გოგი დოლიძის ახალი სიცოცხლე - "ის კეთილი კაცი, გულით რომ მღეროდა, მამაჩემი იყო"

გოგი დოლიძის ახალი სიცოცხლე - "ის კეთილი კაცი, გულით რომ მღეროდა, მამაჩემი იყო"

მომღერალი მანამ არის ცოცხალი, ვიდრე მისი ხმა, მისი შესრულებული სიმღერების ექო ერთიდან მეორე ადამიანს გადაეცემა. ამ თვალსაზრისით ყველასთვის საყვარელი მომღერალი გოგი დოლიძე ცოცხალია, მეტიც, მის სახელს და ხმას აქვს ენერგია, რომ კიდევ უფრო მეტი ახალი სიცოცხლე შექმნას...

გასული საუკუნის 90-იან წლებში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გრამფირფიტების ჩამწერ ფირმა "მელოდიაში" გოგი დოლიძე ახალი ალბომისათვის სიმღერებს წერდა. ორიოდ წელიწადში ახალგაზრდა მომღერალი გარდაიცვალა...

"ბრავო რექორდსმა" გოგის ვაჟის, ლევან დოლიძის და ამ პროექტის ავტორის - ქეთი ლოლაძის თანადგომით შეძლო მოეპოვებინა მისი უნიკალური სიმღერები - გოგი დოლიძის ვოკალი მუსიკის გარეშე. გადაწყდა, გოგი დოლიძის ხმისათვის ახალი სიცოცხლე მიენიჭებინათ.

პროექტის ხელმძღვანელად შეირჩა უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე, რომელმაც გოგის სიმღერების არანჟირების სრულიად ახალი, თანამედროვე ვერსიები მრავალფეროვანი ინსტრუმენტული აკომპანემენტით შეავსო. ალბომში შესულია 11 ჰიტის სრულიად ახალი ვერსია. გოგის ხმა აბსოლუტურად ჰარმონიულად ჟღერს ზვიად ბოლქვაძის მიერ შექმნილ სიმფონიურ მუსიკალურ ფორმებთან ერთად.

და კიდევ - ეს განსაკუთრებული მოვლენა გახლავთ ლევან დოლიძისათვის... სულ ათი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა, მაგრამ ბევრი რამ მაინც ახსოვს:

- მამა, როგორც ყველა ხელოვანი, ძალიან დაკავებული იყო: ჩაწერა, რეპეტიცია, კონცერტი, გასტროლები... ზოგჯერ თვეობით უხდებოდა თბილისიდან გასვლა. მაგრამ შინ დაბრუნებული გვერდიდან არ მიცილებდა. ერთად ბედნიერები ვიყავით. როცა ვშორდებოდით - ძალიან გვენატრებოდა ერთმანეთი...

მე არ მახსოვს, მაგრამ მიყვებიან, რომ სიცხე მქონია, დედას წყნეთში ვყავდი წაყვანილი. იქიდან განუწყვეტლივ ურეკავდა დეიდაჩემს, რომელიც პედიატრია და ეკითხებოდა, ბავშვს რა წამალი მივცე, სიცხე არ უნელდებაო. ამ დროს მამაჩემი მოსულა, მანქანით შემოსულა ეზოში და ჩემთვის დაუძახია... სიხარულით წამოვმხტარვარ ლოგინიდან... მამამ ამიყვანა და... სიცხემ დამიწია. მერე აღარც მოუმატებია.

ზოგჯერ ვწუწუნებდი: შენ ყველგან დადიხარ, მე კი არსად მიგყავარ-მეთქი... ჰოდა, კორსიკაზე წამიყვანა.

იმ დროს უცხოეთში გამგზავრების მსურველებს შვილების სურათებს პასპორტში ჩაუკრავდნენ ხოლმე. ძალიან მომეწონა, როცა ვნახე, რომ მამას ჩემი სურათი პასპორტში ჩაუკრეს.

კორსიკაზე დაუვიწყარი დრო გავატარეთ. სანადიროდაც კი წამიყვანა ტაქსით - იქ მანქანით დადიოდნენ ტახზე სანადიროდ. არაფერი მოგვიკლავს... დამამახსოვრდა, მამაჩემის დაყვირება, როცა დამინახა, რომ მანქანის ფანჯრიდან ლამის წელამდე გადავიწიე, მისი შეშინებული სახე. სხვა დროს, მგონი, არც არაფერი უთქვამს ხმამაღლა. როცა არ ვსწავლობდი და ვზარმაცობდი, მეუბნებოდა: - კარგი რა, ლევან, ხომ იცი, კემბრიჯში უნდა ისწავლო და თუ კარგი ნიშნები არ გექნება, სწავლას როგორ გააგრძელებო.

საოცრად მიყვარდა, როცა მამა გასტროლებიდან ბრუნდებოდა, უამრავი საჩუქრი მოჰქონდა. მერე ვისხედით ერთად, მამას ინგლისური ენის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და ინგლისურენოვან ინსტრუქციას კითხულოდა. ვაწყობდით სათამაშოებს და მერე ერთად ვთამაშობდით. საოცრად ბედნიერები ვიყავით...

კადრებიც არის შემორჩენილი: გოგი დოლიძე უცხოეთში სათამაშოების მაღაზიის ვიტრინას უყურებს - ჩემთვის არჩევდა სათამაშოს. იცით, როგორ მიხარია, როცა ვხედავ, როგორ უყვართ მამაჩემი. არ მინახავს კაცი, რომ მასზე აუგი ეთქვას. ძალიან კარგი და სუფთა კაცი იყო, ხალისიანი, სიცოცხლით აღსავსე...

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება