ატომური ვეტერანი თადარიგში გაუშვეს

ატომური ვეტერანი თადარიგში გაუშვეს

წლის ბოლომდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები 51 წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ, ატომურ ავიამზიდ "ენტერპრაიზს" ფლოტის შემადგენლობიდან გაიყვანენ. ამის შემდეგ სპეციალური ჯგუფები მისი ბორტიდან შეიარაღებისა და ატომური რეაქტორის დემონტაჟს განახორციელებენ. ამ პროცესის დასრულებისთანავე მას ჯართად დაჭრიან.

4 ნოემბერს "ენტერპრაიზი" თავისი უკანასკნელი 25-ე ლაშქრობიდან დაბრუნდა, რომელიც 8 თვეს გაგრძელდა. ხომალდი ავღანეთის მახლობლად საბრძოლო პატრულირებას ასრულებდა, რომლის დროსაც ავიამზიდის ბორტიდან 2200-ზე მეტი გაფრენა შესრულდა. თვითმფრინავებმა კი ავღანეთში 56 სამიზნე გაანადგურეს.

"ენტერპრაიზი" მწყობრში 1961 წელს ჩადგა და ერთი წლის შემდეგ თავის პირველ საბრძოლო დავალებაზე გავიდა. 1963 და 1964 წლებში ავიამზიდმა ხმელთაშუა ზღვაში მეორე და მესამე ლაშქრობა შეასრულა. 13 მაისს ჩამოყალიბდა მსოფლიოში პირველი საზღვაო ბირთვული ტაქტიკური ჯგუფი. მის შემადგენლობაში "ენტერპრაიზის" გარდა, სარაკეტო კრეისერები "ლონგ ბიჩი" და "ბერბრიჯი" შევიდნენ. 31 ივლისს სამივე ხომალდი პირველი ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში შევიდა, რომელმაც დედამიწის გარშემო საწვავის მარაგის შევსების გარეშე იცურა.

ის პირველი ატომური ხომალდი იყო, რომელმაც მონაწილეობა ვიეტნამის ომში მიიღო. ერთ დღე-ღამეში მისი ბორტიდან 165 საბრძოლო გაფრენა სრულდებოდა. 1965-72 წლებში აზიის წყლებში მან ექვსი ლაშქრობა შეასრულა. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს გემბანზე ბომბის აფეთქებით გამოწვეულმა ხანძარმა 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 343 კი დაიჭრა. განადგურდა 15 თვითმფრინავი.

გეგმით, ამ ტიპის ექვსი ავიამზიდის აგება იგეგმებოდა. მაგრამ დიდი ღირებულების გამო (451,3 მილიონი დოლარი 1960-იანი წლების კურსით) მხოლოდ ერთი აშენდა. დღემდე ის მსოფლიოში ყველაზე დიდ ავიამზიდად რჩება. 342 მ-ის სიგრძისას მას 8 ატომური რეაქტორი აქვს. მისი ეკიპაჟი კი 3000 კაცს ითვლის.

"ენტერპრაიზის" ჩამოწერის შემდეგ, აშშ-ის განკარგულებაში 10 ატომური ავიამზიდი დარჩება.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე