ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ქარიშხალ "სენდის" შედეგად, ნიუ-იორკის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შტატში შემოღებულია საგანგებო რეჟიმი.
სტიქია შტატებს წუხელ დაატყდა, რომელმაც განსაკუთრებული ზიანი ნიუ-იორკის შტატს მიაყენა.
ქარიშხალის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ ნიუ-იორკის სატრანსპორტო სისტემა სრულ კოლაფსში ჩააგდო. ამას გარდა, დაახლოებით 6 მლნ ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიას ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში 16 ადამიანი ემსხვერპლა.
სუპერშტორმ სენდის მიერ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს პარალიზებამ დაღი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებსაც დაასვა. ბარაქ ობამამ და მიტ რომნიმ წინასაარჩევნო კამპანიების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები გადადეს და მოსახლეობას პოლიტიკური საკითხებისა და უთანხმოების დროებით გვერდზე გადადების შესახებ აუწყეს. ორივე მათგანმა მონაწილეობა მიიღო კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გამიზნულ საქველმოქმედო აქციებში. ექსპერტები თვლიან, რომ სენდის შედეგად გამეფებული კრიზისი ობამას უფრო წაადგება, რადგან მას ეძლევა შანსი გამოავლინოს ლიდერის თვისებები ქვეყნის მეთაურის რანგში. თუმცა, ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ სწორედ ბუნებრივი კატასტროფის, ქარიშხალი კატრინას შედეგად გამეფებული კრიზისის ცუდმა მენეჯმენტმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ჯორჯ ბუშის პოლიტიკური რეპუტაციის ვარდნაში. რომნის საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს: წინასაარჩევნო გამოსვლებში იგი ხშირად აღნიშნავდა, რომ ამერიკაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბიუჯეტი უნდა შეკვეცილიყო, ანაც ეს საკითხები კერძო კომპანიებს უნდა გადასცემოდათ. თუ სახელმწიფო სამსახურმა კრიზისთან დაკავშირებული პრობლემების წარმატებით გადაჭრა მოახერხა, ეს რომნის პოზიციის სიმცდარეს დაამტკიცებს. ამასთანვე, რომნის მოუწევს ობამას პოლიტიკური ნიშნით კრიტიკისაგან თავი შეიკავოს, რაც წინასაარჩევნო პროცესში მისი მთავარი იარაღი იყო. ქარიშხალი სენდი გავლენას უშუალოდ ბალოტირების პროცესზეც მოახდენს. თუ მეტეოროლოგთა იმედები არ გამართლდა და სენდი 3 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, ადვილი შესაძლებელია აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის შტატებში არჩევნების გადადების საკითხი დადგეს.