ნინი ბადურაშვილის ქორწილის დეტალები

ნინი ბადურაშვილის ქორწილის დეტალები

20 ოქტომბერს "შერატონ მეტეხი პალასში" ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის ქორწილი გაიმართა. ჩვენ ქალბატონ ლალი ბადურაშვილს დავუკავშირდით და შვილიშვილის გაბედნიერება მივულოცეთ. "ირაკლი ძალიან ჭკვიანი ბიჭი აღმოჩნდა, სწორი გზა აირჩია და ნინის გულიც მოიგო", - გვითხრა ქალბატონმა ლალიმ და შვილიშვილის ქორწილის ამბების მოსაყოლად შინ მიგვიპატიჟა.

- ძალიან ლამაზი ქორწილი იყო. ნინი და ირაკლი ერთმანეთს ისე უხდებიან, რომ არ ვიცი, ეს წყვილი რას შევადარო. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ მათი ბებია ვარ. ირაკლი ძალიან მამაკაცურია - განიერი მხრებით, დაკუნთული სხეულით, გრძელი თმით. ლამაზი ცხვირი და ჭრელი თვალები უხდება. ნამდვილი მაჩოა. ნინი მის გვერდით ნაზი ყვავილივით იყო.

- ბევრი სტუმარი ჰყავდათ?

- 400 კაცამდე. ქორწილმა ძალიან კარგად ჩაიარა. ორგანიზება ირაკლიმ საკუთარ თავზე აიღო და ეს საქმე შესანიშნავად გამოუვიდა... სხვათა შორის, ქორწილამდე 10 დღით ადრე ჩამოვიდა. დარბაზი ძალიან ლამაზად, ყვავილებითა და სანთლებით გახლდათ მორთული... სუფრა თაფლიანი გოგრით იყო გაფორმებული. ირაკლიმ ნინი იმედას სახლიდან წაიყვანა. ჯვარი მცხეთაში, ჯვრის მონასტერში დაიწერეს.

- ნინის მეჯვარეები ვინ იყვნენ?

- სალომე გოგიაშვილი (რომელიც ჩვენი ნათესავიც არის - ის ჩემი დისშვილიშვილია), თაკო გაჩეჩილაძე და ქეთა თოფურია. ირაკლის მხრიდან მეჯვარეები რუსები იყვნენ. ქორწილში მისი ჩეჩენი და დაღესტნელი მეგობრებიც ჩამოვიდნენ. ქორწილში ირაკლის ბაბუის, ცნობილი წყალბურთელის - გივი ჩიქვანაიას მეგობრებიც იყვნენ.

- თამადა ვინ იყო?

- აჩი ფურცელაძე. ის მოსკოვში ირაკლის ბარში მღერის, საღამოები მიჰყავს. ამ დღისთვის სპეციალურად ჩამოვიდა. ქორწილით ყველა აღტაცებული იყო, მაგრამ მე უფრო მეტად ძველებური ქორწილები მომწონს, სადაც ტრადიციული სადღეგრძელოები ისმება. აჩი წამყვანი-თამადა იყო - ანუ სცენაზე იდგა, მიკროფონში სადღეგრძელოს ჭიქის გარეშე ამბობდა, დარბაზში კი როინ მეტრეველი აგრძელებდა თამადობას. ძირითადად, ახალგაზრდები იყვნენ. სცენაზე შოუბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს ცვლიდნენ; ეს იყო კონცერტი-ქორწილი. ქართული ცეკვების შესასრულებლად ჯგუფი ჰყავდათ დაქირავებული.

- ნინიმ და ირაკლიმ ქართული არ იცეკვეს?

- ნინი კარგად ცეკვავს, ირაკლისაც გაუვლია რეპეტიციები და ლამაზი ცეკვა გამოუვიდათ. მეუღლე ნინის თავს არწივივით დასტრიალებდა.

- ნინის როგორი კაბა ეცვა და ვინ შეუკერა?

- ავთო ცქვიტინიძემ შეუკერა. ძალიან ლამაზი თეთრი კაბა იყო, გრძელი შლეიფით. ვიფიქრე, - ცეკვაში ხელი შეეშლება-მეთქი, მაგრამ კარგად მოძრაობდა. ირაკლის შარვალი და პიჯაკი ეცვა. ვუთხარი, - შენ ჩოხა მოგიხდება-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც პიჯაკი არჩია.

- ქორწილის დღეს მეუღლემ ნინის რაიმე სიურპრიზი ხომ არ მოუწყო?

- თავად ქორწილი იყო ერთი დიდი სიურპრიზი, თავისი გაფორმებითა და ფეიერვერკით. რუსებს, ჩეჩნებსა და დაღესტნელებს მასწავლებელი დაუქირავებიათ, რათა მთიულური ცეკვა ესწავლათ და საოცარი ეშხით, ტემპერამენტით იცეკვეს. მოკლედ, კარგი სანახაობა მოეწყო.

- ირაკლის ოჯახზე რას გვეტყვით?

- ირაკლი დედისერთაა. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. აღმოჩნდა, რომ მე და ბებიამისი - მირა ერთ ქუჩაზე ვყოფილვართ გაზრდილი. მან მითხრა: ასაკით შენზე ცოტა დიდი ვარ და მახსოვხარო. განსაკუთრებით, გივის სიტყვები მესიამოვნა, რომელმაც ნინიზე მითხრა: მისი ღირსება მხოლოდ გარეგნობა არ არის, ის შინაგანად ძალიან თბილი და კარგად აღზრდილიაო.

- ირაკლი თქვენც ძალიან მოგწონთ, არა?

- ირაკლის ვუთხარი: ყოჩაღ! რა ჭკვიანი აღმოჩნდი, ამ გოგოს თავზე რქები რომ წაამტვრიე-მეთქი. ნინის ვიღაც მოეწონებოდა, მერე რაღაცას აიჩემებდა და, აღარ მოსწონდა, გულს აიცრუებდა. მისი რამდენიმე თაყვანისმცემელი ძალიან მომწონდა და ვეუბნებოდი, - რას უწუნებ-მეთქი? ბიჭების უმეტესობა ნინისთან ურთიერთობას სიყვარულის ახსნით იწყებდა, ირაკლი კი სხვანაირად მოიქცა - ნინის საქმიანი წინადადებით შეხვდა. უთხრა: ქართული და რუსული ესტრადის მომღერლების ერთობლივი კონცერტის ჩატარებას ვგეგმავ და მინდა, თქვენ იმღეროთ, მაგრამ კიდევ ვის მირჩევთო? ნინიმ თაკო გაჩეჩილაძე და ქრისტინა იმედაძე დაუსახელა. ირაკლი მოსკოვში წავიდა და 3 დღეში ჩამოფრინდა, ვითომ მოლაპარაკება უნდა გაეგრძელებინა; მერე ისევ წავიდა, ისევ ჩამოვიდა. ნინი მიყვებოდა: კარგი ბიჭია. საქმიანია, მომხიბვლელი და თან - გრანდიოზული კონცერტის "გაკეთებას" გეგმავსო. ერთ დღესაც ნინის ვუთხარი, - ეგ ირაკლი წინ და უკან კონცერტისთვის დადის თუ შენთვის-მეთქი? გაგიჟდა, ყველაფერი თავზე დამამხო. მითხრა: საიდან მოიტანე? შენ გგონია, ყველა ჩემზე გიჟდება?! ერთი კომპლიმენტიც კი არ უთქვამსო. მეჩხუბა, შენი ფანტაზიები შენთვის შეინახეო. ჰოდა, ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში ირაკლიმ პირდაპირ აჯახა, - ცოლად გამომყვებიო? ნინი დაიბნა და პირველი, რაც გააკეთა, სალომე გოგიაშვილს დაურეკა. უთხრა: მიშველე, ის ბიჭი, რომელიც კონცერტის მოწყობაზე მელაპარაკებოდა, ახლა ცოლობას მთხოვსო. სალომე მეუღლესთან ერთად შეხვდა ირაკლის და ნინის. ირაკლი მათაც ძალიან მოეწონათ. ნინიმ თანხმობა რომ უთხრა, სარძლოს გასაცნობად მეორე დღესვე ირაკლის მშობლები ჩამოვიდნენ. ნიშნობა კახიანების აგარაკზე, მცხეთაში მოხდა.

- ირაკლი თქვენ როგორ გაიცანით?

- მშობლებთან ერთად წყნეთში, ჩემი დის აგარაკზე დავპატიჟეთ. დავინახე თუ არა, მომეწონა. შეიძლება გქონდეს კარგი აღნაგობა, მაგრამ ცივი, კუშტი გამომეტყველება. თან ვფიქრობდი, - მოსკოვში გაზრდილია და შეიძლება, "ქართული" არაფერი ჰქონდეს-მეთქი, მაგრამ მისით აღფრთოვანებული დავრჩი. კარგი ქართველი ბიჭია, ნათელი და ღიმილიანი. თურმე, ზაფხულობით ბებიასთან ჩამოდიოდა და ქართულად კარგად ლაპარაკობს. დედამისი მამით ქართველია, დედით - რუსი. რუსი ბებია ქორწილში ჩამოვიდა. თქვეს: თავის დროზე მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნეოდაო. ირაკლის მამა, თემური აქ არის გაზრდილი. ის ტიპური ქართველია. თემური ჰყვებოდა, - ერთ დღეს სახლში შევედი და "ქართული ხმების" სიმღერა შემომესმა. შევედი ოთახში და რას ვხედავ, გივის მაგნიტოფონი ჩაურთავს, ხელში ღვინის ჭიქა უჭირავს და მაგნიტოფონს "უჭახუნებს", - თქვენ გაგიმარჯოთ, ბიჭებოო!

- ირაკლი ამჟამად რას საქმიანობს?

- წყალბურთს აღარ თამაშობს, ახლა ბარ-რესტორანი აქვს.

- მოსკოვში როდის გაემგზავრნენ?

- ორშაბათს. ნინი შვილიშვილია და მიყვარს, მაგრამ ირაკლი ნინიზე უკეთესია, ამ მცირე ხანში თავი ყველას ძალიან შეგვაყვარა. ნინის მის გვერდით არსად ყოფნა არ გაუჭირდება. ერეკლე გიჟდება, სიძე ისე მოსწონს. ეკა საკუთარი გრძნობების გამოხატვისას ცოტა თავშეკავებულია, მაგრამ ირაკლიზე ამბობს, - როცა არ ვხედავ, მენატრებაო.

- ერეკლეს და ეკას როგორი ურთიერთობა აქვთ? ნინიმ საქმროს მშობლები ცალ-ცალკე გააცნო?

- ისეთი ურთიერთობა აქვთ, როგორიც გაყრილ ცოლ-ქმარს შეიძლება ჰქონდეს. მეგობრები არ არიან. თუ ერთმანეთს სადმე შემთხვევით შეხვდებიან, უბრალოდ, ესალმებიან. სამაგიეროდ, ოჯახის დანარჩენ წევრებს გვაქვს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა. ნინიმ მშობლებს სთხოვა, - იქნებ ჯვრისწერას თქვენც დაესწროთო, მაგრამ ერეკლემ პირდაპირ რესტორანში მისვლა არჩია. ჯვრისწერას ეკაც არ დასწრებია.

- ნინი კარიერის გაგრძელებას მოსკოვში აპირებს?

- ძალიან უნდა, შვილი ჰყავდეს. არ აქვს სურვილი, რომ ძიძას გააზრდევინოს. მგონი, ამ ეტაპზე ნინი მთლიანად ოჯახზე გადაერთვება... შვილთან დაშორება ერეკლეს ძალიან გაუჭირდება. ეკას ანასტასია და ქეთო ჰყავს, ერეკლეს კი ნინის გარდა - არავინ.

- ნინი და ირაკლი ცალკე იცხოვრებენ?

- ირაკლის ცალკე აქვს ბინა, ოღონდ - იმავე სახლში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ.

- მადლობა ინტერვიუსთვის, ნინის კი ბედნიერებას ვუსურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება