თბილისელი სული: "ისლამი რეკლამისთვის არ მიმიღია..."

თბილისელი სული: "ისლამი რეკლამისთვის არ მიმიღია..."

მომღერალი სული, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია ვიქტორია ხაჩიროვა, რა ხანია, აზერბაიჯანში მოღვაწეობს. ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ მოზდოკში დაიბადა, ინტერნაციონალურ ოჯახში - მამა ოსი ჰყავს, დედა - ქართველი. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების დროს მისი დედ-მამა გაიყარა და დედამ შვილები თბილისში გადმოიყვანა.

თბილისში დაამთავრა სულიმ კონსერვატორია. თავდაპირველად როკჯგუფ "ეფემერის" სოლისტი იყო. რვა წლის წინ კი აზერბაიჯანელი მეგობრების მიწვევით ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად. ორჯერ გახდა პრემია "გრანდის" მფლობელი, ნომინაციაში "წლის საუკეთესო უცხოელი მომღერალი".

მომღერალმა აზერბაიჯანში ისლამი მიიღო, სული დაირქვა და სულ მალე ამერიკის დაპყრობასაც აპირებს.

- ბოლო დროს ეთერში ნაკლებად ჩანხართ, რას უკავშირდება ეს სიჩუმე?

- უბრალოდ, დღესდღეობით სიახლეების ტელევიზიით გაშვება ნაკლებად ეფექტურია, ინტერნეტმა მოიცვა ყველაფერი. მომღერლის რეიტინგზეც ეს უფრო მოქმედებს, ვიდრე ტელევიზიით გაშვებული კლიპები. გარდა ამისა, საზღვარგარეთულ პროექტებზე ვმუშაობ და მთლიანად ამაზე ვარ გადართული. ბაქოში სოლოალბომი უნდა გამოვუშვა, მერე რამდენიმე კლიპსაც ჩავწერ და, სავარაუდოდ, ამერიკაში წავიღებ. ალბომზე აზერბაიჯანელმა ხმის რეჟისორმა და ქართველმა პიანისტმა და კომპოზიტორმა გივი უსენაშვილმა იმუშავეს.

- საზღვარგარეთ რა პროექტები გაქვთ?

- ამ ზაფხულს იტალიაში ვიყავი, სადაც ფოტოსესია მქონდა ცნობილ ფოტოგრაფთან, რომელიც ოცი წელია "ვოგთან" თანამშრომლობს. სტილისტი და ვიზაჟისტი სპეციალურად მილანიდან მოიწვიეს. ეს ფოტოსურათები ჩემს ალბომს დაამშვენებს. ასევე გავიცანი პოპულარული იტალიელი ბალეტის მოცეკვავე რუბი. ის საკუთარი თეატრის გახსნას გეგმავს და ევროპელი მსმენელისთვის ერთობლივი პროექტის გაკეთება შემომთავაზა. უახლოეს მომავალში აშშ-შიც მივემგზავრები, ჰიუსტონში მაქვს კონცერტი. სავსებით შესაძლებელია, მალე აზერბაიჯანი დავტოვო.

- თქვენ ისლამი მიიღეთ. ბევრს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ პიარკამპანია იყო. რას იტყვით?

- ისლამი რეკლამის გამო არ მიმიღია. მე საერთოდ სხვანაირად ვუყურებ რელიგიას. რელიგიური ფანატი არ ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ როგორც დანარჩენ რელიგიებს, ისლამსაც პატივს ვცემ. თუმცა ვაღიარებ, რომ ბევრ წესს არ ვასრულებ.

- ამბობდნენ, რომ გათხოვებას აპირებდით...

- აღარ.

- რა მოხდა?

- იმედი გამიცრუა იმ მამაკაცმა. შეიძლება ითქვას, რომ ხასიათებით ვერ შევეწყვეთ და გადავიფიქრე მასთან ოჯახის შექმნა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება