მუხროვანის რევოლუციური პრევენცია

მუხროვანის რევოლუციური პრევენცია

"მუხროვანის ამბოხის" დროს დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები საქმის თავიდან გამოძიებას ითხოვენ. მთავარი პროკურატურის განცხადებით კი "მუხროვანის ამბოხი" იმ პრიორიტეტული საქმეების რიცხვშია, რომლებზეც გამოძიება უახლოეს მომავალში დაიწყება.

"რეზონანსი" ამ საქმეზე დაკავებული კობა ოთანაძის ძმას ჯიმშერ ოთანაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ის პირები, რომლებიც გაასამართლეს, მზად არიან თანამდებობის პირების წინააღმდეგ ჩვენებები მისცენ.

ოთანაძე ჩვენთან საუბარში ამასთანავე აღნიშნავს, რომ "მუხროვანის ამბოხის" გაჟღერებით ხელისუფლებამ ორი კურდღელი დაიჭირა, მოახერხა დაეშალა ოპოზიციის ქუჩის მიტინგები და ჯარიც დაემორჩილებინა.

"2009 წლის 4 მაისამდე თბილისში მიტინგებია, კარვებია გაშლილი და გადაკეტილია "რუსთაველი". 2-ში მომიტინგეებმა გამოაცხადეს, რომ ქალაქის შესასვლელ-გასასვლელები უნდა გადაეკეტათ. ჯგუფებად გამოყოფილი ხალხი მუხროვანის გადასახვევისკენ, თბილისის შემოსასვლელთან და ავჭალაში მიდის.

თუმცა, ხელისუფლება ასწრებს მათ და ამბობს, რომ მუხროვანში აჯანყებული ჯარისკაცები არიან. ფაქტობრივად, ამით ორი კურდღელი დაიჭირეს: დაშალეს მომიტინგეები და ჯარიც დააჩოქეს, სილა გააწნეს", - ამბობს ოთანაძე.

მისივე თქმით, ჯარში საპროტესტო განწყობა მართლაც იყო, თუმცა ამბოხების მსგავსი არაფერი იგეგმებოდა, ის პიროვნებები კი, რომლებიც საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს "ხელისუფლების პირადი პატიმრები არიან".

"მთავრობამ გამოაცხადა, რომ 26 მაისს აღლუმი უნდა ჩატარებულიყო, თანაც მაშინ, როდესაც ომი ახალი წაგებული გვაქვს. საკმაოდ ბევრი იყო დაღუპული მუხროვანის ბიჭებიდან და ლევან ამირიძის რეინჯერთა ბატალიონიდან. ხელისუფლება კი ითხოვდა ომწაგებული ჯარისკაცები გამოვიდნენ და იზეიმონო.

როგორც გამოიკვეთა, აღლუმში მონაწილეობაზე უარი თავიდან შოთა გორგიაშვილმა თქვა. ეს რომ გაიგეს, მიხვდნენ, რომ ხელისუფლების დაკრულზე ეს ბიჭები არ იცეკვებდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, როგორმე ჯარის მეთაურები დაემორჩილებინათ.

მთელი ეს სქემა მათ მიერ შეგზავნილ ხალხზე - ხომასურიძეზე, ჩქარეულზე და სპეცდანიშნულების რაზმ "ომეგას" ყოფილ წევრზე გია ღვალაძეზე არის აგებული. არსად არ არის ოთანაძის ან რომელიმე სამხედრო მოსამსახურის ვიდეოჩანაწერები, მაშინ, როდესაც ამ ადამიანების ჩანაწერებს აჩვენებენ, თითქოს ამბოხი იგეგმებოდა. ფაქტობრივად, მხოლოდ ამ სამი ადამიანის დადგმული სპექტაკლით და მონაყოლით მოხვდნენ ეს ბიჭები ციხეში", - ამბობს ოთანაძე.

ის ასევე იხსენებს ოთანაძის, ამირიძისა და კრიალაშვილის დასაჭერად ჩატარებულ ოპერაციას და ამბობს, რომ ამ ადამიანების ცოცხლად აყვანა დაგეგმილი არც იყო.

"ჩაცხრილვა მოხდა თიანეთის გზატკეცილზე. სპეცოპერაციას კუდ-ი ატარებდა, თუმცა ტელევიზიებით სხვა ინფორმაცია გაჟღერდა. თითქოს შემთხვევით გადააწყდნენ გაქცეულებს და ორმხრივი სროლის შედეგად გია კრიალაშვილი ადგილზევე დაიღუპა.

უიარაღო ხალხი მარშუტკის ტიპის ავტობუსში ჩაცხრილეს. სპეცრაზმმა პირდაპირ დაუწყო სროლა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ისეთი ხმა იყო, თითქოს მაყუჩიანი იარაღიდან ისროდნენო. პიკაპის ტიპის მანქანებით როგორ მიცვივდნენ ადგილზე კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები, ეს თვითმხილველებმა ნახეს. როგორც ჩანს ყველას დახოცვას აპირებდნენ, თუმცა სასწაფოს მისვლის შემდეგ აღარ გამოუვიდათ.

სპეცოპერაციას ესწრებოდნენ ქალაქის მერი გიგი უგულავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე გივი თარგამაძე და დათა ახალაია. მანქანიდან რომ გადმოყარეს უკვე ეს ხალხი, გივი თარგამაძე გარდაცვლილ კრიალაშვილს წიხლებს ურტყამდა და აგინებდა თურმე; შენი დედაო...

ოთანაძეს 9 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, 9 - ამირიძეს და 3 - წკრიალაშვილს. ის ნამდვილად ვიცით, რომ თარგამაძემ ცინიკურად უთხრა ჩემს ძმას: აბა, ახლაც მოღუნე რკინის მანეთიანი და ბეჭებზე ლომი გადაიღუნე შენი ძლიერი მკლავებითო", - იხსენებს სპეცოპერაციის დეტალებს ოთანაძე.

მისივე თქმით, დაკავებულებზე და მათი ოჯახის წევრებზე სპეცოპერაციის შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა ზეწოლა, რადგან მათგან ამბოხების შესახებ აღიარებით ჩვენებებს ვერ იღებდნენ.

სპეცოპერაციის შემდეგ ოთანაძე და ამირიძე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღესვე სპეცრაზმი შევიდა და მათი წამება მიმდინარეობდა, რომ ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლზე აღიარებითი ჩვენება მოეპოვებინათ. თუმცა, ამ ჩვენებაზე ხელი ოთანაძეს არ მოუწერია.

გაბრაზებულებმა, თითქმის მომაკვდავი, აპარატზე შეერთებული ადამიანი ძირს გადმოაგდეს საწოლიდან, ჭრილობები გაეხსნა, ამას ადვოკატიც დაგიდასტურებთ. ეუბნებოდნენ: ნემსს გაგიკეთებთ და მოგკლავთ, თუ არ აღიარებთო. რამდენჯერმე აპარატიც კი გამოურთეს. იყო ოჯახის წევრებზე ზეწოლაც", - ამბობს ოთანაძე.

მისივე თქმით, სასამართლომ მხოლოდ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი აბსურდული მტკიცებულებები გამოიყენა.

122 ადამიანზე მეტი იყო დაკავებული და აქედან დღეს ციხეში 18 პირია, მათ შორის 4 არის სამხედრო მოსამსახურე დანარჩენები სამოქალაქო პირები არიან. თუ ეს ამბოხი იყო, სამოქალაქო პირები მასში რატომ მონაწილეობდნენ? იცოდნენ, რომ ოთანაძეს, კობალაძეს და გორგიაშვილს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდათ ჯარზე.

ფაქტობრივად, ყველა პროფესიონალი სამხედრო სამსახურს მოაცილეს და მათთვის ადვილად მართული ადამიანები დანიშნეს. სასამართლომ მხოლოდ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი აბსურდული მტკიცებულებები გამოიყენა და შეკრებითობის პრინციპით ასეთი მძიმე სასჯელები აქვთ ამ ადამიანებს მისჯილი", - აცხადებს ოთანაძე.

მისივე თქმით, "მუხროვანის ამბოხი" რომ მთლიანად დადგმული სპექტაკლი იყო, ისიც ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მაშინდელი გამოსვლა ვაზიანში გადაიღეს და ტელევიზიით აჩვენეს.

მუხროვანში პრეზიდენტი არ ასულა, ის კადრები, სადაც სააკაშვილი ჯარს ტუქსავს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზეა გადაღებული. მუხროვანის ჯარისკაცები იქ ჩამოიყვანეს. თუ ჯარისკაცები მუხროვანში ამბოხებულები იყვნენ, ესენი პიკაპებით და ყვითელი ავტობუსებით რომ გარბოდნენ, იმით აპირებდნენ წინააღმდეგობის გაწევას? ან ოთანაძე, კრიალაშვილი და ამირიძე თუ მუხროვანის ბაზაზე იყვნენ, როგორ მოხდა ისე, რომ ყველა დააპატიმრეს და ეს სამი ადამიანი გაექცათ?

ამბოხი სულ სხვა რამეს ნიშნავს, ეს სამხედრო ნაწილში კი არ უნდა ყოფილიყო, სამინისტროები უნდა დაეკავებინათ და ჯარი ქუჩაში გამოსულიყო, მსგავსი რამ კი არ მომხდარა", - ამბობს ოთანაძე.

კობა ოთანაძის ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ კობა ოთანაძემ მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება უკვე დაწერა და საქმის თავიდან გამოძიება მოითხოვა.

"როგორც კი მთავარი პროკურორი დაინიშნება, საქმის თავიდან გამოძიებას მოვითხოვთ. ოთანაძეს რამდენიმე დღის წინ შევხვდი და მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება დაწერა. საქმის თავიდან გამოძიება აუცილებელია.

არის ტანჯვის და წამების ისეთი დეტალები, რომელიც ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. ყველა საშუალებით არის ეს ადამიანი განადგურებული. შემიძლია გითხრათ, რომ გამოვლენილია საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ამ სპეცოპერაციას ესწრებოდნენ. ფაქტობრივად, მოქალაქეების ჩაცხრილვას ჰქონდა ადგილი, ამას სპეცოპერაციაც არ ჰქვია.

გიგი უგულავას და გივი თარგამაძის სახელი და გვარი განცხადებაშიც არის მოყვანილი და გიდასტურებთ მაგ ინფორმაციას, რომ ისინი სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. არის რიგი გარემოებები, რომელზეც გამოძიებაც უნდა ჩატარდეს და ამ პირების მიმართ გამოიკვეთოს აქვთ თუ არა მათ ჩადენილი დანაშაული", - ამბობს თალაკვაძე.

მისივე თქმით, "მუხროვანის ამბოხის" საქმეზე დაკავებული პირები პოლიტპატიმართა სიაში არიან შეყვანილი და არასამთავრობო ორგანიზაციები მათ უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ.

ეს ადამიანები უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. არცერთ სამხედრო პირს დანაშაული არ ჩაუდენია, ამიტომ აქვთ მათ პოლიტპატიმრის სტატუსი. როგორ შეიძლება ეს პირები ქვეყნის გადატრიალებაში და ამბოხში იყვნენ დადანაშაულებულები?

ჩამოყალიბებული არ არიან ორგანოები, როგორი სახით უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება. ან უნდა იყოს პრეზიდენტის შეწყალება, რაზეც დაკავებულები უარს ამბობენ, ან ვადამდე პირობით ადრე გათავისუფლება რომელიც, სავარაუდოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პირებს შეეხება.

ოთანაძის, ამირიძისა და გორგიაშვილის მიმართ, რომლებსაც მაღალი სასჯელები აქვთ მისჯილი, რამე იურიდიული ფორმა უნდა ვიპოვოთ, რომ გათავისუფლდნენ. უნდა შეიქმნას კომისია. ჩემი აზრით, ეს პარლამენტის მისაღები დადგენილებაა, გადაწყვეტილების საფუძველზე ან უზენაესმა სასამართლომ ან პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს.

რაც შეეხება საქმის გადახედვას, ეს საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. ბევრი მოწმის დაკითხვა მოუხდება პროკურატურასთან არსებულ სპეციალურ დეპარტამენტს, რაც შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს", - ამბობს თალაკვაძე.

დაკავებული ლევან ამირიძის მეუღლე ნათია ცუცქირიძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ საქმის გადახედვის მოთხოვნით ამირიძის ადვოკატი პროკურატურას საგამოძიებო კომისიის შექმნისთანავე მიმართავს.

"ჩემი მეუღლე სასჯელს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში იხდის. სამწელიწადნახევარია დახურული ტიპის დაწესებულებაშია და მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, სხვაგან არ გადაჰყავთ. მის მდგომარეობას არა უშავს, ზეწოლა არ ხორციელდება.

რაც შეეხება საქმის გამოძიების თავიდან დაწყებას, ჩვენ უახლოეს დღეებში, როგორც კი თინა ხიდაშელის საგამოძიებო კომიტეტი შეიქმნება, უნდა მივმართოთ და გადასინჯვა მოვითხოვოთ. როგორც ვიცით, ამ საქმესთან დაკავებული პირები თანამდებობის პირების წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას აპირებენ, მოჰყვებიან, როგორ ხორციელდებოდა მათზე ზეწოლა და ვინ იყო ამაში ჩართული. კონკრეტულ გვარებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით", - ამბობს ცუცქირიძე.

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ყველა იმ საქმეზე, რომელზეც პროკურატურას მიმართავენ და არის საზოგადოების დიდი ინტერესი, გამოძიება თავიდან დაიწყება.

"ჩემთვის ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით არავის მოუმართავს, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ოჯახის წევრები ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი გამოძიების მოთხოვნით მოგვმართავს, საქმით დავინტერესდებით და გადასინჯვა მოხდება. თუ გამოძიების პროცესში აღმოჩნდება, რომ მაღალი თანამდებობის პირები ნამდვილად არიან გარეულები საქმეში, მათი დაკითხვა აუცილებლად მოხდება.

თუ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია თანამდებობის პირს აქვს, ის ვალდებულია გამოძიებასთან ითანამშრომლოს. გამონაკლისს არცერთი თანამდებობა არ წარმოადგენს. ყველა პირი ამ საქმეში თუ სხვა საქმეებში გამოძიების ინტერესებისამებრ იქნება გამოკითხული ან დაკითხული", - ამბობს კბილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 2009 წლის 21 აგვისტოს 41 განსასჯელის მიმართ დაწყებული "მუხროვანის ამბოხის მონაწილეთა" პროცესი. სამ მთავარ განსასჯელს - კობა ოთანაძეს - 29 წელი, რეინჯერთა ბატალიონის თავმჯდომარეს ლევან ამირიძეს - 28 წელი, მუხროვანის სატანკო ბატალიონის მეთაურს შოთა გორგიაშვილს კი 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კობა კობალაძე კი, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

ამირიძემ და გორგიაშვილმა დაუმორჩილებლობა აღიარეს, ოთანაძე არცერთ წაყენებულ ბრალდებას ამ დრომდე არ აღიარებს. სამხედრო ამბოხში მონაწილეობაში კი სამივე განსასჯელი თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ამბოხების მიზნის ოფიციალური ვერსია - სახელმწიფო გადატრიალება და 6 მაისს საქართველოში დაგეგმილი ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლა იყო.

გეგმის შესახებ, სპეცდანიშნულების რაზმ "ომეგას" ყოფილი წევრის გია ღვალაძის გარდა, არცერთ მსჯავრდებულს და მოწმეს კონკრეტული ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მიუწოდებია.

თამთა კაკაურიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე