ბრედ პიტის ძმამ ავსტრალიაში პოპულარობა მოიპოვა

ბრედ პიტის ძმამ ავსტრალიაში პოპულარობა მოიპოვა

კინოვარსკვლავ ბრედ პიტის ძმა - დუგ პიტი ავსტრალიაში ნამდვილი სუპერვარსკვლავი გახდა. ის სიდნეიში კომპანია "ვირჯინ მობილ ავსტრალიის" რეკლამებში მონაწილეობდა და ქალაქის ქუჩები მისი პოსტერებით აჭრელდა. 46 წლის დუგ პიტმა მოახერხა ძმის "ჩრდილიდან" გამოსვლა და პოპულარობის მოპოვება. "ვირჯინ მობილ ავსტრალიის" პროექტი სამოდელო ცენტრ "ეიემჯის" (AMG) დაკვეთით განხორციელდა. მე ამ სააგენტოს მოდელი ვარ, ხშირად მიწევს სიდნეიში ჩამოსულ შოუბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა და დუგ პიტსაც სამოდელო ცენტრში შევხვდი.

- როგორ აღმოჩნდით "ვირჯინ მობილ ავსტრალიის" სარეკლამო რგოლებში?

- პროექტის ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს რეკლამაში მონაწილეობა. პროექტის სლოგანია - "გახდი წარმატებული ნებისმიერ ასაკში". ჩემი ძმის - ბრედ პიტის მსგავსად ჰოლივუდის ვარსკვლავი არ ვარ, არც ფუფუნებაში ვცხოვრობ, არც ანჯელინა ჯოლია ჩემი მეუღლე და არც ბრედივით მომხიბლავად გამოვიყურები, მაგრამ კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. პროექტის ხელმძღვანელთა აზრით, ხალხი დაინტერესდება ჩემი პიროვნებით და კომპანია "ვირჯინ მობილ ავსტრალია" კიდევ უფრო პოპულარული გახდება.

- რეკლამაში გამოჩენის შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

- თავს იოტისოდენა ცვლილებასაც ვერ ვამჩნევ. თუმცა პოპულარობა მოვიხვეჭე, ქუჩაში ხალხი თბილად მესალმება, მიღიმის, ავტოგრაფს მთხოვს. საზოგადოება დადებითად განეწყო ჩემდამი, რაც ძალიან მახარებს.

- რა რეაქცია ჰქონდა ბრედ პიტს, როცა რეკლამის ამბავი შეიტყო?

- ძალიან გაუხარდა ჩემი წარმატება. როგორც კი სარეკლამო რგოლი ნახა, დამირეკა და მითხრა, შენით ვამაყობ, 46 წლისა ამომავალი ვარსკვლავი გახდიო.

ბრედთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემზე 3 წლით უფროსია. ბავშვობაში მას ვბაძავდი, ის კი უფროს ბიჭებთან მეგობრობდა და მათთან ჩემი გამოჩენის ეთაკილებოდა, რადგან უმცროსი ვიყავი. ამას ძალიან განვიცდიდი. მახსოვს, ერთხელ სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, დავინახე, რომ ქუჩაში ჩემს ძმას ორი უფროსკლასელი ბიჭი სცემდა. ჩანთა ძირს დავაგდე, ძმის დასახმარებლად გავექანე და ხელჩართული ჩხუბი გავმართეთ. მე და ბრედმა გავიმარჯვეთ და ის ბიჭები კინწისკვრით გავყარეთ. ბრედი გადამეხვია და მითხრა, ჩემი ერთგული ძმა ხარო. მას შემდეგ გვერდიდან არ მიცილებდა.

- თქვენ რას საქმიანობთ?

- მაქვს კომპიუტერული სერვისის კომპანია, თავისუფალ დროს ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული, ბევრს ვმოგზაურობ, მიყვარს თავგადასავლები და ყველგან ფოტოაპარატით შეიარაღებული დავდივარ. "ვირჯინ მობილ ავსტრალიას" სარეკლამო გადაღებამ კი ისე გამიტაცა, თავი უკვე მსახიობი მგონია (იცინის).

- ავსტრალიაში ყველაზე მეტად რა გხიბლავთ?

- ავსტრალია არაჩვეულებრივი ქვეყანაა, მშვიდი, ლამაზი, ხალხი საოცრად თბილი და სტუმართმოყვარე. სიდნეიში აქამდეც ვყოფილვარ, მაგრამ ახლა, როცა ქუჩები ჩემი პოსტერებით აჭრელდა, სულ სხვა განცდა მაქვს. ავსტრალიაში დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

- თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთო, ახლობლის პოპულარობის ჩრდილში რომ არ მოექცე?

- ახლობლის პოპულარობამ რომ არ დაგჩრდილოს, საკუთარი თავის რეალიზება უნდა შეძლო. იშრომო, კეთილი საქმეები აკეთო, ხალხს თავი შეაყვარო. აუცილებელი არ არის, ყველა გიცნობდეს, მთავარია, ვინც გიცნობს, ის გცემდეს პატივს.

სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" სიდნეიდან

თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება