რამ შეცვალა ეკა ნიჟარაძის სხეულის ფორმები

რამ შეცვალა ეკა ნიჟარაძის სხეულის ფორმები

მსახიობ ეკა ნიჟარაძეს თეატრი ძალიან უყვარს, მაგრამ დღეს სხვა ფლანგზე აქტიურობს: ეკა პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს და მაქსიმალურად ცდილობს, მის მიერ შესრულებული ცეკვა მაყურებლებისთვის სასიამოვნო სანახავი იყოს. გასულ ზაფხულს მსახიობი გრძელ, ლამაზ თმას შეელია და ახლა ამის გამო გული სწყდება. ამბობს, რომ ცეკვის შესრულებისას გრძელ თმაში უფრო მეტად ეფექტური იქნებოდა...

მაკიაჟი

- თავის მოვლას ძალიან მცირე დროს ვუთმობ. ჩემი დილა შხაპის მიღებით იწყება, შემდეგ ყავას ვსვამ, ხანდახან სახის მკვებავ კრემს ვისვამ და შინიდან გავრბივარ. ყოველდღიურად მაკიაჟს არ ვიკეთებ. თუ რაიმე საღამოზე მივდივარ, მაქსიმუმ, ტუშს და ტუჩის უფერო "ბლესკს" ვისვამ. სახის კანის მოსავლელად განსაკუთრებულ და ძვირად ღირებულ კრემებს არ ვხმარობ. ძირითადად, მამაპაპურ მეთოდებს მივმართავ.

ვარცხნილობა  და თმის ფერი

- რითიც ნამდვილად ვამაყობ, ეს ჩემი თმა გახლავთ. ბუნებრივი ფერია, არ ვიღებავ. თმა როცა გრძელია, მისი ბოლოები ცოტათი ხუნდება ხოლმე და უფრო მეტად ლამაზია. ჰოდა, შეჭრაც ამიტომ მენანებოდა. თან, სპექტაკლში გრძელი თმა სულ მჭირდებოდა, მაგრამ ზაფხულში მივხვდი, რომ ვარცხნილობა უნდა შემეცვალა და უკვე თითქმის წელამდე სიგრძის თმა ძირში წავიჭერი. საბედნიეროდ, მალე მეზრდება... რაც შეეხება ჩემს მოჭრილ თმას, მისგან თეატრში შინიონი მოვაქსოვინე. ასე რომ, როცა მჭირდება, თმას "ვიგრძელებ". სხვათა შორის, ის შინიონი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ორჯერ გამოვიყენე... მოკლე ვარცხნილობა ადრეც მქონია და ვინაიდან ვიცოდი, რომ მიხდებოდა, გავრისკე...

პირველად თმა 13 წლის წინ შევიღებე, როცა სპექტაკლში - "სალომეა" ვითამაშე. მხატვარს უნდოდა, წითელი თმა მქონოდა. სხვათა შორის, მომიხდა. დაახლოებით 2 წელი წითელი თმა მქონდა, მერე კი ვიფიქრე: - ბარემ თმა შეღებილი მაქვს და ქერად გადავიღებავ-მეთქი. ასეც მოვიქეცი, მაგრამ ქერა თმა არ მომიხდა, საშინელება ვიყავი! ვერაფერი რომ ვეღარ მოვუხერხე, ძირში მოვიჭერი - ფაქტობრივად, თავი გადავიპარსე. ჰოდა, მას შემდეგ თმა არ შემიღებავს.

თმის მოსავლელად განსაკუთრებულ მეთოდებს არ ვიყენებ. ახლახან რუსული კომპანიის მცენარეული შამპუნების გამოყენება დავიწყე. კმაყოფილი ვარ. ხალხური მეთოდიც ვიცი: კონიაკი, ზეითუნის ზეთი, კვერცხი ერთმანეთში უნდა აურიო და თმაზე ნახევარი საათით გაიჩერო. ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ საამისოდ დრო არ მაქვს.

ვარჯიში და დიეტა

- წონის პრობლემა არასოდეს მქონია. შარშან 2-3 კილოგრამი მოვიმატე, რადგან ცოტა არ იყოს, პასიური წელი მქონდა, მაგრამ მეუბნებოდნენ, - გიხდებაო. მას შემდეგ, რაც ვარჯიში დავიწყე, ისე გავხდი, რომ ყველა სამოსი დიდი მაქვს. სექტემბრის დასაწყისში საფრანგეთში გახლდით, სადაც ძალიან ვიწრო ჯინსის შარვალი ვიყიდე. ჰოდა, გუშინ ჩავიცვი და ისიც დიდი მქონდა. თითქოს, წონაში ბევრი არ დამიკლია, მაგრამ ასეა! ვგრძნობ, სხეულის ფორმები შემეცვალა.

სამოსი

- საერთოდ, უპირატესობას კომფორტულ სამოსს ვანიჭებ. გამოსასვლელ ტანსაცმელს მეგობრები მჩუქნიან. მაგალითად, მირანდა მირიანაშვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და ხშირად მოგზაურობს, ყოველთვის ცდილობს, ასეთი სამოსი ჩამომიტანოს. მირჩევს ხოლმე: ამა და ამ ღონისძიების გახსნაზე ეს ჩაიცვიო. იცის, რომ ძალიან "მარტივად" ვიმოსები: ძირითადად, ჯინსით (ზაფხულში - შორტებით) დავდივარ...

დიდი "შოპინგისტი" არ ვარ. როცა რამეს ვყიდულობ, კარგად უნდა მოვისინჯო და დავფიქრდე - რას მოუხდება. ზოგჯერ მაღაზიაში შვილიც მიმყავს. ფეხსაცმელს რომ ვისინჯავ, სულ მგონია, რომ მიჭერს ან დიდი მაქვს. მირანდამ ზუსტად იცის, რომელი ზომის და როგორი სამოსი უნდა მაჩუქოს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე არაკომფორტული ეჩუქებინოს. შეუძლია, ჩემზე უკეთ განსაზღვროს, თუ რა მომიხდება და რა - არა. ზოგადად, ფერადი ტანსაცმელი მიყვარს.

სამკაული და აქსესუარი

- სამკაულის მიმართ გულგრილი ვარ. ოქროსა და ბრილიანტზე გაგიჟებული არასოდეს ვყოფილვარ. ვერცხლი უფრო მომწონს. საერთოდ, ამოჩემება მიყვარს: წელიწად-ნახევარია, რაც ეს საყურე მიკეთია. ერთ-ერთი მაღაზიის 500-ლარიანი ვაუჩერი მოვიგე, რომელიც ძირითადად, საჩუქრებში დავხარჯე, მე კი მხოლოდ ეს საყურე შემრჩა. მეც ძალიან მიყვარს და ხალხსაც მოსწონს, კომპლიმენტს ხშირად მეუბნებიან.

ჩანთები და საფულეები მიყვარს. მგონი, ეს აკვიატებაა! შემიძლია, ყოველდღე სხვადასხვა ჩანთა ვატარო. რომელი ბრენდის არის, ამას მნიშვნელობა არა აქვს. რამეს რომ დავკარგავ, ვფიქრობ, - რომელ ჩანთაში მედო-მეთქი? სათვალეც მიყვარს, მაგრამ ვერ ვიყენებ: თუ საჭესთან არ ვზივარ და მზე არ მაწუხებს, არ ვიკეთებ.

სვირინგი

- 10 წლის წინ ბეჭზე სვირინგი გავიკეთე. მოკრძალებული იეროგლიფია, რომლის მნიშვნელობაც არ ვიცოდი. მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე, ჩემი დაბადების წელი ყოფილა. სვირინგი ისეთ ადგილზე მაქვს, რომ ვერ ვხედავ და არ მაწუხებს. ამბობენ, - ერთხელ რომ გაიკეთებ, მერე ახლის გაკეთება გინდებაო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა; ვფიქრობ, ერთიც საკმარისია.

საქმე

- ჩემს ცხოვრებაში თეატრს დიდი ადგილი უჭირავს. უკვე 17 წელია, აქ ვმუშაობ და სცენის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია; აქაურობა ძალიან მიყვარს! თეატრში თავს ისე კომფორტულად ვგრძნობ, თითქოს საკუთარ სახლში ვიყო. სიმართლე გითხრათ, ახლა ცოტა სხვა ფლანგზე გადავერთე - "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ვგულისხმობ, მაგრამ ეს დროებითია. მალე რეპეტიციები თეატრშიც დაგვეწყება და მერე რა უნდა ვქნა, არ ვიცი. მას შემდეგ, რაც სეზონი გაიხსნა, დღეს მეოთხე სპექტაკლს ვთამაშობთ.

არ მეგონა, პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობა ასეთი რთული თუ იქნებოდა. წლების წინ ბალეტზე დავდიოდი: ეს რაღაცაში მეხმარება, რაღაცაში კი ხელს მიშლის. სამეჯლისო ცეკვა ხომ ბალეტისგან რადიკალურად განსხვავდება. ვცდილობ და მინდა, რომ ჩვენ მიერ შესრულებული ცეკვა კარგი და ლამაზი სანახავი იყოს. ბუნებრივია, ისე ვერ ვიცეკვებ, როგორც მაგალითად, ჯულიანა და სალომე ცეკვავენ, მაგრამ ეს საქმე ჩემთვის აზარტული გახდა. რადგან მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ პროექტში უნდა დავრჩენილიყავი, ახლა ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მომეთხოვება. პროექტის გასული სეზონის მონაწილეებს ვეუბნები, - ხალხო, გეთქვათ, ასეთი რთული საქმე თუ იყო-მეთქი. ჩემი ჩანთა პატარა აფთიაქს დაემსგავსა: მალამოები, ნემსები, "ზელიონკა" - ყველაფერი მაქვს! აბსოლუტურად "მოშლილი" და "დანგრეული" ვარ.

ჩემი პარტნიორი - ლევან ახვლედიანი არაჩვეულებრივი მოცეკვავეა. მისი მადლიერი ვარ, რადგან მშვიდად, მოთმინებით მიტანს (იღიმის). ამას წინათ, პრომოსთვის ინტერვიუს ვწერდით და ვთქვი: მე და ლევანი არ ვჩხუბობთ-მეთქი. დღეს წავკამათდით. ძალიან ნერვიულობს, პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. უნდა, რომ კარგი ცეკვა გამოგვივიდეს...

ჩემი შვილები პროექტს თვალყურს აქტიურად ადევნებენ და ძალიან ღელავენ. აინტერესებთ, ჩემ შესახებ ვინ რა თქვა, რა დაწერა? ზოგჯერ სოციალურ ქსელში ვიღაცები უხეშად, უდიერად წერენ (მხოლოდ ჩემ მიმართ - არა). მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ არ მინდა, ასეთმა კომენტარებმა ჩემს შვილებზე უარყოფითად იმოქმედოს.

ოჯახი

- მე, ჩემი შვილები და სიძე (ტასოს ქმარი) ერთად ვცხოვრობთ. ამ ეტაპზე შვილებს ყურადღებას ვერ ვუთმობ. შინ ისეთი დაღლილი ვბრუნდები, რომ ოჯახის წევრებს მხოლოდ გადავკოცნი, ბოდიშს ვუხდი, ვწვები და ვიძინებ. ჩემმა ვაჟმა - ჯეჯიმ წელს სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლა უკვე დაეწყო. ძალიან კმაყოფილია, რადგან არაჩვეულებრივ პედაგოგთან - გიზო ჟორდანიასთან მოხვდა. სხვათა შორის, ჩემი პედაგოგიც ბატონი გიზო იყო... ტასო ახლა ორსულად არის. თებერვლის დასაწყისში გოგონას ველოდებით. ალბათ, ჩემი ყურადღება აკლია...

ჩემთვის მთავარია, შვილებს საჭმელი დავუტოვო. ამიტომ დილით ადრე ვდგები და სადილს ვამზადებ. როცა ვიცი, რომ შინ სადილი არის და ბავშვები მშივრები არ იქნებიან, დანარჩენზე აღარ ვღელავ...

დასვენება და გართობა

- ამ ზაფხულს კარგად დავისვენე - რაჭაში ვიყავი, სადაც ონისე ონიანმა დამპატიჟა; ნიკორწმინდა და სხვა სალოცავები მოვიარეთ. სვანეთსა და აჭარაშიც ვიყავი, მანამდე კი ბეირუთში გახლდით (დეიდაშვილმა დამპატიჟა). სექტემბრის დასაწყისში მირანდა მირიანაშვილმა მეგობრები საფრანგეთში მიგვიწვია... მოკლედ, ზაფხულთან დაკავშირებით საწუწუნო არაფერი მაქვს, მაგრამ დასვენება ახლაც მჭირდება. წლის განმავლობაში ისე ვიღლები, რომ კლუბების, დისკოთეკების გაგონება აღარ მსურს და საღამოს 11 საათზე უკვე მძინავს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება