სამთავრობო ძალებმა ჩვენს სამხედრო ბაზებზე 60 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - აცხადებენ აჯანყებულები. 19 თვიანი კონფლიქტის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევაა. სამთავრობო ძალების სამიზნე გახდა აჯანყებულთა სამხედრო ბაზები მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქ დამასკოს ჩათვლით. სულ ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა 80 ადამიანი, მათ შორის ათი დანაღმული მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა.
გუშინ დამთავრდა არშემდგარი ოთხდღიანი ზავი, რომელიც კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის ყურბან-ბაირამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაიდო. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორივე მხარის მიერ იქნა დარღვეული, ხშირი იყო ტერაქტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, უმეტესად მეჩეთებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ლოცულობდა. ოთხდღიანი ზავის განმავლობაში სირიაში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
გაეროს მშვიდობის ელჩმა ლახდარ ბრაჰიმიმ დაგმო მხარეთა მიერ ზავის უგულვებელყოფა და განაცხადა რომ სიტუაცია სირიაში ”ცუდიდან უარესი გახდა”. ბრაჰიმის განცხადებას გამოეხმაურა სამხრეთ კორეაში ვიზიტით მყოფი გაეროს გენერალური მდივანი ბან გი-მუნიც, რომელმაც მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა და ასევე აღნიშნა რომ კონფლიქტის მონაწილეები, რომელთაც ბრალი ედებათ სამხედრო დანაშაულებებში, ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგნენ.