მარინა ბერიძე თავის მართლებას არ აპირებს

მარინა ბერიძე თავის მართლებას არ აპირებს

მარინა ბერიძე გულდაწყვეტილია იმით, რაც კულტურის სამინისტროში მოხდა. მას არ ესმის, რატომ დავიდა კულტურის სამინისტროს ოთხწლიანი მუშაობა მარინა ბერიძის პერსონამდე და იქამდე, თუ რას აკეთებდა ის სამინისტროს ფარგლებს გარეთ, "ჯეოსტარის" სახით. მას კულტურის სამინისტროში შევხვდით წინა კვირას და ვესაუბრეთ ყველა აქტუალურ თემაზე, რაც მის სახელს უკავშირდება. მათ შორის, საუბარი დავიწყეთ "ცეკვავენ ვარსკვლავებით", რომლის ჟიურიშიც ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაანაცვლა, რითაც ტელეჟურნალისტი ძალიან გაანაწყენა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებით" დავიწყოთ. ვისგან მიიღეთ შეთავაზება?

- პროდიუსერმა ალინა არველაძემ დამირეკა და მითხრა, რომ ნანუკა ჟიურიში ვეღარ დაჯდებოდა. პირველ შეთავაზებაზე უარი ვუთხარი. ნანუკა კარგი იყო ჟიურიში... არ ვარ იმ ფორმაში, დავჯდე ისეთ შოუში, სადაც არ ვარ პროფესიონალი. მავანი და მავანი კი ამბობს, რომ არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ მივიჩნევ, რომ რაც მუსიკას ეხება, ეს საქმე კარგად ვიცი. ოცი წელი კონსერვატორიაში ვიმუშავე, ესტრადის ბევრ მომღერალს გავუმართე ხელი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ დამთავრდა იმის ძახილი, რომ შეუმდგარი კონცერტმაისტერი ვარ. ჩემი საქმეები ლაპარაკობს ჩემ მაგივრად, ინტერნეტში დევს, რა გავაკეთე და ადვილი მოსაძიებელია. მეამაყება, რომ კონცერტმაისტერი გახლდით, რაც ხელწამოსაკრავი პროფესია არ არის და იქაც ჩემს მაქსიმუმს მივაღწიე. ძალიან მეტკინა გული, რომ "საქართველოს ვარსკვლავში" არ ვარ, განა იმიტომ, რომ ტელეეკრანზე გამოჩენა მინდა, უბრალოდ, ეს ჩემი საქმეა. ბევრ რამეზე ვიყავი გულაწყვეტილი, პირველ რიგში, იმით, რაც კულტურის სამინისტროში მოხდა. ასეთ დროს ძნელია, ადგე და წახვიდე გასართობი გადაცემის ჟიურიში. გარდა ამისა, ჩემ მიმართ აგრესიაც წამოვიდა, რადგან ნანუკა ჩავანაცვლე.

- საბოლოოდ, როგორ დაგითანხმეს?

- საერთოდ, მიყვარს ლიცენზირებული პროექტები. მითხრეს, რომ პროექტისთვის საჭირო იყო ჩემი ჩართვა, ამიტომ დავთანხმდი. არ ვნანობ, რადგან ამ პროექტმა მდგომარეობიდან გამომიყვანა, ძალიან გავერთე. ცეკვა ძალიან მიყვარს და თავადაც ვცეკვავ, მაგრამ, რასაკვირველია, ვერ შევედრები კოტე ფურცელაძეს, თეა გობეჯიშვილს, რომლებთან ერთადაც ბევრჯერ მიმუშავია, გოჩა ჩერტკოევი კი თავისი საქმის დიდი პროფესიონალია, მე მათ ჟიურიში ვერ ჩავანაცვლებდი. ნანუკა ჟორჟოლიანი კი არ ყოფილა ცეკვის პროფესიონალი და ალბათ, ამან გამაბედვინა ჟიურიში დაჯდომა. თუ მიმიღებს მაყურებელი, მიმიღებს, თორემ ბოლო დროს არაფერი აღარ მაოცებს.

- ნანუკა მაინც ნაწყენია...

- მეც მეწყინა, ნიკა მემანიშვილი რომ დაჯდა "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში, მაგრამ მასაც ვუთხარი და ყველგან გავიმეორებ, რომ ვინაიდან ნიკა სუპერ-პროფესიონალია, მისი იქ მისვლა პროექტის გადარჩენას უტოლდებოდა. წყენა წყენაა, რაც შენთვის უნდა დაიტოვო. ძალიან დამღალა "ფეისბუქის" ფენომენმა, ამდენმა ღვარძლმა... თუ ეს ლანძღვა არ გაჩერდა, ქვეყანაში საშინელებას მივიღებთ. ქვეყანა როგორმე უნდა გამთლიანდეს, მით უმეტეს, ხელოვანი ადამიანები უნდა დადგნენ ერთად. ის, რაც კულტურის სამინისტროში მოხდა, ეს ხომ მარაზმი იყო?!. ყველას ჰგონია, რომ თავად არის მაგარი. მე ცხოვრების რთული გზა ავირჩიე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრს არ მოსწონს, რასაც ვაკეთებ. გავაღიზიანე კიდეც ისინი, მაგრამ დავდივარ ქუჩაში და ვხედავ, როგორ ვუყვარვარ ხალხს. თუ არ გაჩერდა "ფეისბუქზე" ლანძღვა, ცუდ შედეგს მოიტანს, ერთ დღეს ვიღაცას გული გაუსკდება, ერთს შვილი ჰყავს, მეორეს - შვილიშვილი...

- დათრგუნვილი მეჩვენებით...

- ძალიან დამძიმებული ვარ!.. არ მინდა "ფეისბუქის" გახსნა. მე ჩემი სიმართლით ვიარე, მაგრამ როცა ეს ყველაფერი პირად შეურაცხყოფაში გადადის, რთული გადასატანია. ვერავინ გადამათქმევინებს, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი.

- ახლა კულტურის სამინისტროში ვსაუბრობთ. რჩებით თქვენს პოსტზე?

- არ ვიცი, ვფიქრობ, რა იქნება. ესეც საოცრებაა, რომ კულტურის სამინისტროს ამდენი წლის ნამუშევარი დავიდა მარინა ბერიძის ლანძღვაზე. ამ უწყებას უამრავი რამ აქვს გაკეთებული და რაც უნდა ილაპარაკონ, არ ვიცი, ეყოლება თუ არა ამ ქვეყანას კიდევ ნიკა რურუასნაირი მინისტრი. რაფინირებული გემოვნების ადამიანია და არანორმალურად განათლებული კაცი. მე სულ 2-წელიწად-ნახევარია, აქ ვარ და ბევრი რამ ვისწავლე. არაჩვეულებრივი გუნდი შემხვდა მინისტრისა და მისი მოადგილეების სახით. არასდროს ვყოფილვარ ჩინოვნიკი, არც ერთ მთავრობაში, უბრალოდ, დავჭირდი და მოვედი, ამასთანავე, ტელევიზიისთვის არ დამინებებია თავი. არ ჩამოვთვლი, რა გავაკეთე. ესეც გადასარევად დევს კულტურის სამინისტროს საიტზე თუ ინტერნეტში. ჩემთვის ზვიად ბოლქვაძის ფეხზე დაყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგის ცხოვრება ისე გადის, "სივიში" უწერია, რომ არის ფილოსოფოსიც, პიანისტიც, ხელოვნებათმცოდნეც, მე არაფერი არ ვარ!. როგორც ამბობენ, შეუმდგარი კონცერტმაისტერი ვარ, მაგრამ საქმე ნამდვილად მაქვს გაკეთებული და ნუ დავა კულტურის სამინისტროს რვაწლიანი მუშაობა ერთ შეუმდგარ კონცერტმაისტერზე. ნინა წკრიალაშვილზეც ნუ დავა!.. ცოტა ღრმად ჩაიხედონ. ნინა ჩვეულებრივი სპეციალისტია ძალიან დაბალი ხელფასით. ამას რაღაცისთვის ნუ იყენებენ.

- დათო ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ თქვენ თაკო ჩარკვიანს ასე მიმართეთ - "დედუცი, შენ კულტურის სამინისტრო დო ნუ გგონიაო".

- დათო ოქიტაშვილი ძალიან ცუდად მოიქცა!.. ის ტყუის!.. ჩემს სიცოცხლეში არ მითქვამს ეს სიტყვა, ეს არ არის ჩემი ლექსიკა. ამოიღოს "ჯეოსტარის" კასტინგები, ეგ სიტყვა არ მიხმარია. არ ვარ ფამილარული ადამიანი. თაკო ჩარკვიანს ძალიან კარგად შევხვდი, მე სამინისტროს ერთი პატარა ჭანჭიკი ვარ. დამირეკეს შალვა რამიშვილმა, ნინო ჟიჟილაშვილმა, მაგრამ არ წავალ ამ გადაცემებში და არ ჩავდგები თავის მართლების რეჟიმში ამხელა ქალი.

- თაკოსა და თქვენ შორის რაიმე პირადული წყენა ყოფილა?

- არასდროს!.. მე მის ოჯახს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიყვარს მამუკა ჩარკვიანი და ვაფასებ მას, როგორც კომპოზიტორს, მისთვის რაღაც გამიკეთებია კიდეც. მიყვარს მისი შვილი, ირინოლა და მასთან ერთად ვმუშაობდი "ჯეოსტარზე", რადგან ის "ჯეოსელში" მუშაობს. მომწონს ირმა გიგანი და თაკო ჩარკვიანთან გასაყოფი არაფერი მაქვს. მგონია, რომ მის უკან დგანან გარკვეული ადამიანები, რომლებსაც არ ვუყვარვარ და მორჩა!.. ჩემი დამოკიდებულება ნიჭთან ყველამ იცის. მე არ მიყვარს ეკა კვალიაშვილი, მაგრამ ყველგან ვიტყვი, რომ ის უნიჭიერესი მომღერალია, პიროვნულად ვერ ვიღებ მას და მაქვს ამისი საფუძველი, რადგან პირადად შემეხო. აუცილებლად უნდა დამთავრდეს ეს დაბლოკვების თემა. ამას არ ვაღიარებ. თუ შენ არ მოგწონს ეს ხელისუფლება და ებრძვი მას, რატომ გინდა მის გაკეთებულ კონცერტებში მონაწილეობა?!. მე მქონდა კონფლიქტი გიორგი ხაბურზანიასთან და წამოვედი "რუსთავი 2"-დან.

- თავად ხაბურზანიამ ინტერვიუში გვითხრა, რომ თქვენსა და მას შორის განხეთქილების ჩამოგდება ვიღაცას სურდა.

- შესაძლოა, არ გამოვრიც­ხავ. მე მერჩივნა, ბზარის გაჩენისთანავე მოსულიყო და პირადად ეთ­ქვა. მე ერთადერთი პრეტენზია მქონდა გიორგისთან, რებრენდინგის შესახებ მისგან უნდა მცოდნოდა. ბევრჯერ მითქვამს მისთვის, რომ ჩვენ შორის განხეთქილება ბევრს უნდოდა. მე არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ ამას ვგრძნობდი. გიორგი ახალგაზრდაა და ეს ვერ გააცნობიერა. საქართველოში უამრავი ადამიანია ისეთი, რომელსაც შეკრული გუნდის დაშლა სურს. რა გამოვიდა საბოლოო ჯამში? არც გიორგის გამოუვიდა პროექტი და არც მე. ეს ვიღაცას უნდოდა.

- "საქართველოს ვარსკვლავს" შეუმდგარ პროექტად მიიჩნევთ?

- ყოველ შემთხვევაში, ის ბრწყინვალება და ბუნებრიობა, რაც "ჯეოსტარს" ჰქონდა, ახალ პროექტში არ არის. მგონია, რომ იქ ბევრი რამ არის დადგმული და ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, როგორც მაყურებელს. იქ რომ ვიყავი, ყველა ბავშვი მტკიოდა, უნიჭოც და ნიჭიერიც. ვერ დავიჯერებ, რომ გიორგის არ აქვს დისკომფორტი ჩემი იქ არყოფნის გამო, ისევე, როგორც მე ვგრძნობ დისკომფორტს, რომ "საქართველოს ვარსკვლავში" არ ვარ. მაგრამ მაშინ გიორგი არ დამელაპარაკა.

- ისევ კულტურის სამინისტროს დავუბრუნდეთ. როგორ წარმოგიდგენიათ ბატონ გურამ ოდიშარიასთან თანამშრომლობა? რა გეგმები გაქვთ?

- მასთან შეხვედრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძალიან თბილი და უწესიერესი ადამიანია. მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ საპენსიო ასაკის ვარ და წყნარად შემიძლია მოვასვენო ყველა ჩემი პერსონისგან. რამეს ვიზამ, ჩემს გასაკეთებელს ვიპოვი. მე ის 10-კაციანი გუნდი მენანება, რომლის შეკვრაც ძალიან ძნელი იყო. და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - ნურავინ სპეკულანტობს იმით, რომ ვინმეს ვბლოკავდი. რაც უნდა თქვან, ყველა ჩემი ახლობელია. კულტურის სამინისტრო არც აკეთებდა ღონისძიებებს. ნუ სპეკულანტობენ ნატო მეტონიძისა და ლიზა ბაგრატიონის სახელებით.

- ფაქტია, რომ ისინი არ ჩანდნენ.

- ფაქტია, მაგრამ ამას მე ნუ მომაწერენ. არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მოიტანა საუბარმა. საფრანგეთში ქართული კულტურის დღეები რომ გაიმართა, სამინისტროში ახალი მოსული ვიყავი. მაშინ ნიკას ერთი სიტყვა ვუთხარი იმის შესახებ, თუ გვინდა, კარგი პროექტი გამოვიდეს, იქ აუცილებლად უნდა იყოს ნატო მეტონიძე-მეთქი და ნიკამ მიპასუხა, რაზეა ლაპარაკიო. თავად ნატოსა და ლიზას ჰკითხეთ ჩემ შესახებ.

- მინდა, "ახალ ხმაზეც" გკითხოთ...

- გინდათ, სიმართლე გითხრათ? ამ ეტაპზე ისეთ დღეში მაქვს ნერვები, ვერაფერს ვუყურებ. მეოთხედ იცვლება ხელისუფლება ჩემი ცხოვრების განმავლობაში და მეოთხედ ხდება ეს ძალიან მტკივნეულად. ვინც თავს დაბლოკილად მიიჩნევდა, ახლა ისინი არიან გამხეცებულები. წასულიყავი და გემღერა კლუბში, სიმღერა ისეთი რამეა, დაგახრჩობს, თუ ნამდვილად გინდა. რაღა მაინცდამაინც რიყეზე პრეზიდენტის კონცერტზე გინდოდა გამოსვლა, იმ პრეზიდენტის, რომელიც გეზიზღებოდა?!. ახლა კი რა ხდება, მოვედით ჩვენ, გადავბლოკოთ მეორე მხარე! ეს არასდროს დამთავრდება, რადგან სადღაც ჩაბუდებულები არიან უნიჭო ადამიანები, უნიჭო და გაბრაზებულ ხალხზე საშიში კი არავინაა. ნიჭიერი თავისი ნიჭის ხარჯზე ყოველთვის გაიკვალავს გზას. რა შუაში იყო "ჯეოსტარი" კულტურის სამინისტროსთან და მარინას ტონი, ეგეც ვერ გავიგე. რა შუაშია ხელმოწერების შეგროვება, მოადგილედ დამნიშნეთო. კომუნისტურ პერიოდში ვართ?! ან დათო ოქიტაშვილს სხვა სალაპარაკო თემა არ აქვს? ჩემზე ბევრად მეტხანს იმუშავა კულტურის სამინისტროში, პირველი დღიდან აქ იყო. მერიის კულტურის სამსახურში მასთან მე და ლანა ქუთათელაძე ვმუშაობდით და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ კულტურის გადარჩენის ფონდის შექმნა ჩემი და ლანას დამსახურება იყო. ამ პროექტის ფარგლებში ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩავატარეთ, სადაც ნიკა მემანიშვილიც მონაწილეობდა და ის ამ პროექტისთვის ვენიდან ჩამოვიყვანეთ. მოდი, ნუ ვილაპარაკებთ, ვინ რა გააკეთა, მაგრამ ოქიტაშვილის გასალანძღი ნამდვილად არაფერი მჭირს და არ დამაქნევინოს თითი. ამის გაკეთება არ მინდა, რადგან უამრავი წელიწადი მაკავშირებს და ბევრი წელი იჯდა კულტურის სამინისტროში. თაკო ჩარკვიანი ამბობს, რვა წელია, დაღუპეთ ქართული კულტურაო, ვის ეკითხება? რურუას გუნდი აქ სულ ოთხი წელია ზის და მე - ორ-წელიწად-ნახევარი. ოქიტაშვილს ჰკითხონ, რომელიც აქ პირველი დღიდან მუშაობს. მე არ გამიგდია ის აქედან!.. აქედან გამომდინარე, ოქიტაშვილი ნუ დაუდგება თაკო ჩარკვიანს ადვოკატად, რადგან მას ადვოკატი არ სჭირდება. თავისი გზა აქვს. ხელმომწერთა შორის, ვინც თაკო ჩარკვიანის გურამ ოდიშარიას მოადგილედ დანიშვნას ითხოვენ, ჭაბუა ამირეჯიბის ხელმოწერა ერთ-ერთი პირველია. როგორ შეიძლება, მას პატივს არ ვცემდე, მაგრამ მას სცალია იმისთვის, იცოდეს, რა გააკეთა თაკო ჩარკვიანმა კულტურის სფეროსთვის? მათ, უბრალოდ, ეს სახელი და გვარი სჭირდებოდათ ალბათ. როგორ შევაწუხებ ჭაბუა ამირეჯიბს რამეზე, განსაკუთრებით იმაზე, ხელი მომიწერე რაღაც დოკუმენტზე-მეთქი. რას ჰგავს ახლა ეს, ლამაზი საქციელია?!.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება