"ამერიკაში ჩემს კარიერაში ბევრი რამ შევძელი, მაგრამ მგონია, რომ მეტი შემიძლია"

"ამერიკაში ჩემს კარიერაში ბევრი რამ შევძელი, მაგრამ მგონია, რომ მეტი შემიძლია"

მომღერალი ლიკა შუბითიძე ამერიკაში ოთხი წლის წინ წავიდა. ცოტა ხნის წინ ის სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მსმენელს მონატრებულმა მუსიკოსმა ერთი საღამო უკვე გამართა და დარბაზში, როგორც თავად გვითხრა, ხალხი ვერც კი დაეტია...

საქართველოში დაწყებულ წარმატებულ კარიერას ის ამერიკაში აგრძელებს. ლიკა თავის გეგმებსა და განხორციელებულ პროექტებზე ვრცლად გვესაუბრა.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახში არ მღერიან, სიმღერა ადრეული ასაკიდანვე შემიყვარდა. შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ წლინახევრისა რიტმში ვცეკვავდი და მუსიკაც მიყვარდა. 4 წლიდან ვმღეროდი ანსამბლ "ცისარტყელაში" ანუ იქიდან მოყოლებული სცენაზე ვდგავარ. თუმცა ჩვენს სანათესავოში არიან ისეთი ადამიანები, ვინც კარგად მღერიან და ალბათ, მუსიკალური ნიჭი მათგან გამომყვა. მშობლები ბავშვობიდან ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, რომ ჩემს საქმიანობაში წარმატებული ვყოფილიყავი. ჩემს არჩევანს პატივს სცემდნენ. სკოლაშიც თავიდან თითქმის ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, ნორმალური მოსწავლე გახლდით.

- სკოლის დამთავრების შემდეგ რომელ სასწავლებელში განაგრძე სწავლა?

- ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტში და ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით პედაგოგიური ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია და ჯერჯერობით არც ვაპირებ. თუმცა რასაკვირველია უცხო ენა ცხოვრებაში კარგად მადგება. რაც შეეხება ჩემს მუსიკალურ კარიერას, როგორც გითხარით, 4 წლიდან ვმღერი და კონცერტებსა და ფესტივალებში, ასევე ხშირად ვმონაწილეობდი კონკურსებში. ძალიან აქტიური ბავშვობა მქონდა და დატვირთულიც ვიყავი. ისე, კონკურსები ჩემი სტილი არ არის, რადგან მუსიკაში შეჯიბრების მოწყობა არასწორად მიმაჩნია. თუმცა ისეთ კონკურსებზე მოვხვდი, რომლებმაც ჩემს ცხოვრებზე დადებითად იმოქმედა.

- რადგანაც იმ კონკურსებიდან გაგიცნო და შეგიყვარა ხალხმა...

- კი, ასეა. პირველი კონკურსი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, "ნუცას სკოლა" იყო, რომელიც გახსოვთ ალბათ, ტელეკომპანია "იმედის" არხზე მიმდინარეობდა. თავიდან არ მინდოდა მასში მონაწილეობის მიღება. საბოლოოდ კი, ჩემმა საყვარელმა ადამიანმა და პედაგოგმა ნუნუ გაბუნიამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. შეაგროვა ჩემი ჩანაწერები და მითხრა, უნდა მიხვიდე და ბედი სცადოო. ის, რომ "ნუცას სკოლაში" მოვხვდი, საიდანაც ხალხმა გამიცნო, ქალბატონ ნუნუს დამსახურებაა. ამ პროექტში ფინალამდე მივედი. 2004 წელი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ნაყოფიერი გახლდათ. ამავე წელს იყო ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი "ჯეოსტარი", რომელშიც სამეულში მოვხვდი. მოკლედ, ჩემი სამუსიკო კარიერა ასე დაიწყო.

- ამ პროექტების შემდეგ იყო ალბათ შემოთავაზებებიც და როგორ გააგრძელე მოღვაწეობა?

- კი, იყო რაღაც შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. ყველაზე კარგი სკოლა კი ჩემთვის კლუბებსა და ბარებში დაკვრა აღმოჩნდა. გეტყვით იმასაც, რომ ჩემი საქმიანობა შემოსავლის წყაროც იყო. იმ დროს მუსიკალურად ძალიან გავიზარდე. ბევრ კარგ მუსიკოსთან მიწევდა ურთიერთობა... 2008 წლამდე, სანამ ამერიკაში გადავიდოდი საცხოვრებლად, ამ საქმიანობით ვიყავი დაკავებული. ასევე გადავიღე 3 კლიპი, რაშიც მეგობრები დამეხმარნენ. მათი დახმარების გარეშე ამას ვერ შევძლებდი. ისინი გვერდში დგომით ყოველთვის მანებივრებდნენ. ზოგი კინორეჟისორი იყო, ზოგი ფოტოგრაფი და მათი დახმარებით ხდებოდა ვიდეორგოლების გადაღება. ვერ ვიტყვი, რომ კლიპების გადაღებაში რაიმე თანხა დავხარჯე; დღემდე, ჩემი 6 კლიპი მუსიკალურ არხებზე ტრიალებს, რაც ძალიან მახარებს.

- უკვე 4 წელია, ამერიკაში ცხოვრობ. რატომ გადაწყვიტე იქ წასვლა, აქ ხომ გქონდა კარიერა აწყობილი?

- ამერიკაში მაშინ წავედი, როდესაც აქ შემოქმედებითი პაუზა მქონდა. მაშინ ასე მეგონა, რომ საქართველოში საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე. მინდოდა, მეტი მესწავლა, მუსიკალურად მეტად განვვითარებულიყავი, მეტი ხალხი გამეცნო... ეს ყველაფერი ამ ხნის მანძილზე მოვახერხე და მგონია, რომ კიდევ მეტს შევძლებ... თან, ამერიკაში წასვლის მიზეზი ისიც იყო, რომ გავთხოვდი, მაგრამ ვიტყოდი, რომ წარუმატებლად. ჩემს ყოფილ მეუღლესთან ერთად ამერიკაში რვა თვე ვიცხოვრე. შემდეგ დავშორდით. ნიუ-იორკში ცალკე გადავედი საცხოვრებლად და უკვე სამი წელია, მარტო ვცხოვრობ. მუსიკა იმაში მეხმარება, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა და სხვანაირად არც შეიძლება.

გავაფორმე კონტრაქტი ერთ-ერთ სტუდიასთან. ეს მოხდა პირადი კონტაქტების საშუალებით. მყავს პროდიუსერი - დეიმონ დევისი, რომელიც მუსიკოსია და აქვს თავისი სტუდია. მან თავდაპირველად რომ მომისმინა, ჩემი მუსიკა მოეწონა და დღემდე გვერდში მიდგას. ყველანაირ საქმეს ის მიგვარებს. ხშირად მეკითხებიან, - რა მუსიკას ვუკრავ. რამდენიმე მიმდინარეობა გავაერთიანე და ექსპერიმენტული დავარქვი. ამერიკაში ჩემი 3 ალბომი გამოვიდა.

- როგორ მიიღეს ამერიკელებმა მუსიკის შენებური შესრულება?

- პირველ ალბომში შევიდა თავისუფალი ჯაზი. ის ამ საუკუნის მუსიკა არ არის. მას ალბათ, ჩვენი შვილიშვილები და შვილთაშვილები მოუსმენენ...

- დროს გაუსწარი?

- კი, მე და ჩემს პროდიუსერს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეა. მეორე ალბომში შესულია აკუსტიკური ცოცხალი შესრულება, ჩემი დაწერილი კომპოზიციები. არანჟირება არასტანდარტულია და რაც მთავარია, მსმენელს მოეწონა. ამერიკაში უკვე გაყიდვაშიც არის. მესამე ალბომში ექსპერიმენტული პოპმუსიკაა შესული.

- როგორი დაგხვდა საქართველო 4 წლის შემდეგ?

- საქართველო ძალიან თბილად დამხვდა. როგორც აღმოჩნდა, ლიკა შუბითიძე ისევ ახსოვს ხალხს. მაკითხავენ ჟურნალისტები, რაც მახარებს. 4 წლის მანძილზე ვეცადე, არ გამეწყვიტა ქართველ მსმენელთან ურთიერთობა და ორი კლიპი გადავიღე. ვწუხვარ, რომ აქ, ჩემს საღამოზე ბევრი მსურველი უადგილობის გამო უკან გაბრუნდა. მადლობა მინდა ყველას ვუთხრა იმ ყურადღებისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეს. მათ კი, ვინც საღამოს უადგილობის გამო ვერ დაესწრო, ბოდიშს ვუხდი. კიდევ იგეგმება ჩემი საღამო. სანამ წავალ ამერიკაში, მინდა, ქართველ მსმენელს ქართულად ვუმღერო...

- ამერიკაში რომ ჩახვალ, რა გეგმები გაქვს?

- როგორც გითხარით, მაქვს კონტრაქტი და ამის ფარგლებში იგეგმება კიდევ რაღაც პროექტები. ისე, ამერიკაში რაიმე რომ დაგეგმო, ფიზიკურად იქ უნდა იყო...

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- ისევ და ისევ მუსიკით ვერთობი და ჩემი თავისუფალი დროც მას ეთმობა. მუდმივად ვუკრავ და ვმღერი...

- ქართულ შოუბიზნესზე რას გვეტყვი, რა ცვლილებას ხედავ?

- სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა. შოუ შეიძლება გააკეთონ, მაგრამ ბიზნესი არ არსებობს. არ არსებობს ქართული მუსიკის ბიზნესი, რაც ძალიან ცუდია. დღეს ქართულად ცოტა მღერის. საქართველოში ქართულად უნდა იმღერო, რომ ბაზარი შეიქმნას. თუ დავინახავ, რომ აქ რაიმეს შეცვლა შემიძლია, აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ. ქართველები ნიჭიერები არიან, უბრალოდ პროფესიონალიზმი გვაკლია. არ შეიძლება, წელიწადში ერთი სიმღერა ჩაწერო და ამით ფული აკეთო;

- რაც შეეხება პირად ცხოვრებას, არის რამე სიახლე?

- გამორთე დიქტოფონი (იცინის). თაყვანისმცემლები არიან, რაც ძალიან კარგია, თუმცა შეყვარებული არ ვარ. ზოგადად ქართველი მამაკაცები მომწონს. რასისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ გვერდით არაქართველი მამაკაცი ვერ წარმომიდგენია.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება