გიორგი ვარდოსანიძის იდუმალი ადგილები, მისტიკა და სინანულის ხიბლი

გიორგი ვარდოსანიძის იდუმალი ადგილები, მისტიკა და სინანულის ხიბლი

"საკუთარ თავს გამოცდას ხშირად უწყობს. ძალიან მოსიყვარულეა, მაგრამ შეუძლია, სასტიკი მტერიც იყოს. ხშირად შურისძიებაზეც მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ბევრი ვერ ხვდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის ზოდიაქოს ნიშანია. გიორგი არა მარტო საკუთარი ასტრო-ფსიქოპორტრეტის დახატვაში დაგვეხმარა, არამედ პროექტზე - "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ღამის შოუს" სტუდიის ახალ ფილმებზეც გვესაუბრა.

- ამ მეცნიერებით გატაცებული არც ერთ ასაკში არ ვყოფილვარ. მაინტერესებს, ასტროლოგები ჩემზე რას ამბობენ?

- "თავისუფლების მოყვარეა. გეგმებით ცხოვრება არ შეუძლია, შეზღუდვები - კლავს..."

- თავისუფლების მოყვარე ნამდვილად ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გეგმებით ცხოვრება არ შემიძლია; - პირიქით, როცა ვიღვიძებ და არ ვიცი, იმ დღეს რა უნდა გავაკეთო, სად უნდა წავიდე, ეს "მკლავს". ზოგჯერ, როცა ძალიან ვიღლები, უსაქმოდ ყოფნას ვნატრობ, მაგრამ ეს მდგომარეობა 1 საათში მბეზრდება. რაც შეეხება შეზღუდვებს, დოგმებს, ჩარჩოებს - ამას ვერ ვეგუები. თავისუფლების ფასი არაფერი არ არის.

- როცა ვინმე შენს შეზღუდვას ცდილობს, ამაზე როგორ რეაგირებ?

- ვუზღუდავ ცხოვრებას (იცინის)... ამ დროს აგრესიულიც კი ვხდები. ზოგჯერ ცდილობენ, საკუთარი აზრი თავს მომახვიონ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად გამოსდით.

- "დრაკონი ენერგიული და დაუმორჩილებელია".

- სრული სიმართლეა.

- თავდაჯერებული ხარ?

- ზომიერად. ძალიან თავდაჯერებული თუ იქნები, "გაიყინები", ვეღარ განვითარდები.

- "საკუთარ თავს გამოცდას ხშირად უწყობს".

- გამუდმებით საკუთარი თავის ძიებაში ვარ. ვფიქრობ, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა ერთგვარი გამოცდაა. მაინტერესებს, პლასტიკა სადამდე "მეყოფა". შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! პირველივე სეზონზე მქონდა და ჩემი სურვილიც იყო, მეცეკვა, მაგრამ მაშინ გასტროლზე ვიყავი და პროექტში მონაწილეობა ვერ მოვახერხე. დამპირდნენ, შემდეგ სეზონზე ჩაგრთავთო და მიხარია, რომ ახლა პროექტში ვარ. სხვა თუ არაფერი, ცხოვრებაში პირველად დავდექი რუსთაველის თეატრის სცენაზე. ისე, არ დაგიმალავთ და, ძალიან მინდა, მოვიგო.

- სალომე ჭაჭუას პარტნიორობა რთული არ არის?

- თუ ვინმე ისე შემომხედავს, როგორც მოცეკვავეს და სალომესთან გამაიგივებს, ეს სასაცილო იქნება. ცხადია, სალომეს დონემდე ვერასდროს მივალ. მასთან ცეკვა კომფორტია. ის პროფესიონალია, ყოველი შეხებით გეხმარება, მიმართულებას გაძლევს, განწყობას გიქმნის.

- "ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია".

- მართლა ბევრი ახლო მეგობარი მყავს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმესთან "ვიხსნები" ბოლომდე. ადამიანებს ძნელად ვიმეგობრებ. გულის სიღრმეში მართლა ჩაკეტილი ვარ.

- "ის ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა".

- კი ბატონო, ასეა. ზრდილობა არ მეშლება, მაგრამ უტაქტო მაშინ ვხდები, როცა ნერვებს ვერ ვიმორჩილებ. თუ ვაცნობიერებ, რომ მართალი არ ვარ, ბოდიშს ვიხდი.

- "ცხოვრებაში წარმატებას ხშირად აღწევს".

- შრომისმოყვარე და მიზანდასახული ვარ. თუ რამეს მოვინდომებ, მიზანს აუცილებლად მივაღწევ. ისიც უნდა ვთქვა, რომ იღბალიც მწყალობს.

- "ნაკლებად მეოჯახეა; შინ გაჩერებას გარეთ ყოფნა ურჩევნია".

- არ ვიცი, როგორ გიპასუხო, რადგან ასტროლოგებს თან ვეთანხმები, თან - არა. ვერ ვიტყვი, რომ სახლში ჩაკეტილი ადამიანი ვარ, მაგრამ სულ გარეთ ყოფნაც არ მომწონს.

- ბრძანებების გაცემა გიყვარს?

- არა. მე ვინ ვარ, რომ ბრძანებები გავცე? არ მიყვარს ადამიანების ფენებად დაყოფა. ბრძანებას იძლევი მაშინ, როცა ადამიანს ზემოდან უყურებ, მე კი ზემოდან არავის ვუყურებ. არ მომწონს, როცა ვიღაც ადამიანის დაჩაგვრას ცდილობს.

- "უყვარს ფულის ხარჯვა და არ იცის, რა არის სიტყვა - "დაგროვება"...

- ეგ კი, ზუსტად ჩემზეა ნათქვამი.

- შენი შემოსავალი ვის ხმარდება?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ნაწილი მეგობრებს ხმარდება, ნაწილი - შეყვარებულს (გიორგის შეყვარებული მომღერალი თამთა შალამბერიძე გახლავთ. - ავტ.).

- "აზარტულია და ხშირად იღებს რისკიან გადაწყვეტილებას".

- რისკზე წასვლა მიყვარს. უმეტესად მიმართლებს, მაგრამ იმედგაცრუებაც მქონია და გადადგმული ნაბიჯი მინანია კიდეც, მაგრამ სინანულსაც თავისებური ხიბლი აქვს.

- "დრაკონს უყვარს უცნაურობები, მოსწონს იდუმალი ადგილები".

- იდუმალ ადგილებზე ვგიჟდები. ბავშვობიდან მისტიკისადმი მიდრეკილება მაქვს. ალბათ, ბევრისთვის სასაცილოა, მაგრამ შემიძლია, სულების საძებნელად სასაფლაოებზე დღე და ღამე ვიარო. იდუმალ ადგილებში თავს კომფორტულად ვგრძნობ. იქ ჩემი სამყაროა.

- "სენტიმენტალურია. უყვარს ბავშვობის საყვარელი ადგილების მონახულება".

- ძალიან სენტიმენტალური ვარ. ბოლო დროს ხშირად ვტირი. მოკლედ, "შიშველი" ნერვები მაქვს. ზოგჯერ თვალზე ცრემლი ისეთი უაზრობის გამო მომადგება, რომ მერე საკუთარ თავზე ვიცინი.

- შენს ცრემლზე სხვას რომ გაეცინოს, როგორი რეაქცია გექნება?

- მეც გამეცინება... ბავშვობის საყვარელი ადგილები ახსენე - ამოჩემებული მაქვს ადგილები, სადაც სიარული მარტოს მირჩევნია.

- ასეთი ადგილები სად არის?

- ბავშვობაში სოფელ ქსანში ხშირად ჩავდიოდი. იქ მიყრუებულ ადგილებში ყოფნა დღესაც ძალიან მიყვარს. თუმცა, ამ სოფელში მეგობრებთან ერთადაც ხშირად ჩავდივარ.

- ეგოისტიაო, - ამბობენ ასტროლოგები...

- (იცინის) დედისერთა ვარ, მაგრამ ჩემი ეგოისტობით არავის ვაწუხებ.

- თავად წუხდები?

- ხანდახან. რამდენჯერმე საკუთარი თავი ისეთ რამეში გამოვიჭირე, რაც არ მომეწონა.

- "მარტივად უყვარდება, მაგრამ ძალიან ძნელია მოანდომო ოჯახის შექმნა".

- მარტივად არ მიყვარდება, მგონი - პირიქით უფროა. 3 წლის წინ მარტივად ჩემი და თამთას შეყვარებაც არ მომხდარა...

- შენ და თამთა დაოჯახებას არ აპირებთ?

- ვაპირებთ, მაგრამ არა - ახლო მომავალში. ოჯახი ჩემთვის სიწმინდეა. არ მომწონს, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს შორდება.

- ეჭვიანი ხარ?

- კი.

- თამთა ამის გამო არ გსაყვედურობს?

- ზომიერად, მაგრამ მაინც, თავადაც ეჭვიანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთი გვიყვარს.

- "ძალიან მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია; ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".

- ალბათ ეგრეა. სიმართლე გითხრა, საკუთარ თავზე ამდენი არ მიფიქრია.

- უსუსურობის განცდა რა დროს გაქვს?

- როცა ახლობელს რაღაც უჭირს და ვერ ვეხმარები, როცა ძალა არ შემწევს, რაღაც შევცვალო.

- "ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".

- ძალიან ხშირად ვარ ასეთ სიტუაციაში. რთულია ჩემი უგუნებობის გარკვევა. მელანქოლია ჩემგან ისევე დაუკითხავად მიდის, როგორც მოდის.

- "ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო მოქმედებს, ვიდრე - გონებით".

- როცა გონება ერთს მეუბნება და გული სხვას მიგრძნობს, ამ დროს ინტუიციას ვენდობი. ინტუიციას ჩემთვის თითქმის არასდროს უღალატია.

- "თუ კეთილად ეპყრობიან, მისი მართვა ადვილია, თუ რამეს აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".

- ტკბილი სიტყვით ჩემი დაყოლიება ადვილია, მაგრამ თუ ვინმე ჯიქურ წამოვა, კლდესავით დავხვდები.

- "ძალიან მოსიყვარულეა, მაგრამ შეუძლია, სასტიკი მტერიც იყოს".

- სასტიკი მტერი არავისთვის ვყოფილვარ. საერთოდაც, ვცდილობ, მტრების გარეშე ვიცხოვრო, მაგრამ გულში ცუდად ჩარჩენილ წყენას ადვილად ვერ ვივიწყებ.

- შურისძიებაზე გიფიქრია?

- არა მარტო მიფიქრია, არამედ შურისძიების სურვილი დამიკმაყოფილებია კიდეც.

- "ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება".

- შეიძლება, ადამიანზე შური მალე ვერ ვიძიო, მაგრამ სამაგიეროს ადრე თუ გვიან, მაინც გადავუხდი.

- "მისი ძალიან ცოტა ადამიანს ესმის".

- საბედნიეროდ, ეს "ცოტა" არსებობს. არაერთხელ მქონია განცდა, რომ ჩემი არ ესმით.

- "კირჩხიბს თუ რამე სურს, მთელი ძალით ჩააფრინდება და ხელიდან ვერავინ გააგდებინებს".

- შემიძლია, მიზნის მისაღწევად ბოლომდე, თავგანწირვით ვიბრძოლო.

- "ყველა კირჩხიბი უსაფუძვლოდ მშიშარაა".

- მთელი ცხოვრება ამ შიშს ვებრძვი და ვცდილობ, დავამარცხო. ერთადერთი შიში, რომელსაც დღემდე ვერ მოვერიე, დენის შიშია. მილიარდი დოლარი რომ მომცე, ნათურას ვერ გამოვცვლი. ბავშვობაში დენმა დამარტყა და შიში მას შემდეგ დამჩემდა.

- გიორგი, ასტროლოგების დახასიათება როგორ მოგეწონა?

- ბევრი რამ დაემთხვა. ეს ინტერვიუ ჩემთვის საინტერესო იყო.

- გარდა იმისა, რომ პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობ, შენკენ რა სიახლეა?

- თეატრში უსაქმურობის პერიოდი მაქვს. ირაკლი კაკაბაძე კომედიაში მიღებს, რომლის სცენარიც "კაცების შოუს" პრინციპზეა აგებული. ფილმში კაკაბაძე, ჯანელიძე, ლაბაძე და ვახტანგიშვილი საკუთარ თავს თამაშობენ, მე კი გეის ვასახიერებ; პატარა როლია, მაგრამ სასაცილო. მოქმედება ბარში ვითარდება.

- ამ როლზე მუშაობა შენთვის რამდენად საინტერესოა?

- სახალისოა. გეის როლის მორგება არ მიჭირს. მთავარია, კაცთან კოცნის სცენები არ მქონდეს და ასეთი პერსონაჟის განსახიერებაში პრობლემას ვერ ვხედავ. ახლო მომავალში კიდევ 2 ფილმში უნდა გადამიღონ, მაგრამ ამ ფილმებზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება