რა ღირს ვარსკვლავების სტუმრობა?

რა ღირს ვარსკვლავების სტუმრობა?

საოჯახო ბიუჯეტის შესავსებად მსოფლიო დონის ვარსკვლავებს დამღლელი საკონცერტო ტურნეების გამართვა ყოველთვის არ უწევთ. შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის არანაკლებ შემოსავლიანი და შედარებით მარტივი საქმიანობა ბრენდის რეკლამირება, კორპორატიულ საღამოებსა და კერძო წვეულებებზე სტუმრობაა.

ბარბადოსელ მომღერალ რიანას საახალწლო გირლიანდის ანთებისთვის ერთ-ერთმა მაღაზიამ 8 მლნ დოლარი გადაუხადა. ვარსკვლავი სავაჭრო ცენტრში მიიწვიეს და სტუმრებს განუცხადეს, რომ მათთვის სიურპრიზი აქვთ. რიანა საზოგადოების წინაშე გამოვიდა, გაიღიმა, გირლიანდის ასანთებ ღილაკს თითი დააჭირა და ამაში 8 მლნ დოლარი აიღო.

უამრავი ვარსკვლავი უფასოდაც კი დათანმდება ზღაპრულ იახტაზე, სანტ-ბარტსზე სტუმრობას, თუმცა ბიონსე ამაში 2 მლნ-ს ითხოვს. ლუქს კლასის იახტა "ვოიაჟზე" უკვე რამდენიმე წელია მსოფლიო მილიარდელთა სამყარო ახალ წელს ვარსკვლავებთან ერთად ხვდება.

მეუღლესთან შედარებით მოკრძალებულია რეპერი ჯეიზი. ის თანახმაა კორპორატიულ საღამოზე 1 მლნ დოლარად იმღეროს.

ქრისტინა აგილერამ, 1 საათში 1 მლნ დოლარი იშოვა. მომღერალი კერძო წვეულებაზე, სან-დიეგოში გამოვიდა და რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

როდესაც განსაკუთრებული ნიჭით არ ხარ დაჯილდოებული, მაშინ მოკრძალებული თანხით უნდა შემოიფარგლო. პერის ჰილტონმა თავი მოსინჯა მოდელის, მომღერლის, მსახიობის და დიჯეის როლშიც. წვეულებაზე გამოჩენისთვის პერისი 100 000 – 500 000 დოლარს ითხოვს. ამ თანხის სანაცვლოდ, პერისი არაფერს აკეთებს. მისი გამოჩენა უკვე დიდი პატივია.

კიმ კარდაშიანს ერთადერთი ნიჭი აქვს - ყველაფერი რასაც ეხება, ელვის სიწრაფით ხდება პოპულარული. სომხური წარმოშობის ამერიკელი ვარსკვლავი წვეულებაზე სტუმრობისთვის მინიმუმ 500 000 დოლარს ითხოვს. კიმი იმდენად პოპულარულია, რომ ლას-ვეგასში, ერთ-ერთმა ღამის კლუბმა სწორედ ნახევარი მილიონი გადაუხადა ვარსკვლავს, რათა მას საკუთარი 30-ე დაბადების დღე ამ კლუბში აღენიშნა.

ზოგიერთი ვარსკვლავი საკმაოდ დაუფიქრებელია, როდესაც საქმე ფულს ეხება. მაგალითად მერაია ქერი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, როდესაც 2011 წელს კადაფის დაბადების დღეზე 4 სიმღერა მიუძღვნა იუბილარს. მერაიამ 4 სიმღერაში 1 მლნ დოლარი აიღო.

ცნობილი მომღერალი და მსახიობი, სელენა გომესი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა პირად ანგარიშზე უკვე უამრავი მილიონი ერიცხება. გომესი კერძო წვეულებაზე სტუმრობისთვის 100 000 დოლარს ითხოვს.

ბოლო დროს ჩარლი შინს "გაუჭირდა". ჰოლივუდის ვარსკვლავი მზადაა თქვენს წვეულებაზე სტუმრები 200 000 დოლარად გაახალისოს. თუმცა წვეულების ორგანიზატორები მის მოწვევას მაინც ერიდებიან, ვინაიდან ჩარლი ცნობილია ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებით და შესაძლოა, დღესასწაული გააფუჭოს.

ცნობილი რეპერი 50 ცენტი ღამის კლუბში სტუმრობისთვის 500 000 დოლარს ითხოვს.

მომზადებულია All Over Press-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება