რატომ აგინა ღია ეთერში ივა ლომიძემ თამუნა მუსერიძეს

რატომ აგინა ღია ეთერში ივა ლომიძემ თამუნა მუსერიძეს

რადიო "აფხაზეთის ხმას" აქვს გადაცემა "რადიომანია", სადაც წამყვანი თამუნა მუსერიძე მოწვეულ სტუმართან ერთად მსმენელს აშაყირებს. ეს კი შემდეგნაირად ხდება. რადიოში რეკავს ადამიანი, რომელიც წამყვანს აძლევს ახლობლის ტელეფონის ნომერს და ცოტაოდენ ინფორმაციას მასზე. შემდეგ წამყვანი სტუმართან ერთად რეკავს მოცემულ ნომერზე და ცდილობს, ეხუმროს მას, ასე ვთქვათ გააშაყიროს. ზუსტად ამგვარად ეხუმრა თამუნა მუსერიძე წინა კვირას მომღერალ ივა ლომიძეს, რომელმაც წამყვანს ღია ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ინციდენტის დეტალებით დავინტერესდი და ორივე მხარეს დავუკავშირდი.

ივა ლომიძე:

- დამირეკა თამუნა მუსერიძემ, რომელსაც არ ვიცნობ. არც ვიცი ვინ არის, რატომ უნდა ვიცოდე და ძალიან გამაღიზიანებლად მელაპარაკა. რესტორან "ბერმუხადან" გირეკავთ, ვიცით, რომ მღერით და მოწვევა გვინდა თქვენიო. მერე დაიწყო, შაბაშებზე თუ მღერითო, ფულს რამდენს იღებთო, საერთოდ თუ იღებთო, საყურე რომ გიკეთიათ, გეი ხართო? სულში მიძვრებოდა, მიზანი ჰქონდა, რომ მდგომარეობიდან გამოვეყვანე. არც მაცდიდა საუბარს. რას ნიშნავს შეკითხვა - იღებთ? როგორ უნდა გამეგო მე ეს? მასზე ბევრად უფროსი ვარ.

- რა უპასუხეთ?

- ბოდიშს გიხდით, მანდილოსანი ხართ, მაგრამ უნდა გავიმეორო ის, რაც ვუპასუხე, - ახლა კარგად მომისმინე, შე ყ...ე ქალა, ეს ნომერი დაივიწყე, თორემ მიწიდან ამოგთხრი-მეთქი და დავუკიდე ყურმილი. ამის მერე მირეკავს მისი მეუღლე.

- თამუნას მეუღლე არ ჰყავს.

- მეუღლე თუ საქმრო და მეუბნება, ბიჭო, მე თამუნას ქმარი ვარო, ენა გაქვს ამოსაგლეჯიო და სულ მკვდარი დედა მაგინა. ენა შენს ცოლს ამოაგლიჯე, თუ ქმარი ხარ, ხალხს რომ ურეკავს და აშაყირებს-მეთქი, ვუპასუხე. იცით რა, რომ არ ყოფილიყო შეურაცხმყოფელი მისი შეკითხვები, ქაჯი არ ვარ, იუმორი მესმის და ისეთ პასუხებს გავცემდი, რომელიც მსმენელსაც გაამხიარულებდა და მის სტუმარ გია ჯაჯანიძესაც, რომელმაც მაშინვე დამირეკა და მითხრა, ეს რა გააკეთეო. მისგან გავიგე, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ასეთი ხუმრობა მე არ მესმის.

- დღესაც არ ნანობ, ასეთი რადიკალური რომ იყავი?

- არა, დღესაც იმავეს გავიმეორებდი, მსგავსი შეკითხვები რომ დამისვას ვინმემ. გადავირიე, ორი დღეა, მთელი თბილისი მირეკავს!

თამუნა მუსერიძე:

- წარმოდგენა არ მაქვს რამ გააღიზიანა ასე. ჩვენ დავრეკეთ ივასთან და ვუთხარით, რომ რესტორნიდან ვურეკავდით და მისი მოწვევა გვინდოდა. ჩვენს შეკითხვას მოჰყვა მისი გინება.

- ივა ამბობს, რომ შეურაცხმყოფელ შეკითხვებს უსვამდით. მაგალითად, ასეთს: იღებ? საყურე რომ გიკეთია, გეი ხარ?

- ტყუილია ეგ ყველაფერი. მე მაქვს ჩანაწერი, გამოგიგზავნით ახლავე მეილზე და მოგასმენინებთ. თავად დარწმუნდებით, რომ ეგ ადამიანი ტყუის. შეურაცხყოფა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. შეურაცხყოფა მისი მხრიდან წამოვიდა.

- ივამ თქვა, რომ გადაცემის მერე შენმა მეუღლემ დაურეკა და გალანძღა.

- რომელმა მეუღლემ, უკაცრავად, მე მეუღლე არ მყავს.

- ასე წარადგინა თავიო, ამბობს.

- არ ვიცი, ეგ რას ამბობს, არ ვიცი - ვინ დაურეკა მას. მე ვიცი, რომ მასთან მართალი ვარ. საერთოდ, არ მაქვს უფლება, ვთქვა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ივას ნომერი მოგვცა, მაგრამ რადგან ასეთი ამბავი ატყდა, მე მის ვინაობას აუცილებლად ვეტყვი თვითონ ივა ლომიძეს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება