რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრი, ანატოლი სერდიუკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად სერგეი შოიგუ დანიშნა. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, მოგვიანებით კი ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.
სერდიუკოვი ამ თანამდებობაზე 2007 წლიდან მუშაობდა, მის სახელს უკავშირდება რუსეთის სამხედრო ძალებში კარდინალურ რეფორმათა მთელი სია, რაც რუსული ჯარისთვის "ახალი სახის" მიცემას ისახავდა მიზნად.
რაც შეეხება შოიგუს, მას დღემდე მოსკოვის რეგიონური გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. პესკოვის განცხადებით, სერდიუკოვის დათხოვნის გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა მიიღო, ახალი მინისტრის პოსტზე შოიგუს კანდიდატურა კი მას პრემიერმა მედვედევმა ურჩია.
ერთი თვის წინ პრეზიდენტმა პუტინმა სამსახურიდან რეგიონული განვითარების მინისტრი ოლეგ გოვორუნიც დაითხოვა. რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინსა და სამთავრობო კაბინეტს შორის დაპირისპირება იზრდება.