ზურა ბერიკაშვილი - "ჩემი მეუღლე უსამართლობის მსხვერპლი გახდა"

ზურა ბერიკაშვილი - "ჩემი მეუღლე უსამართლობის მსხვერპლი გახდა"

ბოლო დროს გივი და მანანა ბერიკაშვილები პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვნენ, მსახიობი ზურა ბერიკაშვილი კი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი მისი პროფესიაა - აქტიურად მონაწილეობს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში და სხვა რაღაცებისთვის დრო არ რჩება. თუმცა, დას - ქალბატონ მანანას შეძლებისდაგვარად, გვერდით ედგა და აქტიურად გულშემატკივრობდა.

- ბოლო დროს თქვენი ოჯახის წევრებს ხშირად ვხედავდით ეკრანზე; ისინი პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული, თქვენ კი ამ მხრივ არ აქტიურობდით...

- მართლაც, დიდი ხანია, ეკრანზე აღარ გამოვჩენილვარ. მარჯანიშვილის თეატრში ყოველდღე სპექტაკლები გვაქვს და სხვა რაღაცებისთვის ვერ ვიცლი... ჩემი და - მანანა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და პოლიტიკაში ძალაუნებურად, მისი ოჯახის წევრებიც ჩავერთეთ. მართალია, მანანას პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ შემოთავაზებაზე უარი მაინც არ თქვა.

მანანა ბერიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი- როცა ბატონმა ბიძინამ გურჯაანში დეპუტატობის კანდიდატად თქვენი და დაასახელა, ბატონი გივი იქ იყო და კახელებს სიტყვითაც კი მიმართა... საინტერესოა, ასეთ დროს დის გვერდით რატომ არ იყავით?

- მეც იქ ვიყავი. კამერების წინ თუ არ ვპოზიორობდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს დას გვერდით არ ვედექი... სხვათა შორის, ოჯახის წევრები თავიდანვე მხარს ვუჭერდით "ქართულ ოცნებას".

- ბატონმა გივიმ თქვა, რომ ბატონ ბიძინასთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს...

- გივი წლებია, ბატონ ბიძინასთან მეგობრობს. ვიდრე მანანა პოლიტიკით დაკავდებოდა, მამა ხშირად მიდიოდა ივანიშვილების სახლში, სპეციალურად მეგობრებისთვის გამართულ ვახშამზე. 10-15 წელია, ბატონი ბიძინა თეატრის მსახიობებს გვეხმარება და პირადად მე, "ქართულ ოცნებას" მხარს ამიტომაც ვუჭერდი. ის ქველმოქმედი ადამიანია; ქართული თეატრი მისი გადარჩენილია. ჰოდა, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანს საჭირო დროს გვერდით არ დაუდგე?!

ზურა ბერიკაშვილი- თუმცა, იყო პერიოდი, როცა ამბობდით, რომ ივანიშვილისგან არანაირ დახმარებას არ იღებდით.

- პირიქით, სულ იმას ვამბობდით, რომ ეს ადამიანი გვეხმარებოდა!.. თუმცა, როცა ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა, რაღაც პერიოდის განმავლობაში მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები თეატრის მმართველს იბარებდნენ და ეუბნებოდნენ, - ივანიშვილისგან დახმარების მიღებაზე უარი თქვითო, მაგრამ ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში გვეხმარებოდა, რა სინდისით უნდა გვეკრა ხელი?!

- ამჟამად რა ხდება თეატრში? ცნობილია, რომ წელს კოტე მარჯანიშვილის საიუბილეო წელია...

- ასეა და ამიტომაც, სეზონი ორი პრემიერით გავხსენით: ერთი მარჯანიშვილის ცხოვრებაზეა, მეორე კი შექსპირის პიესის - "როგორც გენებოთ" მიხედვით დაიდგა. სხვათა შორის, ამ სპექტაკლით ვიყავით ლონდონის ფესტივალზეც.

ზურა ბერიკაშვილის შვილი- იქნებ ცოტა რამ ამ ფესტივალზე გვიამბოთ...

- ლონდონში შექსპირის პიესების ფესტივალზე მიგვიწვიეს. მოგეხსენებათ, ამ ქვეყანაში მსოფლიოს თეატრალური ცენტრია და მსახიობები ყველა ქვეყნიდან იყვნენ ჩასული. თეატრის შენობას ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც შექსპირის დროს ჰქონდა. ღია ცის ქვეშაა, მხოლოდ სცენაა გადახურული. ჩვენი სპექტაკლის ნახვის შემდეგ, იქაურობა ტაშით დაინგრა; ისეთი წარმატება გვხვდა წილად, როგორსაც ნამდვილად არ ველოდით. სხვათა შორის, ლონდონში გაზაფხულზეც მოგვიწევს წასვლა - თეატრის მოყვარულებს ექვსი სპექტაკლი უნდა წარვუდგინოთ.

- პატარა გივი ბერიკაშვილი პაპის და მამის გზას არ დაადგა?

- პატარა გივი ბერიკაშვილი პატარა აღარ არის - სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. თავად მოინდომა, რომ მედიცინის მუშაკი გახდეს და მის არჩევანში არ ჩავერიეთ.

- უმცროს შვილზე რას გვეტყვით?

- ჩემი ქალიშვილი ჯერ ხუთი წლისაა. არ მიყვარს, მშობლებს შვილები ამ ასაკში რაღაც წრეებზე რომ დაჰყავთ. წამოიზრდება და თავადვე მეტყვის, რისი გაკეთება უნდა.

- მეუღლე რას საქმიანობს?

- დროებით უმუშევარია. მოგეხსენებათ, ის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც სხვა ბევრი არტისტი, ისიც უსამართლობის მსხვერპლი გახდა.

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება