მაია ჯაბუა - ყველა კონცერტზე არ ვიმღერებ და ყველას დაძახებულზე არ მივალ

მაია ჯაბუა - ყველა კონცერტზე არ ვიმღერებ და ყველას დაძახებულზე არ მივალ

შეუძლებელია მისი ხმა სხვისაში აგერიოს, მისი სიმღერა სხვას მიაწერო, მაია ჯაბუა უფალმა ხმის უნიკალური ტემბრითა და სიმღერის ნიჭით დააჯილდოვა. დღემდე ცხოვრების ის გზა გამოიარა, რომელიც ზოგისთვის სანატრელიც კია... მარტო "მზიური" და იქ გატარებული წლები რად ღირს. დღეს ის ნაკლებად ჩანს კონცერტებსა თუ სხვადასხვა ტელევიზიის მრავალრიცხოვან გადაცემებში, ამბობს, რომ ყველა კონცერტზე არ იმღერებს და ყველას დაძახებულზეც არ მივა.

ბავშვობის ტკბილი ზღაპარი

ყველაფერი ერთადერთი სიტყვით რომ შეფასდეს, მას ზღაპარი ჰქვია. "მზიურის" წლები იყო გაჯერებული სიყვარულით, სითბოთი და სილაღით, თუმცა ამ ყველაფერს დიდი შრომა და შედეგად მიღებული გამოცდილება ახლდა. ყველა ბავშვი ფიქრობს, რა უნდა გამოვიდეს, რომ გაიზრდება. მაიამ ოცნება ვერც კი მოასწრო, სანამ გაიზრდებოდა, მანამ გახდა მომღერალი და მისი ბავშვური ცხოვრება გამუდმებული რეპეტიციებით, მუშაობით და კონცერტებით დაიტვირთა. "მზიურის" ჩამოყალიბებამდე პატარა მაია მაშინდელ პიონერთა სასახლეში, ვოკალურ ჯგუფში მიიყვანეს. დედამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შენიშნა პატარა მაიას სიმღერისადმი ლტოლვა. ვოკალში მაიას პირველი და ერთადერთი მის ცხოვრებაში, ვოკალის პედაგოგი ქალბატონი ალექსანდრე ჯანელიძე, ანუ დეიდა შურა, როგორც მას ბავშვები ეძახდნენ, ავარჯიშებდა. ეს ყველაფერი აფიქრებინებს - "მზიური" რომც არ ყოფილიყო, მაია მაინც მომღერალი იქნებოდა - ძნელია, ის, რაც შენი ნების გარეშე მოგცა ღმერთმა, სხვებს არ გაუზიარო.

უცნაურად სერიოზული ბავშვი იყო, ზედმეტად გულჩათხრობილი, ძნელად საკონტაქტო არა მხოლოდ თანატოლებისთვის. ზოგჯერ დედა ამბობდა, ჩემი სამი შვილიდან მხოლოდ მაიას არ ვიცი, როგორ ველაპარაკო და მოვექცეო.

მშობლები - კონტრასტული წყვილი იყო, ორი სხვადასხვა პოლუსი, მაგრამ სწორედ ეს კონტრასტი ქმნიდა ჰარმონიას. ერთმანეთს ავსებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ტიპები იყვნენ, ღირებულებები საერთო ჰქონდათ. დედა ენერგიული და ხმაურიანი, მას შორიდან შეამჩნევდით და ყველასგან გამოარჩევდით კიდეც; მამა - დინჯი, ჩაფიქრებული, მშვიდად მოსაუბრე... მიუხედავად ამისა, მაია არც დედას ჰგავს და არც მამას, ზოგჯერ დედის თვისებებს დაიჭერს საკუთარ თავში, ზოგჯერ კი მამისას. საკუთარი თავის დახასიათებისას ერთმნიშვნელოვნად დღესაც ვერ ამბობს - ასეთი ან ისეთი ვარ, რადგან გრძნობს, მასში ბევრი წინააღმდეგობრივი თვისება ცხოვრობს, თითქოს ერთი მაია ბევრი მაიასგან შედგება.

ბავშვობა ვაჟა ფშაველაზე გაატარა, ეზოში, თავისუფალი დრო თუ ჰქონდა, თამაშობდა, ბებია ყველა მის მეგობარს ტელეფონში ხმაზე ცნობდა, ასწავლიდა, არიგებდა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებდა. მის სახლში სტუმარი არ ილეოდა, სადილზე მათთან მისვლა უყვარდათ, მამაც არც ერთ სტუმარს არ უშვებდა გაუმასპინძლებლად. როცა მაია იხსენებს მშობლებს, ბავშვობას, სევდიანად იღიმის და ამბობს, რომ არ ახსენდება, ოდესმე მისთვის დიდაქტიკური ტონით რჩევა-დარიგება მიეცათ. ყველაფერი ჩვეულებრივად ხდებოდა, მაიაც გრძნობდა და ხედავდა, რა იყო სწორი და კარგი, რა იყო მიღებული და რა - აუცილებელი. დღეს როდესაც ისინი აღარ არიან და რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ფიქრობს მათზე, ხვდება, როგორ მოიქცეოდნენ, რას ეტყოდნენ. დედას ადამიანებზე ზრუნვა უყვარდაო, - ამბობს და მართლაც, სასახლიდან გამოსულ მაიას მეგობრებს და მათ მშობლებს რესტორანში შეიყვანდა და ასადილებდა. მამა დილას ადრე აღვიძებდა შვილებს, რომ სკოლაში არ დაჰგვიანებოდათ, გოგონებს "რადიატორზე" გამთბარი სკოლის ფორმები და მაგიდაზე გამზადებული საუზმე ელოდათ. ოჯახში სერიოზულ საკითხს მისი მშობლები მშვიდად წყვეტდნენ, ერთმანეთს უსმენდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებას.

"მზიური" - კიდევ ერთი ბავშვობა

"მზიურში" გატარებული წლები საოცარი იყო. მაშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიოდნენ, ავტობუსსა თუ ტროლეიბუსში ყველა ცნობდა, ყველა ეფერებოდა, უცნობი ადამიანები დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ, გულწრფელად უყვარდათ ანსამბლის თითოეული წევრი. მაიამ იცოდა, თუ ხალხს ვუყვარვარ, ე.ი ამას ვიმსახურებ და ამ დამსახურებას აუცილებლად სჭირდება გამართლება. ამის გამო წამითაც არ მოდუნებულა, არასოდეს მიუღია ეს ჩვეულებრივ ამბად, მისი ყოველი ნაბიჯი და საქციელი მადლიერებითა და პასუხისმგებლობით იყო გაჯერებული. ახლა ფიქრობს, ხალხის ამხელა სიყვარული რომ არ ჰქონოდა, როგორი უაზრო იქნებოდა მისი ცხოვრება, ამან აზრი და მნიშვნელობა შესძინა მის არსებობას.

"მზიურთან" დაკავშირებული ამბავი იმდენია, არც იცის, საიდან დაიწყოს ან სად დაასრულოს. ამჯერად მეხსიერებაში საბჭოთა კავშირიდან პირველი გასვლა ამოტივტივდა. პირველად ჰოლანდიაში, ქალაქ ამსტერდამში აღმოჩნდნენ. იმ წლებში ამ ქვეყანამ ევროპის ქვეყნებიდან წამოსული ჰიპები შეიფარა - ყველა ქუჩაზე უცნაურად ჩაცმული და მოხატული ადამიანები ხვდებოდნენ. ბავშვები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ სისუსტე სათამაშოების მაღაზიაში გამოიჩინეს - პირველად ნახეს საკუთარი სიმაღლის თოჯინა და რბილი სათამაშოები. მაიას ახსოვს, რა შრომის ფასი იყო ყოველი წარმატებული კონცერტი და გასტროლები - ქალაქიდან ქალაქში ავტობუსით სიარული, ავტობუსშივე სადილობდნენ, ეძინათ და სწავლობდნენ კიდეც. პატარა მაიას დაღლილობისგან ფეხები სტკიოდა, თუმცა უნდა ემღერა, ეცეკვა და გაეღიმა. ერთხელ ლენინგრადში დღისით ფონოგრამები ჩაწერეს და ღამე ფილმი გადაიღეს, ბავშვებს და მათ შორის მაიასაც, ციოდა, შიოდა, წყუროდა, სტკიოდა, მაგრამ... მაგრამმა მოიყვანა დღემდე და ჩამოაყალიბა პროფესიონალად. მთავარი ისაა, რომ თამაშის დროსაც პოულობდნენ, თავისუფალ ათ წუთსაც კი თამაშისთვის იყენებდნენ.

პირადი ცხოვრება - შვილი, ოჯახი...

ფიქრობს, როცა ღმერთი შვილს გაძლევს, მასთან ერთად სხვა სამყაროს კარს გიხსნის, სადაც შენც თავიდან იბადები. მაიასთვისაც სამყარო შეიცვალა მაშინ, როდესაც დედა გახდა. იმ დღის მერე ყველაფერი უყვარს, მთელი სამყარო...

პირველი წუთიდან შეიგრძნო ის პასუხისმგებლობა, რაც დედობას ახლდა. ბავშვს სხვა დედებივით არ ზრდიდა - არ უსტერილებდა ყველაფერს, არც იმის სჯეროდა, რომ ახალდაბადებულის ნახვა არ შეიძლება... ყოველ თავისუფალ წუთს ბავშვთან ატარებდა, აღფრთოვანებული იყო მისი ცვლილებითა და ზრდით. სამივე შვილი ასე გაზარდა, რადგან დედობა მისთვის უმთავრესია. ცდილობდა, ოქროს შუალედი მოეძებნა - კარიერისთვისაც მიეხედა და შვილებიც გაეზარდა...

ცდილობს ცხოვრება ისე მოიწყოს, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს, ცდილობს, გარშემო ჰარმონია შექმნას. ამ ჰარმონიაში კი, შვილებთან და სამსახურთან ერთად, მთავარი ცხოვრების თანამგზავრია.

სცენა, სცენა, სცენა...

მაია ჯაბუა ბავშვობიდან სცენაზე დგას, სულ მღერის და მსმენელსაც უყვარს. დღეს თითქოს გვერდზე გადგა და იქიდან უმზერს სცენას... ამბობს, რომ აქტიური ადამიანი არ არის, არც სჭირდება - იქ არასდროს მივა, სადაც არ ელოდებიან, არ ეძახიან, საკუთარ სურვილებს თავს არავის ახვევს. მისი აზრით, ამ სფეროში საქართველოში ცუდი სიტუაციაა, ადრინდელივით აღარ იმართება კონცერტები არც კლუბებში და არც დიდ სცენებზე... მაიას ჩრდილში ყოფნასაც აქვს მიზეზი - ერთ-ერთია უგემოვნობისადმი პროტესტი.

ის დროც ახსოვს, როდესაც გაყინული დარბაზები სავსე იყო, როდესაც მომღერლებსაც სვიტერები ეცვათ და სიმღერისას პირიდან ორთქლი გამოსდიოდათ. მაშინ კარგი მუსიკის გამო ივსებოდა ის გაყინული დარბაზები და მსმენელიც უკანასკნელ თეთრებს ამ სიყვარულში იხდიდა. არავინ იცის, რა იქნება მომავალში, ალბათ ისევ დაბრუნდება დრო, როდესაც მსმენელი გემოვნებიან მუსიკას დააფასებს, როცა ჩატარდება კონცერტებიც და ღონისძიებებიც...

ქეთი მიქანაძე

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

ყველა კონცერტზე არ ვიმღერებ და ყველას დაძახებულზეც არ მივალ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება