გამომძიებლები საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის "ბეტანკურის საქმეზე" დაკითხავენ. საქმე ეხება 2007 წელს საარჩევნო კამპანიის არაკანონიერ დაფინანსებას.
მოსამართლე ჟან-მიშელ ჟანტილმა უნდა გაარკვიოს, რა როლი შეასრულა პარფიუმერულ იმპერია L'Oreal-ის მფლობელმა ლილიან ბეტანკურმა ექს-პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში. ამ საქმეზე სარკოზის უახლოესი თანამშრომლები უკვე დაკითხეს.
ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ სასამართლო განხილვა 2012 წლის ივნისში დაიწყო. სარკოზის ბრალი ედებოდა იმაში, რომ მან საპრეზიდენტო კამპანიის დროს ლილიან ბეტანკურისგან 800 000 ევროს ოდენობით შემოწირულობა მიიღო. გამოძიების ინფორმაციით, ეს ფული შვეიცარული ბანკების ანგარიშებზე გადარიცხეს, ბეტანკური კი სანაცვლოდ, გადასახადებისგან გათავისუფლდა.
ივლისის დასაწყისში სარკოზის ბინა გაჩხრიკეს. ადვოკატებმა სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის იმ პერიოდის დღის განრიგის ასლები წარუდგინეს. მათი თქმით, ეს დოკუმენტი სარკოზის ბეტანკურთან შეხვედრების შესაძლებლობას გამორიცხავს.
საქმეზე სარკოზის უახლოესი თანამშრომლები, მათ შორის ელისეს სასახლის ყოფილი გენერალური მდივანი კსავე მიუსკი დაკითხეს. გამომძიებლებს სახელმწიფოს ლიდერის დაკითხვაზე გამოძახების შესაძლებლობა მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების პერიოდში არ ჰქონდათ. მაისში ხუთწლიანი საპრეზიდენტო მანდატის დასრულების შემდეგ სარკოზიმ ხელშეუხებლობა დაკარგა.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.