- ყველა მამაკაცისთვის, ვინც მეუღლესთან გაშორებულია, არასასიამოვნოა ეს ამბავი. არავინ თქვას, რომ ასე არაა. როდესაც დავინახე კადრი- ჩემი ყოფილი მეუღლე და ჩემი შვილი ერთად და მათთან მიახლოების საშუალება არ მქონდა, არ იყო იოლი ჩემთვის. ძალიან მტკივნეული გამოდგა.

- სად ნახე ეს სამეული?

- ჩარგალში, ვაჟაობაზე. არ არის სასიამოვნო, როცა შენს შვილს სხვა ოჯახურ გარემოცვაში ხედავ. იმ წუთას გამიჭირდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ რაიმე გრძნობა მაქვს დარჩენილი, უბრალოდ, ცუდი შეგრძნებაა, არანაირი სხვა განცდა. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი ხნის წინ დამთავრდა, მანამდე, სანამ სოფოს პირად ცხოვრებაში სიახლეები იქნებოდა.

- ბავშვთან მიკარების საშუალება არ მქონდაო, მითხარი, რას გულისხმობ?

- ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. შვიდი თვეა ბავშვი არ მინახავს, მაგრამ ამის მიზეზებზე ვერ ვილაპარაკებ.

- შეყვარებული ყოფილხარ, გავიგე...

- აღმაფრენა მაქვს სრული, მეტყობა კიდეც მუზაზე, ხასიათზეც. სკოლის ასაკიდან ვიცნობდი ეთუნა ფარეხელაშვილს. ათი წელი ამერიკაში ცხოვრობდა. შარშან, როცა თეატრალური "კვარტეტის" კონცერტი იყო, იქ ვნახე ათი წლის შემდეგ, წინა დღის ჩამოსული ყოფილა. ათი წლის უნახავ მეგობარს სხვანაირად შევხედე, ეს აღარ იყო მეგობრული გრძნობა. მადლობა ღმერთს, რომ ეს სიყვარული გაღვივდა. მერე ეთუნა კვლავ წავიდა ამერიკაში და დღესა და ღამეს ვასწორებდით ინტერნეტთან. ერთი თვეა, რაც ჩამოვიდა და ძალიან ბედნიერი ვარ.

- რა პროფესიის არის?

- ფილოლოგია, უცხო ენების სპეციალისტი.

- რას აპირებთ?

- სამოგზაუროდ გვინდა წასვლა და ამ თემაზე გულახდილად მერე გიამბობთ.

- ჯერ სამოგზაუროდ წახვალთ და მერე გადაწყვეტთ, გინდათ თუ არა ერთად ცხოვრება?

- არა, არც ერთი ჩვენგანი ამ ტრადიციით არ ვართ გაზრდილი. ჯვარს დავიწერთ და მერე დავიწყებთ ერთად ცხოვრებას.

- დათო, თავად რა გამოცდილებას უზიარებ შვილს, თუ გაქვს რაიმე განსაკუთრებული აკრძალვა? რა მეთოდებს იყენებ აღზრდისას?

- ჩემი შვილი ბუნებით ძალიან მგავს. ჭკვიანი გოგონაა, ღვთისნიერი, სათნო, კეთილი. კოჭებში ეტყობა, როგორი გაიზრდება.

- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავ, თუ გახსენდება ისეთი ნაბიჯი, რომელსაც დღემდე ნანობ, უკან რომ დაბრუნებულიყავი, რას შეცვლიდი?

- არაფერს არ შევცვლიდი. იმიტომ, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ყველაფერი ღვთის ნებაა, განსაცდელიც, სიხარულიც, ბედნიერებაც, წარმატებაც, წარუმატებლობაც. ღმერთი იმიტომ უშვებს იმ განსაცდელს, რომ უფრო ცუდისგან გადაგარჩინოს. მერე გაძლევს დიდ საჩუქარს, რომელიც მე დღეს ჩემი სიყვარულის სახით მივიღე. მინდა, ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება მქონდეს.

- შემოქმედებითად რა სი­ა­ხ­ლეები გაქვს?

- ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, გამოვეცი ჩემი პირველი ალბომი, "ეს ქალაქია". ეს ალბომში შესული ერთ-ერთი ჩემი სიმღერის სათაურია, რომელიც ნანი ბრეგვაძემ შეასრულა "ქართულ ხმებთან" ერთად. ამ ქალაქის სიყვარულმა დამაწერინა ეს სიმღერა. ალბომში შესულია ჩემი საავტორო სიმღერები, მეც ვმღერი "ქართულ ხმებთან" ერთად, ასევე დუეტს ნატო გელაშვილთან ერთად. მაღალი პროფესიონალიზმითა და ახლებური ხედვით მომზადდა ეს ალბომი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მსგავსი ალბომი არ არსებობს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება