ლიკა ღუღუნიშვილი: "ჩემი შეყვარებული არ ეჭვიანობს პარტნიორზე ან მეწყვილეზე, ამ ყველაფერს უკვე შეჩვეულია"

ლიკა ღუღუნიშვილი: "ჩემი შეყვარებული არ ეჭვიანობს პარტნიორზე ან მეწყვილეზე, ამ ყველაფერს უკვე შეჩვეულია"

პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონში მოცეკვავე ლიკა ღუღუნიშვილი პარტნიორობას ანრი ჯოხაძეს უწევდა, ანრის ზედმეტი კილოგრამებისა თუ სხვა მიზეზების გამო, სამწუხაროდ, წყვილმა პროექტი დატოვა, თუმცა ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ უფრო ახლოს გაგვეცნო თქვენთვის ლიკა და მისი ცხოვრების წესი.

ცოტა რამ ლიკას შესახებ...

-  22 წლის გახლავართ, მეშვიდე წელია ვცეკვავ, სტუდია "რიტმში" მყავს მეწყვილე, ამიტომ მეც ამ სტუდიის წევრი ვარ, ერთად დავდივართ კონკურსებზე. ადრე ვცეკვავდი "თელაში", მაგრამ ახლა მეწყვილის გამო "რიტმში" ვარ. საერთოდ, ჩვენს სფეროში ბიჭების დეფიციტია, ამიტომ სადაც შენი მეწყვილეა, შენც იქ გიწევს ყოფნა. იქიდან გამომდინარე, რომ ცეკვა ძალიან დიდ დროს მოითხოვს, სასწავლებელში ჩაბარება დამიგვიანდა, თუმცა მაინც ავისრულე სურვილი და წელს სტუდენტი გავხდი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩავირიცხე და პირველ კურსზე ვარ. ჩემს ცხოვრებაში ცეკვა პირველ ადგილზეა, მის გამო ბევრი რამ დავთმე.

პირადი ცხოვრება

-  შეყვარებული ვარ, ჩემი რჩეული ფეხბურთელია, თუმცა არც ისე ცნობილი, რომ ფართო მასები იცნობდნენ. უახლოეს მომავალში დაოჯახებას ვაპირებთ. ყოველთვის, ყველა გადაწყვეტილებაში მხარში მიდგას და მეხმარება, მიუხედავად ჩემი საქმიანობისა, არ ეჭვიანობს პარტნიორზე ან მეწყვილეზე, ამ ყველაფერს უკვე შეჩვეულია. ძალიან მგულშემატკივრობდა პროექტში, ორივე კონცერტზე იყო მოსული.

"ცეკვავენ ვარსკვლავები"

-  ივნისში ჩატარდა კასტინგი, სადაც ჩემს მეწყვილესთან ერთად მივიღე მონაწილეობა და ამირჩიეს. სანამ ამ პროექტში ჩავერთვებოდი, მანამდე ვმონაწილეობდი "ვა-ბანკში", ერთ-ერთი "კეისი" ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ანრი სულ სხვანაირი წარმომედგინა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. მეგონა, ძალიან ამაყი იყო, მაგრამ შევცდი, ურთიერთობაში უშუალო ყოფილა. მართალია, დაგვიანება უყვარს, მაგრამ ზარმაცი ნამდვილად არ არის, ბევრს ვშრომობდით, ისე გადიოდა დრო ვარჯიშში, ვერ ვიგებდით. მინდოდა, პროექტით საკუთარი თავი მეტად წარმომეჩინა და ხალხს კარგად გავეცანი, მაგრამ არ დამცალდა. დამწყდა გული, რომ პირველებმა დავტოვეთ შოუ. მეორე აუტსაიდერის დასახელებამდე დარჩენილები ვიყავით მე და ჯულიანა ბარ-გნარი, გულწრფელად გეუბნებით, სიხარულის გრძნობა დამეუფლა, როცა ის არ მოხვდა აუტსაიდერებში, რადგან შარშანაც პირველივე გადაცემაზე დატოვა პროექტი და წელსაც ასე რომ მომხდარიყო, ძალიან ინერვიულებდა. ამას ქულების დასაწერად არ ვამბობ, მართლა ასე იყო.

დღე

-  ძალიან მიყვარს ვარჯიში. მიუხედავად იმისა, რომ ცეკვით ფიზიკურად ვიტვირთები, მაინც ყოველ დილით ადგომისთანავე ვვარჯიშობ, რომ არ მოვდუნდე და ფორმა არ დავკარგო. ადრე დილაობით ყავას უზმოზე მივირთმევდი, მაგრამ ახლა ვცდილობ, ჯერ ვჭამო და მერე დავლიო ყავა, რადგან მივხვდი, რომ დილის პირდაპირ ყავით დაწყება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მერე ვემზადები და უნივერსიტეტში მივდივარ, მერე, როგორც წესი, ვარჯიში მაქვს და საღამოს მეგობრებთან ერთად მიყარს გართობა. თუ გავიგებ, რომ სადმე რაიმე კასტინგი იმართება, აუცილებლად მივდივარ.

მე და სარკე...

-  სარკესთან ტრიალი ძალიან მიყვარს, როცა ვცეკვავ, მაშინაც სარკეში ვიყურები, თუ გინდა ცეკვა გამოვიდეს კარგი და ხარისხიანი, აუცილებელი ატრიბუტია სარკე.G გარდა ამისა, როცა განსაკუთრებულ ადგილას მივდივარ, მაშინაც საკმაოდ დიდხანს ვდგავარ სარკესთან, რომ თავი ფორმაში მოვიყვანო. ისე, ყოველდღიურად ნახევარ საათშიც შემიძლია მოწესრიგება მაკიაჟით, ვარცხნილობითა და ჩაცმით. ძალიან მიყვარს თავისუფალი სტილის ტანსაცმელი და ძირითადად ასე ვიმოსები.

შოპინგი

-  როგორც ყველა ქალს, მეც მიყვარს შოპინგი, თუ რაღაც მომეწონა, ინტერნეტითაც ვიწერ. დიდხანს სიარული ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი შეყვარებული დამყვება ხოლმე საყიდლებზე, მაძლევს რჩევებს და მეც ვითვალისწინებ. შენიშვნებს არ ვიღებ, რადგან არ მიყვარს გამომწვევად ჩაცმა და ზომიერებას ვიცავ, ისე, თვითონაც არა აქვს რაიმე გართულება ან ახირება ამ მხრივ. ხანდახან არ ვარ იმის ხასიათზე, რომ ბევრი ფული დავხარჯო, ხანდახან შეიძლება პატარა ნივთში, რაც მომეწონება, ფული დაუნანებლად გადავიხადო.

წიგნები და ტელევიზია

-  სამწუხაროდ, წიგნებისთვის ვერ ვიცლი, ტელევიზორს კი საღამოობით ვუცქერ, გასართობი გადაცემები მიზიდავს. "ცეკვავენ ვარსკვლავების" დიდი გულშემატკივარი ვიყავი პირველ სეზონზე, თუ ტელევიზიით ვერ მოვახერხებდი ნახვას, ინტერნეტში აუცილებლად ვნახულობდი.

ცეკვა

-  ჩემს ცხოვრებაში ცეკვას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. დღეში მინიმუმ სამი საათი ვვარჯიშობ. როდესაც სახლში ვარ, ვრთავ ცეკვის ვიდეოგაკვეთილებს და იქიდანაც ბევრ რამეს ვსწავლობ. სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათად ჩამოდის მწვრთნელი, რომელიც ჩაგვიტარებს მასტერკლასს და გვასწავლის ტექნიკურ სვლებს. ტრანსპორტში რომ ვზივარ და მუსიკას ვუსმენ, გონებაში სულ ვცეკვავ (იღიმება).

გართობა

-  ძალიან მიყვარს თავისუფალი დროის მეგობრებთან ერთად გატარება, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, ისე აეწყო, რომ მათთან ერთად ბევრ დროს ვეღარ ვატარებ, ამიტომ მეგობრებისგან საყვედურებს ვიღებ. როცა კლუბებში მივდივართ, ყურადღების ცენტრში ცეკვით ვექცევი. ამ ზაფხულს ქობულეთში ვისვენებდი, ერთ-ერთ რესტორანში აღმოვაჩინე, რომ ჩვენი სტუდიის ბავშვის მშობელი მღეროდა, მომღერალია ის ქალი. სრულიად შემთხვევით, ცეკვის დროს მიცნო, აუდიტორიის წინაშე მოცეკვავედ წარმადგინა და სიმღერაც მომიძღვნა. სიმართლე გითხრათ, ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, მაგრამ ნამდვილად სასიამოვნო იყო. გარდა ხმაურიანი გართობისა, მიყვარს ქუჩაში სეირნობა და ფიქრი, შემიძლია დიდხანს ვისეირნო და ვიფიქრო.

ოთახი, სადაც ყველაზე ცოტა დროს ატარებს...

-  სიმართლე გითხრათ, ჩემს ოთახში ძალიან ცოტა დროს ვატარებ, იქ ძირითადად დასაძინებლად შევდივარ. მთელი დღის განმავლობაში გარეთ ყოფნა მიწევს და ოჯახის წევრებისგან საყვედურსაც ვიღებ ამის გამო, მაგრამ რას ვიზამ, ასეთი ცხოვრების წესი მაქვს. თუ სახლში ვარ, ძირითადად კომპიუტერთან ვზივარ, ან მეგობრები მყავს სტუმრად.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება